Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ფორსაჟამდე“ და შემდეგ

05 სექტემბერი 2019

„თბილისსა და რუსთავში მსხვილი ამერიკული ფრანშიზის მძაფრსიუჟეტიანი ფილმის, „ფორსაჟი 9-ის“, მასშტაბური გადაღება მიმდინარეობს...“

რა იგულისხმება ამ ერთი წინადადების მიღმა? რა განწყობას შეიძლება იწვევდეს ეს მოვლენა?

ბევრ ფიქრს აჩენს შორეული „იუნივერსალ ფიქჩერსის“ გამოჩენა აქ, ჩვენთან, საქართველოში.

ქართულ ფილმებთან ერთად, ბოლო წლებში, ქართულ  სარეკლამო და კინოსამყაროში რეალიზდება სხვადასხვა ქვეყნის არაერთი პროექტი. მაგალითად, „ფორსაჟის“ პარალელურად, ვაზიანის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბრიტანული მხატვრული ფილმის ეპიზოდების გადაღება. შარშან სექტემბერში აქ ამერიკული საშინელებათა ფილმი გადაიღეს. ქართული მწარმოებელი კომპანიები სულ უფრო და უფრო ხშირად უწევენ ორგანიზებას უცხოური ფილმების, რეკლამებისა თუ კლიპების გადაღებას საქართველოში. ინდოელი, ჩინელი, ფრანგი, ბრიტანელი, შვედი, ამერიკელი და სხვა ქვეყნის წარმომადგენელი პროდიუსერები თუ რეჟისორები სხვადასხვა ინტერესის გამო ჩამოდიან საქართველოში გადასაღებად.

ზოგჯერ კონკრეტულ ისეთ ადგილებს პოულობენ ჩვენთან, რაც სხვაგან ვერ ნახეს; ხშირად რამდენიმე ვარიანტს შორის საქართველოს ირჩევენ, რადგან, საინტერესო და მრავალფეროვან ლოკაციებთან ერთად, მასობრივი სცენებისთვის სხვადასხვა ეროვნების ტიპაჟებს აქ უფრო მარტივად პოულობენ. არის შემთხვევები, როცა კონკრეტულ მოთხოვნებს სხვა ქვეყანაც აკმაყოფილებს, მაგრამ ლოჯისტიკური და ფინანსური თვალსაზრისით საქართველო ყველაზე ხელსაყრელი და მოსახერხებელია. ასეთ უცხოურ პროექტებს შორის „ფორსაჟი 9“ ჯერჯერობით ყველაზე მასშტაბურია.


უცხოური პროექტის ჩამოსვლა საქართველოში ნიშნავს ქვეყნის, როგორც პარტნიორის გაცნობას. აქ ჩამოსული ერთი პროდიუსერისა თუ რეჟისორის მაგალითი და გამოცდილება სხვა უცხოელ კოლეგებს უქმნის წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს გადაიღო საქართველოში, როგორ პროცესებს უნდა ელოდე აქ მუშაობისას.

ქვეყნის ცნობადობა, რა თქმა უნდა იზრდება, რაც უფრო ხშირად თავს იჩენს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტის მეშვეობით - მით უმეტეს, თუ ეს პროექტი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანიის საკმაოდ ცნობილი და უხვშემოსავლიანი ფილმია. ამერიკული ფრანშიზა 2001 წლიდან დღემდე არ კარგავს პოპულარობას და ერთგული მაყურებელი საყვარელი ფილმის ახალი ნაწილის ეკრანებზე ხილვას მუდამ მოუთმენლად ელოდება. გარდა ძირითადი 8 ნაწილისა, რომლებიც დიდ ეკრანებზე უკვე გამოსულია, არსებობს მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერიები და სატელევიზიო სერიებიც კი, რომლებიც ამავე ფრანშიზის ნაწილია. 18 წლის განმავლობაში გადაღებები მიმდინარეობდა მსოფლიოს ბევრ ქალაქში, მათ შორისაა: ლოს-ანჯელესი, ლონდონი, ტოკიო, აბუ-დაბი, რიო-დე-ჟანეირო და ა.შ. მეცხრე ნაწილის გადაღება, საქართველოს და ამერიკის გარდა, შოტლანდიასა და ინდოეთში გაგრძელდება.

