Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხმაურიდან სირცხვილამდე

26 სექტემბერი 2019

იმისთვის რომ გავიგოთ რა არის #სირცხვილი, რუსთაველზე მიმდინარე მოვლენების კადრი 2018-ის მაისში უნდა „გადავახვიოთ”, სადაც ადამიანები ღამის კლუბებში სპეცრაზმის შესვლას და  ძალადობრივ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ. ,,თეთრი ხმაურის’’ მოძრაობამ მარგინალიზებული ჯგუფი, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის მსხვერპლები, დღის სინათლეზე გამოიყვანა. ისინი ნარკოპოლიტიკის რეფორმას, დაზარალებული ადამიანების რეაბილიტაციას და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას ითხოვდნენ.   

ჩემი აზრით, ,,თეთრი ხმაური’’ ბოლო წლებში ყველაზე დიდი მემარცხენე მოძრაობა იყო,  რომელიც საფრთხეს წარმოადგენდა არა მარტო სისტემისთვის, არამედ პოლიტიკური ელიტისთვის, რომელიც უკვე 30 წელია არ თმობს ძალაუფლებას და სხვადასხვა სახით და პარტიით გვევლინება, იმ სისტემის დასაცავად, რომელსაც ხან მიშას ვარქმევთ, ხან ბიძინას. 

პოლიტიკურმა ელიტამ და მასზე მომუშავე მედიამ „თეთრი ხმაური” ,,ნარკომანების მოძრაობად’’ გააფორმეს და მათ მიმართ ხალხში აგრესიული დამოკიდებულება შექმნეს. ,,თეთრი ხმაური’’ წარმოგვიდგინეს როგორც საფრთხე, რომლის გაძლიერების შემთხვევაშიც თაობა განარკომანდებოდა. რეალურად კი საფრთხეს თავად გრძნობდნენ, რადგან ხმაური კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გარდა სოციალური პოლიტიკის ცვლილებასაც მოითხოვდა, რითიც ის მთლიანად პოლიტიკური ელიტას უპირისპირდებოდა. 

ხმაურის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის შედეგად შეიქმნა ვითარება, სადაც ხალხის ნაწილი ხელისუფლებას აკრიტიკებდა იმისთვის, რომ  ,,თეთრი ხმაური’’, კლუბ ,,ბასიანთან’’ ერთად, თაობას ,,რყვნიდა,’’ ხელისუფლება კი ამის საწინააღმდეგოდ არაფერს აკეთებდა. 

სწორედ ამ დროს, პოლიტიკაში დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი. მისი დაბრუნების ღამეს სპეცრაზმი ბასიანზე შეიჭრა —  ბიძინა ივანიშვილის მკაცრი ხელი უნდა ეგრძნო როგორც ,,ხმაურს’’, ასევე ხალხს. კლუბში მოცეკვავეებმა სისტემის მკაცრი ხელი სპეცრაზმელებისგან იგრძნეს.  სპეცრაზმის შეყვანას მოჰყვა არეულობა კლუბთან, შემდეგ კი პროცესები რუსთაველზე გაგრძელდა. 

ღამით პარლამენტთან პოლიტიკოსები გაჩნდნენ და პროცესებში ჩართვა სცადეს, თუმცა მათ რუსთაველზე გამოჩენას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰქვა. რომან გოცირიძეს ადამიანებმა ცოტა უწმაწურად შეახსენეს, რომ სისტემა, რომლის გამოც იმ ღამით ადამიანები კლუბიდან აქციაზე აღმოჩნდნენ, სწორად მისი თანაპარტიელების შექმნილი იყო.  ასეთივე არაერთგვაროვანი იყო რეაქცია ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გამოჩენისას, რომელსაც იქ თანაპარტიელი მომხრეებიც ჰყავდა და მოწინააღმდეგეებიც, რომლებისთვისაც ისიც იმ სისტემის დამცველი იყო, რომელსაც გაბრაზებულები, მაგრამ უსუსურები ებძროდნენ. იმ ღამეს, განსაკუთრებით ირონიულად გამოჩნდა ქართული ოცნების ლიბერალური ფრთის, კახა კალაძის და მის მიერ ღამის მერად დანიშნული სერგი გვარჯალაძის დაპირებები ღამის ეკონომიკის განვითარებაზე. მოკლედ, ,,თეთრი ხმაურის’’ შემქმნელებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, გააბრაზეს როგორც სისტემა, ისე სისტემის შემქნელები და სისტემაზე მომუშავე ადამიანები.

