Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რუსეთ-ირანის საჭადრაკო დაფაზე საქართველო მხოლოდ და მხოლოდ პაიკია

30 აგვისტო 2019

ერთი თვის წინ, 2019 წლის 29 ივლისს, ირანის საზღვაო ძალების მეთაური უსეინ ჰანზადი მოსკოვს ეწვია, რათა რუსეთთან მიღწეული შეთანხმება ინდოეთის ოკეანის გარკვეულ ადგილებში გაერთიანებული სამხედრო წვრთნების ჩატარებასთან დაკავშირებით ოფიციალურად გაეფორმებინა. ჰანზადიმ აღნიშნა, რომ ურთიერთგაგების ეს მემორანდუმი რუსეთ-ირანის სამხედრო ურთიერთობების ვექტორს ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო კუთხით შეცვლიდა.

ძალიან მიამიტური იქნებოდა ირანის საზღვაო ძალების მეთაურის ამ განცხადების დაჯერება რუსეთ-ირანის გეოპოლიტიკურ დოსიეში ჩაუხედავად. უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი და ირანი ჰეგემონიური პოლიტიკური ძალები არიან, რომელთა იმპერიალისტურ ზრახვებს მათი ისტორიული მემკვიდრეობა განსაზღვრავს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ირანიც და რუსეთიც ბირთვული სახელმწიფოები არიან.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი და ირანი ახლო აღმოსავლეთში სხვადასხვა საგარეო პოლიტიკას ატარებენ, რაც მათი განსხვავებული მიზნებითაა განპირობებული. ირანს, ერთი მხრივ, სურს ახლო აღმოსავლეთის ერთადერთ ჰეგემონიურ ძალად, ერთადერთ სუპერსახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს და ამით ისრაელი - ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მოკავშირე ახლო აღმოსავლეთში - დააშოშმინოს, ხოლო რუსეთს, რომელსაც შიდა და საგარეო ეკონომიკური და პოლიტიკური შოკებისა და გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ რეგიონზე ხელი უშუალოდ არ მიუწვდება, სურს ახლო აღმოსავლეთის მთავარი არარეგიონალური შუამავალი გახდეს.

მთელი ისტორიის განმავლობაში ირანი და რუსეთი მუდმივად პოლიტიკურ მოწინააღმდეგებად გვევლინებოდნენ. გასულ საუკუნეებში ირანის სუვერენიტეტი ჯერ რუსეთის იმპერიამ შელახა, ხოლო შემდეგ საბჭოთა კავშირმა: რუსეთმა ირანს ჯერ სამხრეთი კავკასია წაართვა, მერე ირანის პირველი პარლამენტი ზარბაზნებიდან დაბომბა, ხოლო  1941 წელს ინგლისის ჯართან ერთად ირანის ტერიტორიების ოკუპაციაც კი მოახდინა. ამ ყველაფრის მიუხედავად, საგარეო პოლიტიკის ფორმირებისას, რუსეთისთვის ირანი მუდამ მეორეხარისხოვანი რგოლი იყო. ამის შესახებ წერს კარნეგის ცენტრის მოსკოვის ფილიალის ანალიტიკოსი ნიკიტა სმაგინი  და იქვე დასძენს, რომ გასული საუკუნის მიწურულს, ირანი რუსეთისთვის სხვა არაფერი იყო, თუ არა ნიადაგი, რომელზეც, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი დასავლეთთან ურთიერთობას გაამყარებდა. თუმცა ყველაფერი 2012 წელს შეიცვალა, როცა ვლადიმირ პუტინი მესამედ აირჩიეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად. სწორედ ამ პერიოდიდან აშკარად ვხედავთ, თუ როგორ გარდაისახა ის მსოფლიო ბატონობას მოწყურებულ ერთგვარ იმპერატორად. რუსეთის თვალში ირანის აღზევებას წინ უძღოდა ეკონომიკური სანქციები, რითაც რუსეთის ფედერაცია აიძულეს, მოკავშირეები აღმოსავლეთში ეძება.

2012 წლიდან რუსეთ-ირანის თანამშრომლობამ გარკვეულწილად ოფიციალური, თუმცა წარუმატებელი, უფრო კი სავალალო სახე მიიღო.

ამ ურთიერთთანამშრომლობამ უმთავრესად თავი იჩინა სირიის სამოქალაქო ომში, რომელშიც რუსეთი, ისევე როგორც ირანი, სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მთავარი დასაყრდენი იყო. არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმად, რუსეთი სირიის სამოქალაქო ომში სწორედაც რომ ირანის დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე ჩაერთო, მას მერე, რაც ირანის სამხედრო ძალების გენერალი კასემ სულეიმანი კრემლს ეწვია.

