Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტურიზმის განვითარება „გავრილოვის ღამის" შემდეგ

21 აგვისტო 2019

„გავრილოვის ღამის“ შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, 21 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენა აეკრძალათ. შედეგად, 8 ივლისს საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა.

ე.წ. ტურისტული ემბარგოს შედეგებზე განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. რაზე მეტყველებს ოფიციალური ცნობები და როგორია ტურიზმის სფეროში მომუშავეთა თვალით დანახული რეალობა? როგორ შეიცვალა მდგომარეობა 21 ივნისის ღამის შემდეგ საქართველოს ტურისტულ ბაზარზე და მათთვის, ვინც ამ ბიზნესშია ჩართული?

ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის ივლისში, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უფრო მეტი უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა. საინტერესოა, როგორ აისახა ეს სტატისტიკა სასტუმროებისა და ბინების გამქირავებელთა ბიზნესზე, რაც, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე კარგი ინდიკატორია რეალობის შესაფასებლად.

რას ვიგებთ ანგარიშით

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ აგვისტოს დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშით ირკვევა, რომ ივლისში საქართველოს საზღვარი 1 099 474-მა ადამიანმა გადმოკვეთა. 2019 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, ვიზიტორთა საერთო რაოდენობამ 4 961 918 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ  მონაცემზე 7,8%-ით მეტია. თუმცა, საინტერესოა ისიც, რომ ივლისში საქართველოში შემოსულ რუს ვიზიტორთა რაოდენობა 6,4%-ით არის შემცირებული.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ტურისტებმა საქართველოში იანვარ-ივლისში 1,5 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯეს, რაც 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 7%-ით მეტია. ეს კი ნიშნავს, რომ, ე.წ. ტურისტული ემბარგოს მიუხედავად, საქართველოს ტურიზმის სექტორის შემოსავლები მზარდია.

როგორც ეკონომისტი ალექსანდრე ნაჭყებია ამბობს, საქართველოს მშპ-ს დაახლოებით 4% რუსი ტურისტების მიერ არის გენერირებული, რაც საქართველოს ეკონომიკურად დამოკიდებულს ხდის სხვა ქვეყანაზე. მისი თქმით, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ცხადყო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დივერსიფიკაციის სტრატეგიის შემუშავება.

„ივლისში ტურისტების რიცხვი 5,8%-ით გაიზარდა. ივნისში ეს რიცხვი 20,2% იყო, ხოლო მაისში - 14,2%. შესაბამისად, რუსეთის სანქციებს მაინც ჰქონდა მნიშვნელოვანი გავლენა ტურისტების რაოდენობაზე. მიუხედავად ამისა, ეს ეფექტი აღმოჩნდა იმაზე ნაკლები, ვიდრე ბევრი პროგნოზირებდა. ამას ძირითადად ორი მიზეზი აქვს. პირველი - რუსი ტურისტების რაოდენობა მოსალოდნელზე ნაკლებად შემცირდა. კონკრეტულად, ივლისში 6,4%-ით ნაკლები რუსი ტურისტი შემოვიდა ქვეყანაში. ეს შეიძლება გამოწვეული იყო იმით, რომ რუსი ტურისტების 70%-ზე მეტი ქვეყანაში სახმელეთო გზით შემოდიოდა და მათზე არ იმოქმედა პირდაპირი ფრენების გაუქმებამ. აღსანიშნავია ისიც, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტების რაოდენობა უკრაინიდან (18,2%), საუდის არაბეთიდან (42,1%), ისრაელიდან (15,5%) და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს ზრდა მოსალოდნელიც იყო, რადგან გასული თვეების განმავლობაში წინა წელთან შედარებით უკვე მნიშვნელოვნად იზრდებოდა ტურისტების რაოდენობა ამ ქვეყნებიდან“, - განმარტავს ალექსანდრე ნაჭყებია. ეკონომისტის აზრით, ტურიზმის ზრდა, რა თქმა უნდა, ეკონომიკისთვის კარგია, რადგან ეს პროცესი ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნასა და ადგილობრივი ბიზნესის სტიმულირებას, თუმცა, მეორე მხრივ, ეკონომიკური წინსვლის მხოლოდ ტურიზმზე გათვლა თავისთავად მოიცავს ისეთ რისკებსაც, რომელთა წინაშეც აღმოჩნდა საქართველო „გავრილოვის ღამის“ შემდეგ.

