Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უპასუხისმგებლო გამოხდომები და რეალური პრობლემები

10 ივლისი 2019
ჟურნალისტთა უპასუხისმგებლო და არაეთიკური გამოხდომები, ქუჩის მასობრივი დემონსტრაციები, მუდმივი შიდაკონფლიქტებით დახუნძლული ყოველდღიურობა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებს ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ ვერ გააუმჯობესებს. აუცილებელია, რომ სახელმწიფოს რუსეთთან მიმართებით მყარი სტრატეგია ჰქონდეს, რომლის უმთავრესი მიზანი ჩრდილოელი მეზობლისგან ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვება იქნება. რუსეთთან დაკავშირებით მწყობრი, გააზრებული პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბება ყველა საპროტესტო გამოსვლის მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს. 

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ერთ-ერთი სამაუწყებლო კომპანიის მთავარი წამყვანის მონოლოგმა საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ნაწილის განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია. საავტორო გადაცემის დასაწყისში ბ-ნმა გიორგი გაბუნიამ უშვერი სიტყვებით მოიხსენია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი. ავტორიტარი ლიდერის ლანძღვისას ტელეწამყვანს გინების მხოლოდ ტრაფარეტული, გაცვეთილი, ბევრისთვის ყოველდღიური ლექსიკის მდგენელად ქცეული ფორმულები არ გამოუყენებია. მისი ფანტაზია გარდაცვლილი მშობლების საფლავთა წაბილწვის სცენებსაც გადასწვდა.

ცხადია, წამყვანის მონოლოგის დასრულებისთანავე ქუჩებსა და ეკრანებზე გამოჩნდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც ჟურნალისტის წინააღმდეგ გალაშქრებით კრემლის გულმოწყალების მოპოვებას შეეცადნენ. ისინი არასდროს დარდობენ საზოგადებაში არსებული პრობლემების გამო, მათთვის მთავარი ბატონის წინაშე პოზიციების გამყარებაა. მალევე გააქტიურდნენ მეორე ფლანგის წარმომადგენლებიც, რომლებიც ებრაელებზე მონადირე ნაცისტებივით მათგან განსხვავებულად მოაზროვნე ყველა მოქალაქეში ჩრდილოეთის აგენტს ხედავენ და გინებაში დაოსტატებული ჟურნალისტის არაეთიკურ მოქმედებას გმირობად აცხადებენ.

საბედნიეროდ, საქართველოში ჯერ კიდევ დავრჩით ადამიანები, რომლებსაც არც ჩვენი ქვეყნის მიწასთან მომსწორებლის და არც უღირსი ტელეწამყვანის დაცვა არ გვსურს. ჩვენ სულ სხვა გარემოებებზე გვსურს აქცენტის დასმა.

ბილწსიტყვაობით ფონს გასვლას ცდილობენ ის ადამიანები, რომელთაც არაფერი აქვთ სათქმელი, უჭირთ თავიანთი პოზიციის ჩამოყალიბება და სათანადოდ დასაბუთება, ვერ პოულობენ შესაბამის არგუმენტებს სიმართლის დასამტკიცებლად. უკონტროლოდ გინება დამახასიათებელია აფექტში მყოფი და წყობიდან გამოსული პირებისთვის. ლანძღვით გულის მოოხება უსუსურობაზე, უძალობაზე, წინააღმდეგობის გაწევის უნარის არქონაზე მეტყველებს. რაც მთავარია, უცენზურო გამონათქვამებითა და შემაშფოთებელი მოქმედებებით ხალხის პროვოცირებას ის ჟურნალისტები ცდილობენ, რომელთაც არ შეუძლიათ ყურადღება ხარისხიანი და ეთიკური პროდუქციის შექმნით მიიქციონ. 

იდეებისგან დაცლილი, რეალობას მოწყვეტილი, სუსტი და შემოქმედებითი შესაძლებლობების არმქონე პირები სახესა და ღირსებას ადვილად კარგავენ, მათ მიერ მოწყობილი პროვოკაციები კი ქართულ-რუსულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყნის ჩამორჩენას კიდევ უფრო თვალსაჩინოდ წარმოაჩენენ. გარდა ამისა, გაბუნიას გამოხდომამ ხელი შეუწყო ჩვენი ისედაც დაქუცმაცებული საზოგადოების მორიგ დანაწევრებას. მეტიც, მან პოპულიზმითა და იაფფასიანი რიტორიკით გამორჩეულ მეორეხარისხოვან რუს პოლიტიკოსებს შესაძლებლობა მისცა თავი კეთილშობილ, ზრდილ და გულისხმიერ მოაზროვნეებად გაესაღებინათ.

გიორგი გაბუნიას გამოსვლა უპასუხისმგებლობისა და გულგრილობის ნიშნითაც იყო აღბეჭდილი. 

