Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ერთიანი რუსეთის“ Fake-დემოკრატია

11 სექტემბერი 2019
ილუსტრაცია: ანა ჯიბლაძე

კვირას რუსეთში ჩატარდა ე.წ. „ერთიანი არჩევნები“, როდესაც მოქალაქეები ერთდროულად ირჩევენ სხვადასხვა დონის რეგიონული თუ მუნიციპალური სახელისუფლებო ორგანოების წარმომადგენლებს. თითქმის გამონაკლისის გარეშე, ყველგან „მოიგო“ პრეზიდენტ პუტინის მმართველმა პარტიამ - „ერთიანმა რუსეთმა“.

ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მეზობელ ქვეყანაში მმართველობის შინაარსი არ შეიცვლება, ხოლო „ტექნოლოგიური კენჭისყრა“, თუნდაც ციფრული და ელექტრონული, ბევრს არაფერს ნიშნავს რეალური პლურალიზმისა და ნამდვილი დემოკრატიის გარეშე.

***

8 სექტემბერს, რუსეთის ფედერაცის ყველა რეგიონში ერთდროულად ჩატარდა სხვადასხვა დონის არჩევნები. რუსული კანონმდებლობით, ამგვარ კენჭისყრას ეწოდება „ერთიანი საარჩევნო დღე“ («Единый день голосования»). რუსეთის მოქალაქეები ამ დღეს ირჩევენ როგორც მუნიციპალურ ხელისუფალთ, მერებსა და წარმომადგენლობით ორგანოებს, ისე გუბერნატორებს (16 რეგიონში).

„ადგილობრივმა ბოიარებმა“ ყველაფერი იღონეს, რათა ამ არჩევნებისთვისაც საბჭოთადროინდელი „ბრჭყვიალა კარნავალის“ სახე მიეცათ, როდესაც საარჩევნო უბნებთან კონცერტები იმართება და ამომრჩევლებს იქვე „ლეპიოშკებს“ ურიგებენ ლამაზად ჩაცმული რუსი გოგონები.

განსხვავება ისაა, რომ თუ კომუნისტურ ეპოქაში დასწრება/მონაწილეობა 99,9 პროცენტზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ „რაიკომის მდივანს“ და „აღმასკომის“ თავმჯდომარეს „მოხსნიდნენ“ (სტალინის დროს კი პირდაპირ „ლაგერში“ გაუშვებდნენ), დღევანდელი რუსეთის ხელისუფლება განსაკუთრებულ ტრაგედიას ვერ ხედავს, თუკი ამომრჩეველთა აქტივობა 30-35 პროცენტს შორის მერყეობს „ადგილობრივ“ არჩევნებზე.

ეს ძალზე ნიშანდობლივია თანამედროვე რუსული „Fake-დემოკრატიისთვის“: თითქოსდა, ევროპის ყველაზე ძირძველ დემოკრატიულ ქვეყნებშიც ხომ „დასწრება“ მუნიციპალურ არჩევნებზე მესამედს იშვიათად სცდება... ანუ „ჰგავს“, მაგრამ „ჰგავს“ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ორანგუტანგი - ადამიანს. სინამდვილეში, მათ შორის სისტემური და ევოლუციური უფსკრულია.

„ერთიან საარჩევნო დღეს“, ყველა დონეზე, თითქმის გამონაკლისის გარეშე, ანუ მუნიციპალური წარმომადგენლობითი ორგანოების, მერების, გუბერნატორების არჩევნებზე, გაიმარჯვა „უვადო პრეზიდენტ“ ვლადიმირ პუტინის პარტიამ „ერთიანმა რუსეთმა“ («Единая Россия»).

„კარნავალურობა“ და მოჩვენებითობა აქ ისაა, რომ მმართველ პარტიასაც ჰყავს მოჩვენებითი ოპოზიცია - გენადი ზიუგანოვის КПРФ, ანუ კომუნისტური პარტია, რომელიც ხელისუფლებას, ისევ და ისევ, დემოკრატიული „დიზაინის“ შექმნაში ეხმარება.

