Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დარჩიაშვილი და აბლოთია სააკაშვილის ბოკერიაზე თავდასხმის მიზეზებზე

03 ოქტომბერი 2019

გიგა ბოკერიას წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის „ხმაურიანი“ განცხადებების თაობაზე „ლიბერალი“ ესაუბრა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, დავით დარჩიაშვილს, რომელმაც აშკარა გულისტკივილით, თუმცა შინაარსობრივად მკაფიო განცხადებები გააკეთა.

ბატონო დავით, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ეს ღირებულებითი კონფლიქტია ორ პროდასავლურ პარტიას შორის?

დავით დარჩიაშვილი: მე მაინც მგონია, რომ აქ ძალზე დიდ როლს პიროვნული წყენა და არა ფუნდამენტური ღირებულებითი საკითხები თამაშობს. ძალიან ვწუხვარ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ამ ინტერვიუში ასე ილაპარაკა. ეს ხელს არ უწყობს ოპოზიციურ ფლანგზე ურთიერთგაგების მშენებლობას, რაც ასე საჭიროა.

შესაძლოა „პიროვნული წყენიდან“ გამომდინარე ნამდვილად იყო, მაგრამ, ალბათ, არსებითი საკითხი ისაა, რა ინტერპრეტაციათა რისკს წარმოშობს ეს ყოველივე სხვადასხვა პოლიტიკურ, სოციალურ და საზოგადოებრივ ჯგუფში. თქვენ თუ ხედავთ ამ რისკებს - რაც სცილდება პიროვნულ ფაქტორს, რომელიც ბევრისთვის არსებითი იქნებ არც იყოს?

რა თქმა უნდა, ეს ყოველივე ნამდვილად „ასხამს წყალს“ გაუცხოებისა და ურთიერთბრალდებების „წისქვილზე“. ეს კი ძალიან ცუდია. ამის მომხრე არც ერთ შემთხვევაში არ ვარ. მე იმის მომხრე ვარ, რომ წყენა და გაუცხოება, რაც არსებობს, დაძლეულ იქნას მომავალი არჩევნებისთვის. ბუნებრივია, ვგულისხმობ ოპოზიციურ ფლანგს და არა ხელისუფლებას ან მის პრორუსულ სატელიტებს.

ძალიან მინდა, ოპოზიციურ სპექტრში მეტი ენერგია იხარჯებოდეს არა „საქმეების გარჩევაზე“, არამედ კოორდინირების გარკვეულ მოდალობათა შექმნაზე. მიხეილ სააკაშვილის განცხადებები კი ამას, სამწუხაროდ, ხელს არ უწყობს. არა მგონია, რომ გადაულახავი პრობლემა შეიქმნა და ამით სრულდება პროცესი მაგრამ… ეს ოპოზიციური ძალების გაერთიანებას ხელს ნამდვილად არ უწყობს.

ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ ღირებულებითი (არა პიროვნული) თვალსაზრისით, ის რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა, არის „ჯანსაღი კონსერვატიზმი“, „ეროვნულ-დემოკრატიული“ და „სახელმწიფოებრივი“ პოზიცია, რაც გულისხმობს ეკლესიაზე როგორც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ინსტიტუტზე დაყრდნობას?

ნამდვილად ვუფასებ მიხეილ სააკაშვილს ისტორიულ წვლილს ამ ქვეყნის მოდერნიზებაში, მაგრამ თუ ამის თქმა უნდოდა, შეეძლო სხვანაირად ეთქვა - თუ მართლაც სურს ამ ნიშის დაკავება. თუმცა რაკი მას ერთდროულად მეტისმეტად ბევრი ნიშის დაკავება სურს უკვე, მისი მხრიდან ეს ნაბიჯი ძალზე ეკლექტური გამოდის.

გარდა ამისა, მე მხოლოდ პირადი წყენით თუ ავხსნი იმას, რომ ამ რიტორიკას „მიაყოლა“ შეტევა გიგა ბოკერიაზე, რომელიც მისი თანამებრძოლი იყო ყველა რეფორმის გატარებისას. მთელს იმ პროცესებში, რაც სააკაშვილის სახელთან არის დაკავშირებული, ისინი ერთად იყვნენ და ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს იყო შეცდომა.

„ლიბერალი“ ასევე დაუკავშირდა პუბლიცისტ თენგიზ აბლოთიას, რომლის შეფასებითაც, მიხეილ სააკაშვილის „სხვების მიერ უკვე დაკავებული ნიშის“ დაუფლების მცდელობა სრულიად უშედეგო იქნება.

