Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბიძინა გეგიძის ოპოზიციური პოზიცია

03 ივლისი 2019
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ბიძინა გეგიძემ, თანაპარტიელებისგან განსხვავებით, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომისკენ მოუწოდა. ის ასევე ერთ-ერთია საპარლამენტო უმრავლესობის იმ ოთხ წარმომადგენელს შორის, რომლებმაც ნიკანორ მელიას სადეპუტატო მანდატის მოხსნას მხარი არ დაუჭირეს. ინტერვიუში ის ამ პოზიციის მიზეზებზე საუბრობს.

ბატონო ბიძინა, თქვენ იყავით უმრავლესობის ერთადერთი წევრი, რომელმაც გიორგი გახარიას გადადგომისკენ მოუწოდა. კონკრეტულად რა არგუმენტები უდევს საფუძვლად თქვენს პოზიციას?

აქციის დაშლას, რომელსაც შეგვიძლია დარბევაც ვუწოდოთ, ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვა - უამრავი ადამიანი დასახიჩრდა. ტრაგედია ისევ და ისევ რუსთაველზე, პარლამენტის წინ დატრიალდა. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მინისტრს, რადგან აქციის დაშლის ოპერაციასა თუ პროცესში თავიდან ბოლომდე შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო ჩართული. ადრე მსგავს ვითარებაში არა მარტო ამ სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ჯგუფები, არამედ სხვა ძალოვანი სტრუქტურებიც მონაწილეობდნენ ხოლმე. აქ, როგორც თავად მინისტრმაც თქვა, მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები იყვნენ ჩართული. ჩემთვის განსაკუთრებით მძიმე იყო ეს მოვლენები, რადგან ვყოფილვარ საპროტესტო აქციების მონაწილე და მათი დაშლის დროსაც მოვყოლილვარ მსგავს პროცესში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს ჩემი განცხადება არ ყოფილა ემოციური. ეს განცხადება ამჯერად მე გავაკეთე პარლამენტის წევრის რანგის გათვალისწინებით. 

საკვანძო საკითხად განიხილება ქვედა რგოლების მიერ თავიანთი უფლებამოსილების გადამეტება. ამ შემთხვევაში ვსაუბრობ პოლიციელებზე, რომელთა მიმართაც უკვე დაიწყო გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა. ზოგიერთს სამსახურებრივი უფლებამოსილებაც შეუჩერეს და ა.შ. ამავდროულად, მინისტრი ჩვეულებრივ აგრძელებს საქმიანობას. ეს არასწორი და არალოგიკურია. თითქოს ქვედა რგოლებს დაჰბრალდათ ყველაფერი. 

შექმნილ სიტუაციაში შინაგან საქმეთა მინისტრს ჰქონდა ორი გამოწვევა. ერთი მხრივ, მას უნდა დაეცვა პარლამენტი და სახელმწიფო ინსტიტუტები. შეიძლება ითქვას, რომ მან ამ ვალდებულებას თავი კარგად გაართვა და გარკვეულ ძალებს არ მისცა პარლამენტში შეჭრის საშუალება, აღკვეთა მათი მცდელობა. ეს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვისთვის საჭირო შედეგია, თუმცა მეორე გამოწვევას ვერ ვუპასუხეთ, ვერ დავიცავით მოქალაქეები და ვერ უზრუნველვყავით მათი უსაფრთხოება. ჩემი აზრით, შეიძლებოდა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება. როგორც ვაკის მაჟორიტარსა და პარლამენტის წევრს, მეც მაკისრია ვალდებულება, ამასთან დაკავშირებით ჩემი აზრი გამოვხატო. 

ერთი მხრივ, მინისტრმა შეძლო თავისი საქმის წარმატებით შესრულება, მაგრამ ადამიანებისთვის სამუდამო ტრავმის მიყენება ყოვლად გაუმართლებელია. მან ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს არა მარტო ვერბალურად, არამედ კონკრეტული ნაბიჯებით. 