გავიხსენოთ სხვა შემთხვევაც, როცა რუსეთმა და ირანმა ხელი მოაწერეს სამხედრო თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელსაც ირანელი ხალხის უკმაყოფილების გამო დღის შუქი არ უნახავს. 2016 წელს თეირანი და მოსკოვი შეთანხმდნენ - რუსეთს სირიაზე იერიშები უფრო მარტივად რომ მიეტანა, საკუთარ საჰაერო შენაერთებს ქალაქ ჰომადანის სიახლოვეს, ირანის სამხედრო ბაზაზე განათავსებდა. თუმცა ეს თანამშრომლობა საკმაოდ ხანმოკლე აღმოჩნდა: სამოქალაქო საზოგადოებამ და შემდგომ პარლამენტმაც კი ირანის მთავრობას ისლამური რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი თეზისი გაახსენეს, რომლის თანახმადაც, ირანის ტერიტორიაზე არცერთი უცხო ქვეყნის სამხედრო ძალები არ უნდა განთავსებულიყვნენ.

რუსეთი და ირანი თანამშრომლობას ეკონომიკურ საკითხებშიც ცდილობენ. საუბარი სავაჭრო-სატრანსპორტო გზის შესახებ, რომელსაც ინდოეთი ირანის გავლით ბალტიისპირეთის ქვეყნებთან უნდა დაეკავშირებინა, ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოს დაიწყო, რადგან ის სუეცის არხის სავაჭრო გზასთან შედარებით უფრო იაფ და ეფექტიან ალტერნატივად ჩამოყალიბდა. „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ სავაჭრო გზა ფორმალურად დღესაც ფუნქციონირებს, თუმცა არაეფექტიანად და მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებზე, რადგან, ერთი მხრივ, მსოფლიო მასშტაბის ტვირთბრუნვის უზრუნველსაყოფად საჭირო ინფრასტრუქტურა უბრალოდ არ არსებობს, ხოლო, მეორე მხრივ, საეჭვოა რომელიმე დიდმა კომპანიამ ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბული ურთიერთობის პირობებში საკუთარი ბიზნესი ირანის სატრანსპორტო გზის გარშემო ააწყოს.

რუსეთს და ირანს არც ორმხრივი სავაჭრო თანამშრომლობის საკითხებში აქვთ საიმედოდ საქმე. 2018 წელს, რუსეთ-ირანს შორის არსებულმა სავაჭრო ტვირთბრუნვამ მხოლოდ 1,7 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც რუსეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვის მხოლოდ და მხოლოდ 1%-ს უტოლდება. დაბალი მაჩვენებლები იმით აიხსნება, რომ რუსეთი და ირანი, საერთო ჯამში, ერთნაირ პროდუქციას აწარმოებენ, რომელთა შორის პირველი - ნავთობია. თუმცა, ისევ და ისევ, არც ეს წიაღისეული გამოდგა ნიადაგად რუსეთ-ირანის ურთიერთობების გასამყარებლად. ამაზე მიუთითებს „ზარუბეჟნეფტის“ 2018 წლის გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც რუსულმა კომპანიამ ირანული ნავთობმომპოვებელი სფეროს საკმაოდ პერსპექტიული სექტორი დატოვა, რათა ამერიკის შეერთებული შტატების სანქციებისთვის თავი დაეღწია.

2018 წლის ნოემბერში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ირანს ქვეყნის არსებობის ისტორიაში ყველაზე მძაფრი სანქციები დაუწესეს, რომლებიც ეკონომიკის გარკვეულ სექტორებს, მათ შორის ენერგოწარმოებას, ტვირთების გადაზიდვას და საფინანსო სექტორს სავალალოდ შეეხო. ის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს, მარტივი ენით ასე შეიძლება აიხსნას: სურთ, რომ ირანი ისეთ ეკონომიკურ ბლოკადაში მოაქციონ, საიდან თავის დასაღწევადაც ქვეყანას საკმაოდ განვითარებული ნავთობმომპოვებელი სექტორიც კი ვერ უშველის.

ამავდროულად, აუცილებლად უნდა გავიაზროთ ის ფაქტი, რომ სანქციები, რომლებიც აშშ-მ ირანს დააკისრა, უშუალოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ამ სანქციებიდან რუსეთი ორი მიზეზის გამო მაინც რჩება მოგებული: ერთი მხრივ, რუსეთი შეძლებს სირიაში, და შესაბამისად ახლო აღმოსავლეთში, საკუთარი გავლენა ირანის შესუსტებული ეკონომიკის ხარჯზე გაზარდოს, ხოლო, მეორე მხრივ, ირანის ნავთობის მსოფლიო ბაზრის თუნდაც ნაწილობრივ გამოთიშვით, რუსეთი შეძლებს ნავთობის ბაზრის უფრო დიდი წილის ათვისებას და, შესაბამისად, შემოსავლის გაზრდას.

