რა კითხვები აქვს საზოგადოებას?
სტრასბურგის გადაწყვეტილება იქნება ვერდიქტი, თუ რამდენად მიუკერძოებლად და კვალიფიციურად განახორციელა მართლმსაჯულება ქართულმა სასამართლომ.
თუმცა, ამ დავის ირგვლივ განსაკუთრებულ ინტერესს მაინც პოლიტიკური კონტექსტი და არხის სამომავლო პერსპექტივა იწვევს. საზოგადოებაში არსებობს მოლოდინი, რომ პოტენციურად, სტრასბურგის გადაწყვეტილება გახდება წყალგამყოფი, თუ როგორი სარედაქციო პოლიტიკით გააგრძელებს „რუსთავი 2“ მაუწყებლობას.
- შეინარჩუნებენ თუ არა არხზე გავლენას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პოლიტიკური მოკავშირეები?
- ხელისუფლების სასარგებლოდ შერბილდება თუ არა მთავარ ოპოზიციურ არხზე მისთვის დამახასიათებელი კრიტიკული ტონი?
- შეძლებს არხი, მთლიანად გათავისუფლდეს პოლიტიკური ზეგავლენის მარწუხებისგან და კვლავ მოიპოვოს მრავალი წლის წინ დაკარგული დამოუკიდებელი ტელევიზიის რეპუტაცია?
სტრასბურგის გადაწყვეტილების მოლოდინში
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იმდენად დარწმუნებულია გამარჯვებაში, რომ მხარდამჭერებს 18 ივლისს ტელევიზიის ეზოში ტრიუმფის აღსანიშნავ ზეიმზე ეპატიჟება.
„დღის 12 საათზე! მოდით! მოიყვანეთ ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები! დიდი ზეიმი იქნება, გპირდებით! - წერს იგი სოციალურ ქსელში.
„როგორც ვხედავ, მომჩივანი მხარე იმედიანად არის განწყობილი ხვალინდელ შედეგთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი და დავაში მონაწილე მხარე, ვფიქრობ, რომ ჩვენ გაცილებით ძლიერი არგუმენტები გვქონდა და, სავარაუდოდ, საქმე ჩვენ სასარგებლოდ უნდა დასრულდეს“, - აცხადებს „ლიბერალთან“ საუბარში იუსტიცის მინისტრი თეა წულუკიანი.
რა ხდება სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ?
თეა წულუკიანის განცხადებით, თუ მათი მოლოდინი არ გამართლდა და „მოხდა ისე, რომ ნაწილობრივ მაინც სახელმწიფო წააგებს, აუცილებლად გავასაჩივრებთ დიდ პალატაში. ეს უფლება აქვს მოწინააღმდეგე მხარესაც. თუმცა, ეს ორგანო ავტომატურად არ იხილავს საქმეს. დიდ პალატამდე, საჩივარმა უნდა გაიაროს ფილტრაციის კოლეგია, სადაც ხუთი მოსამართლე დასაშვებობის საკითხს განიხილავს. სტატისტიკის მიხედვით, სარჩელების მხოლოდ 3-4 % აღწევს დიდ პალატამდე. თუ საქმე დიდ პალატაში წავა, იუსტიციის მინისტრის პროგნოზით, მის განხილვას მინიმუმ 1 წელი დასჭირდება”.
იუსტიციის მინისტრის განმარტებით, რასაც სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში ვერც ერთი მხარე გაასაჩივრებს, ეს აღსრულების შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაა.
"თუ დღეს დავინახავთ, რომ (უზენაესი სასამართლოს ვერდიქტის) შეჩერების გადაწყვეტილება გაგრძელდება, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი გასაჩივრების შესაძლებლობას მოკლებული ვიქნები. ისევე, როგორც, შეჩერების გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში, „რუსთავი 2“ ვერ შეძლებს გასაჩივრებას”.
წულუკიანის განცხადებით, უნდა გაიმიჯნოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ ძირითად სარჩელზე მიღებული შედეგი და აღსრულების შეჩერების გადაწყვეტილება.
18 ივლისს გამოქვეყნებულ ვერდიქტში ეს საკითხი მკაფიოდ იქნება ჩამოყალიბებული.
