Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასარგებლო პარაზიტები

19 ივლისი 2019

კანის წლევანდელი კინოფესტივალის გამარჯვებული რეჟისორის, ბონგ ჯუნ ჰოს ფილმი „ამირანის“ ეკრანზე.

კინომანებს მშვენიერი შანსი აქვთ საზაფხულო აპათია არტჰაუზის თერაპიული სეანსით ჩაანაცვლონ. კინოთეატრ „ამირანში“ კანის წლევანდელი ფესტივლის „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელის, სამხრეთკორეელი რეჟისორის, ბონგ ჯუნ ჰოს ფილმი „პარაზიტი“ უკვე ორ კვირაზე მეტია გადის. აღსანიშნავია, რომ ის პირველი კორეელი რეჟისორია, რომელმაც კანის ფესტივალის მთავარი ჯილდო მოიპოვა.

ყველაზე გავრცელებული იარლიყი, რაც შეიძლება ფილმს მიაკერო, ეს სოციალური სატირაა. თუმცა, როგორც ჯუნ ჰოს წინა ფილმის Snowpiercer-ის (ალბათ ითარგმება როგორც „თოვლის მბურღავი“) შემთხვევაში, რომელიც კრიტიკამ ლამის მარქსისტულად შერაცხა, ამჯერადაც შეფასება გამარტივებულად და ცოტა პრიმიტიულადაც გვეჩვენება. სინამდვილეში, სოციალური უთანასწორობის თემას კორეელი რეჟისორი ზოგადად კინემატოგრაფიული უტოპიის ჭრილში განიხილავს და ამის გათვალისწინებით „პარაზიტი“ ბუნიუელის, ჰანეკეს, ჯორდან პილის ან ალეხანდრო ამენაბარის ფილმებთან გაცილებით უფრო ახლოა, ვიდრე სამხრეთკორეული საზოგადოების დღევანდელ სოციალურ სატირასთან თუ პორტრეტთან.

ფორმალურად ფილმი მართლაც ძალიან ჰგავს სოციალურ იგავს ან სატირას, რადგან ღარიბებისა (კიმის ოჯახი) და მდიდრების (პაკის ოჯახი) შედარება-დაპირისპირება სწორედ ამგვარი კინემატოგრაფიული ტრადიციისა და პარადიგმის ნაწილია. კიმების ოჯახის წევრები (დედა, მამა, ქალიშვილი და ვაჟიშვილი) სარდაფში ლამის გაზარმაცებულები მძინარეებივით დაეხეტებიან, პიცერიისთვის მუყაოს კოლოფებს ამზადებენ და ღამით მეზობლის Wi-Fi-ით სარგებლობენ. მდიდარი კიმები ქალაქგარეთ, მშვენიერ გარემოში ცხოვრობენ, მინა-ბეტონის მოდურ სახლში. აქვთ ბევრი ფული და ჰყავთ მოსამსახურეები...

და როგორც ხშირად ხდება ხოლმე აბსურდულ იგავში, ეს ორი „აცდენილი სივრცე“ მაინც გადაიკვეთება. ღარიბი კიმები სამუშაოდ პაკის ოჯახში აღმოჩნდებიან: ქალიშვილი პაკების ავადმყოფ შვილს არტთერაპიის სეანსებს უტარებს, მამა პაკების ოჯახის მძღოლი ხდება, ხოლო დედა - ეკონომისტი და მრჩეველი.

თავიდანვე თვალში საცემია ფილმის სტრუქტურა და ფორმის დახვეწილი გრძნობა, შავი იუმორი, დრამატიზმისა და ირონიის ბალანსი, რაც მას ფრანგულ კრიმინალურ კომედიებთან, ჰანეკეს ცივ და გამჭვირვალე სარკაზმთან და ოზონის ადრეული ფილმების კონსტრუქციასთან აახლოებს. ფილმის სტრუქტურა იმდენად ზუსტი და მოწესრიგებულია, რომ ის ლამის სიმეტრიულად ირეკლავს ამ ორი ოჯახის წევრების სოციალურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და რაოდენობასაც კი (კიმებისა და პაკების ოჯახები ოთხ-ოთხი წევრისგან შედგება). მოკლედ, პაკის ოჯახი კიმების ერთგვარი სარკისებური ანარეკლია. გააჩნია, როგორი კუთხით შევხედავთ ამ ანარეკლებს და რაში ვხედავთ განსხვავებას მათ ეგზისტენციურ არსებობას შორის.

ყველაზე არსებითია, რომ რეჟისორის მზერა სრულიად თავისუფალია სოციალური, ფსიქოლოგიური თუ პოლიტიკური მზა-აზრებისა და აკვიატებისგან. პაკები კეთილი და ჰუმანური ხალხია, რომლებიც არავის ჩაგრავენ, არც ქედმაღლურად უყურებენ სხვას და არც კიმების შრომით ექსპლუატაციას ეწევიან. არც კიმები არიან სიღარიბისგან დაბრმავებულები, ღარიბებს არანაირი „ბოროტი“ სოციალური ზრახვები არ გააჩნიათ, ისინი არც რევოლუციას ქადაგებენ და არც ძალადობას. მათი ზრახვები ფულის დაგროვებასა და მაღალი ქონებრივი ცენზის მოპოვებას არ სცილდება.

რასაკვირველია, კიმებს ქვეცნობიერად ძალიანაც სურთ პაკების მსგავსად „ტკბილი ცხოვრება“, მათი ადგილისა და სტატუსის დაკავება, მაგრამ კარგად აცნობიერებენ, რომ სოციალური „თამაშის წესები“ მაინც უნდა შეინარჩუნონ. თავისთავად და მისტიკურად კი არაფერი მოხდება, ამისათვის რაღაც მნიშვნელოვანი და გარდამტეხი უნდა ჩაიდინონ. და თუ ესეც ვერ უშველით, მაშინ რაღაც ცვლილება გარედან, ბუნებიდან უნდა მოვიდეს და სინამდვილეში ასეც ხდება...

„პარაზიტის“ პირველი ნაწილი ლამის იდეალურად სტრუქტურირებული და გასაგებია. თუმცა უკვე მეორე ნაწილში, როდესაც სიუჟეტური თუ იდეური გარდატეხა უნდა მოხდეს, რეჟისორის ფარული და თანამგრძნობი ირონია თითქოს ფერხდება და ის გამოსავალს ვეღარ ხედავს. ამიტომ ლოკალური აპოკალიფსისის თემას მიმართავს და ასე ვთქვათ, მაშველად განრისხებულ ბუნებას - კოკისპირულ წვიმას უხმობს, რომელიც თავის გზაზე ყველაფერს წალეკავს. მათ შორის ამ ორი სახლის, ორი სამყაროს საზღვარსაც. თუმცა პატარა აპოკალიფსი პატარა მსხვერპლის გარეშე არ ჩაივლის... და როცა წყლები წავლენ და წამოვლენ, ქვიშის მაგივრად ისევ სახლი დარჩება. სარდაფში სხვა ღარიბი მოჩვენებები დასახლდებიან, ხოლო ბალახის ფერდობზე დასახლებული მდიდრების ყოფილი მხიარულება უსასრულობას შეუერთდება.

მოკლედ, ნამდვილად ღირს ივლისის ცხელი დღეებიდან ერთ-ერთი ამ შესანიშნავ ფილმს არცთუ საამო სათაურით - „პარაზიტს“ დავუთმოთ. მერე ჩვენც რომ არ ვიქცეთ უკიდ ურესად სასარგებლო პარაზიტებად. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^