Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი გახარია - პორტრეტი ფონზე

10 სექტემბერი 2019
ილუსტრაცია: ანა ჯიბლაძე

რას გვეუბნება ახალი პრემიერის ბიოგრაფია?

საქართველოს პარლამენტის სახელისუფლებო უმრავლესობამ, ერთხმად (98 მომხრე), მხარი დაუჭირა ექს-შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას დანიშვნას მთავრობის თავმჯდომარედ. 

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა იცოდა, რომ მისი დანიშვნა „გამოწვევა“ იქნებოდა როგორც ოპოზიციის, ისე საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილი და „პასიონარული“ ნაწილისთვის. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გახარიას მხარდამჭერები არ ჰყავს, მაგრამ ამ ქვეყანაში, ტრადიციულად, ოპოზიციური ნარატივი უფრო ლეგიტიმურია, ვიდრე პროსახელისუფლებო. ამიტომ „მეორენი“ არ ჩანან. შეიძლება ითქვას, „ჯერჯერობით არ ჩანან“. 

თუმცა ამჯერად უფრო ის არის საინტერესო, რატომ შეარჩია ივანიშვილმა „ამ“ და „ასეთ“ მომენტში სწორედ გიორგი გახარია. მის მოტივაციასაც, როგორც ჩანს, ორი შრე აქვს: ზედაპირული და სიღრმისეული. რასაკვირველია, ქვეყნის რეალურმა მმართველმა იმოქმედა ოპოზიციური ნარატივისა და მრავალგზის დამუქრების საპირისპიროდ; ანუ დანიშნა ის, ვის დანიშვნასაც ოპოზიცია „გამოწვევად“ აღიქვამდა და ამით სცადა იმის დემონსტრირება, რომ „უკან დამხევი არ არის“. ასეთი გადაწყვეტილებები, ქართული მენტალობის გათვალისწინებით, კარგად „იყიდება“. ამ სინდრომს მიხეილ სააკაშვილიც ხშირად ითვალისწინებდა და იყენებდა თავისი მმართველობის დროს. ოღონდ „სიღრმისეული“ საკითხი უფრო თვით გახარიას უკავშირდება: რატომ სწორედ ის და არა სხვა? ანუ, რატომ მიიჩნია ივანიშვილმა, რომ სწორედ გიორგი გახარია შეასრულებს იმ ფუნქციას, რაც მას სურდა დაეკისრებინა „მორიგი ახალი“ პრემიერისთვის: იყოს მისივე საკადრო „მჭიდიდან“ (როგორც ყველა ადრინდელი პრემიერი), მაგრამ, იმავდროულად, ჰქონდეს „ძლიერი ხელის“ და „თავისთავადი პრემიერის“ ქარიზმა. ყოველ შემთვევაში, ბევრად მეტად, ვიდრე ღარიბაშვილს, კვირიკაშვილს ან ბახტაძეს ჰქონდა. 

და რაც მთავარია, შეეძლება გადაწყვეტილებების მიღება უმთავრესი მიმართულებით, რაც 2020 წლის არჩევნების წინ „ქართული ოცნებისთვის“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება: რუსეთთან ურთიერთობის „დალაგება“ იმდენად, რომ მოკოვის ახალ-ახალმა სანქციებმა, ესე იგი, ლარის საბოლოო დაცემამ და ხალხის უკმაყოფილებამ „ოცნება“ არ დაანგრიოს მომავალი წლის შემოდგომამდე.

ამ საკითხის გასარკვევად გადავხედოთ გიორგი გახარიას ბიოგრაფიას: მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა 1994 წელს. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ცნობიერება და მენტალობა ჩამოყალიბდა ჯერ ბნელ, სისხლიან, უიმედო, ილაჯგამწყვეტ „ქართულ 1990-იანებში“, შემდეგ კი, ისევე როგორც იმდროინდელ „პრადვინუტ“ ქართველ ახალგაზრდათა დიდი ნაწილი, გიორგი გახარია „გაიზარდა“ ელცინის რუსეთში, რადგან საქართველო არანაირ პერსპექტივას არ ქმნიდა, ხოლო ევროპა-ამერიკა იმ დროს ჯერ კიდევ „ძალიან შორს“ იყო. 

ელცინის რუსეთი ქართველ ახალგაზრდას ცხოვრების საკუთარ წესს უნერგავდა, რასაც რუსები უწოდებენ «Работать локтями»: მგლური კანონებით, მაფიოზურ, ველური კაპიტალიზმის უსასტიკეს პირობებში, თანაც საკუთარი „მოწყვლადობის“ მუდმივი განცდით, როგორც „ემიგრირებული ყოფილი „ნაცმენისა“, რომელსაც მოსკოვში ეჭვის თვალით უყურებენ და ამ ეჭვის გასაფანტავად არა მხოლოდ რუსულის სრულყოფილად ცოდნა და უაქცენტოდ საუბარი (რაც გიორგი გახარიამ ბოლომდე კარგად მაინც ვერ მოახერხა), არამედ „იქაური წესის“ გათავისება იყო აუცილებელი.

