Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ყოფნა?.. არ ყოფნა?..საკითხავი აი ეს არის

04 სექტემბერი 2019

ნათქვამია, ციხე შიგნიდან ტყდებაო - ასე დაემართა ბრიტანეთის კონსერვატიულ პარტიასაც, რომელსაც საკვანძო კენჭისყრისას 21 თანაპარტიელი პარლამენტარი გაემიჯნა.

ბორის ჯონსონი და მისი კაბინეტი უკვე უმცირესობის მთავრობას წარმოადგენენ. ბრიტანული პოლიტიკა სულ უფრო ემსგავსება დიდებულ საჭადრაკო შერკინებას, სადაც სვლების გამოცნობა ფაქტიურად შეუძლებელია. დიდი ხანი არაა  გასული, რაც ბორის ჯონსონმა დედოფალ ელიზაბედთან ერთად პარლამენტი 14 ოქტომბრამდე იძულებით შვებულებაში გაუშვა. ამ ჭკვიანური სვლით პარლამენტს შეთანხმების გარეშე ევროკავშირის დატოვებისათვის ხელის შეშლა შეეზღუდა.

მოგეხსენებათ, ბრექსიტის უკანასკნელ თარიღად 31 ოქტომბერი გახლავთ განსაზღვრული. მართალია, ბრიტანულ პარლამენტს შეეძლო, შეკრებილიყო სექტემბრის დასაწყისში, თუმცა ყველაზე ოპტიმისტი „რიმეინერებიც" კი არ იყვნენ დარწმუნებული, რომ  ამ მოკლე პერიოდში იმ კანონპროექტზე მხარდაჭერის მოპოვება მოხერხდებოდა  საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც ევროპული გაერთიანების დასატოვებლად კვლავაც აწესებს ახალ, გადავადებულ თარიღს  (სავარაუდოდ 31 იანვარს),  რაც გადაულახავ წინაღობად შეიძლება იქცეს შეთანხმების გარეშე გამსვლელთა ბანაკისთვის.

ამბოხებული დეპუტატები საკუთარ თავს თანამედროვე კონსერვატორებად მოიხსენიებენ. მათ შორისაა რამდენიმე ყოფილი მინისტრიც. ყოფილმა კანცლერმა, ამჟამად მეამბოხე დეპუტატმა კენ კლარკმა, რომელიც 1970 წლიდან საკანონმდებლო ორგანოს წევრი გახლავთ, BBC-ის განუცხადა, რომ საკუთარ პარტიას ვეღარ ცნობს. ბევრის შეფასებით, ბორის ჯონსონის გუნდი ყველაზე მეტად მემარჯვენეა კონსერვატიული პარტიის ისტორიაში. შესაძლოა, ახალი მეამბოხეები სწორედ პრემიერ-მინისტრმა წააქეზა, რომელიც ამ ბოლოს „მოღალატე კონსერვატორების" პარტიული პასუხისმგებლობის დაყენებით იმუქრება. ყველაფერთან ერთად, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ფულის ერთეული - გირვანქა სტერლინგი დოლარსა და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას უკანასკნელი წლების რეკორდული მაჩვენებლებით განაგრძობს.

ალბათ არ არსებობს პოლიტიკოსი სათადარიგო გეგმის გარეშე, რომელიც, თავის მხრივ, საუკეთესოც კი შეიძლება აღმოჩნდეს, ბორის ჯონსონს კი, როგორც ბრიტანული პრესა გვამცნობს, 15 ოქტომბერს სურს ვადამდელი გენერალური არჩევნების ჩატარება.

ოქტომბრის ბოლოს ბრიუსელში ევროკავშირი სამიტს გამართავს, თუ მას ბრიტანეთი ახლად არჩეული პარლამენტით შეხვდება, ბუნებრივია, ნდობის უფრო დიდი მანდატით შეძლებს პოზიციების დაცვას ევროპულ გაერთიანებასთან მოლაპარაკების პროცესში. შესაძლოა, ბორის ჯონსონს სურს ვადამდელი არჩევნების გამართვა, თუმცა მოცემულ სამართლებრივ აქტს 650 პარლამენტარიდან მინიმუმ 2/3-ის მხარდაჭერა სჭირდება, რაც ყველაფერს ართულებს. თუ მოცემული საკითხი საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრაზე გავა, შესაძლოა კონსერვატორ-ლეიბორისტთა საოცარი ალიანსიც ვიხილოთ.

