Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რუსული კონსტიტუციონალიზმი და უზურპატორის ქრონიკები

23 სექტემბერი 2019

კონსტიტუცია უზენაესი დოკუმენტია, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული ძალა. იგი არეგულირებს საზოგადოებისა და სახელმწიფოს ორგანიზაციის საფუძვლებს, პიროვნებისა და სახელმწიფოს ურთიერთობის ძირითად პრინციპებს. თანასწორობისა და წესრიგის კონსტიტუციური თანაფარდობა ქმნის ისეთ მმართველობას, როცა უზრუნველყოფილია ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. კონსტიტუცია მიიღება ხალხის მიერ ან ხალხის სახელით, შეგვიძლია მას ხალხსა და სახელმწიფოს შორის დადებული კონტრაქტიც ვუწოდოთ, რომელიც მოქალაქის ნამდვილი ფარი და მისი დაცულობის გარანტიაა.

ტოტალიტალური რეჟიმების ნგრევასთან ერთად, კონსტიტუციონალიზმშიც განვითარდა მნიშვნელოვანი უფლებები, როგორიცაა დაუმორჩილებლობისა და წინააღმდეგობის უფლება, რამაც ერთიორად გაზარდა მოქალაქის პოლიტიკური ძალა და მნიშვნელობა დემოკრატიულ სახელმწიფოში. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ, უბრალო მოქალაქეებს, სწორედ კონსტიტუციის მეშვეობით შეგვიძლია ტირანიისა და ძალაუფლების უზურპირების მცდელობების მოგერიება. სამწუხაროდ, დღეს ნებისმიერი რეჟიმი, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული, ცდილობს თავის ნებაზე შეცვალოს კონსტიტუცია. უზურპატორის კარის საუკეთესო იურისტები მუშაობენ კანონის იმგვარ ენაზე, რომელიც შავს თეთრად შემოგვაპარებს, თუმცა, როცა ერთი კაცი შუბლის ძარღვს გაიწყვეტს, უძირო ქვევრის არ იყოს, უსასრულოდ გრძელდება უსამართლობის „გაკეთილშობილება“.

1825 წლის 14 (26) დეკემბერს ქალაქ პეტერბურგში რუს სამხედროებს მეფე ნიკოლოზისთვის ერთგულების ფიცი უნდა მიეცათ, თუმცა წარჩინებული საგვარეულოების წარმომადგენელმა 3000-მა ახალგაზრდა ოფიცერმა, შესანიშნავი კარიერითა და საუკეთესო განათლებით, უსისხლო რევოლუციის მოწყობა განიზრახა. აჯანყებული ოფიცრები მონუსხულნი იყვნენ ევროპული რევოლუციებით. უფრო მეტიც, ნაპოლეონთან ომების ჟამს მათ თავად ხვდათ პატივი, საკუთარი თვალით ეხილათ ბებერ კონტინენტზე არსებული წეს-წყობილება და ლიბერალური რევოლუციების შედეგები. იმდროინდელი ტენდენციით გულმოცემულები, ისინი ითხოვდნენ რუსული სახელმწიფოს კონსტიტუციურ მონარქიულ წყობაზე გადაყვანას, ფედერალური მთავრობით და სახელმწიფო კონსტიტუციით. ეს ოფიცრები,  ისტორიას „დეკაბრისტების“ სახელით რომ შემორჩნენ, იყვნენ სულით ხორცამდე იდეალისტები, რომლებმაც ხალხის მობილიზებაზე მხოლოდ იმიტომ თქვეს უარი, რომ სისხლისღვრა აერიდებინათ, მაგრამ მეფის მხედრობამ მეამბოხეები სასტიკად გაანადგურა... მართალია, დეკაბრისტები დამარცხდნენ, მაგრამ რუსეთს დაუტოვეს იდეოლოგია და, რა თქმა უნდა, კონსტიტუციონალიზმისკენ სწრაფვის გზავნილი. სწორედ დეკაბრისტების გავლენით და მონარქის „კურთხევით“, 1826 წელს, პირველად რუსეთის ისტორიაში, გამოჩენილი რუსი იურისტი მიხაილ სპერანსკი იწყებს რუსული კანონმდებლობის კოდიფიცირებას და საფუძველს უყრის თეორიულ სამართალმცოდნეობას, როგორც იურიდიულ მეცნიერებას...

პირველი რუსული კონსტიტუცია 1906 წელს შეიქმნა, რომელიც „გაბანკროტებული“ მონარქის უფლებების შეზღუდვას ემსახურებოდა, თუმცა მალევე მოუსწრო ისტორიულმა კატაკლიზმებმა და ეტაპობრივად ჩანაცვლდა ოთხი საბჭოთა კონსტიტუციით (1918, 1924, 1936, 1977). ეს კონსტიტუციები მოკლედ ასე შეგვიძლია შევაფასოთ: რამდენადაც პროგრესული იყო კანონის შინაარსი, იმდენად სისხლიანი იყო რეჟიმი. დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან ერთად, რუსეთის ფედერაციამ 1993 წელს მიიღო კონსტიტუცია, რომელსაც მოსახლეობამ მხარდაჭერა რეფერენდუმის მეშვეობით გამოუცხადა.

