Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გუგუტიანთკარის ზარები

17 აგვისტო 2019

გულის  მომკვლელი ტრაგედია ტრიალებს სოფელ გუგუტიანთკარში, ისევე როგორც სხვა ქართულ სოფლებში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სადაც ოკუპანტებმა ან უკვე დაასრულეს ე.წ. „სასაზღვრო ჯებირების“ აგება, ან ახლა იწყებენ. 

ზოგ მონაკვეთზე ეს „სასაზღვრო ჯებირი“ მავთულხლართია, სხვაგან - ლითონის მაღალი ღობე. 

და ეს ხდება იმ რეგიონში, იმ მიწაზე, სადაც არასდროს, არც ერთ ეპოქაში, ბიბლიური დროიდან მოყოლებული დღემდე, არანაირი „საზღვარი“ არ არსებულა. არ არსებულა იმიტომ, რომ თვით გეოგრაფია ეწინააღმდეგებოდა ამგვარ ანომალიას, რაც თანამედროვე ეპოქამ და XXI საუკუნეში გადმოსულმა „იმპერიულმა განზრახვამ“ რეალობად აქცია. 

ქართული სოფლების მცხოვრებნი სევდიანად ადევნებენ თვალს „ხაზს მიღმა“, ანუ ე.წ. „სხვა სახელმწიფოში“ დარჩენილ სავარგულებს, სათიბებს, საძოვრებს, სახნავ-სათესს, წყაროს, ეკლესიასა და სასაფლაოს. ცრემლმორეულნი უყურებენ, როგორ კრეფენ ვაშლს „ჯებირს მიღმა“ დარჩენილ მათ მამაპაპეულ ბაღებში „სხვები“ და იქედნურად დასცინიან კიდეც.

რა შეიძლება საქართველომ მოიმოქმედოს ამ ე.წ „ბორდერიზაციისა“ და „მცოცავი ოკუპაცის“ პასუხად? თუმცა, ჯერ აუცილებელია ის გავარკვიოთ, რა ხდება და რატომ ხდება. 

საოკუპაციო ძალები ამ ე.წ. „საზღვარს“ ავლებენ საბჭოთა კავშირის დროინდელი რუკების შესაბამისად. ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის თქმით, მცდარია ინფორმაცია, თითქოს ამ პროცესში ოკუპანტები იყენებენ რაღაც „აეროფოტოებს“ ან „კოსმოსური მონაცემებით“ შედგენილ რუკებს. სინამდვილეში, რუს „მესაზღვრეებს“ და „სამხრეთ ოსეთის КГБ-ს თანამშრომლებს“ (ამ „სახელოვან“ უწყებას რომ ახლაც იგივე სახელი ჰქვია, ძალზე ნიშანდობლივია) ხელში უჭირავთ ყოფილი კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების ფორმალური საზღვრის აღმნიშვნელი „სოფლური“ დოკუმენტები - სასოფლო კრებებზე დამტკიცებული და ფორმალურად შეთანხმებული. 

იმ დროს საერთოდ ვინ აქცევდა ამას სერიოზულ ყურადღებას? 

ამგვარი „რუკებით“ კი „ხაზი“ გადის არათუ სოფლებზე, არამედ საცხოვრებელ სახლებზეც. შესაბამისად, საოკუპაციო ძალა ცინიკურად და აგრესიულად მოითხოვს სახლის დანგრევას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თვითონ დაანგრევს და თუ მოსახლეობას დავიცავთ, „ომის განახლება“ დაგვბრალდება.

ეს არის თანამედროვე რუსეთის „რბილი ძალა“ და „ჰიბრიდული ომი“, რომელიც მიზნად ისახავს „მსხვერპლი“ საზოგადოების დემორალიზებას და მუდმივი სტრესის, „ნეგატიური მოლოდინის“ პირობებში არსებობას“.

პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ოსური და რუსული მხარე ხშირად სთავაზობდა თბილისს, დაეწყოთ ოფიციალური მოლაპარაკება „საზღვრის დადგენის“ მიზნით და ამ პირობით მზად იყო, „კომპრომისზეც“ წასულიყო - „საზღვრის“ სხვა მონაკვეთებზე ტერიტორიული დათმობის სანაცვლოდ.