ჯერემი კორბინს და მის პარტიას აქვთ ამბიცია და სურვილი, ამ ურთულეს პერიოდში მართონ გაერთიანებული სამეფო, არჩევნები კი მათ ამის საშუალებას მისცემს. მემარცხენე პარტიის მხარდამჭერთა სამწუხაროდ, ტერეზა მეის ფიასკო და რადიკალი მემარჯვენეების დაწინაურება ლეიბორისტებმა ვერ გამოიყენეს, პარტიამ ვერ შეძლო ბრექსიტის შესახებ ერთიანი და მყარი პოზიციის ჩამოყალიბება, რამაც უდიდესი დარტყმა მიაყენა მემარცხენე პარტიის პოპულარობას. ჯერემი კორბინის განცხადებით, ის ვადამდელი არჩევნების წინააღმდეგი არ არის, თუმცა იმ პირობით, რომ გამოირიცხება შეთანხმების გარეშე ევროკავშირის დატოვების საკითხი, რამდენადაც მას მოსახლეობის უმრავლესობა არ ემხრობა.

ახალი გენერალური არჩევნების იდეის აქტუალიზაციასთან ერთად უკვე გააქტიურდა ახალი პოლიტიკური ალიანსების საკითხიც. ბრექსიტის პარტიის ლიდერმა და წლევანდელი ევროპარლამენტის არჩევნების გამარჯვებულმა ნისლიანი ალბიონიდან - ნაიჯელ ფარაჯმა ბორის ჯონსონს თანამშრომლობის პაქტი შესთავაზა. პაქტის მიხედვით, კონსერვატორებმა და ბრექსიტის პარტიამ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატები შეთანხმებით უნდა წარადგინონ  და ერთმანეთის წინააღმდეგ არ იბრძოლონ, რადგან, როგორც ფარაჯი ამბობს, დემოკრატიისთვის ამ შავბნელ პერიოდში ყოველ ხმას დიდი ფასი აქვს.

უცნაური ალიანსები, მოწინააღმდეგე პოლიტიკოსთა საერთო ბანაკები და არნახული აქტივობა არავის უნდა გაუკვირდეს - თუ ვადამდელი არჩევნები მართლაც დაინიშნა, ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, ეს იქნება გადამწყვეტი ბრძოლა ევროკავშირის დატოვების და იქ დარჩენის მომხრეთა შორის. ბრიტანული საზოგადოება ასე დაქსაქსული არასოდეს ყოფილა, ახლა ყველაფერი ხალხის და პოლიტიკოსთა სიბრძნეზეა დამოკიდებული.

ევროკავშირში დარჩენის მომხრეები იმედიანად არიან განწყობილი. შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ლიდერების აზრით, პრემიერმინისტრმა სერიოზული მესიჯი მიიღო. იან ბლეკფორდი (შოტლანდიელთა საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი) მიიჩნევს, რომ დეპუტატები საკუთარ მაჟორიტარულ ოლქებს წარმოადგენენ და ამას მთავრობამ პატივი უნდა სცეს. ბლეკფორდის პარტია ლიბერალ დემოკრატებთან ერთად ევროკავშირში დარჩენის მსურველთა მთავარ მოჩირაღდნეებად იქცა, რამაც განსაკუთრებით ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ელექტორატი რამდენჯერმე გაზარდა იმედგაცრუებული კონსერვატორების და ლეიბორისტების ხარჯზე. ბრექსიტთან ერთად კვლავ გამოცოცხლდა შოტლანდიის დამოუკიდებლობის საკითხიც, რაზეც სამომავლოდ, შესაძლოა, ბევრი საუბარი მოგვიწიოს,  რამდენადაც ევროკავშირის დატოვების შემთხვევაში შოტლანდიის ნაციონალური პარტია დამოუკიდებლობის ახალ რეფერენდუმს მოითხოვს.

წარმოგიდგენიათ, რამდენად აქტუალურია ახლა შექსპირისეული ფრაზა: ‘’ყოფნა?.. არ ყოფნა?..საკითხავი აი, ეს არის’’

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^