გახარია ამბობს, რომ მისთვის გადადგომა მარტივია, მაგრამ უნდა, საგამოძიებო პროცესი ბოლომდე მიიყვანოს... 

გახარია მთავრობის მინისტრია. ჩემი აზრით, რასაც გახარია ამბობს, ეს იმ ადამიანის გასაკეთებელია, ვინც მის მერე დაიკავებს ამ თანამდებობას. სწორედ ახალმა მინისტრმა უნდა აიღოს ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. არ ვამბობ, რომ მარტივია. ადამიანურად მესმის კიდეც მისი და არ ვფიქრობ, რომ ის გულწრფელი არაა, მაგრამ შედეგზე პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს დაუყოვნებლივ, გადაწყვეტილება მისაღებია სწრაფად. 

რამდენიმე დეპუტატთან ერთად, თქვენ განსხვავებული პოზიცია დააფიქსირეთ ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატის მოხსნასთან დაკავშირებით. თუ შეიძლება განმარტეთ, რატომ მოიქეცით ასე.

აქაც ორი ფაქტორია მნიშვნელოვანი: პოლიტიკური და სამართლებრივი.

პოლიტიკურად, პარლამენტის სივრცეში მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა ვერ იქნებოდა პოზიტიური გადაწყვეტილება „ქართული ოცნებისთვის“. 

პარლამენტი არ უნდა იყოს მუდმივი დაპირისპირებების ადგილი. პარლამენტის მთავარი ფუნქციაა, მივიღოთ პოზიტიური შედეგები, იქნება ეს საკანონმდებლო თუ ეკონომიკური. მაგრამ საქართველოს პარლამენტში ჩვენ უფრო ხშირად ვხედავთ ნეგატიურ მოვლენებს, ფუნდამენტურ დაპირისპირებას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, როცა ვერ ხდება შეჯერება მნიშვნელოვან საკითხებზე. ამ დროს, ინიციატივები უნდა მოდიოდეს ორივე მხრიდან და კარგი იცინიციატივები ორმხრივად უნდა იყოს მხარდაჭერილი. მხოლოდ ასე შეგვიძლია მივიღოთ პოზიტიური დღის წესრიგი. ნიკა მელიას იმუნიტეტის მოხსნა კი იყო პარლამენტში სწორედ ამ დაპირისპირების ველის გაღვივება. 

რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, პროკურატურამ გვითხრა, რომ მელიას დაპატიმრების გარეშე საქმეს ვერ გამოიძიებდა. 

ცხადია, გამოძიება უნდა ჩატარდეს. მელიას მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება და ამას უნდა მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი, მაგრამ იმუნიტეტის მოხსნა ეხებოდა პატიმრობას და ამის გარეშეც შეიძლებოდა საკითხის მოგვარება. სასამართლომ ზუსტად ეს გადაწყვიტა, რომ გამოძიება პატიმრობის გარეშე უნდა წარმართულიყო. პროკურატურა შემოვიდა ნ. მელიას დაკავების წინადადებით. ჩემთვის მათი არგუმენტები არ იყო დამაჯერებელი. აღმოჩნდა, რომ მერე სასამართლომაც არ გაიზიარა მათი მტკიცებულებები. 

პროკურატურის წინადადებას პარლამენტის თითქმის ორმა მესამედმა დაუჭირა მხარი - წარმოდგენილი არგუმენტები მათთვის მისაღები აღმოჩნდა. გამოვიდა, რომ პარლამენტში ვერ შევძელით გადაწყვეტილების აუჩქარებლად მიღება.

იმუნიტეტის მოხსნა მმართველი პარტიის მხრიდან არასწორი ნაბიჯი იყო?

