Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩალათას იაპონური წერილები: ნაგოიასკენ

22 სექტემბერი 2019
ჩემს ძველ მეგობარს, გიორგი მეზვრიშვილს, რომელიც 2003 წლიდან მსოფლიო თასზე დასწრებაზე ოცნებობს, მაგრამ დღემდე ვერ მოუხერხებია.

ჩამოვაღწიე, როგორც იქნა. რამსიშორეზე ყოფილა ეს შეჩვენებული იაპონია! აქამდე მეგონა, მგზავრობას და უძილობას კარგად ვიტანდი, თურმე მგზავრობა გასინჯულიც არ მქონია. ამდენმა ფრენამ რჯული შემირყია. მაგრამ მგონი ღირდა - სულ სხვა სამყაროში ამოვყავი თავი, ჩვენგან და რაც ჩვენ ვიცით, იმისგან მკვეთრად განსხვავებულში, ამოუცნობსა და ამოსაცნობში. ჯერ ქალაქშიც არ გავსულვარ, მაგრამ ამას უკვე ვგრძნობ. როგორც ჩანს, რაღაც ახალი რომ გაიგო, აუცილებლად გზა უნდა გაიარო. ლაო ძიც რაღაც ასეთს არ ამბობდა? თუმცა ეგ აქაური არაა და შევეშვათ.

ჩემი პირველი დანიშნულების ადგილი ნაგოიაა. აიჩის პრეფექტურის (ვითომ რამეს გეუბნებოდეს) უმსხვილესი ქალაქი, საითაც ნელ-ნელა მივედინებით ქართველები და უელსელები. ჩვენთვის მსოფლიო ჩემპიონატი იქ იწყება. მართალია, თამაში იქიდან მოშორებით, ტოიოტაშია, მაგრამ როგორც მცოდნე ხალხი ამბობს, დიდ ქალაქში გაჩერება ჯობიაო. აი, გავჩერდები და ვნახოთ. არც ტოიოტაა მაინცდამაინც ჩვენი ბიწმენდისხელა, მაგრამ ნაგოიასთან შედარებით მაინც მომცროა. 23-ში, თამაშის დღეს ავიყრებით აქედან ქართველები, იქიდან უელსელები, მოვახტებით ამათ გადარეულ მატარებლებს და თვალის დახამხამებაში დავფარავთ 150 კილომეტრს, იმისთვის რომ მაგარი ჯახი ვნახოთ ტოიოტას 45-ათასიან სტადიონზე. 

აქაურ გარემოზე, არქიტექტურაზე, საჭმელ-სასმელზე, ქალებზე, მანქანებზე, სარაგბო განწყობასა და კაბუკის თეატრზე ჯერ ვერაფერს გიყვები. ტოკიოს აეროპორტში სადღაც კუთხეში ვაგდივარ და ფრენისგან დაკარგული შეგნების დაბრუნებას ვცდილობ. გვერდით მთვრალი შოტლანდიელები ხრიალებენ და საერთოდ არ ადარდებთ დაკარგული შეგნება. ვინ იცის, არც აქვთ. თავის კუბოკრულ კილტებს ისე აფრიალებენ, თავი მულენ რუჟში მგონია. ისე, სქოთებს კილტის ქვეშ საცვალი არ აცვიათო, ტყუილი აღმოჩნდა, ზოგს აცვია.

რა მაგის პასუხია და, შემადგენლობა ნახე? ნახავდი, აბა რას იზამდი, მაგ საქმეში თუთაშხიასავით ხარ - სროლას ვერავინ დაგასწრებს. დოჰადან ტოკიოსკენ რომ უნდა გამოვფრენილიყავი, მაშინ დაიდო და თვალის შევლება მოვასწარი. მამუკა ძირითადშია, თან მესამე ხაზში. სულ მეფიქრება მაგ კაცზე: შეძლებს, რომ ისევ იმამუკოს? გული რომ ისევ ის აქვს, ეგ კი ვიცი, მაგრამ ამხელა ტურნირზე თამაშისთვის თუა მზად? შეკრება რომ გაევლო, კიდევ ჰო, მაგრამ... რავი, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ არ უნდა დაებრუნებინათ. განა იმიტომ, რომ რამეს გააფუჭებს, უბრალოდ, მისი გადაწყვეტილებისთვის უნდა ეცათ პატივი და, უშენოდ დავიღუპებითო, განგაში არ აეტეხათ. თავი არასოდეს დაუზოგავს და დარწმუნებული რომ არ ყოფილიყო, ნაკრებიდან არც წავიდოდა. მე უკვე აღარ ვიცი, რა არის სწორი, ალბათ თამაშები გვაჩვენებს.

