Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რით აიხსნება „ირმა ინაშვილის ფენომენი?“

17 სექტემბერი 2019
ილუსტრაცია: ანა ჯიბლაძე

16 სექტემბერს ამერიკის საელჩოსთან გამართული მიტინგი რუსულმა ტელევიზიამ „დღის თემად“ აქცია; ბევრად იმაზე მეტადაც კი, ვიდრე იემენელი ჰუსიტების „დრონ-დარტყმა“ საუდის არაბეთისა და მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ საწარმოზე, რამაც ნავთობზე გლობალური ფასი (შესაბამისად, რუსეთის საბიუჯეტო შემოსავალი) მნიშვნელოვნად გაზარდა.

არ დარჩენილა რუსული ტელეარხი, ეს აქცია არ „გაეშუქებინა“ სათანადოდ: მომიტინგეთა რაოდენობაზე ხაზგასმით და ორგანიზატორთა ინტერვიუებით. დავით თარხან-მოურავის მთავარი მესიჯი იყო: „ჩვენ არ გვინდა ომი რუსეთთან“. ანუ გამოდის, ამერიკის საელჩოსთან სწორედ ამის სათქმელად მივიდნენ იმაზე მეტადაც კი, ვიდრე სასტუმრო Rooms-ში მომხდარი ინციდენტისა და ანდერს ფოგ რასმუსენის აბსოლუტურად კეთილგანწყობილი ინიციატივის გასაპროტესტებლად.

რაოდენობას რაც შეეხება, თავს ნუ მოვიტყუებთ: საქართველოს კვალობაზე საკმაოდ ბევრი ადამიანი მივიდა: რამდენიმე ათასი მაინც. მხოლოდ ვიზუალურადაც შეგვიძლია მაღალი ალბათობით ვივარაუდოთ, რომ ყველა მათგანს როდი ჰქონდა მკაფიო ან თუნდაც მეტ-ნაკლები წარმოდგენა, სად მიდიოდა და რატომ. თუმცა ყველამ იცოდა: მათ... „ირმამ მოუწოდა იქ მისვლა“.

უნდა ითქვას, რომ ეს არ ყოფილა პირველი მიტინგი ამერიკის საელჩოსთან: ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას, „რუსთავი-2“-ის დამფუძნებლისა და იმდროინდელი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ეროსი კიწმარიშვილის ორგანიზებით, იმავე ადგილზე, დიღომში, ჩატარდა მცირე აქცია-პერფორმანსი Wake up USA! მონაწილენი ამერიკის მხრიდან მოქმედი პრეზიდენტის მხარდაჭერას აპროტესტებდნენ.

ფორმალურად და გარეგნულად, ირმა ინაშვილისა და „პატრიოტთა ალიანსის“ აქციაც მიხეილ სააკაშვილის, გიგა ბოკერიას და ყოფილი ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა მიმართ ამერიკის ვითომდაც არსებულ მხარდაჭერას გმობდა. თუმცა, სინამდვილეში, მოტივი, რამაც ხალხი საელჩოსთან შეკრიბა, უფრო ღრმა და ნიშანდობლივია: ეს არ იყო მიტინგი „ანტიმიშა“ და ვერც „მოსყიდვით“ აიხსნება.

ვინც ამბობს, „ფული გადაუხადეს და მივიდნენო“, პრობლემას მეტისმეტად ამარტივებს, რაც შესაძლოა კომფორტული იყოს, თუმცა ამგვარი კომფორტი სახიფათოა: ნებისმიერ მომენტში იგი შეიძლება გამოიყენოს მოსკოვმა ცნობილი ტექნოლოგიებით და შემდეგ „მოულოდნელობაზე“ ლაპარაკი უკვე თვალთმაქცობა იქნება.

რეალურად, ირმა ინაშვილმა მოახერხა (როგორ და რატომ, სხვა საქმეა) „ალტერნატივის ილუზიის“ შექმნა ბოლო 30 წლის უსასტიკესი ტრაგედიებით მოქანცული და იმედგაცრუებული საზოგადოების ერთ, არცთუ ძალიან მცირერიცხოვან ნაწილში.

ეს „ალტერნატივა“ (ბრჭყალებში, რასაკვირველია) თავის დროზე ვერ შექმნეს ვერც იგორ გიორგაძემ, ვერც ნინო ბურჯანაძემ... როგორც ჩანს, მასში უცნაურად გაერთიანდა პოსტსაბჭოური ნოსტალგია, ტრადიციული „ქართული საბჭოთა ნაციონალიზმი“, ანტიდასავლური ნიჰილიზმი და ახალი დიდი ომის შიში.

ბუნებრივია, სოციალური გაჭირვება, ყოფითი პრობლემები, სიდუხჭირე, უთანაბრობა და პოლიტიკური ელიტის მოწყვეტა „ადგილზე“ არსებული ადამიანური პრობლემებისგან, იქცა ნოყიერ „ბულიონად“ ამ ფენომენის წარმოსაშობად.

ზოგიერთი სიმპტომით, ეს ფენომენი უკვე 2020 წელს ბევრად უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს „ქართული ოცნების“ პოზიციათა გამყარებაში, ვიდრე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისას: ირმა ინაშვილმა „დაიჭირა“ ის სიმი, რაც ხალხის განწყობას ეხმიანება და დაიკავა ის ნიშა, რომელიც ცარიელი იყო. ბუნებრივია, ხელისუფლების ფარული თუ აშკარა მხარდაჭერით, მაგრამ, რომ არა „მოთხოვნა“, ვერანაირი „მიწოდება-წინადადება“ ვერ იმუშავებდა.

ამდენად, პოლიტიკური ძალები ვალდებული არიან, არა მხოლოდ პრიმიტიული სქემებით ახსნან ეს ფენომენი („ბიძინა-ფული-კრემლი-მარიონეტები-პროვოკატორები“), არამედ სცადონ თავად უპასუხონ იმ გამოწვევებს და შესთავაზონ ადამიანთა ამ სოციალურ ჯგუფს შესაბამისი ალტერნატივები, რაც ანტისისტემურ ფენომენს შინაარსს გამოაცლიდა.

„პატრიოტთა ალიანსი“ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში არსებული ქართული პოლიტელიტის პროდუქტი, მისი „ალტერეგოა“ და სწორედ ეს ელიტაა ვალდებული, ამ გამოწვევას უპასუხოს.

დათო გამცემლიძე - ჟურნალისტი, ისტორიკოსი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

გორდონ გეკო ამერიკის სათავეში

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანს უეჭველად შევა დიპ ...
18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

მეოთხედფინალის მოლოდინში

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს რვა გუნდი შემორჩა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეოთხედფინალის დრო დამდგარა. ოთხივე შე ...
18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

რაციონალური პოლიტიკის ტრიუმფი - ბორის ჯო ...

ევროკავშირის დატოვების შესახებ დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა შეთანხმებას მიაღწიეს. ბორის ჯონსონის აზრით, შეთანხმება, ...

მეტი

^