საქართველოს, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო ტურისტულ ქვეყანას, შეუძლია ბევრი საინტერესო და სხვებისგან განსხვავებული რამ შესთავაზოს აქ ჩამოსულ სტუმარს. მთავარია ძალისხმევა, რომელსაც მთავრობა და ბიზნესის სექტორში დასაქმებულები დებენ ამ სფეროში, იყოს გათვლილი და სწორად მიმართული.

ტურიზმის რისკები აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში რუსეთიდან ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით მანიპულირებასა თუ ღვინოსა და სურსათზე დაწესებულ ემბარგოს თუ არა, სულ ორი წლის წინ ტურიზმის სფეროში თურქეთისთვის დაწესებულ ე.წ. ტურისტულ ემბარგოს, რამაც უდიდესი ზარალი მიაყენა თურქეთის ეკონომიკასა და ტურიზმის სფეროს.

ტურიზმის რისკები აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ბოლო ოცდაათი წლის გამოცდილებას, რომელიც გულისხმობს რუსეთის მხრიდან ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით მანიპულირებას, ღვინოსა და სურსათზე დაწესებულ ემბარგოს თუ არა, სულ ორი წლის წინ თურქეთისთვის დაწესებულ ე.წ. ტურისტულ ემბარგოს, რამაც უდიდესი ზარალი მიაყენა თურქეთის ეკონომიკასა და ტურიზმის სფეროს.

მიუხედავად სტატისტიკისა, რომელიც ცხადყოფს, რომ საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით გაზრდილია, განსხვავებულია სასტუმროების მფლობელთა და ბინების გამქირავებელთაგან მიღებული ინფორმაცია - „გავრილოვის ღამისა“ და რუსეთის მიერ ტურისტული ემბარგოს დაწესების შემდეგ მკვეთრად შემცირდა უცხოელი და განსაკუთრებით რუსი ტურისტების რიცხვი.

რას ყვებიან ტურიზმის სფეროში მომუშავე ადამიანები

ივლისის თვეში სოციალურ ქსელში გახშირდა რუსეთის მოქალაქეების მიერ ჯავშნის გაუქმების შესახებ ინფორმაცია. ამაზე ძირითადად სასტუმროების, ბინებისა და ჰოსტელების მეპატრონეები ჩიოდნენ. ისედაც, წელს ტურისტულ სეზონზე აშკარად შესამჩნევია ვიზიტორთა ნაკლებობა.

„რუსები ნაკლებად ჯავშნიდნენ ჩემს ბინას. ძირითადად სტუმრები მყავდა ევროპიდან და ამერიკიდან, თუმცა ამ ამბების შემდეგ საერთოდ გაუქმდა ჯავშნები. ჩემი აზრით, ფრენების გაუქმების გარდა, ჩაფხუტიანი სპეცრაზმის ყურება ცენტრალურ პროსპექტზე თავის გავლენას ახდენს. მოგზაურობის დროს, თუ ძალიან „ექსტრემალი“ არ ხარ, სტაბილური და მშვიდი გარემო გირჩევნია ადამიანს“, - ამბობს მეგი ჭეიშვილი, რომელიც დაახლოებით ორი წელია, უცხოეთიდან სტუმრებს Airbnb-ის საშუალებით იღებს.

თელავში მდებარე ჰოსტელ „ტასოს“ ადმინისტრატორი ბიჭიკო წიქარაძე გვიყვება, რომ რუსმა ტურისტებმა მის სასტუმროში 7 000 ლარის ჯავშანი გააუქმეს. „მთელი აგვისტო-სექტემბრის თვეების ჯავშნები გაუქმდა. თელავში მე ღვინის ბარშიც ვმუშაობ და პუტინის აკრძალვების შემდეგ უკვე ძალიან იშვიათად თუ შეხვდებით აქ რუს ტურისტს“, - ამბობს წიქარაძე.

