Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როდის ჩავალთ ბათუმში?

01 აგვისტო 2019

თბილისიდან ბათუმისკენ მიმავალ დამსვენებლებს წელსაც უწევთ ხაშურში საცობში დგომა, რიკოთის უღელტეხილზე ტრაილერის უკან დაბალი სიჩქარით მოძრაობა, ქუთაისში შესვლა, გურიის ლამაზ სოფლებში გავლა. 

წითელი ხიდი-თბილისი-ბათუმის ავტობანი უკვე თოთხმეტი წელია შენდება, მიუხედავად ამისა, უახლოეს პერიოდში მგზავრები ისევ ვერ აცდებიან შეფერხებებს გზაზე, ქალაქებსა და სოფლებში გავლას.

სამშენებლო პროცესის გაჭიანურებას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა - არასწორად ჩატარებული ტენდერები, საინჟინრო შეცდომები, შესაძლო კორუფციული გარიგებები.

ავტობანის მშენებლობის ისტორია

ამ მაგისტრალის პირველი მონაკვეთი, ნატახტარი-აღაიანი, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2006 წელს გახსნა. მისი თქმით, ეს ავტობანი 2008 წელს ცხინვალამდე მივიდოდა, ხოლო 2010-ში, არაუგვიანეს 2011 წლის დამდეგისა, სოხუმამდე ჩავიდოდა. მალევე ცხადი გახდა, რომ ცხინვალსა და სოხუმში ავტობანი ვერ ჩააღწევდა და დაპირებებიც უფრო მეტად დაკონკრეტდა. 2008 წლის ომის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ 2009 წელს დაიწყებოდა ზესტაფონი-სამტრედია-ფოთის მონაკვეთის მშენებლობა, იმავდროულად, აღმოსავლეთ საქართველოში, 2010 წლამდე, ავტობანი რიკოთის უღელტეხილამდე მივიდოდა. საბოლოოდ, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში თბილისი-რუისის 68-კილომეტრიანი სიგრძის მონაკვეთი აშენდა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ავტობანის მშენებლობა პარალელურად დასავლეთ საქართველოშიც დაიწყო. თუმცა, განსხვავებით აღმოსავლეთ საქართველოში არსებული ავტობანისა, ლიხს იქით ჩქაროსნული გზის ნაწილი (ქუთაისის შემოვლითი, ქობულეთის შემოვლითი) ორზოლიან მაგისტრალად აშენდა.

2016 წელს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ამბიციური სივრცითი მოწყობის გეგმა წარადგინა - 2020 წლის ჩათვლით 3,5 მილიარდი დოლარის ღირებულების 550 კმ ავტომაგისტრალის მშენებლობა, ასევე, 800 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია, 300-მდე სახიდე გადასასვლელის და 50 საავტომობილო გვირაბის მშენებლობა. კვირიკაშვილის შთამბეჭდავმა გეგმამ კრახი განიცადა, სივრცითი მოწყობის გეგმით გათვალისწინებული გზების ნაწილი აღარ აშენდება, ნაწილის მშენებლობა ჯერაც არ დაწყებულა, ავტობანის დასრულება კი უკვე 2022 წლამდე გადაიდო. 

2016 წლის 16 სექტემბერს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, სივრცითი მოწყობის გეგმა წარადგინა. რუკაზე ნარინჯისფრად მონიშნულია ის გზები, რომელიც 2020 წლის ჩათვლით უნდა აშენებულიყო. დღევანდელი მდგომარეობით, ამ გეგმის მხოლოდ ორი პროექტია დასრულებული - ზესტაფონი-ქუთაისი და ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტი.

ავტობანის მშენებლობის ახლანდელი მდგომარეობა

მშენებლობა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. აღმოსავლეთ საქართველოში ავტობანის დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია. იგეგმება რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც 2020 წელს უნდა დაიწყოს და 2022 წელს დამთავრდეს. ამჟამად ამ მონაკვეთის პროექტირებაზე მუშაობენ.

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთი, რომელიც გვერდს უვლის ხაშურსა და სურამს, ორ ნაწილადაა დაყოფილი. ამჟამად, პირველ მონაკვეთზე სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო მეორე მონაკვეთის მშენებლობა შეჩერებულია და მის გასაგრძელებლად ინფრასტრუქტურის სამინისტრო მსოფლიო ბანკთან მოლაპარაკებებს მართავს.