„სტრასბურგმა უნდა თქვას, აღსრულების შეჩერება გააგრძელა თუ მოხსნა. პრაქტიკაში არ ყოფილა, ეს საკითხი არ დაეკონკრეტებინოს. თუკი მაინც სიჩუმე არჩია, ჩავთვლით, რომ შეჩერება გაგრძელებულია, რადგან 2 წლის წინ სასამართლომ გვითხრა, „შეჩერების ღონისძიებას ვიყენებ მორიგ შეტყობინებამდე“. შესაბამისად, თუ არ შეგვატყობინა, რომ შეჩერება მოხსნილია, უნდა ჩავთვალო, რომ ეს დროებითი ღონისძიება გაგრძელებულია... თუ თქვა, რომ შეჩერება მოხსნილია, ქიბარ ხალვაშს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის არანაირი ბარიერი არ ექმნება. მისი მოთხოვნის შემთხვევაში საჯარო რეესტრს უჩნდება ვალდებულება, დაუბრკოლებლად დაარეგისტრიროს მისი უფლებები“, განაცხადა თეა წულუკიანმა.
როგორ მოხვდა საქმე სტრასბურგში?
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ „რუსთავი 2“-ის დათმობა ქიბარ ხალვაშის ნების საწინააღმდეგოდ მოხდა და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის წილების 100 პროცენტი მიეკუთვნა ბიზნესმენს და მის კუთვნილ კომპანია „პანორამას“.
„რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი მფლობელებისა და მენეჯმენტის მხრიდან პროცესი თავიდანვე შეფასდა „მთავარი ოპოზიციური ტელევიზიის" მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და თავისუფალი სიტყვის ჩახშობის აქტად, რომელსაც ხელისუფლება მასთან ალიანსში მყოფი ბიზნესმენის ხელით ახორციელებდა. ამ აზრს იზიარებს მედიისა და არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან მეორე დღესვე, 2017 წლის 3 მარტს, „რუსთავი 2“-ის ადვოკატებმა მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე. სტრასბურგმა ჯერ 2 დღით, შემდეგ კი „ოფიციალური შეტყობინების გამოგზავნამდე“ შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. შესაბამისად, აღსრულება შეჩერებულია საქმის განხილვის დასრულებამდე.
სტრასბურგში აღძრული სარჩელი ფორმულირდა, როგორც: „ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ლევან და გიორგი ყარამანიშვილები და ტელევიზია „საქართველო“ საქართველოს წინააღმდეგ“, რომლის მოპასუხე მხარეს, პროცესუალურად, იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა პროცესში მესამე პირად ჩართვის თაობაზე სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
საჩივრის თანახმად, სასამართლომ ტელევიზიის ქონების დაყადაღებით დაარღვია ევროკონვენციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, გამოხატვის თავისუფლება და საკუთრების უფლება.
ადვოკატი თამთა მურადაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მათ სარჩელს დააკმაყოფილებს, ვინაიდან ამ საქმის განხილვა საქართველოს სასამართლოს ყველა ინსტანციაში მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა, რაც საქმის პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული.
კონკრეტულად, რა დარღვევებზეა საუბარი?
-
თამთა მურადაშვილის შეფასებით, მოსამართლის მიერ გამოყენებული ყადაღა იყო თვითნებური, უსამართლო და არაპროპორციული, რითაც კომპანიამ განიცადა ფინანსური წნეხი (დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება და ასევე, შეილახა საკუთრების უფლება);
- „რუსთავი 2“-ის მხარე ამტკიცებს, რომ ყადაღას ჰქონდა უარყოფითი გავლენა მის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, რითაც დაირღვა გამოხატვის თავისუფლება. ეს პროცედურები კი წარმოადგენდა არხის გაჩუმების ფარულ მცდელობას, რაც მე-18 მუხლის დარღვევაა;
- „რუსთავი 2“-ის ადვოკატი ასევე აპელირებს დროებითი მმართველების დანიშვნაზე, სადაც მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ პირდაპირ მიუთითა „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაზე, რის შედეგადაც გაჩნდა გამოხატვის თავისუფლების პირდაპირი შეზღუდვის რისკი სასამართლოს მხრიდან“, - აცხადებს ადვოკატი.
თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ როგორც თეა წულუკიანი აღნიშნავს, „რუსთავი 2“-ის ადვოკატების მხრიდან დროებითი მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილებაზე აპელირება უშედეგო იქნება სტრასბურგში, ვინაიდან იგი ზემდგომმა ინსტანციამ, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა. „სტრასბურგის პრეცედენტული სამართალი კი განმარტავს, რომ, თუ სასამართლოს ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილებით რაღაც დაშავდა, თუმცა ზემდგომმა ეს გადაწყვეტილება გააუქმა, მასზე ევროპის სასამართლოში ვეღარ ვიდავებთ“.