როგორ მუშაობს ასეთ დროს სისტემა ?

ასეთ დროს სისტემა აერთიანებს ძალებს და იწყებს აქციის წინააღდეგ მუშაობას. მედიის, პოლიტიკოსების, ძალოვანი უწყებების (შსს, სუსი), მოძრაობაში ჩანერგილების ხელით ბრძოლას.  

,,ხმაურის’’ წინააღმდეგ სისტემის მოქმედება მეორე დღესვე ვიხილეთ. ჩვენს წინაშე შეიქმნა ორი პარალელური რეალობა: ერთი რეალობა, სადაც ხალხი ძალადობრივ პოლიტიკას აპროტესტებდა და მეორე რეალობა, რომელიც მედიამ შექმნა და რომელშიც დემონსტრანტები ნარკომანებად, მოღალატეებად შეირაცხნენ. 

რა სჭირდება ამ დროს სისტემას?

ამ დროს სისტემას სჭირდება კონკრეტული ქმედება, რომელიც საბოლოოდ ააფეთქებს აგრესიულ მასას და შექმნის სამოქალაქო დაპირისპირების იმიტაციას (ჩვენი ქვეცნობიერი, ხომ ვერ იტანს სამოქალაქო დაპირისპირებას, მაგრამ სულ მისკენ მიისწრაფვის).  სისტემისთვის საჩუქარი 9 აპრილის მემორიალზე მოცეკვავე ანა სუბელიანი იყო, რომელმაც საბოლოოდ აღაგზნო აგრესიული მასა და მოამზადა იმისთვის, რასაც ყველანი ერთად ელოდებოდნენ. მისმა ცეკვამ აანთო ,,პატრიოტული’’ სულისკვეთება და მისცა მიზეზი პოტენციურ დაპირისპირებულ მხარეს, აქცია დაერბია. ანუ საფრთხე, რომელსაც ადამიანები ,,ხმაურში’’ ხედავდნენ, მოქმედებაში ნახეს. ,,მათთვის არ არსებობს არაფერი წმინდა’’ -  სისტემა რუსთაველზე კონტროლის დამყარებას იწყებს. 

მეორე დღეს, სხვადასხვა ფაშისტური ორგანიზაციები, ,,ქართული მარში,’’ ,,შავ პერანგიანთა’’ არმია და სხვები, რუსთაველთან შეკრებას იწყებენ და ,,ნარკომანების’’ დარბევით იმუქრებიან. პარალელურად რუსთაველზე ისევ მიდის ხალხი, რომელიც ხელისუფლების ძალადობრივ მოქმედებას აპროტესტებს.  პოლიცია აკეთებს ჯაჭვს და იწყებს რუსთაველზე შეკრებილების ,,დაცვას’’ აგრესიული მასისგან, რომელიც ასევე იზრდება. 

იწყება აქცია და სიტყვით გამოსვლები - სტანდარტული საპროტესტო დღე, არასტანდარტულ გარემოში. რაც დრო გადის, პოლიციას უფრო და უფრო უჭირს აგრესიული მასის შეკავება, რომელიც ყველა მხრიდან ცდილობს გაარღვიოს ჯაჭვი და სათანადოდ ,,დასაჯოს’’ რუსთაველზე შეკრებილი ადამიანები.  რა თქმა უნდა ძალიან რთულია იყო ალყაში, არ გიშვებდნენ ,,შენივე უსაფრთხოების’’ მიზნით და ელოდო, როდის შემოიჭრებიან გაურკვეველი ჯგუფები შენს საცემად. რევოლუციურ მუხტს სტრესი და დაღლილობა ანაცვლებს. 

