Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დიდი ბრიტანეთის „საპარლამენტო რესპუბლიკა"

27 სექტემბერი 2019

ლონდონდში განთავსებული დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის მიერ პარლამენტის მუშაობის 5-კვირიანი შეჩერება უკანონო იყო და მას ლეგალური მნიშვნელობა არ ჰქონია. შესაბამისად, უზენაესმა სასამართლომ შეკრების პრეროგატივა კვლავ პარლამენტს გადააბარა. თემთა პალატის სპიკერმა ჯონ ბერკოუმ გადაწყვიტა, რომ საკანონმდებლო ორგანო დაუყოვნებლივ დაჰბრუნებოდა ჩვეულ განრიგს და კანონმდებლებმა ცხარე დებატებით აღნიშნეს იძულებითი შვებულებიდან დაბრუნება.

28 აგვისტოს დედოფალმა ელისაბედმა საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა შეაჩერა, გამოიყენა რა „ფორმალური“ ძალაუფლება მრჩეველთა საბჭოს კონსერვატორი წევრების თხოვნით და კანონმდებლები თავად დედოფლის საპარლამენტო ვიზიტამდე (14 ოქტომბრამდე) დასასვენებლად გაუშვა, იმ მიზეზით, რომ შიდა პოლიტიკის არაერთი საკითხის დასამუშავებლად მთავრობას მეტი დრო ჰქონოდა. მოცემული მექანიზმის გამოყენება თავად ბორის ჯონსონს თანამებრძოლებმა ურჩიეს, პარალმენტის მხრიდან შეთანხმების გარეშე ევროკავშირის დატოვებას ხელი რომ არ შეშლოდა და ასევე პოლიტიკური წნეხის ასარიდებლად, რომელიც სოლიდური საპარლამენტო ტრიბუნიდან მოდიოდა.

მას შემდეგ, რაც ბორის ჯონსონის კონსერვატიულ პარტიას, საკვანძო კენჭისყრისას, 21 თანაპარტიელი პარლამენტარი გაემიჯნა, პარლამენტის იძულებით არდადეგებზე გაშვებამაც დაკარგა ძირითადი მნიშვნელობა, თუმცა პოლიტიკური წნეხის არიდებაც მნიშვნელოვანი იყო ბრიტანეთის ახლანდელი ხელისუფლებისთვის.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ კონსერვატორები განარისხა, მათი გამოსვლების რიტორიკა ორმაგ სტანდარტებსა და ტენდენციურობაში სდებდა ბრალს უმაღლეს სასამართლო ორგანოს, რომელიც ამ სამართლებრივი ფორმით ტონი ბლერის, ყოფილი ლეიბორისტი პრემიერმინისტრის, ევროკავშირში დარჩენისთვის მებრძოლი პოლიტიკოსის 2009 წლის რეფორმების შედეგად ჩამოყალიბდა. კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ჯეიკობ რეს მოგის განცხადებით, უზენაესი სასამართლო კონსტიტუციურ შეთქმულებას აწყობს. ბრიტანული სამართლის სისტემა ანგლოამერიკულ ოჯახს განეკუთვნება, რომელიც პრეცედენტების მეშვეობით მოქმედებს. პრეცედენტი ადგენს სამართლებრივ სტანდარტს, სამართლებრივი სტანდარტი ადგენს წესს, წესი - ტრადიციას, ბრიტანელები ტრადიციების მოყვარული ხალხია. უკანასკნელმა მოვლენებმა პოლიტიკასთან ერთად ბრიტანული სამართალიც „შარში გახვია“.

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მყოფი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი სამშობლოში დაბრუნდა. პოლიტიკური პაექრობის ასპარეზზე ევროკავშირში დარჩენის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ბრძოლა განახლდა. თავად პრემიერი ბრექსიტის გადამვადებელ საკანონმდებლო აქტს კაპიტულაციის დოკუმენტს უწოდებს, ჯერემი კორბინს კი, პირველ ოპოზიციონერს ისტორიაში, რომელსაც არჩევნები არ სურს. კონსერვატორები სამარცხვინოებად და ლაჩრებად მოიხსენიებდნენ პოლიტიკურ ოპონენტებს, პოლიტიკური ოპონენტები სხვადასხვა ფობიაში ადანაშაულებენ მმართველ პირებს. ობიექტური შეფასებით, დიდი არეულობაა ბრიტანულ პოლიტიკაში. სირთულეს წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ, მიუხედავად საკანონმდებლო ორგანოს წინააღმდეგობისა, ბორის ჯონსონი დარწმუნებულია - 31 ოქტომბერს გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს დატოვებს. რა ხერხებით მოხერხდება ეს ან ვერ მოხერხდება, ამაზე პოლიტიკოსები ნაკლებად საუბრობენ, თუმცა ანალიტიკოსები უამრავ სცენარს განიხილავენ, მათ შორის ისეთსაც, სადაც ბრიტანეთი ევროკავშირს ტოვებს, პრემიერი კი გისოსებს მიღმა აღმოჩნდება.

