Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ღვინის ემბარგოს პოზიტიური შედეგები

03 ივლისი 2019
რუსეთის მიერ დაწესებულ ემბარგოსა და მთლიანად რუსულ ბაზართან დაკავშირებული საკითხების გასაანალიზებლად, საჭიროა იმ უმნიშვნელოვანესი წინაპირობის გააზრება, რამაც რუსეთის ბაზარს უზარმაზარი კვალი დააჩნია.

სსრკ-ში უპირატესობას ანიჭებდენ არა ღვინის ხარისხს და ინდივიდუალურ ხასიათს, არამედ რაოდენობას. საქართველოში, ისევე როგორც ტრადიციული მეღვინეობის სხვა ქვეყნებში, ღვინო წარმოადგენდა ერთგვარ სტატუსის განმსაზღვრელ სასმელს. სოციალური დიფერენციაციის კვალი მასზე განსაკუთრებით მკაფიოდ აისახებოდა და ეს გასაგებიც იყო - საუკეთესო ვენახები, ისევე როგორც კეთილმოწყობილი და აღჭურვილი მარნები, პრივილეგირებული სოციალური კლასის პრეროგატივა იყო. ამას გარდა, ნაკლებად შეძლებული ფენის წარმომადგენლები ტექნოლოგიურადაც სხვანაირად აყენებდნენ ღვინოს; სხვა დეტალებზე რომ არაფერი ვთქვათ, ისინი იძულებული იყვნენ რთველი ადრე დაეწყოთ და ქვევრსაც ხშირად დეკემბრის თვეში ხსნიდნენ ვალების გასტუმრებისა და პირადი მოხმარების მიზნით. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ გლეხი ცუდ ღვინოს სვამდა, მაგრამ ჩამოთვლილი მიზეზების გამო მისი ღვინო მაინც განსხვავდებოდა. ევროპაში ამ სახის სასმელს რუსტიკოს უწოდებენ. 

საბჭოთა პერიოდში სოციუმის კლასობრივი გათანაბრება ღვინომაც განიცადა. 5-წლიანი გეგმების პირობებში, შეიძლება ითქვას, წარმოუდგენელიც კი იყო მაღალი ხარისხისა და ინდივიდუალობის მქონე ღვინის წარმოება; ქვევრის ღვინოზე ხომ საუბარიც ზედმეტია - ამ უნიკალურმა ტექნოლოგიამ საბჭოთა პერიოდში ჩვენამდე იმ გლეხების ხარჯზე მოაღწია, რომლებსაც არც კი უფიქრიათ წინაპრებისგან დატოვებულ ტექნოლოგიაზე უარის თქმა. 

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ საბჭოთა პერიოდში ქართული ღვინის წარმოება გაცილებით გაიზარდა. სამწუხაროდ, ეს მოხდა უნიკალური ჯიშების გადაშენების ზღვარზე მიყვანის ხარჯზე, რადგან პრიორიტეტი მაღალმოსავლიან ყურძნის ჯიშებს ენიჭებოდა.

ქვეყნის პოლიტიკური და სოციალური ელიტა, წესისამებრ, დიდ გავლენას ახდენს ქვეყანაში დამკვიდრებულ ტენდენციებზე, ამ თვალსაზრისით საბჭოთა კავშირშიც არ ყოფილა გამონაკლისი: ბოლშევიკური ელიტისა და ჰეგემონი პროლეტარიატის ენო-გასტრონომიული გემოვნება უპირატესობას ტკბილ და ნახევრად ტკბილ ღვინოებს ანიჭებდა. ერთი მხრივ, ამ ტენდენციას სასიკეთო შედეგები მოჰყვა და შეიქმნა ახალი ღვინოები (მაგ. „ქინძმარაული“ და „ახაშენი“). მეორე მხრივ, მომხმარებლის გაზრდილი მოთხოვნილების გამო, იწარმოებოდა ასევე ფალსიფიცირებული იაფფასიანი ღვინო. 

