Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოძალადე ჩვენ გვერდით: როგორ დავიცვათ ბავშვები სექსუალური ძალადობისგან

25 სექტემბერი 2019

ბავშვობაში ხშირად გვსმენია მშობლებისგან ფრაზა: „უცხო ადამიანს არ გამოართვა კანფეტი და არსად გაჰყვე. ძირითადად, ამით შემოიფარგლება ჩვენში მშობლების გაფრთხილება, რომელიც თითქოსდა საბოლოოდ იცავს ბავშვს შესაძლო ძალადობისგან. არადა, ხშირ შემთხვევაში, მშობლები ვერ აცნობიერებენ, რომ ეს მოძალადე არა მხოლოდ გარეშე, უცხო პირი, არამედ ოჯახისთვის სანდო ადამიანიც შეიძლება იყოს.

ბავშვთა ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ მათ პრაქტიკაში თითქმის ყოველი მეორე ან მესამე ბავშვია სექსუალური ძალადობის მსხვერპლი; რაც ყველაზე საგანგაშოა, ხშირად სწორედ ის ადამიანია მოძალადე, ვისაც მშობელი ყველაზე მეტად ანდობს ბავშვს. ძალადობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მშობლების გადამეტებული ნდობაა ახლობლის მიმართ. ამიტომაც არის, რომ ბავშვები დუმილს ამჯობინებენ.

ამბავი N1

„დაახლოებით ათი წლის ვიყავი, როცა მშობლებმა ორი კვირით სამეგრელოში გამაგზავნეს ოჯახის ახლობელ კაცთან, რომელსაც წლების განმავლობაში ბაბუაჩემი აჭმევდა, ასმევდა, საკუთარ ბინაში აცხოვრებდა და ყველანაირად ეხმარებოდა. ეს კაცი ალბათ 40-45 წლის იქნებოდა, უცოლო. სახლში ოჯახის სხვა წევრებიც ჰყავდა, მაგრამ მეორე სართულზე მხოლოდ მე და მას გვეძინა. ერთი-ორი დღე ჩვეულებრივ გავიდა, არაფერი ხდებოდა. მერე კი დაიწყო ჯოჯოხეთი, რომელიც ორ კვირას გაგრძელდა.

ღამე, როდესაც ყველა იძინებდა, მოიწეოდა ხოლმე ჩემკენ და ცდილობდა მომფერებოდა, საშინელება იყო, ჩემი თანდასწრებით იკმაყოფილებდა სურვილს. მე კი ვერაფერს ვაკეთებდი, ერთ ბგერასაც ვერ გამოვცემდი. რა უნდა მეთქვა, ან რა უნდა გამეკეთებინა?! ათი წლის ვიყავი, სულელი, სადღაც ძალიან შორს ოჯახისგან, ვიღაც საშინელ კაცთან ერთად, რომელსაც შეეძლო უარესი გაეკეთებინა. სექსუალური მოთხოვნილებები არც მქონდა, ძალიან პატარა ვიყავი, იმდენად ბავშვი, რომ როცა თენდებოდა და გარეთ გავდიოდი, არაფერი მემჩნეოდა, ყველაფერს ვივიწყებდი და ჩემი მეხსიერების ყველაზე ბნელ კუნჭულში ვმალავდი. ერთ ღამეს კი ასე მითხრა: „ეს აღარ გავაკეთოთ“. ეს სიტყვები ამ წამსაც გულს მირევს. თითქოს, მე ვაკეთებდი რამეს, თითქოს მე მორივით არ ვიდე და თვითონ არ ცდილობდა საკუთარი მოთხოვნილებების ათი წლის ბავშვით ჩახშობას“.

როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია?

რატომ ამბობს ბავშვი დაჟინებით უარს ზოგიერთ ახლობელთან სტუმრობაზე? რატომ შეიცვალა მისი ქცევები ბოლო დროს? რატომ უმატა ტირილს? რატომ არის მუდმივად აღელვებული?..

- არასრულწლოვნის ქცევის უჩვეულო ცვლილება შესაძლოა, ძალადობის პირველი ნიშანი იყოს.