ამას ემატება ისიც, რომ საქართველო არ არის შერჩეული, როგორც მხოლოდ გადასაღები ლოკაცია - სცენარის მიხედვითაც ფილმის ნაწილია და ერთ-ერთი კულმინაციური მომენტი, ყველაზე მასშტაბური რბოლა, სწორედ აქ იმართება. ჩვენი ქვეყნის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება არა მარტო პროდიუსერებისა და ამ სფეროში გათვიცნობიერებულთა ვიწრო წრეში, არამედ ნებისმიერ მაყურებელს თვალში მოხვდება და ინტერესს აღუძრავს.


დიახ, „ფორსაჟის“ საკმაოდ მრავალრიცხოვანი მაყურებელი დაინტერესდება და აღმოაჩენს ახალ ქვეყანას - საქართველოს და ეს გზა ტურისტების მოზიდვის ერთ-ერთი საშუალებაა. ტურიზმის განვითარებაზე პირდაპირ აისახება აგრეთვე გადამღები ჯგუფის წევრების აქ ჩამოსვლა. პროექტებზე სამუშაოდ, ჯგუფის წევრები თუ მსახიობები ხშირად მარტო ჩამოდიან, თუმცა საქართველოს ნახვის შემდეგ მალევე ჩამოჰყავთ ოჯახის წევრები, უყვებიან მეგობრებს, წერენ ჩვენზე ინტერნეტსივრცეში; ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი შეიტყონ ჩვენი კულტურის შესახებ და ხშირად ბრუნდებიან კიდეც აქაურობის ხელახლა მოსანახულებლად. „ფორსაჟის“ გადაღებაზე ჩამოსულია დაახლოებით 200 სტუმარი, რომლებიც ეცნობიან ჩვენს კულტურას და უზიარებენ ახლობლებს თავიანთ შთაბეჭდილებებს.


„ფორსაჟის“ გადაღებებზე 200-მდე უცხოელთან ერთად 400-ზე მეტი ქართველია დასაქმებული. ქართული კინოდარგის წარმომადგენლებისთვის ეს არის საუკეთესო გამოცდილება და პერსპექტივა - კიდევ უფრო იხვეწებიან, სწავლობენ, ამყარებენ ახალ ურთიერთობებს, ცვლიან ინფორმაციას გადაღებისა და მუშაობის სპეციფიკის შესახებ. ეს გამოცდილება, შეძენილი ცოდნა შემდეგში ქართულ ფილმებსა და რეკლამებზე მუშაობისას გამოადგებათ. ქართული ჯგუფის წევრები CV-ს განხილვისა და გასაუბრების შემდეგ შეირჩნენ. უცხოური პროექტის საქართველოში რეალიზება ნიშნავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ცოდნის ურთიერთგაცვლასა და გამოცდილებას.
 

ჩვენთან წლის განმავლობაში არაერთი უცხოური თუ ქართული პროექტის გადაღება მიმდინარეობს. თუმცა ასეთი ხმაური არც ერთ სხვა გადაღებას არ გამოუწვევია. მიზეზები ერთი შეხედვით მარტივია: საქართველოში პირველად ჩამოვიდა ჰოლივუდის გადამღები ჯგუფი, რომელიც საყოველთაოდ ცნობილი ფრანშიზის - „ფორსაჟის“ 10-წუთიან ფრაგმენტს იღებს  და საამისოდ თბილისის ცენტრალური ქუჩების გადაკეტვა გახდა აუცილებელი.

საზოგადოების ერთი ნაწილი კმაყოფილია სიახლით, სხვები უარყოფითად აფასებენ მიმდინარე გადაღებებს. ბუნებრივია, გადაკეტილი ქუჩები და შეზღუდული მოძრაობა ადგილობრივებს დისკომფორტს უქმნის. ასზე მეტი ქართველი ახალგაზრდა კარდაკარ დადიოდა, რომ მოსახლეობისთვის ქუჩების გადაკეტვასთან დაკავშირებით საინფორმაციო ფლაერები დაერიგებინა. დამზადდა სპეციალური საინფორმაციო ვიდეო, რომელიც ტელევიზიისა და ინტერნეტის საშუალებით გავრცელდა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი უარყოფითი ემოციების განსამუხტად.

