Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შეარყევს თუ არა მოსკოვური „მაიდანი“ პუტინის რეჟიმს?

31 ივლისი 2019

შაბათ-კვირას მოსკოვში დიდი ამბები დატრიალდა. „დიდი“ და მნიშვნელოვანი ამ ქვეყნისთვის, თორემ ასეთი მასშტაბისა და „გაქანების“ აქციებს დემოკრატიულ ქვეყანაში ყურადღებასაც არ მიაქცევდნენ. მაგალითად, პარიზის „ყვითელ ჟილეტთა“ მოძრაობასთან შედარებით, ეს მსვლელობები და თუნდაც მცირე შეტაკებები პოლიციასთან „ბავშვურ თამაშად“ ჩანს; მაგრამ რუსეთისთვის, კერძოდ პუტინის უსასრულო რეჟიმისთვის, მაინც ეპოქალური მოვლენაა და შესაძლოა, გარდამტეხიც აღმოჩნდეს. რატომ?

ფორმალურად, მოსკოვში გამართული „არასანქცირებული“ მსვლელობისა და მიტინგის მონაწილენი აპროტესტებდნენ საქალაქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, არ დაუშვას მოსკოვის სათათბიროს არჩევნებზე (8 სექტემბერი) დამოუკიდებელი კანდიდატები, რომლებიც საზოგადოებისა და ამომრჩევლების „პროტესტული“ ნაწილის განწყობას გამოხატავენ.

ხშირ შემთხვევაში ისინი სულაც არ არიან ოპოზიციური პარტიის წევრები, მაგრამ, პირობითად თუ ვიტყვით, უდავოდ „საზოგადოებრივი ოპოზიციის“ წარმომადგენლები არიან. 

პოლიტოლოგიაში ამ ფენომენს ზოგჯერ „არასისტემურ ოპოზიციასაც“ უწოდებენ. 

არჩევნებში მონაწილეობაზე უარისა და საარჩევნო სიებიდან კანდიდატთა ამოღების საბაბი წარდგენილ დოკუმენტაციაში არსებული შეცდომები გახდა.

ჩაკირკიტებულმა“ ჩინოსნებმა აღმოაჩინეს, რომ კანდიდატების რეგისტრაციისთვის შედგენილ მომხრეთა სიებში იყვნენ „მკვდარი სულები“, იყო „აცდენები“ პერსონალურ მონაცემებში, არასწორად მითითებული მისამართები, „გადღაბნილი“ ხელმოწერები და ა.შ. 

ამგვარ სიებში „გამოცდილი ბიუროკრატია“ ყოველთვის იპოვის შეცდომებს „შარის მოსადებად“, რაც აბსოლუტურად არ ცვლის მთავარ მოტივს: როგორმე წაართვან ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი და სასურველი კანდიდატის არჩევის საშუალება.

აქვე უნდა ითქვას, რომ ავტოკრატიულ თუ ავტორიტარულ რეჟიმებში ეს აპრობირებული „ტექნოლოგიაა“. ჯერ საგანგებოდ მკაცრდება საარჩევნო კანონმდებლობა, შესაბამისი პროცედურები, დოკუმენტთა სკრუპულოზური სიზუსტის მოთხოვნა, რათა „სამთავრობო კანდიდატებმა“, ვისაც იგივე ბიუროკრატია და მმართველი პარტია უჭერს მხარს, იმთავითვე მოიპოვოს უპირატესობა იმ კანდიდატის მიმართ, ვისაც ამგვარი „ადმინისტრაციული რესურსი“ არ გააჩნია - ანუ, ასე თუ ისე, აუცილებლად დაუშვებს მცირე შეცდომებს დოკუმენტის შედგენისას, რაც შემდეგ „საბაბად“ გამოიყენება.

სამოქალაქო პროტესტი და „საინფორმაციო ჯარები“

ამ „ტექნოლოგიამ“ კვლავაც გაჭრა: კანდიდატები არ დაარეგისტრირეს ან მოხსნეს, რამაც ისეთი აღშფოთება გამოიწვია, რომ ათიათასობით რუსი ქუჩებში გამოვიდა.

საქალაქო სასამართლოსთან გამართული მიტინგი და ცენტრალურ ქუჩებზე მშვიდობიანი მსვლელობა პოლიციამ ხელკეტებით დაარბია. 1074 ადამიანი ერთბაშად (!) დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს ადმინისტრაციული კოდექსით. ბევრს სისხლისსამართლებრივი დევნაც ემუქრება.

ცნობილი ბლოგერი და „საზოგადოებრივი ოპოზიციის“ აღიარებული ლიდერი ალექსეი ნავალნი არათუ დააკავეს, არამედ, მომხრეთა მტკიცებით, მოწამლეს კიდეც.

ეს ცნობა ჯერ საბოლოოდ დადასტურებული არ არის, თუმცა სოლსბერი-პოლონიუმის შემდეგ რომ არავის აღარაფერი გაუკვირდება, ცხადია. 

ნავალნი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდს“ უდგას სათავეში და ნიჭიერადაც იბრძვის: არაერთი დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა, რითაც რეჟიმს ძალიან აღიზიანებს. 

დემონსტრაციებში ასეულობით ათასი ადამიანიც მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ რუსეთის ტელევიზიები ამ ამბებს „ვერ ამჩნევდნენ“. 

