Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ამერიკა და მისი ელჩი

29 ივლისი 2019

საქართველოში ამერიკის ელჩად ერთ-ერთი „დიპლომატიური მასტოდონტის“ (დიპლომატიის გიგანტის - რედაქცია), ალექსანდრ ვერშბოუს დანიშვნაზე გავრცელებული ინფორმაცია, გარდა შინაარსისა, თანამდევი სიუჟეტებითაც ძალიან საინტერესო და საყურადღებო მოვლენა აღმოჩნდა.

ჯერ ერთი, კვლავ დადასტურდა, რა ძალა აქვთ თანამედროვე მსოფლიოში სოციალურ ქსელებს: ინფორმაციის მულტიპლიცირება მართლაც რომ „ბირთვულ ეფექტს“ იძენს და პოლიტიკური, ზოგჯერ გეოპოლიტიკური ფაქტორი ხდება. გავლენიანი პოლიტიკოსის თუ გავლენიანი საზოგადო ფიგურის კომენტარიც კი (ისევე, როგორც დუმილი) უკვე მნიშვნელოვანი მოვლენაა.

„ვერშბოუს დანიშვნაზე“ ბევრმა გაამჟღავნა საკუთარი ინტენცია, ანუ „შინაგანი განზრახვა“ და, მიუხედავად ინფორმაციის შემდგომი უარყოფისა, ეს „გამჟღავნება“ არსად დაკარგულა.

მაგალითად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა, უპირველეს ყოვლისა, ის გაიხსენა, რა დაბეჯითებით არწმუნებდა იმავე ვერშბოუს, ხოლო მისი მეშვეობით ვაშინგტონს, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გარდაუვალობაში. ამით სააკაშვილმა - რომელიც, მოსწონს ვინმეს თუ არა, მოქმედ პოლიტიკოსად რჩება - საკუთარი „ამერიკული დღის წესრიგიც“ გაამჟღავნა როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში.

ნიკა გვარამიამ (ბოლო წლების ანტისამთავრობო მოძრაობის უმთავრესმა „პრომოუტერმა“) უმალ შენიშნა მთავარი, რასაც ოპოზიცია ვერშბოუსა და ამერიკის შეერთებული შტატებისგან ელის: ძირეული ცვლილებები და „ოცნების“ გაფრთხილება, - დაიცვას ხელისუფლებათა პერიოდული ცვალებადობის დემოკრატიული სტანდარტი.

ელდა „სმოლენსკის მოედანზე“

არანაკლებ საინტერესო და ნიშანდობლივი იყო თვით ალექსანდრ ვერშბოუს რეაქცია: ამ დონისა თუ წონის დიპლომატთა „დუმილიც კი ქუხს“. სხვა შემთხვევაში შესაძლოა „იგნორიც“ ერჩია, მაგრამ ამჯერად არა. პირადად უპასუხა კითხვებს და თქვა: ვამაყობ, რომ ვარ საქართველოს მეგობარი და ნატოსკენ მისი მისწრაფებების მხარდამჭერი, თუმცა მე არ ავრჩეულვარ აშშ-ის ელჩად“.

რასაკვირველია, „სმოლენსკის მოედნის სტაფი“ (იგულისხმება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - რედაქცია) ამ „ელვა-ინფორმაციას“ უმალ აფრენდა სერგეი ლავროვთან. საბოლოო დადასტურებამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „სფოუქსვუმენი“ მარია ზახაროვა კომენტარს არ გააკეთებდა, თუმცა რამდენიმე საათი რომ ინერვიულეს, უკვე კარგია.

ვერშბოუს განცხადებას (საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერით) რუსეთში „ცნობად“ მიიღებდნენ. იმიტომ, რომ თავად ბატონი ლავროვი უმაღლესი კლასის დიპლომატია და იცის: ცნება „ყოფილი“ დიპლომატიაში არ არსებობს: დიპლომატი ცხოვრების ბოლომდე ქვეყნის სახელით ლაპარაკობს, სანამ მისი ქვეყანა არ ჩამოართმევს დიპლომატიურ რანგს.

მით უმეტეს, როდესაც საუბარია ალექსანდრ ვერშბოუზე: მას ხომ, სულ ახლახან, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილის პოსტი ეკავა!

გაჭიანურებული ნომინირება

კიდევ ერთი საგულისხმო მომენტი, რაც გავრცელებულმა ინფორმაციამ აჩვენა, ქართულ საზოგადოებაში არსებული მოლოდინია: უკვე მართლაც მეტისმეტად დიდი ხანია, რაც ამერიკას არ ჰყავს სრულუფლებიანი წარმომადგენელი თბილისში.

ვერსია, თითქოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, პოლიტიკური მოტივით („ნაციონალურ მოძრაობასთან“ სიახლოვის გამო), შარშან უარი უთხრა „აგრიმანის“ გადაცემაზე ვაშინგტონის ნომინირებულ კანდიდატს, ნამდვილად გამოცდილ დიპლომატ ბრიჯიტ ბრინკს, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს: არც საქართველოს, არც სახელმწიფოთა აბსოლუტურ უმრავლესობას დღევანდელ მსოფლიოში არ გააჩნია რესურსი, ასეთი დიპლომატიური დემარში განახორციელოს - უარი უთხრას ამერიკას ელჩის კანდიდატურაზე. ამას რუსეთი და ჩინეთიც კი ძნელად თუ გაბედავენ. მით უმეტეს „ოცნების“ ხელისუფლება ვერ გაბედავდა სტრატეგიული მოკავშირის ამგვარ დამცირებას.