როგორც ფსიქოლოგი მაია ცირამუა „ლიბერალთან“ საუბარში ამბობს, ბავშვები უმეტეს შემთხვევაში იძლევიან პატარ-პატარა მინიშნებებს: „როდესაც ბავშვზე ძალადობის შემთხვევა გაცხადდება ხოლმე, მშობლები შემდეგ აფიქსირებენ, რომ ბავშვი იძლეოდა მინიშნებასა და სიგნალს მოძალადის შესახებ. მაგალითად, მოძალადის გარემოცვაში ზოგს სიცხე უწევს, ზოგი კატეგორიულ უარს აცხადებს ოჯახის რომელიმე ახლობელთან სტუმრობაზე, ზოგი აშკარად გაურბის და თავს არიდებს მოძალადესთან ერთად ყოფნას და ა.შ. მახსოვს, ერთი მშობელი იხსენებდა, რომ ოჯახის ახლობელმა ბავშვს ხელი წამოარტყა უკანალზე ხუმრობით, ბავშვმა კი ისე იტირა, რომ მშობელი მიხვდა, ამ ტირილის უკან რაღაც იმალებოდა. მახვილი და დაკვირვებული თვალი ასეთ შემთხვევებს ამჩნევს“.

რას გვეუბნება სტატისტიკა?

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წელს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის 405 შემთხვევაა აღრიცხული, აქედან 287 შემთხვევაში მსხვერპლი არასრულწლოვანი იყო; თუმცა, რადგან არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა უაღრესად ტაბუდადებული თემაა, ოფიციალური სტატისტიკა ვერ ასახავს სრულ სურათს - ამ მოსაზრებას ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუაც ეთანხმება და აღნიშნავს, რომ მის პრაქტიკაში ყოველი მეორე ან მესამე ბავშვი სექსუალური ძალადობის გამოცდილების მქონეა.

რატომ მალავს ბავშვი/არასრულწლოვანი სექსუალური ძალადობის შემთხვევას?

სხვადასხვაგვარი მიზეზები არსებობს იმისა, თუ რატომ ამჯობინებენ არასრულწლოვნები გარყვნილი ქმედების, ძალადობის შემთხვევაში დუმილს და რატომ არ ესაუბრებიან მომხდარის შესახებ მშობლებს.

მუქარა - ხშირ შემთხვევებში მოძალადე ბავშვს ემუქრება და აშინებს. აშინებს მოკვლით, ფიზიკური ძალადობით, ოჯახის წევრთა დაშავებით;

სირცხვილი - ბავშვს აქვს სირცხვილისა და შიშის განცდა. ძალადობრივი შემთხვევების დროს ბავშვს ამბივალენტური განცდები უჩნდება. ერთი მხრივ, იცის, რომ რაღაც ძალიან უჩვეულო და საშინელი რამ ხდება მის თავს, მეორე მხრივ კი, ეშინია და რცხვენია ამის გამჟღავნების;

უნდობლობა - ხშირად ბავშვის ნაამბობ ისტორიებს მშობლები თუ გარშემომყოფები არ ისმენენ, გულისყურით არ ეკიდებიან, არ ინტერესდებიან. ბავშვს უჩნდება განცდა, რომ მის მონაყოლს არც ამჯერად მიაქცევენ ყურადღებას, ან უბრალოდ არ დაუჯერებენ, შედეგად კი ბავშვი დუმილს ამჯობინებს.