ახალი კონსტიტუციის თანახმად, რუსეთის მოქალაქეებმა აირჩიეს ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის მოდელი, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლების როლი, მთავრობის და პრემიერ-მინისტრის სახით, პრეზიდენტის და პარლამენტის ინსტიტუციების მსგავსად, დაწინაურებული უნდა იყოს. მიუხედავად ყველაფრისა, სახელისუფლებო განშტოებებს შორის ბალანსი მალე დაირღვა პრეზიდენტის სასარგებლოდ. მაგალითად, 2008 წელს რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რის საფუძველზეც, საპრეზიდენტო ვადა ოთხიდან ექვს წლამდე გაიზარდა, მაშინ როდესაც მის დამბალანსებელ საკანონმდებლო ორგანოს ხუთწლიანი მანდატი მიაკუთვნეს. შედეგად, 2012 წელს პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებულ ვლადიმირ პუტინს თანამდებობა 6 წლით ერგო. აღსანიშნავია, რომ ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის კონსტიტუციურ მოდელებში, წესისამებრ, პრეზიდენტი მთავრობის მეთაური არ არის, შესაბამისად, სამთავრობო სხდომებს პრემიერ-მინისტრი უძღვება, თუმცა რუსეთის კონსტიტუციით პრეზიდენტს აქვს უფლება, უხელმძღვანელოს სამთავრობო სხდომებს. უფრო მეტიც, სახელმწიფოს უმაღლესი იურიდული ძალის მქონე დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ ქვეყნის პრეზიდენტი წარმართავს საგარეო და საშინაო პოლიტიკას, საშინაო პოლიტიკის წარმართვა კი, თავისთავად დიდი მასშტაბის ძალაუფლებასთან ასოცირდება. რუსეთის კონსტიტუციის მიხედვით, სასამართლო უწყებაც უშუალოდაა დაკავშირებული პრეზიდენტთან, რომელიც საკონსტიტუციო, უზენაეს, საარბიტრაჟო და სხვა ფედერალურ სასამართლოებში თავად წარადგენს კანდიდატებს, ასევე, ნიშნავს ქვეყნის გენერალურ პროკურორს.

რუსეთის კონსტიტუცია ფიქციად აქცევს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესსაც, რასაც საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატის, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების ჩართულობა სჭირდება. საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის (სახელმწიფო დუმას) დეპუტატთა 2/3-ის უმრავლესობას, სახელმწიფო ღალატის ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ბრალდებით, შეუძლია წამოიწყოს იმპიჩმენტის პროცესი; თუმცა საამისოდ საჭიროებს სწორედ იმ უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების დამადასტურებელ ვერდიქტებს, სადაც თავად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატები ინიშნებიან, ასევე, პარლამენტის ზედა პალატის წევრთა 2/3-ის მხარდაჭერას, რომელშიც ასევე კანონმდებელთა ნაწილს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ დანიშნული გუბერნატორები წარმოადგენენ. დახევს მგელი მგლის ტყავს? საეჭვოა.

საბჭოთა კონსტიტუციების მსგავსად, რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაშიც შესაშური ოსტატობით არის ჩამოყალიბებული მუხლები ადამიანის უფლებების შესახებ. რუსეთის მოქალაქეები უნდა სარგებლობდნენ ყველა ფუნდამენტური უფლებით, მაგრამ ხელისუფლების მიერ ინტერპრეტაციების გამოყენება, პოლიტიკური ბიუროკრატია და ასევე პოლიტიკურად მოტივირებული საგამოძიებო უწყებები ქმნიან იმ რეალობას, რომელშიც დღეს ფედერაციის მოქალაქეებს უწევთ ცხოვრება.

პეტრე პირველმა, რომელსაც ბევრი რუსეთის საუკეთესო მონარქად მიიჩნევს, უამრავი რეფორმა გაატარა და ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ქვეყანა ევროპულ სახელმწიფოდ აქცია, თუმცა პეტრემ არ ან ვერ იზრუნა მოსახლეობის ყველაზე დიდ სოციალურ ფენაზე, რომელსაც მებატონეები (სხვადასხვა მასშტაბის „ოლიგარქები“) ჩაგრავდნენ. სწორედ პეტრეს მეფობის შემდეგ გამოჩნდა საუკეთესოდ რუსულ „ჩუმ უმრავლესობასა“ და შეძლებულ, მმართველ უმცირესობას შორის სხვაობა, რაც შემდგომ სოციალური რევოლუციებით და, საბოლოოდ, საბჭოთა რეჟიმით დაგვირგვინდა. რევოლუციებამდე და მას შემდეგაც ჩამოყალიბდა ერთგვარი დოქტრინა, რომლის თანახმად, რუსეთი ძლიერმა ხელმა, დიდმა ძალაუფლებამ უნდა მართოს. ბელადებიდან მონარქებამდე, მონარქებიდან გენერალისიმუსებამდე და გენერალისიმუსებიდან ისევ მონარქამდე ისტორიის პერიოდები სინამდვილეში არის უზურპაციის ქრონიკები. თანამედროვეობაში, როცა რუსული კონსტიტუციის პირველი სიტყვა არის „ჩვენ“, შემდგომ კი მთელი კონსტიტუცია ერთ კაცზე - პრეზიდენტზეა მორგებული, კარგად წარმოჩნდება პოლიტიკური რეჟიმის მანკიერება. კითხვა კი მხოლოდ ერთია - კვლავ დარჩნენ რუსეთში დეკაბრისტები?

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 ივნისი
08 ივნისი

ადამიანისა და მანქანის შერწყმა: რეი კურზ ...

ჟურნალი “Rolling Stone”, 2009, მაისი
20 ნოემბერი
20 ნოემბერი

განგაშის 5 ზარი

5. პატრიარქის ნებართვა პატრიარქის ნებართვისა და ერთგვარი კურთხევის გარეშე რომ მმართველი არ იცვლება, ეს ძველი ამბავი ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

მაჟორიტარული სისტემის კრიზისი გაერთიანებ ...

თანამედროვე დასავლურ პოლიტიკაში, მოულოდნელ, მეინსტრიმულ პოზიციებთან დაპირისპირებული მოსაზრებების დემოკრატიულმა ტრიუმფმა ...

მეტი

^