- „რუსთავი 2“ ასევე ასაჩივრებდა, რომ ყადაღის პროცედურებში მოსამართლე თამაზ ურთმელიძის, და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მზია თოდუას ჩართულობა უტოლდება დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევას, რითაც ასევე დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. შესაბამისად, მომჩივნები ამტკიცებენ, რომ სამივე ინსტანციაში უნდა მომხდარიყო ცალკეული მოსამართლეების აცილება;
ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას შეფასებით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, რადგან ქართული სასამართლოს მხრიდან რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევა არც ერთ ინსტანციაში არ დაფიქსირებულა.
პაატა სალიას განცხადებით, მოწინააღმდეგე მხარემ ბრძოლის სტრატეგიად საქმის პოლიტიზება აირჩია, რათა საზოგადოებაში თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის მცდელობის ილუზია შექმნილიყო. "ამონტაჟებდნენ სასამართლო პროცესების კადრებს, ქმნიდნენ კონტექსტიდან ამოგლეჯილ სიუჟეტებს, თითქოს სასამართლოში ირღვეოდა მათი უფლებები. თავიდანვე ამბობდნენ, სასამართლო აპრიორი უკანონო გადაწყვეტილებას მიიღებს და ისინი მთლიანად ქართულ სასამართლო სისტემას უცხადებდნენ უნდობლობას, - აცხადებს პაატა სალია.
პროცესის პრეისტორია
2004-იდან 2012 წლამდე „რუსთავი 2“-მა მფლობელი თითქმის 20-ჯერ შეიცვალა. ტელეკომპანიის აქციები ხელიდან ხელში გადადიოდა და მთელი ეს პროცესი აბსოლუტურად გაუმჭვირვალედ, საეჭვო გარემოებებში და, როგორც არაერთი ყოფილი მესაკუთრე აღნიშნავდა, იძულებითი ფორმებით მიმდინარეობდა.
ამ რვაწლიანი ისტორიიდან ამჯერად სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს 2005-2006 წლებში მომხდარი გარიგების ეპიზოდი, რომლის მთავარი ფიგურაც ამ პერიოდში ტელეკომპანიის მფლობელი ქიბარ ხალვაშია.
ქიბარ ხალვაშმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით 2015 წლის 4 აგვისტოს მიმართა. სარჩელი 7 მოთხოვნისგან შედგებოდა, თუმცა დავის ყველაზე პრინციპული ნაწილი სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის“ 2-ის წილის მფლობელების - ლევან ყარამანიშვილის (22%), გიორგი ყარამანიშვილის (18%), შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ (51%) და ნინო ნიჟარაძის (9%) წილების რეგისტრაციის გაუქმება იყო.
ხალვაში აგრეთვე მოითხოვდა, ბათილად გამოცხადებულიყო ნასყიდობის ის ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვითაც 2005 წლის 26 დეკემბერსა და 2006 წლის 17 ნოემბერს შპს „საქცემენტსა“ და შპს „გეო-ტრანსს“ „რუსთავი 2“-ის წილების 100 პროცენტი გადაუფორმა. სარჩელში ხალვაში მიუთითებდა, რომ წილები მას იძულებით დაათმობინეს.
როგორც მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებაში წერია:
„2006 წლის 16 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაიბარა ქიბარ ხალვაში თავის რეზიდენციაში და გამოხატა აშკარა უკმაყოფილება მის მიმართ შპს „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის მუშაობის გამო. მან მოსთხოვა ხალვაშს შპს „რუსთავი 2“-ის წილების დათმობა მის მიერ მითითებული პირებისთვის.
პრეზიდენტთან შეხვედრის შემდგომ, ქიბარ ხალვაშს ჰქონდა შეხვედრები შს მინისტრ ივანე მერაბიშვილთან, მთავარ პროკურორ ზურაბ ადეიშვილთან და ეკონომიკის მინისტრ გიორგი არველაძესთან (ამ უკანასკნელთან შეხვედრას ესწრებოდა შპს „მზის“ წილების მფლობელი დავით ბეჟუაშვილი)... ქიბარ ხალვაშმა გააცნობიერა, რომ მუქარა და საშიშროება აშკარა იყო, რის გამოც გადაწყვიტა დაეთმო ტელეკომპანიის წილები. ზურაბ ადეიშვილის მითითებით მას დაუკავშირდა დიმიტრი ქიტოშვილი, რომელიც იმ დროისათვის წარმოადგენდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს. ამ უკანასკნელის მითითებით განხორციელდა გარიგებების გაფორმება შპს „რუსთავი 2“-ის წილების დათმობასთან დაკავშირებით“.