კონტრ-აქციის შეკავებას პოლიციის ძალა არ ჰყოფნის და იწყება სპეც-რაზმის შემოყვანა ალყაში, სადაც ,,თეთრი ხმაურია’’ და არა იქ, სადაც აგრესიული მასაა. რობოტები, ხელკეტებს ურტყამენ ფარებს და ნერგავენ შიშს. თითქოს გიცავენ, მაგრამ გაშინებენ. აქციაზე ჩუმი არეულობაა. ძალოვანი ორგანო თითქოს ხალხის დასაცავადაა მობილიზებული, თუმცა ყველა ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად ხვდება, რომ ჩიხშია. 

ღამდება, თუმცა მგომარეობა არ იცვლება. ხმაური ისევ ალყაშია, ხალხი დაღლილი და შეშინებულია. რა მოხდება არავინ იცის.  სისტემას შესასრულებელი მხოლოდ ერთი დავალება დარჩა — აქცია უნდა დაიშალოს. 

როგორ შლის სისტემა აქციას ?

აქციაზე სისტემა მოდის გიორგი გახარიას სახით და იწყება შეხვედრა ,,ხმაურის’’ ლიდერებთან. შეხვედრაზე შედიან ვიღაცეები, ვიღაცეები ვერ შედიან. ეს ასე ხდება ხოლმე. ხალხს სახლში უნდა, მაგრამ არავინ აღიარებს, რომ ეშინია. 

ხალხს სახლში წასვლამდე პატარა გამარჯვება სჭირდება. გამარჯვება, რომელსაც იმ მომენტში დიდად დაინახავს და სახლში დამშვიდებული წავა.  გახარია და ხმაური შეხვედრიდან გამოდიან და იწყება სკანდირება: ,,ბოდიში! ბოდიში! ბოდიში!’’ აქციაზე შეკრებილი ადამიანები ითხოვენ ბოდიშს. გიორგი გახარია იწყებს ბოდიშით და ითხოვს ბოდიშს. გახარია ბოდიშს ვერ იღებს, მაგრამ მისია შესრულებულია, ამიტომ დიდ მნიშვნელობას ამას არ ანიჭებს. ადამიანებს მოსმენას და მოქმედებას ჰპირდება. ყველა უკრავს ტაშს, ყველას უხარია. როგორც იქნა სახლში მივდივართ.

მაგრამ... რა ხდება შეხვედრაზე? სად უნდა მიიღოს ის გამარჯვება სისტემამ, რომელიც მას ასე სჭირდება? უნდა გაშავდეს ,,თეთრი ხმაური’’ და ბექა წიქარიშვილი.

წიქარიშვილს აძლევენ არჩევანის ილუზიას: ან თქვენ წადით ავტობუსებით, ან აგრესიულ მასას დავარბევთ. რა თქმა უნდა ბექა წიქარიშვილი ირჩევს ავტობუსებით წასვლას, რადგან კონტრ-აქციის მისი ხელით დარბევა ნიშნავს იმას, რომ ის თვითონ უპირისპირდება იმ იდეას, რის გამოც სისტემის მოწინააღმდეგეა.  ის ირჩევს ადამიანურ გზას და არაძალადობრივი იდეის ერთგული რჩება. წიქარიშვილმა უარი თქვა იმ ადამიანების დარბევაზე, რომელებიც აქციაზე მონაწილეების მიმართ სახიფათოდ აგრესიულად იყვნენ განწყობილნი. იმ ღამით ბექას სისუსტე მისი ადამიანობა აღმოჩნდა.

აქცია სრულდება და, პარალელურ რეჟიმში, დათო  სუბელიანი ბექას საჯაროდ აკრიტიკებს. კი არ აკრიტიკებს... ლანძღავს. ანა სუბელიანი წიქარიშვილს აქციაზევე აკრიტიკებს იმის გამო, რომ თვითონ შეხვედრას არ დასწრებია. საინტერესოა რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ სუბელიანები წიქარიშვილის და დანარჩენების ადგილას? 