დასავლეთ საქართველოში ერთდროულად დაწყებულია სხვადასხვა პროექტი - რიკოთის უღელტეხილი ოთხ ნაწილად შენდება, ქუთაისის შემოვლით გზაზე ორი ზოლის ემატება, ასევე ოთხ ნაწილადაა დაყოფილი გურიის პროექტი, შენდება ბათუმის შემოვლითი გზა, იგეგმება ბათუმი (ჭოროხი)-სარფის მონაკვეთი.

ყველაზე რთული - რიკოთის მონაკვეთი - ოთხ ნაწილად იყოფა: ჩუმათელეთი-ხევი, ხევი-უბისა, უბისა-შორაპანი, შორაპანი-არგვეთა. რიკოთის უღელტეხილზე საერთო ჯამში დაგეგმილია 51,6 კილომეტრი გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდს და 53 გვირაბს მოიცავს.

წელს დაიწყო ხევი-უბისა და უბისა-შორაპნის გზის მშენებლობა. ხევი-უბისას  პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს, ხოლო უბისა-შორაპანს - ევროპის საინვესტიციო ბანკი. მათი დასრულება 2022 წლისთვისაა დაგეგმილი. 2019 წლის ივნისში ხელახლა გამოცხადდა ტენდერი შორაპანი-არგვეთის მონაკვეთზე, რადგან პირველი ტენდერი ჩაიშალა. საგზაო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული გეგმის მიხედვით, შორაპანი-არგვეთის დასრულება 2021 წლისთვის არის გათვალისწინებული, თუმცა, არსებული შეფერხებების გამო შესაძლოა სამუშაოების დასრულების ვადამ გადაიწიოს. ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე ტენდერი ბოლო ეტაპზეა, საგზაო დეპარტამენტის გეგმის მიხედვით, აღნიშნული მონაკვეთი 2022 წელს უნდა დამთავრდეს.

თავის დროზე ქუთაისის შემოვლითი ორზოლიანი გზა გამყოფი ბარიერის გარეშე აშენდა, რამაც გახშირებული ავარიები გამოიწვია. სწორედ ამიტომ ამ მონაკვეთზე ცალმხრივი მოძრაობა დაწესდა, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალ ტრანსპორტს კი ისევ ქუთაისში გავლა უწევს. იმისათვის, რომ ეს მონაკვეთი სრულყოფილ ავტობანად იქცეს, დაიგეგმა და უკვე მიმდინარეობს დამატებითი ორი ზოლის მშენებლობა, რომელსაც ქართული კომპანიები ახორციელებენ. პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ეს სამუშაოები 2020 წლის ბოლოს უნდა დამთავრდეს.

გურიაში, სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის მშენებლობისას დაშვებულია როგორც საინჟინრო, ისე სატენდერო შეცდომები. ამჟამად მიმდინარეობს პირველი, მეორე და მეოთხე ლოტით გათვალისწინებული სამუშაოები, ხოლო მესამე ლოტის მშენებლობა შეჩერებულია. პირველ მონაკვეთზე შენდება ხიდების ბურჯები, მეორეზე უკვე იგება ასფალტბეტონის საფარი. ამ მონაკვეთზე გზის ჯდენების პრობლემა წარმოიშვა, რამაც შეაფერხა სამშენებლო სამუშაოები. მესამე ლოტის კონტრაქტორს ხელშეკრულება შეუწყდა და ახლა მზადდება სატენდერო დოკუმენტაცია ახალი ტენდერის გამოსაცხადებლად. საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, მეოთხე ლოტზე მთავრდება იმ ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა, რომლებიც კონტრაქტორმა საკუთარი ხარჯით გამოასწორა და ჯდენების დარეგულირების შემდეგ დაიწყება საფარის მოწყობა.

გრიგოლეთი-ჩოლოქის 14-კილომეტრიან მონაკვეთზე, რომლის სამუშაოები 2020 წლის მიწურულს უნდა დასრულდეს, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით თურქული კომპანია „პოლატიოლ და მაპა“ მუშაობს.

ქობულეთის შემოვლითი გზა დასრულებულია, თუმცა ამ ორზოლიან მონაკვეთზე არ არის გამყოფი ბარიერი, რამაც უკვე გამოიწვია ფატალური შედეგები. 2019 წლის ივლისში ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას სამი ადამიანი, მათ შორის ხუთი წლის ბავშვი შეეწირა. 2018 წლის დეკემბერში ამავე გზაზე ერთი ადამიანი დაიღუპა. 2018 წლის ივლისში ამავე გზაზე ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, აქედან - ორი ჩვილი.

მიმდინარეობს ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი აფინანსებენ, ხოლო სამუშაოებს თურქული კომპანია „პოლატიოლ და მაპა“ ასრულებს. აღსანიშნავია, რომ ეს მონაკვეთიც ორზოლიანი იქნება, რაც ზრდის ავარიების რისკს.