ნებისმიერ ქვეყანაში კონკრეტული მასშტაბის კინოგადაღებისა და რეალურ ლოკაციაზე მუშაობისთვის საჭიროა ამ პროცესის გარკვეული მანძილით იზოლირება. თბილისის მსგავსად, „ფორსაჟი 9-ის“ გადაღებისას ქუჩების გადაკეტვა უწევთ შოტლანდიის ქალაქ გლაზგოშიც. უამრავი მაგალითის გახსენება შეიძლება, როცა ამერიკის, ინგლისის, საფრანგეთის, იტალიისა თუ სხვა ქვეყნების ქალაქებში მთელი ქუჩების გადაკეტვა გახდა საჭირო გადაღებების გამო.

გარდა იმისა, რომ გადამღებ ჯგუფს მუშაობისთვის სჭირდება გადაკეტილი ქუჩა დაგეგმილი კადრისთვის, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნითაც ჯობს ქუჩის გადაკეტვა. როცა ასეთი მასშტაბებით იკეტება ქუჩა, ეს ნიშნავს, რომ იღებენ საკმაოდ რთულ და სახიფათო ეპიზოდებს, როგორიცაა დიდი მანქანების შეტაკება, აფეთქებები და ასე შემდეგ.

ქართულ საზოგადოებას არ მიეწოდება საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ქართულ სარეკლამო და კინოსამყაროში. გამონაკლისია ჰოლივუდი და კონკრეტული ძალიან ცნობილი კარგბიუჯეტიანი პროექტი, როცა მასშტაბური გადაღებები მიმდინარეობს რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე. არაერთი საინტერესო კო-პროდუქცია შეიქმნა საქართველოში - როგორც თბილისში, ისე თბილისს გარეთ დაუსახლებელ თუ დასახლებულ პუნქტებში. ძალიან საინტერესო პროცესი იყო, რაც წლების განმავლობაში აქ ხდებოდა და დღეს საქართველო უკვე მივიდა იქამდე, რომ ჰოლივუდისთვისაც ცნობილი გახდა, როგორც პარტნიორი. ნელ-ნელა გაჩნდა უცხოური და ქართული კო-პროდუქციები, ჩამოყალიბდა ახალი ურთიერთობები და შედეგად, ბევრჯერ ახალი პროექტით კვლავ ბრუნდებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის მწარმოებელი კომპანიები. ეს წარმატებები უფრო მეტად უნდა შუქდებოდეს და საზოგადოებამაც მეტი უნდა იცოდეს ამ კუთხით მიმდინარე მოვლენებზე. მეტი სიუჟეტი, გადაცემის ბლოკი, სტატია, ინტერვიუ უნდა ეძღვნებოდეს გადაღებებს და გადასაღებ მოედანზე მიმდინარე ამბებს. ეს ქართული კულტურის შემადგენელი მნიშვნელოვანი ნაწილია.

მოსახლეობაც მეტი დადებითი ემოციით შეხვდება სასიამოვნო სიახლეებს მას შემდეგ, რაც ეცოდინება, ეტაპობრივად რამდენი შრომაა საჭირო იმისთვის, რომ მასშტაბური პროექტები მოვიზიდოთ; ეცოდინება, რომ გადაღებები მხოლოდ გადაკეტილი გზები არ არის - მას თურმე სხვა სასიამოვნო შედეგებიც მოაქვს საქართველოსთვის.


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ნოემბერი
20 ნოემბერი

განგაშის 5 ზარი

5. პატრიარქის ნებართვა პატრიარქის ნებართვისა და ერთგვარი კურთხევის გარეშე რომ მმართველი არ იცვლება, ეს ძველი ამბავი ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

მაჟორიტარული სისტემის კრიზისი გაერთიანებ ...

თანამედროვე დასავლურ პოლიტიკაში, მოულოდნელ, მეინსტრიმულ პოზიციებთან დაპირისპირებული მოსაზრებების დემოკრატიულმა ტრიუმფმა ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

კონსტიტუცია და მისი პოლიტიკური ინტერპრეტ ...

2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსული „ქართული ოცნება“ გახელისუფლების შემდეგ ყველაზე მწვავე და არსებით პოლიტიკურ ...

მეტი

^