პრაგმატული, რაციონალური შეფასებით, სიტუაციის განმუხტვის საუკეთესო საშუალება ახალი გენერალური არჩევნების გამართვა იქნება. პრობლემა ის არის, რომ ახლანდელი საკანონმდებლო ორგანოს წევრთა უმრავლესობა ან ევროპულ გაერთიანებაში დარჩენის მომხრეა, ან კატეგორიული წინააღმდეგი შეთანხმების გარეშე გაერთიანების დატოვების. გაერთიანებულ სამეფოში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა მოქმედებს. ბრექსიტის რეფერენდუმის შედეგებითა და პარტიული რეიტინგებით თუ ვიმსჯელებთ, უამრავ მოქმედ კანონმდებელს ამომრჩეველი ან თავად პარტია ევროსკეპტიკოსი კანდიდატით ჩაანაცვლებს. შესაბამისად, თუ ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, ბევრი მოქმედი პარლამენტარი მანდატს დაკარგავს; თუ ევროპულ გაერთიანებაში დარჩენის მომხრეები საპარლამენტო მანდატებს დაკარგავენ, არ არის გამორიცხული, ევროსკეპტიკოსებმა უმრავლესობა მოიპოვონ და ეს სულაც არ იყოს პარტიული უმრავლესობა, არამედ იდეური. სცენარის ამგვარად განვითარება კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება ევროკავშირში დარჩენის მომხრეთათვის.

ერთადერთი საკითხი, რაზეც პარტიებმა შესაძლოა კონსენსუსს მიაღწიონ, შეთანხმების გარეშე ევროკავშირის დატოვებაზე უარის თქმაა. ცნობილია, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის, ლეიბორისტთა ლიდერი ჯერემი კორბინი თანახმა იქნება ახალ გენერალურ არჩევნებზე, თუ პარტიები გამორიცხავენ შეთანხმების გარეშე ევროპული გაერთიანების დატოვების საკითხს. უცნაური ის არის, რომ რთულია მსგავსი სიტუაციის გამორიცხვა, მაშინ როდესაც, სამი წელია ევროკავშირთან შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება. ბრექსიტის თარიღმა უკვე არაერთხელ გადაიწია, ევროპიდანაც ისმის გზავნილები, რომ აღარ აპირებენ უსასრულოდ უხანგრძლივებდნენ გაერთიანებულ სამეფოს კავშირიდან გასვლის პროცესს. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში ლეიბორისტები გაიმარჯვებენ, სავარაუდოდ, ახალ კომიკურ სცენარს უნდა ველოდოთ, რომელშიც კორბინი და მისი გუნდი მიდის ბრიუსელში, აღწევს შეთანხმებას, შემდეგ ბრუნდება სამშობლოში და შეთანხმების წინააღმდეგ იწყებს პოლიტიკურ კამპანიას, რაც ბრექსიტის მეორე რეფერენდუმით სრულდება, ყოველ შემთხვევაში, ამას თავად ლეიბორისტები ამბობენ, მაგრამ რა ვქნათ, თუ მეორე რეფერენდუმიც ბრექსიტერებმა მოიგეს? - მესამე ჩავატაროთ!

მოგეხსენებათ, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო სისტემა კონსტიტუციური მონარქიაა, თუმცა უკანასკნელმა მოვლენებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. დედოფლის ფორმალური, მაგრამ მაინც ძალაუფლება უზენაესმა სასამართლომ შეარყია და, მონარქის გადაწყვეტილების მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანოს შეკრების უფლება მისცა. მთავრობის მეთაურმა ბორის ჯონსონმა საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა და უმცირესობის პრემიერი გახდა. მიმდინარე ბრექსიტული საგის ბოლო სერიაში ძალაუფლება მთლიანად პარლამენტს ერგო და, ბრიტანეთის ისტორიაში პირველად, საპარლამენტო რესპუბლიკის კონტურები ვიხილეთ. იქნება ბრექსიტი გედის სიმღერა ბრიტანული მონარქიისთვის? - ჯერ არ ვიცით, თუმცა უკვე ვერაფერს გამოვრიცხავთ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ნოემბერი
20 ნოემბერი

განგაშის 5 ზარი

5. პატრიარქის ნებართვა პატრიარქის ნებართვისა და ერთგვარი კურთხევის გარეშე რომ მმართველი არ იცვლება, ეს ძველი ამბავი ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

მაჟორიტარული სისტემის კრიზისი გაერთიანებ ...

თანამედროვე დასავლურ პოლიტიკაში, მოულოდნელ, მეინსტრიმულ პოზიციებთან დაპირისპირებული მოსაზრებების დემოკრატიულმა ტრიუმფმა ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

კონსტიტუცია და მისი პოლიტიკური ინტერპრეტ ...

2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსული „ქართული ოცნება“ გახელისუფლების შემდეგ ყველაზე მწვავე და არსებით პოლიტიკურ ...

მეტი

^