საუბედუროდ, ბევრ ჩვენს გლეხს მხოლოდ რუსული ბაზრის სტანდარტების დაკმაყოფილების ძალა შესწევს. მათ პროდუქციის რეალიზება მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში შეუძლიათ. ისინი მთლიანად დამოკიდებული არიან რუსულ-ქართულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე. სამწუხაროდ, მილიონზე მეტი ქართველი ჩრდილოეთშია გახიზნული და სამშობლოში გადმორიცხული ფულადი გზავნილებით ცდილობს შინ დარჩენილი ოჯახების შიმშილისგან გადარჩენას. ჩვენდა სავალალოდ, საქართველოს ეკონომიკის არაერთი უმნიშვნელოვანესი სიმძლავრე რუსების საკუთრებაშია, რუსები შეადგენენ საქართველოში ჩამოსულ ტურისტთა მნიშვნელოვან ნაწილს, რუსეთის წილი საკმაოდ მაღალია იმპორტულ პროდუქციაში და ა.შ. მოქმედი და წინა ხელისუფლებების წყალობით, საქართველოს ეკონომიკა რუსეთზეა დამოკიდებული. 

ცხადია, ვინმე გაბუნიას მონოლოგის გამო ჩრდილოელ მეზობელთან ომის განახლების საფრთხე არ გვემუქრება. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში გახმაურებული პროვოკაციები შესაძლოა საფუძვლად დაედოს ჩვენი თანამოქალაქეების კიდევ უფრო მეტად გაღარიბებას. რუსებს შეუძლიათ ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის კარის ჩაკეტვით უამრავი ფერმერი დატოვონ შემოსავლის გარეშე, შოვინისტ დამსაქმებლებს სულ მცირე საბაბი სჭირდებათ შრომით მიგრანტებად ჩრდილოეთში გადახვეწილი ქართველების ყოფის დასამძიმებლად, ტურიზმზე დამოკიდებული ეკონომიკის ჩამონგრევისთვის კი ტირანის ერთი გადაწყვეტილებაც კი საკმარისია.

შესაბამისად, პროფესიონალმა ჟურნალისტმა მხოლოდ ყურადღების ცენტრში აღმოჩენაზე, სკანდალისა და ხმაურის გამოწვევაზე არ უნდა იფიქროს. პროფესიონალ ჟურნალისტს არ უნდა უჭირდეს იმის გაცნობიერება, რომ მის გამონათქვამებს ასობით გაჭირვებული მოქალაქის განსაცდელის გამწვავება შეუძლია.

ავადსახსენებელმა მონოლოგმა კიდევ ერთ საჯარო დისკუსიას ჩაუყარა საფუძველი. მრავალომგამოვლილი საზოგადოების ნაწილს, არაპროგნოზირებადი და სისასტიკით გამორჩეული პრეზიდენტის საჯარო შეურაცხყოფის ფაქტის გამო, მორიგი სამხედრო-შეიარაღებული დაპირისპირების წარმოქმნის შიში გაუჩნდა. ქვეყნის „პროგრესულმა“ ჯგუფებმა წარსულში „ბნელებად“ შერაცხული ადამიანები ამჯერად ლაჩრებად გამოაცხადეს. თითქოს ყოველდღიური შრომითა და მოწყენილობით გატანჯულ, თავისუფალი დროისა და განვითარების შესაძლებლობების გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს არ აქვთ უფლება იმისა, რომ ომის ეშინოდეთ. ერთმა ცნობილმა ქართველმა პუბლიცისტმა რუსეთს „სტიქიური უბედურება“ უწოდა, რადგან ამ ქვეყნის იმპერიალისტური პოლიტიკა მოულოდნელობებითა და დამანგრეველი ეფექტებით არის აღსავსე. ხანდახან ზვავის წარმოსაქმნელად მხოლოდ ერთი გუნდის ჩამოვარდნაა საჭირო. 

საქართველომ ბოლო 25 წლის განმავლობაში ოთხი ომი გადაიტანა და ოთხჯერვე დამარცხდა. რიგითი მოქალაქეები ოთხივე შემთხვევაში მიტოვებულებად და დაუცველებად გრძნობდნენ თავს, ხელისუფლებები მათ ხან დანა-ჩანგლით გაბრძოლების იმედად ტოვებდნენ, ხან კი გარდაცვლილების დამარხვასაც კი ვერ ახერხებდნენ. ალბათ, აბსოლუტურად რაციონალურია, როდესაც ადამიანებს რუსეთის გაუფრთხილებელი, საერთაშორისო სამართლის ნორმების ფეხქვეშ გათელვის საფუძველზე წარმოებული ინტერვენციისა და საქართველოს მთავრობის მოუმზადებლობის ეშინიათ. არავის აქვს უფლება, რომ მრავალგზის გაუბედურებული ხალხი ომის საწინააღმდეგო განწყობების გამო დაამციროს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 სექტემბერი
17 სექტემბერი

რით აიხსნება „ირმა ინაშვილის ფენომენი?“

16 სექტემბერს ამერიკის საელჩოსთან გამართული მიტინგი რუსულმა ტელევიზიამ „დღის თემად“ აქცია; ბევრად იმაზე მეტა ...
17 სექტემბერი
17 სექტემბერი

ქაბული - ახალი საიგონი?

ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დიდი სურვილი აქვს თალიბებს გაურიგდეს და ავღანეთიდან ამერიკული ჯარი გამოიყვანოს. რომ არა ...
16 სექტემბერი
16 სექტემბერი

რას ფიქრობენ ბრექსიტზე ქომაგები ნისლიანი ...

ფეხბურთი პოპულარული სპორტის სახეობაა მთელს მსოფლიოში, თუმცა ინგლისელებს, როგორც ამ სპორტის შემქნელებს, მისდამი განსაკუთრ ...

მეტი

^