ქართულ ღვინოს საბჭოთა კავშირში საუკეთესო ღვინოდ მიიჩნევდნენ, მაგრამ შექმნილ პირობებში მას თითქმის დაკარგული ჰქონდა თავისი სახე და გლობალური ღვინის კონტექსტიდანაც ამოვარდნილი იყო; 90-იანი წლების „ველური კაპიტალიზმის“ დროს კი მასობრივი ფალსიფიკაცია განიცადა და დაბალი საფასო სეგმენტაციის ფსკერისკენ დაეშვა. შემდგომ წლებში რამდენიმე დიდმა მწარმოებელმა მოახერხა და ქართულ ღვინოს გზა გაუკვალა პრემიუმ სეგმენტში შესასვლელად. 

ამ ეტაპზე რუსეთის პრემიუმ ღვინის ბაზარი განუვითარებელი და მწირია, ბევრი უკლია განვითარებული ქვეყნების ანალოგიურ ბაზრებამდე. ამის გათვალისწინებით, რუსეთის ბაზარზე მიბმა ფაქტობრივად ნიშნავს ქართული ღვინის გაწირვას დაბალი სეგმენტისთვის და საფრთხეს უქმნის ქართული ღვინის ხარისხს. საქართველო ვერასოდეს აჯობებს ღვინის დიდ მწარმოებელ ქვეყნებს (მაგალითად, ავსტრალიას), რომელთა ღვინის მასობრივად წარმოება ბევრად აღემატება ქართული მეღვინეობის ყველანაირ პოტენციალს (თუნდაც, ვენახის ფართობების განსხვავების გამო). მიუხედავად ამისა, ქართულ ღვინოს შეუძლია დაიკავოს თავისი ნიშა მსოფლიოს მაღალ და პრემიუმ ღვინის სეგმენტებში (ამის შესაძლებლობას იძლევა ქვევრის უნიკალური ტექნოლოგიის ტრადიცია და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე აღრიცხული 500-ზე მეტი ქართული ვაზის ჯიში).

ერთი შეხედვით, რუსეთი დიდი და პრესტიჟული ბაზრის მქონე ქვეყნად გვეჩვენება, მაგრამ ღვინის მოხმარებისა და მყიდველობითი უნარის მიხედვით ის ჩამოუვარდება ტერიტორიით გაცილებით პატარა, მაგრამ უფრო განვითარებულ ქვეყნებს. 2012 წლის მონაცემებით, რუსეთში წყნარი ღვინის (ანუ არაშუშხუნა, ე.წ. შამპანური და ღვინის სხვა სახეობები - ხერესი, პორტვეინი და ა.შ.) იმპორტი შეადგენდა 288,3 მილიონ ლიტრს, მაშინ, როდესაც იგივე მაჩვენებელი ბრიტანეთში უდრიდა 1211,9 მილიონ ლიტრს (5,2-ჯერ მეტი), გერმანიაში - 1166,4 მილიონ ლიტრს (5-ჯერ მეტი) და აშშ-ში - 691,2 მილიონ ლიტრს (2,4-ჯერ მეტი). თუკი ღვინის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე რუსეთში არის 8,5 ლიტრს (2013), ბრიტანეთში ეს მაჩვენებელი უდრის 23 ლიტრს, ხოლო დანიაში - 32 ლიტრს.

2006 წლის რუსეთის ემბარგომ გარკვეულწილად ზიანი მიაყენა ქართულ მეღვინეობას: 2006-2010 წლებში ვენახების ფართობი შემცირდა 26 პროცენტით, შესაბამისად, იკლო წარმოებული ღვინის რაოდენობამაც. უკვე 2011 წელს, წინა წელთან შედარებით, ყურძნის წარმოება გაიზარდა 32,2 პროცენტით. ამ პროცესმა ხელი შეუწყო იშვიათი ჯიშების გადარჩენას. პოპულარიზაციას, კი, ცხადია, სჭირდება დრო. 

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ღვინის ბაზარი ჩინეთშია, სადაც ღვინის მწარმოებელი ყველა ქვეყანა ცდილობს ადგილის დამკვიდრებას. 2012 წელს ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი შეადგენდა 1 მილიონ ბოთლს, 6-7 წლით ადრე კი საქართველო საერთოდ არ იყო წარმოდგენილი ამ ბაზარზე.

