Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოსკარ მაცერატის ხმაური და მძვინვარება

30 სექტემბერი 2019
„ბერლინერ ანსამბლის“ სპექტაკლი თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე

როდესაც გიუნტერ გრასს - მწერალს, პოეტს, დრამატურგსა და პუბლიცისტს 1999 წელს, 72 წლის ასაკში ნობელის პრემია მიენიჭა, კრიტიკოსთა და, უბრალოდ, მკითხველთა დიდი ნაწილი დარწმუნებული იყო, რომ ეს მწერლის პირველ და, ალბათ, ყველაზე ცნობილ რომანს, „თუნუქის დოლს” უკავშირდებოდა. ნაწარმოები 1959 წელს გამოვიდა და უდიდესი წარმატება ხვდა წილად. მწერალი და კრიტიკოსი, გეორგ შტაინერი აღნიშნავდა: „დამღუპველი ნაცისტური ექსპერიმენტის შემდეგ, პირველად გერმანელმა მწერალმა გაბედა და ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, ფხიზელი თვალით შეხედა თავისი ქვეყნის საბედისწერო წარსულს და ნანახი კრიტიკისა და გროტესკის ზღვარზე გააანალიზა.”

გიუნტერ გრასის რომანში ასახულია ფაშიზმის ჩასახვის წლები გერმანიაში. მთავარი გმირი პატარა ბიჭუნაა, რომელმაც უფროსების სამყაროთი ისეთი იმედგაცრუება იწვნია, რომ გადაწყვიტა აღარ გაზრდილიყო და სამი წლის ბავშვად დარჩენილიყო. ეს არის მასშტაბური და ბრწყინვალე სატირა ფაშიზმსა და აბსურდულ რეალობაზე, რამაც მთავარ გმირს - ოსკარ მაცერატს შთააგონა სამყარო სხვებისთვის უხილავი, გაყინული შინაგანი წერტილიდან დაენახა. 1979 წელს გამოვიდა ცნობილი გერმანელი რეჟისორის, ფოლკერ შლიონდორფის ეკრანიზაცია. ამავე წელს „თუნუქის დოლი“ კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზით - „ოქროს პალმის რტოთი” დაჯილდოვდა და, გარდა ამისა, დაიმსახურა „ოსკარი” საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის.

მოკლედ, გიუნტერ გრასის რომანს კარგი რეკლამა და მშვენიერი არტ-შლეიფი სდევდა თან, რაც თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე წარმოდგენილ „ბერლინერ ანსამბლის“ სპექტაკლისადმი ინტერესს კიდევ უფრო აძლიერებდა. რეჟისორმა ოლივერ რიზემ (რომელიც, სხვათა შორის, სულ რაღაც ორი წელიწადია, რაც ამ სახელოვანი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა), სცენოგრაფმა დანიელ ვოლენცინმა, მუსიკის ავტორმა იორგ გოლაშმა და, რაც მთავარია, ახალგაზრდა მსახიობმა ნიკო ჰოლონიკისმა მოახერხეს უზარმაზარი, ეპიკური რომანი თითქმის ორსაათიან მონოწარმოდგენაში ჩაეტიათ.

ეს არის ავანსცენაზე, ქვიშით შემოსაზღვრულ სამყაროში ჩარჩენილი პატარა ოსკარის მონოლოგი და, ამავდროულად, 30-იანი წლების გერმანიის ინტროსპექციული ხედვაც. დრამატული ამბების გადაკვეთა პარალელური წრფეებივით მხოლოდ უსასრულობაში კი არა, ჩვენ თვალწინ არის შესაძლებელი. ნიკო ჰოლონიკისის თამაში ბურლესკისა და შინაგანი თხრობის ერთდროულობას გულისხმობს. მისი სწრაფი, საოცრად დატვირთული და მეტყველების ლამის ეპილეფსიური დაძაბულობა ადვილად არღვევს გაუცხოებულ ენობრივ ბარიერს და მაყურებელს მშფოთვარე და გროტესკული ძალით ატყდება თავს.

„გაუზრდელი“, სამ წელიწადში ჩარჩენილი ოსკარ მაცერატი ცხოვრებისეული ენერგიითაა აღსავსე, როგორც ეს კოლექტიურ თუ სახალხო პერსონებს ჩვევიათ. ის მთლიანიცაა და დასახიჩრებულიც, ძლიერიც და განწირულიც, დამცირებულიც და დამცინავიც... რეჟისორი ცდილობს უზარმაზარი ტექსტი იმგვარად შეკუმშოს, რომ ქაოტურ მდგომარეობაში მყოფი პერსონაჟის მონოლოგები რაღაც კომპოზიციური სისტემაში მოაქციოს. თანაც ისე, რომ არც ოსკარი დაიკარგოს და არც სხვა პერსონაჟები. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლში პირველ პლანზე ხაზგასმით პიროვნული თვალსაზრისი გამოდის, ის კოლექტიური მსოფლმხედველობის სამყაროსაც წარმოგვიდგენს.

ჩვენ თვალწინ იშლება როგორც კამერული, მცირე და ვითომ უმნიშვნელო ეპიზოდები, ისე ეპოქალური მოვლენებიც: ნაციზმი, ოკუპაცია, ნგრევა, თუ გერმანიის აღმშენებლობა. თუმცა ყველაფერი მაინც ოსკარის აღქმაში დეფორმირდება. ნებისმიერი ღირებულება - პატრიოტიზმი, გმირობა თუ თავგანწირვა მის ცნობიერებაში ირღვევა, იმსხვრევა - როგორც მინა მისი ხმის ვიბრაციისას და დაღუპვის პირას მდგარი საზოგადოების შთაბეჭდილებას ტოვებს. პარადოქსული ფორმით ოლივერ რიზეს სპექტაკლი საზოგადოების ევოლუციის დამღუპველობაზეც მოგვითხრობს. მეორე მხრივ, ეს ხელს არ უშლის მას დაინახოს, თუ რამდენად სიცოცხლისუნარიანია ოსკარის სახით უფსკრულის პირას მდგარი საზოგადოება. 

თუ გიუნტერ გრასი თავის რომანში გოგოლის „შეშლილის წერილებისათვის” დამახასიათებელი გულუბრყვილო სითამამითა და სიშლეგით უპირისპირებს ერთმანეთს გამოგონილ და რეალურ სამყაროებს, სპექტაკლის რეჟისორი უფრო სხვა გზავნილებს ამოიკითხავს. მოკრძალებული, ასკეტური, მაგრამ სახიერი თეატრალური ფორმით ოლივერ რიზე ცდილობს წარსულის აჩრდილები ისეთი გროტესკული და ფერმიხდილი გახადოს, რომ აღარავინ ირწმუნოს მისი. ამავე დროს, გამოააშკარაოს ნაციზმთან „გაბაასებისა თუ შეთამაშების“ საფრთხე, რომელიც ევროპაში დღეს არსებული პოლიტიკური ვითარების გამო ჯერ კიდევ არსებობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

გორდონ გეკო ამერიკის სათავეში

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანს უეჭველად შევა დიპ ...
18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

მეოთხედფინალის მოლოდინში

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს რვა გუნდი შემორჩა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეოთხედფინალის დრო დამდგარა. ოთხივე შე ...
18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

რაციონალური პოლიტიკის ტრიუმფი - ბორის ჯო ...

ევროკავშირის დატოვების შესახებ დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა შეთანხმებას მიაღწიეს. ბორის ჯონსონის აზრით, შეთანხმება, ...

მეტი

^