სისტემა ბექას სახელის დემონიზირებას იწყებს. ამას კი ,,თანამებრძოლების’’ ხელით აკეთებს. ბექას პოლიტიკური ელიტა ანტი-გმირად ამზადებს.  

თენდება მეორე დღე და ის ადამიანები, რომლებიც ,,ბოდიშს’’ სკანდირებდნენ ხვდებიან ჯგუფში, რომელსაც ,,თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოება’’ ჰქვია.

იწყება პოსტების წერა, თუ როგორი შეშფოთებულები არიან წინა დღეებით. ისინი დამარცხდნენ და ამიტომ საჭიროა, ბრძოლა გააგრძელონ. ისინი დამარცხდნენ ,,ხმაურის’’ არასწორი გადაწყვეტილების გამო... ამიტომ საჭიროა ახალი მოძრაობა, რომელიც სისტემის წინააღმდეგ იბრძოლებს. აქტიურობენ და-ძმა სუბელიანები, რომლებიც ,,ხმაურის’’ მსხვერპლი სუბელიანები ხდებიან, რომლებიც უკეთესად მოიქცეოდნენ, უფრო ჭკვიანურად. ჯგუფის მმართველობას იღებენ იმავე ღირებულებების ერთგული ახალგაზრდები, რომელზეც სისტემა დღესაც წარმატებით დგას. ,,თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოება’’ ხდება ინსტრუმენტი, რომლითაც სისტემა ცდილობს ამ პროგრესულ-ბნელ, რუსულ-დასავლური დაყოფით საზოგადოება აბსურდულ პოლიტიკურ დღის წესრიგში მოაქციოს და სოციალურ პრობლემებს აქტუალობა დაუკარგოს.

ბექა წიქარიშვილი ხდება მთავარი ანტიგმირი. ,,თეთრი ხმაური’’ დემონიზირებულია და ჩნდება კაპიტალისტური (ანუ ძალაუფლება მდიდრებს) საზოგადოება, რომელიც იღებს ,,ხმაურის’’ იდეას და უპირისპირდება ხელისუფლებას. 

რა ხდება დღეს? 

,,თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოება’’ ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების დახმარებით გავრილოვის ჩამოსვლის წინააღმდეგ  ფართომასშტაბიან აქციას იწყებს. ხელისუფლებას პარლამენტში რუსი პოლიტიკოსი შეჰყავს. ოპოზიცია ამისთვის მზადაა, მობილიზებას აკეთებს პარლამენტში, ასევე პარლამენტს გარეთ და იქმნება ანტირუსული პროტესტი. იკრიბება უამრავი ადამიანი და რევოლუციური მუხტი იქმნება. 

თუმცა რევოლუციური მუხტი იქმნება მხოლოდ  რამდენიმე პოლიტიკოსისთვის და მათი აქტვისტებისთვის. გაშლილი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლობა ხედავს კრიტიკულ მასას და გეგმავს პარლამენტში შევარდნას. 

რუსთაველზე შეკრებილი ადამიანების დიდ ნაწილს პარლამენტში შევარდნა არ სურს. პოლიტიკოსებს, რა  თქმა უნდა, გააზრებული აქვთ, რომ პასუხად სისტემა რობოტებს გამოიყვანს და ხალხს დაარბევს. ისიც ზუსტად აქვთ გააზრებული, რომ ქართველ სამართალდამცველებს ზომა არ გააჩნიათ ასეთ დროს და შეიძლება დანაშაულიც ჩაიდინო —  ბოლოს და ბოლოს მათი შექმნილი სისტემაა და მისი სისუსტეებიც კარგად იციან. 

მოკლედ მოხდა ის, რაც მოხდა. მიტინგი დაარბიეს, ახალგაზრდებს თვალები დათხარეს და კრიტიკული მასა უფრო და უფრო გაიზარდა. ანტი რუსული გამოსვლები შეიცვალა გახარიას გადადგომის მოთხოვნით. ჩაირთო საქართველოს ჰიმნი, პატრიოტიზმი ადუღდა სისხლში, დაიწერა რამდენიმე ,,რევოლუციური’’ განწყობის შემქნელი სიმღერა.