მე განვიცდი იმას, რომ ჩემს აზრზე ბევრი არ აღმოჩნდა, თუმცა მათ გადაწყვეტილებასაც პატივს ვცემ. პოლიტიკოსის პოზიცია, არგუმენტები და ხედვა უნდა იყოს თანმიმდევრული და არ შეიძლება მოულოდნელად და ბევრჯერ შეიცვალოს. პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების თავისუფლად მიღებისა და დამოუკიდებელი შეფასების უნარი. პოლიტიკოსები სწორედ ამ უნარების უქონლობის გამო ვერ ქმნიან პოზიტიურ პროცესებს. 

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ ისევ ნეგატიური ნაბიჯების გადადგმა არ არის გამართლებული და მომგებიანი. არაპოპულარული ნაბიჯი ზოგჯერ კარგ შედეგს იძლევა და იმ კონკრეტულ შემთხვევაში მისაღებია. დარბევაც ხომ არაპოპულარული ნაბიჯია, მაგრამ მას უნდა მოჰყვეს პოზიტიური შედეგი. პარლამენტი რომ დაეცვათ, მაგრამ არავინ დაშავებულიყო, ყველანი შევთანხმდებოდით, რომ პოზიტიური შედეგი მივიღეთ. ახლა აუცილებელია გადაიდგას ადეკვატური ნაბიჯები. არ ვგულისხმობ მხოლოდ დაშავებულთა მკურნალობას. საჭიროა განიმუხტოს დაძაბული სიტუაცია საზოგადოებაში, სადაც ძალიან დიდი ნეგატივია დაგროვებული. 

არსებობს ახლა ადამიანი, რომელსაც პირადად თქვენ გიორგი გახარიას შემცვლელად განიხილავდით?

შინაგან საქმეთა მინისტრი წინა ხელისუფლებაშიც ერთგვარ ხერხემლად მიიჩნეოდა. შეცვლა არ ნიშნავს ამ ადამიანის საერთოდ პოლიტიკისგან ჩამოშორებას. მან უბრალოდ თანამდებობა უნდა დატოვოს. საქართველოში ბევრია ისეთი ადამიანი, რომელმაც შეიძლება შეცვალოს შინაგან საქმეთა მინისტრი. კარგია, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ბატონ გახარიას დიდ ნდობას უცხადებს, მაგრამ მომხდარის შემდეგ, ვფიქრობ, ეს ნდობა მან სხვაგან უნდა გამოიყენოს. შინაგან საქმეთა მინისტრად არავინ დაბადებულა, ისევე როგორც მე არ დავბადებულვარ ვაკის მაჟორიტარად. 

როცა კონკრეტული სახელისუფლებო უწყება ერთსა და იმავე შეცდომებს უშვებს, ეს სერიოზული პრობლემაა. სისტემას არ უნდა ჰქონდეს ადეკვატური გადაწყვეტილების მიღების პრობლემა. სისტემა უნდა იყოს კომპეტენტური და მტკიცე. ის რომ ხანგრძლივად არსებობდეს, პოზიტიურ ნაბიჯებს უნდა დგამდეს. ეს ეხება ხელისუფლებასაც. როდესაც მსგავსი მოვლენების შემდეგ ხელისუფლება ვერ ახერხებს სწორ ქმედებებს, ესე იგი, სისტემა სუსტია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 სექტემბერი
12 სექტემბერი

ბრექსიტი - რატომ არის ირლანდიის სასაზღვრ ...

როდის, როგორ ან საერთოდ დატოვებს თუ არა გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს, კვლავ გაურკვეველია. 2016 წლიდან მოყოლებული, კო ...
11 სექტემბერი
11 სექტემბერი

სელექციის „სიამენი"

დიდი შეჯიბრებისთვის გუნდის შერჩევა რთული საქმეა. რთული და უმადური. თან, რაც უფრო მნიშვნელოვანი ტურნირისთვის ემზადება მწვ ...
11 სექტემბერი
11 სექტემბერი

„ერთიანი რუსეთის“ Fake-დემოკრატია

კვირას რუსეთში ჩატარდა ე.წ. „ერთიანი არჩევნები“, როდესაც მოქალაქეები ერთდროულად ირჩევენ სხვადასხვა დონის რეგიონული თუ მუ ...

მეტი

^