სრული არაკომპეტენტურობის გამოვლინებაა ასევე, თითქოს ამერიკამ ამ ხერხით (ესე იგი, დიპლომატიური წარმომადგენლობის შემცირებით) გადაწყვიტა „დაესაჯა“ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ადამიანის უფლებათა დარღვევის და დემოკრატიის დაბალი ხარისხის გამო.

რეალურად, როდესაც ამერიკას აქვს პრობლემები ამა თუ იმ ქვეყნის ნაკლებ დემოკრატიულობასთან, ავტორიტარულობასთან, ადამიანის უფლებათა დარღვევასთან, ერთი სიტყვით, დემოკრატიის დაბალ ხარისხთან დაკავშირებით, მაშინ ვაშინგტონი, გამონაკლისის გარეშე, პირიქით: არათუ ამცირებს თავის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ამ ქვეყანაში, არამედ კიდევ უფრო აძლიერებს მას, ანუ კიდევ უფრო მაღალი რანგის დიპლომატს აგზავნის, კიდევ უფრო ზრდის დიპლომატიურ შტატს საელჩოში, უმატებს ფუნქციებს და ა.შ. და ა.შ.

როცა საქართველოს „გამონაკლისობა“ სახიფათოა

ყოველივე ამის მიუხედავად, მაინც ძალიან უსიამოვნო და შემაშფოთებელია, რომ ამერიკამ უკვე დაამტკიცა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები აზერბაიჯანსა და სომხეთში (Lee Litzenberger და Lynne Tracy), საქართველოსთან მიმართებით კი ეს პროცესი უცნაურად „იწელება“.

ანუ დიპლომატიური „პაუზა“ გრძელდება მაშინ, როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება ამერიკის მაღალი წარმომადგენლობა, რაკი მიმდინარეობს რთული შიდაპოლიტიკური პროცესები, რომელთაც უმნიშვნელოვანესი საგარეო ასპექტი აქვთ:

რუსეთის ზემოქმედება სახიფათო ხასიათს იძენს და 2006-2008 წლების ნიშნულს უახლოვდება; 

ქვეყანა ემზადება 2020 წლის ეპოქალური არჩევნებისთვის, როდესაც, პირველად ქვეყნის უახლეს ისტორიაში, პარლამენტი აირჩევა პროპორციული წესით, თანაც „ბუნებრივი“ (0,6-0,7%) საარჩევნო ბარიერით, რაც მომავალი პარლამენტის მრავალპარტიულობის გარანტიაა. ოღონდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები სამართლიანად და „გამჭვირვალედ“ ჩატარდა - ხელისუფლების ან მისი მოწინააღმდეგეების მხრიდან მრავალწახნაგოვანი წნეხის, პროვოკაციების, მოსყიდვის თუ დაშინების გარეშე;

„რუსთავი 2“-ის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ერთმნიშვნელოვანმა გადაწყვეტილებამ ბუნებრივად წარმოშვა „არაკომფორტული“ კითხვები როგორც მედიის, ისე ე.წ. „NGO-სექტორის“ თაობაზე;

გაურკვეველი ვითარებაა ანაკლიის პორტის გარშემო;

 დაპატიმრებული ან დაკავებულია რამდენიმე პოლიტიკურად ანგაჟირებული ფიგურა...

ასეთ ვითარებაში, ამერიკის არასათანადო დიპლომატიური „წარმომადგენლობა“, სრულიად ობიექტური, „ტექნიკური“ მიზეზებიც რომ ჰქონდეს ამ პროცესის გაჭიანურებას (მაგალითად, გართულებული ბიუროკრატიული პროცედურები სენატში), მაინც ქმნის ნოყიერ „ბულიონს“ სპეკულაციებისა და კონსპირაციული თეორიებისთვის, რაც ნამდვილად აზიანებს საქართველოს, ასევე საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს და თვით აშშ-ის ინტერესებსაც ჩვენს რეგიონში.

----------------

დათო გამცემლიძე - ჟურნალისტი, ისტორიკოსი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 აგვისტო
17 აგვისტო

გუგუტიანთკარის ზარები

გულის  მომკვლელი ტრაგედია ტრიალებს სოფელ გუგუტიანთკარში, ისევე როგორც სხვა ქართულ სოფლებში საოკუპაციო ხაზის გასწვრი ...
15 აგვისტო
15 აგვისტო

აგვისტოს ომის ნარატივი

თუ გსურს თავისუფლება, ემზადე ომისთვის!
15 აგვისტო
15 აგვისტო

აშშ-ს მტრების სიაში რუსეთი კვლავ პირველი ...

თუკი 2018 წელს, პირდაპირ ან ირიბად, ვინმე ამერიკის შეერთებულ შტატებში პრორუსული პოლიტიკის გატარებას დააპირებდა, დიდი ალბ ...

მეტი

^