აქციის ერთ-ერთი მთავარი წამყვანი მიშა მშვილდაძე გახდა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დაწერილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროპაგანდისტული ,,თრეშის,’’ ,,მიშა მაგარიას’’ ავტორია. დღეს კი მშვილდაძის და დანარჩენების ტელევიზიას პოლიციური რეჟიმის ერთ-ერთი სიმბოლო, დავით კეზერაშვილი ღიად აფინანსებს და აქტივისტებს პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ჰპირდება.

სახალხო მიკროფონთან გამოჩნდა პოლიტიკური ელიტა და დაიწყო ფიქრი მომავალ გეგმებზე. პარალელურად დაანონსდა ,,თავისუფლების ინსტიტუტის’’ თავიდან დაარსების იდეა, მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში მოვიდა და თავისუფლებმაც გადაცემა დაიწყეს.  

დაანონსდა ახალი მოძრაობის ჩამოყალიბება, რომელიც ბიძინა ივანიშვილს დაამარცხებს. ანუ, ბიძინა ივანიშვილს შეცვლის ნეოლიბერალური ძალებით —  ნეოლიბერალურ ძალას ნეოლიბერალური ძალით. შექმნეს ახალი სახეები და სამოქმედო გეგმაც დასახეს. ჩვენ კი მათ უნდა ვუგულშემატკივროთ იმისთვის, რომ ნაცმოძრაობა და გამავრცელებლები ერთად აღმოჩნდნენ იმ სისტემის სათავეში, რომელის შეცვლაც ასე გვსურს ადამიანებს, რომლებიც გავიკრიფეთ. 

მივიღეთ ასეთი რეალობა: სისტემის ორი მანქანა, რომლის ერთ მხარეს ხელისუფლებაა, მეორე მხარეს კი პოლიტიკური ელიტა, ახლად შექმნილ აქტივისტებთან ერთად.  

როგორც კი სისტემა მესამე ძალის გამოჩენის საფრთხეს გრძნობს, მის წინაღმდეგ მუშაობას სისტემის სხვადასხვა ნაწილები ერთად იწყებენ.

#სირცხვილია დღეს პოლიტიკური ფულის თუ ბიზნესის სახე გახდა, რომელიც გაურკვეველი ცვლილებებისთვის ემზადება, ამ ყველაფერს კი პატრიოტული სულისკვეთებით გვიჩვენებს.

ბიძინა ივანიშვილის სიტყვები მახსენდება, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლა მნიშვნელოვანი მესიჯით დაიწყო: ,,შუა უნდა გაიკრიფოს’’.  დღეს არსებობს სისტემა ბიძინა ივანიშვილის სხეულით და #სირცხვილია, რომელიც კარგად ორგანიზებული, აწყობილი მანქანაა, რომელიც ალტერნატიული რეალობის ილუზიის შექმნას ემსახურება.  ილუზიის, სადაც ორივე მხარე ცხოვრობს და დანარჩენი სხვა არსებობს.

რეალობა ასეთია:  იყო ხმაური. დღეს სირცხვილია. 

მე ხმაური მირჩევნია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ნოემბერი
20 ნოემბერი

განგაშის 5 ზარი

5. პატრიარქის ნებართვა პატრიარქის ნებართვისა და ერთგვარი კურთხევის გარეშე რომ მმართველი არ იცვლება, ეს ძველი ამბავი ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

მაჟორიტარული სისტემის კრიზისი გაერთიანებ ...

თანამედროვე დასავლურ პოლიტიკაში, მოულოდნელ, მეინსტრიმულ პოზიციებთან დაპირისპირებული მოსაზრებების დემოკრატიულმა ტრიუმფმა ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

კონსტიტუცია და მისი პოლიტიკური ინტერპრეტ ...

2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსული „ქართული ოცნება“ გახელისუფლების შემდეგ ყველაზე მწვავე და არსებით პოლიტიკურ ...

მეტი

^