თუკი 2006 წელს, ემბარგოს დაწესებამდე, ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 1,95$ იყო, 2007-2011 წლებში საშუალო ფასი გაიზარდა დაახლოებით 3,85$ (67%-იანი ზრდა). ფასის ზრდა ასახავს პრემიუმიზაციის პროცესს, რასაც მსოფლიოს ღვინის მწარმოებელი ყველა ქვეყანა ესწრაფვის.

ამ პერიოდში მსხვილი და საშუალო მწარმოებლების ძალისხმევით ქართული ღვინო ხარისხით საგრძნობლად მიუახლოვდა უცხოურ ღვინოებს. ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ქვევრის ღვინის ტრადიციის აღორძინება. რა თქმა უნდა, ამ ტექნოლოგიით ღვინოს ისედაც აყენებდნენ საქართველოში, მაგრამ ამ მიმართულებას სწორედ ემბარგოს პერიოდში მიეცა განსაკუთრებული ბიძგი და მსოფლიო ბაზარზე საკუთარი ადგილის პოვნის შესაძლებლობა.

2012 წელს ქართული ღვინის ექსპორტიდან შემოსული თანხა უკვე გაუტოლდა 2005 წელს რუსეთის ბაზრიდან მიღებულ მაჩვენებელს. რომ არა 2006 წლის ემბარგო, ქართული ღვინო პირდაპირპროპორციულად იქნებოდა დამოკიდებული განუვითარებელ რუსულ ბაზარზე, სადაც, განსხვავებით დასავლეთის ქვეყნებისგან, მომხმარებელი ჯერჯერობით არ არის მზად ქვევრისა და პრემიალური ღვინისთვის. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რუსულმა ბაზარმა ქართულ კომპანიებს არცთუ ისე მაღალი ხარისხის პროდუქტის წარმოებისკენ უბიძგოს. ბრიტანელებმა თავის დროზე დიდი გავლენა მოახდინეს ბორდოს ღვინის ჩამოყალიბებაზე, რადგან საფრანგეთის ამ რეგიონის ღვინის მთავარი საექსპორტო ქვეყანა სწორედ ბრიტანეთის იმპერია იყო. 

წლევანდელი ემბარგო, ცხადია, ზიანს მიაყენებს ქართული ღვინის მსხვილ მწარმოებლებს და, შესაბამისად, ამ საწარმოებში დასაქმებულებსაც. რუსეთის ხელისუფლების ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო კომპანიებს მოუწევთ, თავიანთი ენერგია სხვა უფრო განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე ადგილის დამკვიდრებას მოახმარონ, რაც გააუმჯობესებს ღვინის ხარისხს და, შესაბამისად, გაზრდის მის თვითღირებულებას.

თუკი საბჭოთა კავშირის დროს მოსკოვში პროდუქციის წარდგენა ყველაზე პრესტიჟული იყო (რადგან სხვა შესაძლებლობა არ არსებობდა), დღეს ქართული ღვინის ექსპორტის მთლიანად რუსეთზე მიბმა გაუმართლებელიც კია. არსებობს გაცილებით უფრო პრესტიჟული და განვითარებული ბაზრები, სადაც ქართულმა ღვინომ უკვე შეაღწია და, ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ქართულ ღვინოს აქვს უდიდესი პოტენციალი, რომელიც სრულად მხოლოდ მაშინ გამოვლინდება, როდესაც საქართველოს მთავარ საექსპორტო ქვეყნებად ეყოლება ღვინის მაღალი კულტურის მქონე ბაზრები.

სანდრო ქურდაძე, ღვინის კომპანია “ფაფრის ველის” ექსპორტის მენეჯერი
ნუკრი ქურდაძე, მეღვინე და მევენახე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

13 ივლისი
13 ივლისი

დიღმის ტყე-პარკი კვლავ დასაცავია!

13-14 ივლისს დიღმის ტყე-პარკის დასაცავად აქცია იმართება. აქციის მიზანი დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე დაგეგმილი, „ორანჟერ ...
11 ივლისი
11 ივლისი

გვაქვს გრაფიკული ფორმითა...

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს მხატვარ დავით მაჭავარიანისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის პროექტს - „ ...
11 ივლისი
11 ივლისი

„აუცილებელია ახალი პოლიტიკური დღის წესრი ...

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე აქტიურად არის ჩართული სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული საკითხების განხილვ ...

მეტი

^