ნეტა ეს შოტლანდიელები სად მიფრინავენ, ან ამ მოსაცდელში რა უნდათ? წესით, გეზი იოკოჰამისკენ უნდა ჰქონდეთ, მაგარი ამბავი ელით მოძმე ირლანდიელებთან, მაგრამ ახლა ამათთვის იოკოჰამა, ედინბურგი და ჩუმლაყი ერთი და იგივეა, ისე არიან. არა უშავს, მოძებნიან გზას.

შემადგენლობაზე გწერდი. მამუკას მერე, პირველი, რაც თვალში მომხვდა, 6 სათადარიგო მორკინალია. როგორც ჩანს, მელიტონა ისეთ ჯახს გეგმავს, დედა შვილს რომ არ აიყვანს ხელში. უკანა ხაზს ერთი შემცვლელი მოაკლო და შერკინება გააძლიერა, რომ დაღლილი ფორვარდებით არ მოუწიოს თამაში და ორთაბრძოლებში ხარისხი არ დაუვარდეს. კვესოს ფრთაზე დაყენებაც საინტერესოა. ეს ბიჭი უდავოდ ნიჭიერია, მაგრამ ამპლუით შუამარბია და პოზიციურად გადაწყობას რამდენად შეძლებს, ეგაა საქმე. თან წინ ვინმე „თავშალა“ კი არა, ჯორჯ ნორსი უდგას - მუტრუკების მუტრუკი.

დრო ბევრი მაქვს და ხან წაღმა ვკითხულობ განაცხადს და ხან უკუღმა. თითქოს ვცდილობ წარმოვიდგინო, ვინ როგორ ითამაშებს ან როგორ მინდა, რომ ითამაშოს. პირველ რიგში, მინდა, რომ თედომ ძველებურად, ქუთაისურად, მოურიდებელად იბურთაოს. სოსოს მინდა, რომ ბოლო დროს შეკრული ხელ-ფეხი გაეხსნას და ისევ სოსო გახდეს. უელსელებს უყვართ ფეხის რაკარუკი და თუ ჩვენს ზურგში სისუსტე იგრძნეს, გაგვაწამებენ. ბექსონა ხო იცი, რა ბიჭია! თამაშების ჩაგდება ისედაც არ სჩვევია, მაგრამ ამ მატჩში კაი 8 ნომერი ნამდვილად დაგვჭირდება. კოკისი მეიმედება ძალიან, უამრავი შეტევის გაჩერება მოუწევს და, მგონი, გააჩერებს კიდეც. თაზოს და კაჭისაც ალბათ ძირითადად მოგერიებაზე მოუწევთ ზრუნვა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაგ ტანდემმა იმუშაოს. ბუკამ ვერ მოასწრო ამ თამაშისთვის გამოჯანმრთელება, მაგრამ ამბობენ, ურუგვაისთან იქნებაო. ოქრო კაცია, მაგას რომ ტრავმა აქვს, მე მტკივა ხოლმე მის ნაცვლად. თუმცა, რას ვაქუცმაცებ, შენც ხო იცი, რომ მთავარი გუნდია. ყველა აგებს და ყველა იგებს. 

„ვფიქრობ, გამოცდილი და ახალგაზრდა მორაგბეების კარგი ნაზავი დავასახელეთ. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ეს ახალგაზრდები ნაკრებში რეგულარულად იმის გამო თამაშობდნენ, მსოფლიო თასზე რომ მოხვდებოდნენ, ზურგი ორნიშნა ციფრის კეპებით ჰქონოდათ გამაგრებული. 2015 წელს ვთქვი, რომ თუ 2019 წლის მსოფლიო თასს მეტი „X ფაქტორით“ არ შევხვდებოდით, თავს მოვიკლავდი. საბედნიეროდ, ამის გაკეთება არ მომიწევს. გუნდი მნიშვნელოვნადაა გაახალგაზრდავებული. ესაა ახალი სისხლი, მოთამაშეები, რომელთაც უკეთ შეუძლიათ ბურთაობა და სწორედ ამის გამო არიან ისინი ნაკრებში“ - უთქვმს მილტონს პრესკონფერენციაზე. 