პაატა სალიას განცხადებით, მათი დაცვის ტაქტიკა აგებულია ე.წ. „ამორალური გარიგების“, ასევე იძულების ფაქტის აღიარებაზე და მიაჩნია, რომ ორივე თვალსაზრისით მათი პოზიცია დასაბუთებული იყო. ამორალური გარიგების დროს, გაყიდვის ფასი გასაყიდი საგნის ღირებულებას მნიშვნელოვნად აღემატება და ასეთი ფაქტის დადასტურება გარიგების ბათილობას იწვევს.
მოცემულ შემთხვევაშიც ადვოკატი აპელირებდა ლევან სამხარაულის ბიუროს დასკვნაზე, რომლის მიხედვით, გასხვისების პერიოდში, ტელეკომპანიის აქტივები 7 მილიონ ლარად ფასობდა, ნასყიდობის ღირებულებად კი მხოლოდ 269 ათასი დოლარი ჩაიწერა. თუმცა, როგორც ადვოკატი ამბობს, ხალვაშს ეს მიზერული თანხაც არ გადაუხადეს.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელები სასამართლო პროცესზე წარდგენილ სამხარაულის დასკვნას არ ენდობოდნენ. მათ დავის სააპელაციო განხილვის ეტაპზე წარმოადგინეს ალტერნატიული დასკვნაც, რომლის მიხედვითაც, სამხარაულის ბიუროს დასკვნა არასაკმარის მასალებს ეფუძნებოდა.
სასამართლო პროცესი
საქალაქო სასამართლო
- 2015 წელს, საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა „რუსთავი 2“-ისთვის, აგრეთვე მისი წილის მფლობელი კომპანიის, შპს „ტელეკომპანია საქართველოსთვის“ დაყადაღების თაობაზე.
- დაახლოებით ერთ თვეში, 3 ნოემბერს კი ბათილად ცნო მოსარჩელის მიერ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და „რუსთავი 2“ ხალვაშსა და მის კომპანიას მიაკუთვნა.
- გადაწყვეტილების მიღებიდან ორ დღეში, 5 ნოემბერს, ურთმელიძემ კიდევ ერთი განჩინება გამოსცა, რომლის მიხედვით, ტელეკომპანიის დროებით მმართველებად ტელეიმედის ყოფილი დირექტორი, რევაზ საყევარიშვილი და „რუსთავი 2“-ის წილის ყოფილი მფლობელი, დავით დვალი დანიშნა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ მოსამართლის ეს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის დახურვას შეადარა. განჩინებაში სარედაქციო საქმიანობაში პირდაპირი ჩარევის საფრთხე დააფიქსირეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.
მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომაც დაუსაბუთებლად მიიჩნია და გააუქმა.
რუსთავი 2-ს მხადამჭერების აქცია რუსთავი 2-ს შენობასთან. 16 ნოემბერი, 2015 ფოტო: სოფო აფციაური
სააპელაციო სასამართლო
- სააპელაციო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საკუთრებასთან დაკავშირებული დავა ნატალია ნაზღაიძის, შორენა ყაველაშვილის და ნათია გუჯაბიძის კოლეგიამ განიხილა. კოლეგიამ მიიჩნია, რომ ხალვაშთან და მის კომპანიასთან „რუსთავი 2“-ის წილის დათმობის შესახებ ამორალური გარიგება გაფორმდა და უცვლელი დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
- სასამართლო პროცესების პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს ჟურნალისტური გამოძიებები საქმის განმხილველ მოსამართლეთა ტენდენციურობის სამხილებლად.
„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, რომელიც „რუსთავი 2“-ის საქმის განმხილველ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის დედასა და მის სიძეს შორის დაპირისპირებას და ამის გამო აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს შეეხებოდა. არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას შეფასებით, როდესაც მოსამართლის ოჯახის წევრის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, ის მიუკერძოებელი ვერ იქნებოდა და პროცესს უნდა ჩამოშორებოდა. ურთმელიძეს საქმის აცილებას ურჩევენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც.
ამავე პერიოდს დაემთხვა „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული სხვა სიუჟეტიც, რომლის მიხედვითაც, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმამ ბიუჯეტიდან სოლიდური თანხა მიიღო, რაც კორუფციულ გარიგებად იყო შეფასებული. სიუჟეტში მოყვანილი ფაქტების გამო ოპოზიციამ ნაზღაიძისთვის მოსამართლის უფლებამოსილების შეჩერება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს მეორე მოსამართლე ნათია გუჯაბიძის აცილების საკითხი „რუსთავი 2“-მა იმ მიზეზით დააყენა, რომ, მისი თქმით, მოსამართლე შესაძლო „თაღლითობაშია“ შემჩნეული - ის თანხას ბიუჯეტიდან თბილისში ბინის ქირის ასანაზღაურებლად იღებდა, თუმცა, რეალურად, საკუთარი დედის სახლში ცხოვრობდა და ქირას დედას უხდიდა.