ამბავი N2

„მესამე კლასში ვიყავი, მეგობარი მყავდა, რომელიც ჩემ მეზობლად ცხოვრობდა. როგორც დები ისე ვიზრდებოდით, მამამისსაც საკუთარ მამასავით ვუყურებდი. პირველად წიგნის გამოსართმევად მივედი. ჩემი მეგობარი გავიდა წიგნის მოსატანად. მამამისმა ამ დროს კალთაში ჩამისვა და კითხვები დამისვა ქალის და კაცის ინტიმურ ურთიერთობაზე, თან მეკითხებოდა: რა აზრის ხარ, როგორ მოგწონსო. მაშინ გამოვიქეცი, დავიხსენი თავი. იმ დღის შემდეგ, როცა მამამისის მანქანას ვხედავდი ეზოში, აღარ ავდიოდი მათთან სტუმრად. უკვე მეოთხე კლასში ვიყავი, როცა ერთ დღეს მივედი ამ ჩემს მეგობართან. მამამისი დამხვდა სახლში, შემოდიო, მალე მოვა და დაელოდეო. არ მივყვებოდი, მაგრამ ძალით შემიყვანა საძინებელში, დამსვა ლოგინზე, მომიჯდა და ვითომ მეფერებოდა, ჩემი ხელი მიჰქონდა თავისი გენიტალიებისკენ. შემდეგ პორნოჟურნალი გამოიღო ლეიბის ქვეშიდან და მითხრა, მოდი, ერთად დავათვალიეროთ, ძალიან საინტერესოა და შენ მითხარი, რომელი მოგწონს და რომელი არაო. ვუთხარი, არ მაინტერესებს და წასვლა მინდა-მეთქი, მაგრამ არ გამიშვა. ხელის ფათური დამიწყო და როდესაც გაქცევა ვცადე, დამიჭირა. ამ დროს მეზობელი შემოვიდა, დრო ვიხელთე და გავიქეცი. მესამედაც ჰქონდა მცდელობა, თუმცა მაშინაც მოვახერხე თავის დაძრომა“.

რა უნდა მოიმოქმედოს მშობელმა, თუ გაიგო, რომ მის შვილზე სექსუალურად ძალადობდნენ?

„მშობელმა, უპირველეს ყოვლისა, სამართალდამცავ ორგანოებს უნდა მიმართოს, შემდეგ კი, შვილთან თავისი ემოციები გვერდზე გადადოს და არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოს მისი დადანაშაულება. კითხვა - „რატომ არ მითხარი?“ - თითქოს ყველაზე ბუნებრივი კითხვაა, რაც შეიძლება გაგვიჩნდეს, მაგრამ რეალურად ეს ყველაზე დიდ ტრავმას აყენებს ბავშვებს. მსხვერპლისთვის ბრალეულობისა და სირცხვილის განცდა არის დამანგრეველი“, - ამბობს მაია ცირამუა.

ფსიქოლოგის თქმით, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მას მშობლის სრული მხარდაჭერა აქვს: „ბავშვს უნდა შევუქმნათ უსაფრთხო სივრცე, მან უნდა იცოდეს, რომ მოძალადის მუქარისა და დაშინებისგან დაცულია და არც მას და არც მის გარშემომყოფებს საფრთხე არ ემუქრებათ“.

როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები?

პირველ რიგში, მშობელმა უნდა იზრუნოს ძალადობრივი ფაქტების პრევენციაზე და ბავშვს მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა სახის ქცევა არ არის მისაღები უცხოსგან თუ ახლობლისგან. რაც მთავარია, ბავშვი უნდა გრძნობდეს მშობლის უპირობო მხარდაჭერას. მან უნდა იცოდეს, რომ მოუსმენენ, არ დაადანაშაულებენ.

დროა, ამ თემას ტაბუ აეხსნას და ბავშვებთან გულახდილი საუბარი დავიწყოთ ყველა იმ საკითხზე, რაც მომავალში მათ უსაფრთხოებას დაიცავს. მათ უნდა იცოდნენ, რომ, გარდა გარეშე პირებისა, შესაძლოა მოძალადე აღმოჩნდეს სკოლაში, ბაღში, ეზოში, მეზობლად, ან სულაც ოჯახში და, რაც მთავარია, უნდა იცოდნენ ისიც, რომ მათ მშობლების სახით ჰყავთ გულშემატკივრები, რომლებიც დადანაშაულების გარეშე დაუდგებიან გვერდით და დაიცავენ საძულველი მოძალადეებისგან.

თუ გესაჭიროებათ იურიდიული ან ფსიქოლოგიური დახმარება, ან ხართ ძალადობის მსხვერპლი, დარეკეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო „ცხელი ხაზზე: 116 -006

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^