Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"არ მიყვარს, როცა ამბობენ, რომ სოხუმი დაეცა" - 26 წელი ომის დასრულებიდან

27 სექტემბერი 2019
საომარი მოქმედებები აფხაზეთში, რომელმაც 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 300 ათასი დევნილად აქცია, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. პირველი გასროლა ოჩამჩირეში, სოფელ ოხურეისთან მოხდა. გადამწყვეტი ბრძოლა კი სოხუმთან 1993 წლის სექტემბერში გაიმართა. 13-თვიანი ბრძოლის შემდეგ, 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. როგორი შემორჩა აფხაზეთი იქიდან დევნილთა მეხსიერებას?

დოდო ქამუშაძე:

„მამაჩემი ინჟინერი იყო და როდესაც სოხუმში რკინიგზის გაყვანა დაიწყეს, სამუშაოდ იქ გაანაწილეს. მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა სოხუმში მაქვს გატარებული. ყველაზე ლაღი, უდარდელი და ბედნიერი წლები ჩემს საყვარელ მხარეში გავატარე. მახსოვს, დიდი, თეთრი ორსართულიანი სახლი გვქონდა სანაპიროსთან. ზაფხულობით ჩვენი ნათესავები და მეგობრები ჩამოდიოდნენ და თვეობით რჩებოდნენ. არაფერი გვედარდებოდა, ვისვენებდით, ვმხიარულობდით და საუკეთესო დროს ვატარებდით ერთად. ერთი სახალისო ფოტო გვაქვს გადაღებული, 40-მდე ადამიანი ვართ სურათზე, ყველა მათგანი ჩვენთან რჩებოდა სახლში. ოთახებში ტევა არ იყო ხოლმე და ასე იყო ყოველ ზაფხულს. 

დედ-მამა და ჩემი და იქ არიან დაკრძალულები. ომის შემდეგ ვეღარ ჩავედი, ვეღარ მოვინახულე მათი საფლავები, ვერ მოვახერხე მათთან გამომშვიდობება.

ყველაზე მეტად გული იმ ურთიერთობებზე მწყდება, რაც აფხაზეთში ერთმანეთში გვქონდა. ყველანი ერთნი ვიყავით, ერთად ვიყავით და ვერც წარმოვიდგენდით, თუ ოდესმე რამე ძალა ერთმანეთს დაგვაშორებდა. დღეს აფხაზეთის მონატრებას მეგობრები ერთად ყოფნით ვიქარვებთ, ძალიან ცოტანი დავრჩით კლასელები. როცა ერთად ვართ, ვიგონებთ აფხაზეთში გატარებულ ბედნიერ წლებს.

არ მიყვარს, როდესაც ამბობენ, რომ სოხუმი დაეცა. არ არის ეს ასე. ვიცი, რომ ის, რაც საუკუნეების განმავლობაში ერთად შევქმენით, არ დაიკარგება და ადრე თუ გვიან ყველაფერი ძველებურ კალაპოტს დაუბრუნდება“.

მარიამ მორჩილაძე:

„ჩვენ გაგრაში ვიყავით, როდესაც ომი დაიწყო. პატარა გემით წამოვედით. ბიძაჩემი დარჩა, ბებია და ბაბუაც ვერაფრით დავითანხმეთ თბილისში წამოსვლაზე. მოგვიანებით უკვე გავიგეთ, რომ ბიძაჩემი სხვა ტყვეებთან ერთად დახვრიტეს. ომის დასრულების შემდგომ კი, გაგრიდან აფხაზმა მეზობლებმა შემოგვითავალეს, თქვენი სახლი გვინდა, ამიტომ ან წაიყვანეთ თქვენი მოხუცები თბილისში, ან გადასვენება მოგიწევთო. ჩავიდა მერე მამაჩემი სოჩაში, იქ შეხვდა მეზობლებს, რომლებმაც ბებია და ბაბუა მოუყვანეს მამას და თბილისში გამოაყოლეს.

თბილისში ვცხოვრობდით, მაგრამ წელიწადში 4-5 თვეს გაგრაში ვატარებდით. ასე მგონია, ჩემი ბავშვობა აფხაზეთის ომით დასრულდა“.