იმავე სიტუაციაში აღმოჩნდა მესტიის სასტუმრო GuestHouse in Mestia-ს მფლობელი თაკო საჯაია. მისი თქმით, ტურისტულ სეზონზე მის სასტუმროს წინა წელთან შედარებით ვიზიტორთა მესამედიც არ მიუღია: „ივლისში ყველა რუსმა გაგვიუქმა ჯავშანი. ჩვენ მაინც ძირითადად რუს, უკრაინელ და აღმოსავლეთევროპელ ვიზიტორებზე ვმუშაობთ, თუმცა წელს 1-2 თუ მივიღეთ უცხოეთიდან. ძირითადად ყველა ჩამომსვლელი ქართველი გვყავდა“, - ამბობს სასტუმროს მეპატრონე.

განსხვავებულია იმ მცირე თუ დიდი სასტუმროებისა და ჰოსტელების მდგომარეობა, რომლებიც ძირითადად ევროპელ და ამერიკელ დამსვენებლებზე მუშაობენ. მათმა დიდმა ნაწილმა ჩვეულ რეჟიმში, ვიზიტორების დაკარგვისა და ჯავშნების გაუქმების გარეშე, გადააგორა ტურისტული სეზონი.

„შავი პომიდორი“ ორი მეგობრის მიერ შექმნილი ჰოსტელია ქუთაისში. როგორც მისი ერთ-ერთი თანადამაარსებელი ელენე გამცემლიძე „ლიბერალთან“ საუბარში აღნიშავს, სხვადასხვა სასტუმროს და ჰოსტელების მსგავსად, მათ პრობლემა არ შექმნიათ ჯავშნების გაუქმების ან ვიზიტორთა ნაკლებობის გამო: „ჩვენ უშუალოდ რუსეთის ბაზარზე არ ვართ ფოკუსირებული. შესაბამისად, მხოლოდ ერთი ჯავშანი გაგვიუქმდა. ადრეც ცოტა ვიზიტორი გვყავდა რუსეთიდან. ანტისაოკუპაციო ბანერებიც და კონტენტიც გვიდევს სოციალურ ქსელში. ქუთაისში უფრო მეტად ჩამოდიან ევროპული ქვეყნებიდან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან Wizzair-ით. ამიტომ ჩვენი სტუმრების დიდი ნაწილი სწორედ იქიდან არიან“.

ელენე გამცემლიძის თქმით, სხვა მცირე ბიზნესის მეპატრონეების პრობლემა სწორედ მათსავე მიდგომაშია: „ეს ადამიანები მხოლოდ რუსეთსა და რუსულ ბაზარზე არიან ორიენტირებულები და არ ელაპარაკებიან გერმანელს, იტალიელს, ფრანგს და ა.შ., არ ესაუბრებიან სხვა ქვეყნის მოქალაქეებს და მხოლოდ რუსი ტურისტების ხარჯზე ცდილობენ ბიზნესის წარმართვას. ყოველივე ეს, საბოლოო ჯამში, კარგი შედეგის მომტანი არ არის ბიზნესისთვის“.

როგორც ელენე აღნიშნავს, ბოლო დროს ჰოსტელში „შავი პომიდორი“ ტურისტები კამპანია Spend your summer in Georgia-ს ფარგლებში ჩამოვიდნენ. ბევრმა მათგანმა სწორედ ამ კამპანიის საშუალებით გაიგო საქართველოს შესახებ: „მყოლია სტუმრები, რომლებიც Spend your summer in Georgia-ს გამო ჩამოვიდნენ და ამ სტუმრების რიცხვი საკმაოდ დიდია. რა თქმა უნდა, უმეტესობას მაინც ქართველი მეგობრები ჰყავს და ამანაც მოახდინა დიდი გავლენა“.