რაც შეეხება ბოლო, ბათუმი (ჭოროხი)-სარფის, მონაკვეთს, მიმდინარეობს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. აღნიშნული მონაკვეთი, საგზაო დეპარტამენტის გეგმის მიხედვით, 2023 წელს უნდა დასრულდეს.

ჩამორჩენა მშენებლობაში - საეჭვო წარმომავლობის კომპანიები და შესაძლო კორუფციული გარიგებები

ავტობანის მშენებლობა მნიშვნელოვანი ჩამორჩენებით მიმდინარეობს. არა მარტო პოლიტიკოსები იძლევიან ცრუ დაპირებებს, არამედ უმრავლესი მშენებლობის კონტრაქტებიც ირღვევა. მაგალითად, სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის პირველი ლოტი, კონტრაქტის მიხედვით, ჯერ კიდევ 2016 წელს უნდა დამთავრებულიყო. უკრაინულმა კომპანია „ალტკომმა“ საავანსო თანხაც მიიღო, თუმცა სამუშაოების მხოლოდ 24% შეასრულა და მშენებლობა შეწყვიტა. მეორე ლოტი, რომელზეც ჩინური კომპანია „სინოჰიდრო“ მუშაობს, 2018 წელს უნდა დასრულებულიყო. მესამე ლოტის მშენებლობაზე პასუხისმგებელი იყო იტალიური კომპანია „ტოდინი“, რომელსაც, გეგმის თანახმად, პროექტი 2018 წლის დეკემბერში უნდა დაემთავრებინა. კონტრაქტორმა ვალდებულებას თავი ვერ გაართვა და კონტრაქტი შეწყდა. მეოთხე ლოტის ვადად დათქმული იყო 2018 წლის დეკემბერი, თუმცა არსებული მონაკვეთი ისევ დაუსრულებელია, მას ჩინური კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“ ასრულებს.

პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის ამბიციური გეგმის მიუხედავად (2020 წლის ბოლომდე ავტობანი უნდა დასრულებულიყო), ზოგ მონაკვეთზე მშენებლობის კონტრაქტები ჯერაც არაა გაფორმებული. ასეთებია, მაგალითად, ჩუმათელეთი-ხევის, რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთები. გურიის პირველი ლოტის მშენებელი კომპანია უკვე შეიცვალა. ხელახლა უნდა გამოცხადდეს ტენდერები გურიის მესამე და ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მეორე ლოტებზე.

აღსანიშნავია, რომ ავტობანის მშენებლობის ნაწილს ახორციელებენ საეჭვო წარმომავლობის კომპანიები. მაგალითად, 2019 წლის ივნისში, მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილებით, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ მსოფლიო ბანკის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობის მიღება აეკრძალა. 2017 წელს აფრიკის განვითარების ბანკმა კომპანია „სინოჰიდრო“ შავ სიაში შეიყვანა. გაურკვეველია კომპანიების „ალტკომის“ და „ტოდინის“ წარმომავლობა, რომლებმაც ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს და კონტრაქტი გაუწყდათ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში გამოავლინა „მბრუნავი კარის“ პრობლემა, რომელიც შესაძლოა კორუფციულ ნიშნებს შეიცავდეს. მაგალითად, საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ზაზა სიმონია სამუშაოდ გადავიდა კომპანია „სინოჰიდროში“; გავრცელებული ინფორმაციით, სიმონია იმ სატენდერო ჯგუფის წევრი იყო, რომელმაც „სინოჰიდროს“ დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გივი ჩოჩია დასაქმდა კომპანია „პოლატიოლ და მაპა“-ში. დეპარტამენტის უფროსის კიდევ ერთი ყოფილი მოადგილე ირაკლი ხერგიანი გადავიდა „დოჰვა ინჟინერინგში“, რომელიც საგზაო სამუშაოების შესრულებას უწევს მონიტორინგს და, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხერგიანი იყო იმ კომისიის წევრი, რომლის გადაწყვეტილებითაც ამ კომპანიამ ტენდერები მოიგო.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გეგმის მიხედვით, წითელი ხიდიდან ბათუმამდე ავტობანი 2022 წელს უნდა დასრულდეს, 2023 წელს გზა სარფის საზღვრამდე მივა. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის ბოლომდე ჯერ კიდევ 3,5 წელია, ავტობანის მშენებლობის არსებული ტემპი და ხშირი შეფერხებები არ იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ეს პროექტი დათქმული დროისთვის მოესწრება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^