გარდა ამისა, ჯერ კიდევ ელცინის ეპოქიდან მოყოლებული, ამით კრემლი დასავლეთსაც უგზავნის „შეტყობინებას“: „ჩვენ თუ არა, მაშინ ალტერნატივა კომუნისტები არიან - მათი პირველყოფილი სოციალიზმითა და წითელი იმპერიალიზმით“. შესაბამისად, „Единая Россия“, ამ წარსულის ურჩხულებთან შედარებით, დასავლეთში „ლიბერალიზმის განსახიერებად“ აღიქმება.

კიდევ ერთი სახასიათო შტრიხი - თუ მხოლოდ გარეგნულ, „ვიტრინულ“ მხარეს დააკვირდებით შინაარსის გარეშე, რუსული არჩევნები ბევრად „ტექნოლოგიური“, „მობილური“ და „გაციფრულებულია“, ვიდრე მრავალ ევროპულ სახელმწიფოში: პუტინის რეჟიმი საამისოდ ფულს არ იშურებს. მაგრამ სწორედ აქ მჟღავნდება დემოკრატიის უმთავრესი თვისება: რეალური არჩევანისა და პლურალიზმის გარეშე ეს ყოველივე ასევე „Fake“-ია და მეტი არაფერი.

სხვათა შორის, ძალიან საინტერესოა, რომ, „ექსპერიმენტის სახით“, რეგისტრირებულ რუს ამომრჩეველს Online-რეჟიმშიც კი შეუძლია არჩევნებში მონაწილეობა. მაგრამ განა არსი ამით იცვლება? მთავარი მაინც მთლიანად „დახურული“ ტელესივრცეა. ამის გარეშე ეს კენჭისყრა ერთი დიდი დემაგოგიური PR-პროექტია და მეტი არაფერი.

სატელევიზიო დებატებზე ან თავისუფალ მედიასივრცეზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, თუმცა ამჯერად რეჟიმმა „საკუთარ თავს გადააჭარბა“: რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გლობალურ პლატფორმებს - Google-სა და Facebook-ს ფინანსური სანქციების მუქარით აუკრძალა არჩევნებში მონაწილეთა პოლიტიკური რეკლამის განთავსება.

ძალიან ეშინია რეჟიმს სოციალური ქსელების მზარდი აქტიურობის, მაგრამ ნახეთ, მართლაც რა საინტერესოა: სოციალური ქსელით (Facebook-ანგარიშით) კენჭისყრის დაშვებასაც კი არ გამორიცხავს, ოღონდ არა ინფორმაციისა და პოლიტიკური რეკლამის თავისუფალ გავრცელებას!

ჭეშმარიტად, რუსული არჩევნები მკაფიო ილუსტრაციაა იმისა, რომ მთავარი საარჩევნო პირობა, ყველგან და ყოველთვის, „ინფორმირებული ამომრჩევლის“ არსებობაა მხოლოდ.

რაც შეეხება პუტინის პარტია «Единая Россия»-ს მორიგ, კომიკურობამდე ერთფეროვან „ტრიუმფს“: თუ რაიმე კარდინალური ცვლა არ მოხდა დასავლურ პოლიტიკაში რუსეთის მიმართ და ახლო ისტორიულ პერსპექტივაში არ გამოჩნდა ნასიმ თალებისეული „შავი გედის“ (The Black Swan) მსგავსი მოულოდნელობა, „ერთიანი რუსეთის ერთიანი დღე“ მართლაც უსასრულო იქნება.

დათო გამცემლიძე - ჟურნალისტი, ისტორიკოსი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

11 ნოემბერი
11 ნოემბერი

როგორ შევამციროთ სამედიცინო შეცდომების რ ...

მსჯელობა შეცდომებზე  პარადოქსულია, რომ გასაოცარი სამედიცინო პროგრესის პარალელურად, პაციენტთა გარდაცვალების ერთ-ე ...
11 ნოემბერი
11 ნოემბერი

ქართველი საზოგადო მოღვაწეები ეკლესიის შე ...

მე-19  საუკუნის  ბოლოს და 20-ე საუკუნის დასაწყისში, ქართველი საზოგადო მოღვაწეები, ილია ჭავჭავაძე, მიხეილ ...
08 ნოემბერი
08 ნოემბერი

„და ჩვენ ვუცეკვეთ“

ფილმის მთავარი გმირი, მერაბი და მისი ძმა დავითი ერთმანეთის პირისპირ წვანან. დავითს სახე ჩალურჯებული აქვს, ახლახან იჩხუბა ...

მეტი

^