ახლა კი გავაანალიზოთ, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს რუსეთ-ირანის ურთიერთობის სხვადასხვანაირმა განვითარებამ საქართველოს სუვერენიტეტზე და ქვეყნის განვითარებაზე. ზოგად დონეზე რუსეთ-ირანის ურთიერთობები შეიძლება განვითარდეს სამი მიმართულებით: 1. რუსეთი და ირანი სამხრეთ კავკასიას და ახლო აღმოსავლეთს გავლენის სფეროებად იყოფენ, 2. რუსეთი და ირანი მოკავშირეები ხდებიან, და 3. რუსეთი და ირანი ომში ებმებიან.

პირველი და ყველაზე სავარაუდო განვითარება იქნება ის, რომ რუსეთმა და ირანმა პრაგმატული მიდგომა შეინარჩუნონ და ერთმანეთს ხელი იქამდე არ შეუშალონ, სანამ მათი ინტერესები არ გადაიკვეთება; შეიძლება მათ ითანამშრომლონ კიდევაც რიგ საკითხებში. ამ შემთხვევაში საქართველო აღმოჩნდება ორ ჰეგემონიურ სუპერსახელმწიფოს შორის, რომელთაც სხვადასხვა პოლიტური ხედვა და მიდგომები აქვთ. ეს სცენარი ცალსახად ჰგავს ერეკლე მეორის დროს განვითარებულ მოვლენებს, როცა ქართლ-კახეთის მეფე იძულებული აღმოჩნდა, ორი ბოროტებიდან ნაკლები ბოროტება აერჩია; ამას რაც მოჰყვა, ყველამ ვიცით. თუმცა მოვლენების ასეთი სცენარით განვითარება კატეგორიულად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებას - ევროპულ ორგანიზაციებში გაწევრიანებას. მედლის მეორე მხარეს კი ირანის და რუსეთია, რომელთაგან არცერთს არ უნდა თავის სამეზობლოში ნატოს ჯარის ხილვა.

იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი და ირანი მოკავშირეები გახდებიან, საქართველოს სუვერენიტეტსა და ევროპულ ორგანიზაციებში გაწევრიანების პერსპექტივას შეიძლება სერიოზული საფრთხე შეექმნას. ადვილი მისახვედრია, რომ თუ რუსეთი და ირანი ითანამშრომლობენ, ეს იქნება თანამშრომლობა ორ ძლიერ სახელმწიფოს შორის, რომელთაგან არცერთი არაფერს არ დათმობს, ხოლო კომპრომისი მიღწეული იქნება ისეთი სუსტი მესამე ქვეყნების ხარჯზე, როგორიც, მაგალითად, საქართველოა. ამ შემთხვევაში ნატო და ჩვენი მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატები უძლურნი აღმოჩნდებიან, რადგან ვერ გაბედავენ ორ ბირთვულ სახელმწიფოს წინ აღუდგნენ. საპირწონედ, ისინი წერილებში ან სატელევიზიო გამოსვლებში მუდამ დაგმობენ რუსეთისა და ირანის ქმედებებს.

რუსეთ-ირანის ურთიერთობების მესამე და ნაკლებად მოსალოდნელი განვითარება ორ ქვეყანას შორის კონფლიქტია. ომი პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია და მას განვითარებული ქვეყნები მხოლოდ იმიტომ აღარ მიმართავენ, რომ ის ძვირი და არაპროგნოზირებადია. თუმცა რუსეთისა და ირანის პოლიტიკური დოსიეების გადაკითხვისას მივხვდებით, რომ ამ ქვეყნებისთვის ომი აპრობირებული პრაქტიკაა. ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის მდებარე პატარა საქართველო ამ ომის ერთ-ერთ პოლიგონად ისე იქცევა, რომ მას ამის ნებართვას არც არავინ სთხოვს.

მხოლოდ დრო გვიჩვენებს, განმეორდება თუ არა ისტორია. ისე კი, მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ თეირანიდან თბილისამდე 1200 კილომეტრის სიგრძის მოასფალტებული გზაა დაგებული, ხოლო მოსკოვიდან თბილისში სულ რაღაც 23 საათში შეიძლება ჩამოსვლა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

მოლიერი, ჩეხოვი და სხვანი

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - კლასიკური ტექსტებიდან სხეულის უსაზღვრო შესაძლებლობამდე
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ქართული ფორუმის ძალა

2016 წლის 12 აპრილს ნაძალადევის რაიონში, საკუთარ სახლში დააკავეს ქართული ინტერნეტფორუმის, forum.ge-ს მომხმარებელი სულხან ...
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

ვინ დაუკრავს მუსიკას

ცოტაც და ოთხწლიან მოლოდინს ბოლო მოეღება. იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასი სტარტს აიღებს და მომდევნო თვე-ნახევრის განმავლობა ...

მეტი

^