1994-1999 წლებში, გიორგი გახარია მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტში (МГУ) სწავლობდა. ეს უნივერსიტეტი მსოფლიო რეიტინგთა მხოლოდ მესამე ათეულშია. მით უმეტეს ის განხრა (პოლიტოლოგია), რაც გახარიამ აირჩია, ნამდვილად ვერ იქნებოდა რეალურად პროფესიული, რაკი ამ დისციპლინას იქ ე.წ. „მარქსიზმ-ლენინიზმში“ გამობრძმედილი კადრები კითხულობდნენ. თუმცა საქართველოს მომავალმა პრემიერმა მოიპოვა ჯერ „პოლიტოლოგიის მაგისტრის“, შემდეგ კი, იმავე უნივერსიტეტის „ბიზნესსკოლის“ დასრულებისთანავე, „ბიზნესის მართვის მაგისტრის“ წოდება. 

რასაკვირველია, ეს ხარისხი, ამ სპეციალობით, რაც ძალიან პრესტიჟული იქნებოდა „ქალამბიას“, „სტენფორდის“ ან „ჰარვარდის“ შემთხვევაში, მოსკოვის უნივერსიტეტში მხოლოდ იმას ნიშნავდა, რომ გიორგი გახარია წარმატებით ახერხებდა „საჭირო კავშირების“ დამყარებას გავლენიან ბიზნესწრეებთან. შესაბამისად, მაშინდელი რეალიების გათვალისწინებით, არც ის უნდა გაგვიკვირდეს, თუ იგი „შენიშნეს“ ჯერ გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ს ტოპმენეჯერებმა და აღმოსავლეთ ევროპა-რუსეთის განყოფილება ჩააბარეს, რაც მართლა ძალიან მაღალი რანგია, ხოლო შემდეგ, გიორგი გახარია ასევე „შენიშნა“ („მიაგნო“) ელცინის ეპოქის „იდუმალმა ინკოგნიტო ბიზნესმენმა“ ბიძინა ივანიშვილმა. 

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ 2000 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ ივანიშვილი „არ ჩანდა, თუმცა სუფევდა“, მაგრამ ზოგჯერ არ ვითვალისწინებთ, რომ მას ზუსტად ასეთივე სტილი ჰქონდა რუსეთშიც და ზუსტად ასევე კითხულობდნენ მაშინ რუსი კოლეგა ჟურნალისტები: ვინ არის ეს იდუმალი „ბიიიდზინა“, რას წარმოადგენს, როგორ მოიპოვა ამოდენა კაპიტალი და ასეთი გავლენა, რატომ არ სურს „გამოჩენა“... და ა.შ. 

არასდროს არ დაგვავიწყდეს, რომ კახა ბენდუქიძემ (არა ვინმე სხვამ, არამედ კახა ბენდუქიძემ) სწორედ ბიძინა ივანიშვილს უწოდა „პოსტსაბჭოური ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი“. აბრამოვიჩზე არ უთქვამს, ბერეზოვსკიზე არ უთქვამს, არც გუსინსკებზე თუ სხვებზე - ივანიშვილზე კი თქვა.

გიორგი გახარიას ფუნქცია ბიძინა ივანიშვილის გუნდში მაშინაც იყო, ახლაც არის და მომავალშიც იქნება „მართვადი ქაოსის მენეჯერობა“ - იმ „საყრდენი კადრისა“, რომელსაც მილიარდერი მუდამ შეიძლება დაეყრდნოს, „ენდოს და მიანდოს“ ვითარებაში, როცა თავად არ სურს, პასუხისმგებლობა იტვირთოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე. 

არა მხოლოდ წინა პრემიერ-მინისტრებს, არამედ კოალიცია „ქართული ოცნების“ ადრინდელ ლიდერებს (მაგალითად დათო უსუფაშვილს) უთქვამთ, რომ ივანიშვილი მუდამ ღიზიანდება, როდესაც ურეკავენ და ცდილობენ მისგან მიიღონ მითითება არაერთგვაროვან გადაწყვეტილებებზე. მაშინ, როდესაც ივანიშვილს სურს პრემიერი, ვინც თავად იკისრებს პასუხისმგებლობას და აგებს კიდეც პასუხს. 

ამჯერად მილირდერმა გადაწყვიტა, რომ გიორგი გახარია, რომელსაც „თავისთავადობის“ მეტი რესურსი და „ძლიერი ხელის“ ქარიზმა აქვს მენტალურად ჯერ კიდევ პოსტსაბჭოურ ქართულ საზოგადოებაში, 2020 არჩევნების წინ სხვებზე უკეთ გაუმკლავდება სარისკო სიტუაციებს, უპასუხებს „ნაციონალური მოძრაობის“ გამოწვევას, შეძლებს „დაალაგოს“ რუსეთთან მნიშვნელოვნად „არეული“ ურთიერთობა, თავიდან აიცილოს ახალი სანქციები(!), ოღონდ, იმავდროულად, არ მისცეს ოპოზიციას საბაბი, ხელისუფლება პროდასავლური კურსის უარყოფაში დაადანაშაულოს. 

არჩევნებამდე დარჩენილი ერთი წელი გახარიასთვის „გამოსაცდელი ვადაა“ და თუ (!) გადამწყვეტ არჩევნებს იგი წარმატებით „ჩააბარებს“, ალბათ ყველაზე „გრძელვადიანი“ პრემიერიც გახდება საქართველოს უახლეს ისტორიაში. 

დათო გამცემლიძე - ჟურნალისტი, ისტორიკოსი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^