ვლადიმერ გაბესკირია:

„აფხაზეთის სახით საქართველომ დროებით მარგალიტი დაკარგა. პირადად მე კი, ბავშვობა, საყვარელი ადგილები, პატარა და ულამაზესი ქალაქი სოხუმი და ყველაზე საყვარელი ადამიანი - მამა. სამწუხაროდ, მხოლოდ 14 წელი მქონდა ამ ქალაქში ცხოვრების ბედნიერება. ყველაზე ბედნიერი წუთები და წლები მაქვს გატარებული ჩემს სოხუმში. მახსენდება სოხუმის ზღვა, სანაპირო, პალმები და ჩვენი განთქმული „პინგვინი“, სადაც იყიდებოდა სოხუმის ქვიშაზე დამზადებული ცნობილი ყავა და უგემრიელესი ნაყინი. სოხუმი იყო, არის და ყოველთვის იქნება ისეთი ჩემს მეხსიერებაში, როგორიც დავტოვე, მაგრამ დღეს მტკივა ქალაქი, რომელმაც დაკარგა სხეული, დევნილობამ მისი სული თან წამოიღო.

ძალიან ძნელია ორი სიტყვით იმის გადმოცემა, რა ჯოჯოხეთიც გამოიარა ჩემმა ოჯახმა. ძალიან მწარედ მახსოვს ის დაბომბვა და კალაშნიკოვის სროლის ხმები ოკუპანტი რუსეთის მხრიდან. 1993 წლის 16 სექტემბერს, როდესაც აფხაზებმა დაარღვიეს შეთანხმება და გახსნეს ცეცხლი, მაშინ სოხუმში ვიყავი. მე და ბებოს პატარა გემით მოგვიწია გასვლა. ირგვლივ ყველაფერი იბომბებოდა, მაგრამ, ღვთის წყალობით, გადავრჩით. ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც შემდგომი წლების განმავლობაში მე და დედამ გადავიტანეთ. მამა ცოცხალი გვეგონა და ვიყავით მუდმივად მის მოლოდინში. არსებობდა ბევრი ვერსია იმის შესახებ, რომ გუდაუთის ციხეში ჰყავდათ, თუმცა მოგვიანებით გამოჩნდა ის ცნობილი კადრები, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ აწამებენ, დასცინიან და ექცევიან მეომრებს. მას შემდეგ ყველანაირი იმედი გადაგვეწურა, რომ მამა სახლში ცოცხალი დაბრუნდებოდა“.

ჯულიეტა ჯინალი-ხუბუა:

„43 წელი ვცხოვრობდი აფხაზეთში. ჯერ ტყვარჩელში დავამთავრე სკოლა, სოხუმში - უმაღლესი და შემდეგ ოჩამჩირეში დავქორწინდი, და ვცხოვრობდი ომამდე იქ. არაჩვეულებრივი ცხოვრება გვქონდა. აფხაზეთი ყველაფერია ჩემთვის.

ახლანდელი თაობის ბავშვებს ჰგონიათ, რომ ჩვენ ერთმანეთის მტრები ვართ, რომ რამე გვაქვს გასაყოფი, არადა, ასე არაა. აქ ხომ მესამე ძალა არსებობს, რომელმაც ეს ყველაფერი, ეს შუღლი და არეულობა გამოიწვია.

ომამდე დაძაბულობა იგრძნობოდა, ორად იყო გაყოფილი ქართველობა. 1993 წლის 29 სექტემბერს წამოვედით აფხაზეთიდან. მაშინ იქ გაჩერება უკვე აღარ შეიძლებოდა. მოვდიოდი, ვუყურებდი ჩემს სახლს და ვფიქრობდი, ნუთუ ოდესმე კიდევ შევძლებ უკან დაბრუნებას-მეთქი.

ამდენი წელი გავიდა და თითქოს გუშინ დავტოვეთ იქაურობა. შემიძლია წავიდე აფხაზეთში, მქონდა კიდეც რამდენჯერმე საშუალება, მაგრამ არ მინდა ისეთ აფხაზეთში ჩასვლა, სადაც სტუმრად მივდივარ. მე ჩემს სახლში სტუმრად ვერ წავალ. მინდა მასპინძელი ვიყო იქ, სადაც გავიზარდე და ახალგაზრდობა, ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე“.

ფოტოები: გოგი ცაგარელი (2,3), ოლესია ვართანიანი (1,4).

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^