თენგიზ აბლოთია: მიხეილ სააკაშვილი მოსწყდა რეალობას, დიდი ხნის წინ უკვე, მაგრამ ამ ბოლო განცხადებებით ეს ყველაზე უკეთ გამოჩნდა. მორალურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, დიდი მიამიტობაა იმის დაჯერება, რომ ვინმე ნაციონალისტურად განწყობილი ადამიანი, ვთქვათ „ქართული მარშის“ ან „პატრიოტთა ალიანსის“ მომხრე, არათუ დაუჯერებს მიხეილ სააკაშვილს, არამედ საერთოდ მოუსმენს მას.

ბოლოს და ბოლოს, „მიშა“, როგორც პოლიტიკოსი არსებობს 2000 წლიდან. იგი ხომ ახალი ფიგურა არ არის?! მიხეილ სააკაშვილსა და მის პარტიას კარგად ვიცნობთ 2001 წლიდან, ხოლო 2004 წლიდან ისინი ხელისუფლებაში არიან. მათ აქვთ თავიანთი რეპუტაცია, ჰყავთ მომხრეები - მემარჯვენე მედასავლეთეები. უცბად ამ პარტიამ რომ თქვას: ეს „მემარჯვენე მედასავლეთეებიც“ გვინდა, მაგრამ იმავდროულად - „ტრადიციონალისტები“, ეკლესია ერთად... განა გამორიცხული არ არის ასეთი ნაზავი? მაშინ ან ერთზე უნდა თქვან უარი, ან მეორეზე.

იქნებ მიზანი საეკლესიო წრეებისა და ეკლესიის უმაღლესი იერარქიის კეთილგანწყობის მოპოვება იყო?

ფართო საეკლესიო წრეები მიშას არც ერთ შემთხვევაში არ შეიყვარებენ, რაც არ უნდა გააკეთოს და რაც არ უნდა თქვას. უბრალოდ არ ირწმუნებენ მისას არაფერს.

ანუ, თქვენი აზრით, ეს ყოველივე მეტყველებს, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური ალღოს, კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის პრობლემა შეექმნა?

მე ვიტყოდი, მან წონასწორობა დაკარგა! ნებისმიერი პოლიტიკოსის მთავარი თვისება საღი აზრი და სიმშვიდეა. მიხეილ სააკაშვილი კი ემოციებს აჰყვა. ემოციას არათუ პოლიტიკოსი, უბრალო მოკრივეც კი არ უნდა აჰყვეს მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურ ძალადობაშია ჩართული. პოლიტიკოსისთვის, მით უმეტეს, საღი აზრი და ცივი რაციონალური განსჯა უმთავრესია. სააკაშვილი ბიძინას რომ ხედავს, უკვე ლამის კრუნჩხვები ემართება.

ეგ კი, მაგრამ ბოკერია რა შუაშია?

„გადააქვს“ მასზე მომხრეთა ემპათია. ანუ, თითქოსდა ეს ყოველივე „ბოკერიას ბრალია“. და ამას ვინ დაიჯერებს? არის ფანატთა მცირე ჯგუფი, რომელიც დაიჯერებს, რომ ყველაფერში ბოკერიაა დამნაშავე. მაგრამ ნორმალურ ამომრჩეველს დაკარგავს ამით.

2000 ან 2001 წელს, ვერც კი წარმოიდგენდა ვინმე, რომ მიშა, მისი სტილიდან გამომდინარე, კისერზე ხელს მოიკიდებდა კამათში - აი, ჯვარს ვატარებ და გაჩვენებთო. ეს მისი „სტილი“ არ იყო, თორემ შესაძლოა მაშინაც ატარებდა ჯვარს, რატომაც არა...

აკი ვთქვი: ემოციებს ვეღარ სძლევს. ეს არის მთავარი მიზეზი და პრობლემაც. უპირველესად, მისი პრობლემაა უკვე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ნოემბერი
20 ნოემბერი

განგაშის 5 ზარი

5. პატრიარქის ნებართვა პატრიარქის ნებართვისა და ერთგვარი კურთხევის გარეშე რომ მმართველი არ იცვლება, ეს ძველი ამბავი ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

მაჟორიტარული სისტემის კრიზისი გაერთიანებ ...

თანამედროვე დასავლურ პოლიტიკაში, მოულოდნელ, მეინსტრიმულ პოზიციებთან დაპირისპირებული მოსაზრებების დემოკრატიულმა ტრიუმფმა ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

კონსტიტუცია და მისი პოლიტიკური ინტერპრეტ ...

2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსული „ქართული ოცნება“ გახელისუფლების შემდეგ ყველაზე მწვავე და არსებით პოლიტიკურ ...

მეტი

^