ცნობილი დებულებაა: ტელევიზიაზე ან იმ რეჟიმზე, რომელსაც იგი ემსახურება, მეტყველებს არა ის, რას აჩვენებს, არამედ ის, რასაც არ აჩვენებს. მოსკოვში გააფთრებული შეტაკებები მიმდინარეობდა, რუსეთის ცენტრალური არხები კი - ОРТ, РТР, НТВ - იმ დღეს ქუჩაში მიმდინარე მოვლენებს საერთოდ არ აშუქებდნენ. ანუ „კრიტიკულად“ ან „ხელისუფლებისთვის მაამებლურად“ კი არა - საერთოდ არა.

უთვალავი „ტოკშოუა“ რუსულ ტელეარხებზე, რომელთა მონაწილენი არათუ კამათობენ, არამედ ზოგჯერ თმებით ითრევენ ან მუშტი-კრივს უმართავენ ერთმანეთს, მაგრამ… არსებითი ეს „მოჩვენებითი პლურალიზმი“ კი არ არის, არამედ თემატიკა! 

ბოლო ათწლეულების უპრეცედენტო მოვლენათა ფონზე, პუტინის „საინფორმაციო ჯარები“ (დიახ, დიახ, არის რუსეთში შეიარაღებულ ძალთა ასეთი სახეობაც, უტრირება არ გეგონოთ. - დ.გ.) უკრაინის არჩევნებზე და კიევში მიმდინარე დაპირისპირებებზე მართავდნენ მძვინვარე დისკუსიას, ან იმავე „ყვითელი ჟილეტების“ გამოსვლებზე პარიზში.

„ტელეკომპანია“ Russia Today („რუსეთი დღეს“) თვით რუსეთში „დღეს“ მიმდინარე ამბებს კი არ აშუქებდა მსოფლიო აუდიტორიისთვის, არამედ ფრანგ „ჟილეტებს“ ეხმარებოდა, რაც შეიძლება მეტი ხალხი გამოეყვანათ მიტინგებზე, რათა ელისეის მინდვრები კიდევ ერთხელ გადაებუგათ.

რომ არა ასეთი „მდუმარება“ რუსულ არხებზე, მოსკოვში შესაძლოა, მოვლენები კიდევ უფრო მწვავედ განვითარებულიყო. მაგრამ ამით ერთი მნიშვნელოვანი გარემოება დადასტურდა: მიუხედავად სოციალური ქსელების მძლავრი და მზარდი როლისა, ისინი, ჯერჯერობით, მაინც ვერ ცვლიან და ვერ შეედრებიან ტელევიზიას.

პატარა ბზარი მონუმენტურ შენობაზე

მოსკოვურმა გამოსვლებმა პუტინის რეჟიმი, რასაკვირველია, ვერ დაანგრია: იოტისოდენ დათმობაზეც კი ლაპარაკი ზედმეტია; მაგრამ ყოველი ამგვარი „რყევა“ მაინც აჩენს ბზარს ავტოკრატიული რეჟიმის შენობაზე.

ავტორიტარიზმის თვისება მაქსიმალიზმი და ერთგვარი, თუ შეიძლება ასე ითქვას, „პერფექციონიზმია“, ანუ მუდამ და ყველაფერში მხოლოდ წარმატება, მხოლოდ გამარჯვება, მხოლოდ ძლიერების დემონსტრირება, პატარა „უკან დახევის“ დაუშვებლობა. იმიტომ, რომ ყოველი ასეთი „მცირე“ ბზარი, მით უმეტეს დღევანდელ, კომუნიკაბელურ საზოგადოებაში, უკვე აღარ ქრება, სამარადჟამოდ რჩება, შემდეგ თანდათან ფართოვდება, პრეცედენტად იქცევა და ავტოკრატიულ შენობასაც ანგრევს.

ორგზის უმეტეს, როდესაც ეს ავტოკრატი უკვე მეტისმეტად დიდხანს მართავს ქვეყანას: 2000 წლიდან (მცირე ფორმალური წყვეტით 2008-2012 წწ.), მთელი 19 წლის განმავლობაში! მორიგ საპრეზიდენტო „არჩევნებამდე“, რომელიც 2024 წელს უნდა გაიმართოს, წესით, კიდევ 5 წელია.

და რაც მეტი დრო გადის, რაც უფრო „იჟანგება“ დროთა განმავლობაში რეჟიმი, მით უფრო ეშინია თუნდაც „მცირე ბზარების“.

მათ „ამოვსებას“ ან კომპენსირებას იგი „ნაციონალ-დერჟავულობით“ ცდილობს. ეს კი მეტად საშიშია მეზობელი ქვეყნებისთვის, პირველ რიგში - პატარა საქართველოსთვის რადგან „ნაციონალ-დერჟავულობა“ მუდამ მოითხოვს „მცირე, თუმცა ძლევამოსილ ომებს“, ანუ ახალ-ახალ აგრესიას.

იმედი ვიქონიოთ, საერთაშორისო თანამეგობრობა „დასალიერისკენ“ შეუქცევადად გადახრილ რეჟიმს ამ რესურსის გამოყენების საშუალებას აღარ მისცემს.

დათო გამცემლიძე - ჟურნალისტი, ისტორიკოსი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^