 „მაგრამ როგორც კი ამ თემაზე მოლაპარაკებას დავიწყებთ, მოწინააღმდეგე იტყვის, რომ ჩვენ ვაღიარეთ საზღვარი საქართველოსა და ე.წ .„სამხრეთ ოსეთს“ შორის“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი. 

მისი თქმით, ესმის იმ ადამიანებისა, ვინც ხელისუფლებას სთავაზობს გამოასახლოს მოსახლეები უშუალოდ „საოკუპაციო ხაზისპირა“ სოფლებიდან, რათა შემდგომი გართულება თავიდან ავიცილოთ, მაგრამ „ოკუპირებული ტერიტორია ხომ ისედაც გაწმენდილია ქართველებისგან თითქმის მთლიანად და ამგვარი მოქმედება ეთნოწმენდის გაგრძელება იქნებოდა, თან ჩვენივე მონაწილეობით“, - არცთუ უსაფუძვლოდ ამტკიცებს ზაქარეიშვილი.

არაფერი, გარდა საერთაშორისო თანამეგობრობისადმი მიმართვისა, საქართველოს სახელმწიფოს ამ ეტაპზე არ ძალუძს. რეგიონში იმყოფება მხოლოდ სუსტი მანდატით აღჭურვილი ევროკავშირის „სადამკვირვებლო მისია“, რომლის უფლებამოსილება დაკვირვებითა და ინფორმაციის ბრიუსელში გადაცემით შემოიფარგლება. 

ევროკავშირის წარმომადგენელთა ყველა პროტესტს კი მოსკოვი აროგანტულად პასუხობს, რომ „სამხრეთი ოსეთი“ მის მიერ აღიარებული დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ხოლო „საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაცია“, თურმე  ნუ იტყვით და, „ყველა სუვერენული სახელმწიფოს შეუვალი უფლებაა“.

ევროკავშირის რეაქცია უდავოდ ბევრად უფრო მწვავე იქნება, თუ „ოსურად“ გადაცმული რუსეთის საოკუპაციო ფორმირებები იმდენად შემოვლენ „სიღრმეში“, რომ საფრთხეს შეუქმნიან „ბაქო-თბილისი-ფოთის“ სტრატეგიულ მაგისტრალს. ან, ბოლოს და ბოლოს, აშკარად გადმოლახავენ ყოფილი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ საზღვრებს. ოფიციალურად არა, მაგრამ არაოფიციალურად, თბილისი ამ თემაზე მუშაობს ევროპელ კოლეგებთან. 

მანამდე კი, ოკუპანტებს აქვთ ის ცინიკური, აგრესიული „არგუმენტი“, რომ ისინი ხსენებულ „საზღვარს“ ჯერ არ გასცდენიან, ანუ ყველა სამუშაო წარმოებს „შიგნით“ და „საქართველოს ტერიტორიაზე არ გადმოდიან“.

ასეთია რეალობა, რაც რუსულმა აგრესიამ შექმნა და რეალური რესურსების გათვალისწინებით არსებობს ერთადერთი მიზანშეწონილი რეაქცია: ყველა ამგვარ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მოსკოვს, საქართველოს სახელმწიფომ კი იზრუნოს იმ ადამიანთა არსებით დახმარებაზე, ვინც სახლ-კარის ან სარჩო-საბადებლის გარეშე რჩება.

-----------

დათო გამცემლიძე - ჟურნალისტი, ისტორიკოსი 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ქართული ფორუმის ძალა

2016 წლის 12 აპრილს ნაძალადევის რაიონში, საკუთარ სახლში დააკავეს ქართული ინტერნეტფორუმის, forum.ge-ს მომხმარებელი სულხან ...
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

ვინ დაუკრავს მუსიკას

ცოტაც და ოთხწლიან მოლოდინს ბოლო მოეღება. იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასი სტარტს აიღებს და მომდევნო თვე-ნახევრის განმავლობა ...
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

შეტევა საუდის არაბეთზე: ვინ ატკაცუნებს ფ ...

ახლო აღმოსავლეთში დიდი ომის საფრთხე წამოიშვა მას შემდეგ, რაც პროირანულმა იემენურმა დაჯგუფებამ უპილოტო საფრენი აპარატით & ...

მეტი

^