კამპანია 300 000 წევრით

„ყველაფერი დაიწყო სტატუსით, რომელიც რუსეთის მხრიდან ფრენების აკრძალვის გაგებისთანავე დავწერე. ეს იყო ჩემი პირველი რეაქცია, რომლითაც მოვუწოდებდი ჩემს მეგობრებს, გაეზიარებინათ საქართველოსთან დაკავშირებული პოსტები, ბლოგები ჰეშთეგით #SpendYourSummerinGeorgia და მოეწვიათ თავიანთი უცხოელი მეგობრები საქართველოში. ინიციატივა იმ დღესვე გადაიქცა კამპანიად, რომელსაც უკვე მე და ჩემი ოთხი მეგობარი: მარიამ გუჯაბიძე, ქეთა გოლეთიანი, ნინი ნოღაშვილი და ნინი მჭედლიშვილი, ჩავუდექით სათავეში“, - გვიამბობს მარი ჯობავა, კამპანია Spend your summer in Georgia-ს ერთ-ერთი ინიციატორი.

სამ დღეში ჯგუფს უკვე 125 ათასზე მეტი წევრი ჰყავდა, დღევანდელი მონაცემებით კი ჯგუფის წევრთა რიცხვი 280 000-ს აჭარბებს. როგორც მარი ჯობავა ამბობს, კამპანიას დასაწყისშივე ორი მთავარი მიზანი ჰქონდა: ერთი - ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა, მეორე - მოქნილი საინფორმაციო პლატფორმის შექმნა.

„გარკვეულ აკრძალვებსა და სანქციებს მივყავართ ახალი გზების ძიებისკენ, რაც ხშირად ახალ შესაძლებლობებს ბადებს. ასე მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც. როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორმა დაიწყო პრობლემის გადაჭრის გზების ძიება, რის შედეგადაც ივლისის ბოლოს საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა. როგორც კი ეს ინფორმაცია ოფიციალურად გამოქვეყნდა, ამგვარი შედეგი ჩვენი ჯგუფის ყველა წევრს მივულოცე - როგორც ჯგუფმა, ისე მასში გაწევრიანებულმა თითოეულმა წევრმა თავისი წვლილი შეიტანა ტურისტების მოზიდვაში. ამას ჩვენს ჯგუფში გაზიარებული არაერთი პოსტი მოწმობს. ვფიქრობ, ამ ჯგუფის და თითოეული ადამიანის ძალისხმევით ამ მოკლე პერიოდში ნამდვილად გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ცნობადობა, რაც მხოლოდ დასაწყისია. გვაქვს მოლოდინი, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაიგებს საქართველოს შესახებ და გაუჩნდებათ სურვილი იმოგზაურონ ჩვენს ქვეყანაში“, - ამბობს ჯობავა.

ზაფხულის ტურისტული სეზონი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. ბოლო ერთი თვის სტატისტიკა თუ პირადი გამოცდილება კი საშუალებას არ გვაძლევს საბოლოო სურათის აღსაქმელად. აგვისტო იწურება, მოსახლეობა კი საშემოდგომოდ ვიზიტორთა ახალი ტალღის მოლოდინშია; განსაკუთრებით კახეთის რეგიონი, სადაც ტურისტებს ხვდებიან რთვლის, მარნების, სადეგუსტაციო სახლებისა და, რა თქმა უნდა, სასტუმროს ბიზნესში ჩართული ადამიანები.

ძნელი სათქმელია, ბოლოდროინდელი მოვლენები იქონიებს თუ არა გავლენას ტურიზმის მომავალი სტრატეგიის დაგეგმვასა და ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა სამომავლო გადაწყვეტილებებზე. როგორც ჩვენი, ისე ჩვენი მეზობელი ქვეყნების გამოცდილებას თუ გადავხედავთ, ერთი რამ ნათელია: არ იცვლება რუსეთის პოლიტიკა, იცვლება მხოლოდ მისი განხორციელების ლოკაციები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^