ტოკიოს აეროპორტში ისეთი გნიასია, ნავთლუღის ბაზრის ყველის განყოფილებას მოგაგონებს.

„X ფაქტორი“ კი კარგი სიტყვაა, მაგრამ მე მილტონისგან სიურპრიზებს აღარ ველი. იმ წლების განმავლობაში, რაც ის საქართველოს ნაკრების მწვრთნელია, არ მახსოვს, ოდესმე გუნდის თამაშში დიდი დოზით მოულოდნელობის ეფექტი ყოფილიყოს, ჩვენი მელიტონა უფრო სისტემატიზატორია, ვიდრე შემოქმედი. რა ვქნათ, როგორიცაა, ისეთი უნდა მივიღოთ! დიდ ბურთაობას და დოლ-გარმონს ალბათ არც უელსთან გეგმავს და მთავარ იარაღად დაცვა ექნება არჩეული. ასეთ თამაშებში მისი კრედოა „გავუშვებთ ცოტას“ და არა - „გავიტანთ ბევრს“. თუ ვინმემ ამ შეხვედრაში ბევრი უნდა გაიტანოს, ეს უფრო უელსი იქნება, რომელსაც ამ მატჩისთვის უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს შერჩეული. თუმცა, იმედი მაქვს, ეს არ მოხდება და ჩვენი ეკონომიური ტაქტიკა გაიმარჯვებს. 

ამ მატჩის მოგებაზე რომ ჰკითხეს, ახალზელანდიელმა ასეთი რამ თქვა: „რატომაც არა?! კარგად უნდა ვითამაშოთ და ცოტა გაგვიმართლოს. ეს სპორტია და მისი ისტორიის განმავლობაში, ფეხბურთში, კალათბურთში თუ სხვა სახეობებში არაერთხელ დაფიქსირებულა მოულოდნელობა. ასეთია სპორტის ბუნება. როდესაც 15 მამაკაცი 15-ის წინააღმდეგ თამაშობს, არავინ იცის წინასწარ, რა მოხდება. მთავარია, ცივი გონება შევინარჩუნოთ და სრულად გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი“. გამართლებაში ალბათ წვიმა იგულისხმება, მეტოქის შეტევების შეფერხება იცის ოხერმა. ამბობენ, იქნებაო. ვნახოთ. 

მეტი რა მოგწერო, ჯერ ტერმინალების, საბაჟოების, სასაზღვრო-გამშვები პუნქტების, დუტი ფრიების და მთვრალი შოტლანდიელების მეტი არაფერი მინახავს. ეგენი კიდე ჩემზე უკეთ იცი. ისე, სქოთები სადღაც წავიდნენ, თავაზიანმა იაპონელმა ორი სიტყვა უთხრა და კილტების შრიალით აედევნნენ უკან. ჩემი რეისიც ახლოვდება, იმედია, ნაგოია იმედს არ გამიცრუებს და წინ რაღაც არაჩვეულებრივი მელოდება. რაღა იმედია, უმადურივით ვლაპარაკობ, მსოფლიო თასზე ვარ და ეს უკვე ზღაპრულია, მთლად გადასარევი იქნებოდა, შენც რომ აქ იყო. გამაგრდი, რომ ჩამოვალ, ნეცკეს ჩამოგიტან.

აბა, ყოჩაღად, 

მომავალ წერილამდე.

ნიკა ჩალათაშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

გორდონ გეკო ამერიკის სათავეში

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანს უეჭველად შევა დიპ ...
18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

მეოთხედფინალის მოლოდინში

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს რვა გუნდი შემორჩა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეოთხედფინალის დრო დამდგარა. ოთხივე შე ...
18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

რაციონალური პოლიტიკის ტრიუმფი - ბორის ჯო ...

ევროკავშირის დატოვების შესახებ დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა შეთანხმებას მიაღწიეს. ბორის ჯონსონის აზრით, შეთანხმება, ...

მეტი

^