უზენაესი სასამართლო
„რუსთავი 2“-ის საკუთრებასთან დაკავშირებული დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდა. 2017 წლის 2 მარტს, დიდი პალატის გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის წილების 100 პროცენტის მესაკუთრედ ცნობილ იქნა ქიბარ ხალვაში და მისი კუთვნილი კომპანია „პანორამა“.
„რუსთავის 2“-ის ისტორია
ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ჯარჯი აქიმიძემ, დავით დვალმა და ეროსი კიწმარიშვილმა 1994 წელს დააარსეს და თითოეული დამფუძნებელი თანაბარ წილს - 33,3%-ს ფლობდა. არხი გამოირჩეოდა ხელისუფლებისადმი კრიტიკული პოზიციით და მაყურებელთა ნდობასა და, შესაბამისად, რეიტინგს იხვეჭდა.
„ვარდების რევოლუციაში“ შეტანილი ღვაწლის აღსანიშნავად „რუსთავი 2“ „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად“ შეირაცხა, მაგრამ ამ საპატიო სტატუსს ხელი არ შეუშლია, რომ პროცესები უკუპროპორციულად განვითარებულიყო.
ახალი, უკვე ლოიალური სარედაქციო პოლიტიკის განსასაზღვრად ახალმა ხელისუფლებამ ახალი სქემის შემუშავება დაიწყო.
მალევე გაჩნდა ბზარი პარტნიორების ურთიერთობაში. 2004 წლის ივნისში, „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა მეწილემ და გენერალურმა დირექტორმა ეროსი კიწმარიშვილმა, 9,2 მილიონი ლარის ვალის არსებობის მოტივით, ტელკომპანიის გაკოტრების პროცედურების წამოწყების შესახებ გაავრცელა განცხადება, რაც მისი პარტნიორებისთვის: ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალისთვის მოულოდნელი იყო (კანონმდებლობის მიხედვით, გაკოტრების პროცედურის დაწყება კომპანიის მფლობელებს გადაწყვეტილების მიღების საშუალებას უზღუდავს).
ეროსი კიწმარიშვილი გაკოტრების პროცესის წამოწყებას კომპანიაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან ლეგალურ გამოსავალს უკავშირებდა, თუმცა, ამ მოვლენებიდან 6 წლის შემდეგ, სტუდია „მონიტორისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღიარებს, რომ ეს სქემა იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შესთავაზეს და მის პარტნიორებზე ზემოქმედების ინსტრუმენტად იყო ჩაფიქრებული. კერძოდ, ხელოვნურად შეიქმნა რისკი, რომ თუკი აქიმიძე და დვალი არ დათმობდნენ აქციებს, ტელევიზიასთან ერთად, ვალების სანაცვლოდ საკუთარ ქონებასაც დაკარგავდნენ. გაკოტრების საქმის გახსნიდან 5 დღეში აქიმიძე და დვალი იძულებულნი გახდნენ აქციების საკუთარი წილი, 30-30 პროცენტი, იმჟამინდელ ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენისთვის - ქიბარ ხალვაშისთვის გადაეცათ. საკონტროლო პაკეტის დათმობის შემდეგ, 25 ივნისს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის უფროსის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ გაკოტრების საქმე შეწყვიტა. 28 ივნისს წილი ეროსი კიწმარიშვილმაც გაყიდა და ტელეკომპანიის აქციების 90% მეპატრონე ქიბარ ხალვაში გახდა.
რევაზ საყევარიშვილი, ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი. 10 ნოემბერი, 2015 ფოტო: დათო ფარულავა
2015 წლის 6 ნოემბერს დავით დვალმა, ჯარჯი აქიმიძემ, ქიბარ ხალვაშმა და რევაზ საყევარიშვილმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ დავის მოგების შემთხვევაში წილების ნახევარს აქიმიძეს და დვალს დაუთმობს. დროებითმა მმართველებმა გამორიცხეს ტელეკომპანიიდან თანამშრომლების გათავისუფლება და განაცხადეს, რომ „რუსთავი 2“ კრიტიკულ მაუწყებლად დარჩება.