Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა სურს ბორის ჯონსონს?

09 ოქტომბერი 2019

ბრიტანეთს ევროკავშირთან გამოსამშვიდობებლად 20 დღე დარჩა. 31 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო აქტუალური ხდება კითხვა - შეძლებენ თუ ვერა შეთანხმების მიღწევას ევროპული გაერთიანება და ნისლიანი ალბიონი?

2016 წელს დიდი ბრიტანეთის კონსერვატიულმა პარტიამ ფსონი ზომიერ და დაბალანსებულ კანდიდატზე, ტერეზა მეიზე დადო. სწორედ  გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში მეორე ქალმა პრემიერმა, 3 წლის განმავლობაში, საკმაოდ დიდი შრომა გასწია ევროკავშირთან ხელსაყრელი შეთანხმების მისაღწევად. ბრიტანეთის, ტერეზა მეის და მთლიანად ევროპისათვის სამწუხაროდ, კონსესუსს ვერ მიაღწიეს. ბრიტანულმა პარლამენტმა დიდი უმრავლესობით უარყო მეის ყველა სტრატეგია. შეთანხმებული გასვლის გეგმა პარლამენტში ჯერ 2019 წლის 15 იანვარს, შემდეგ 12 მარტს და ბოლოს 29 მარტს ჩავარდა.

ტერეზა მეის ფიასკო განგაშის ზარი აღმოჩნდა კონსერვატიული პარტიისათვის. მმართველობის სადავეების მქონე „ტორებმა’’ გადაწყვიტეს ხელისუფლების შესანარჩუნებლად ზომიერება რადიკალიზმით ჩაენაცვლებინათ და უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობა ბორის ჯონსონს უბოძეს.

ლონდონის ყოფილმა მერმა უკვე მოასწრო პარლამენტთან და სასამართლოსთან „წაჩხუბება“, დედოფლის პრობლემებში გახვევა, თანაპარტიელი დეპუტატების სოლიდური ნაწილის დაკარგვა, ბრიტანეთის უახლეს ისტორიაში ყველაზე დიდი პოლიტიკური კრიზისის შექმნა და ეს ყველაფერი, როგორც ჯონსონი ამბობს, 31 ოქტომბერს ევროკავშირის ნებისმიერ შემთხვევაში დასატოვებლად გაკეთდა. ჯონსონის გაპრემიერების პარალელურად, იზრდება კონსერვატიული პარტიის რეიტინგი. შესაძლოა, აგრესიის და ძალის დემონსტრირება ევროპელ თუ ოპოზიციონერ ლიდერებთან არა ევროკავშირთან შეთანხმების მისაღწევად, არამედ ადგილობრივი პუბლიკის საამებლად ხდება. ფაქტია, ბორის ჯონსონი ამომრჩეველთა გულებს იგებს.

ვინაიდან შეთანხმების გარეშე გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის დატოვება ევროპული ეკონომიკისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება, კვლავ რჩება იმედი, რომ 31 ოქტომბრამდე შეთანხმების მიღწევა მოხერხდება. ბორის ჯონსონის ვარაუდით, ბრიტანული მზაობა, ნებისმიერ შემთხვევაში დატოვოს გაერთიანება, აიძულებს ევროპელ „პარტნიორებს" შეთანხმებას ნისლიანი ალბიონისათვის მისაღები პირობებით დათანხმდნენ.

ვფიქრობ, საინტერესოა იმ პირობების გაცნობა, რომლებიც დეკლარირებულია ბორის ჯონსონის საჯარო წერილში, რომელიც დონალდ ტუსკის და ევროსაბჭოს წევრების სახელზე დაიწერა და გაიგზავნა.

ბორის ჯონსონის წერილის შინაარსი ძირითადად ირლანდიურ თემატიკას ეთმობა, რომელიც დიალოგის პროცესში მთავარ პრობლემად იქცა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მეზობელ კუნძულთან თავისუფალი მიმოსვლის და მჭიდრო კავშირების შენარჩუნებას მოითხოვს. ჯონსონი კატეგორიულად ეწინააღმდეგება „ორ“ ირლანდიას შორის ნებისმიერი სასაზღვრო კონსტრუქციის არსებობას. ქვეყნის პირველი კონსერვატორი იხსენებს 1998 წლის შეთანხმებას „დიდი პარასკევის ხელშეკრულებას“, რომლის შედეგადაც ირლანდიის კუნძულზე დაპირისპირება დასრულდა. ჯონსონის თქმით, გაერთიანებული სამეფო ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ამ ისტორიული აქტის სულისკვეთებისადმი ერთგული. იგი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ბრიტანული მხარის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და ირლანდიის კოორდინირებულ თანაცხოვრებას, რაც ისეთ ფაქტორებს ემყარება, როგორიც თავისუფალი მიმოსვლა, ჩრდილოეთ-სამხრეთული გაერთიანებული საბჭო და  გაერთიანებული ელექტროობის სისტემაა.

ბრიტანეთისა და კონსერვატიული პარტიის ლიდერი პირობას დებს, რომ ერთიანი ეკონომიკური ზონისა და საბაჟო კავშირის დატოვების შემდეგ, გაერთიანებული სამეფო საერთაშორისო გარემოსდაცვითი სტანდარტების, შრომითი უფლებებისა და პროდუქციის სტანდარტების ერთგული დარჩება. ბორის ჯონსონის აზრით, ამ ყველაფრის მისაღწევად, სავარაუდოდ, ბრიტანელები ახალ ლეგალურ ჩარჩოებს შექმნიან, განსხვავებულს ევროკავშირის რეგულაციებისგან, რაც სამომავლოდ ბრიტანული დემოკრატიის ცენტრალური გამოწვევა იქნება და წარმოადგენს კიდეც ევროკავშირის დატოვების მიზეზს.

ბორის ჯონსონის გუნდისათვის ჩრდილოეთ ირლანდიის საბაჟო კავშირში დარჩენა და მის ტერიტორიაზე ერთიანი ეკონომიკური ზონის წესების დანერგვა მიუღებელია. როგორც პრემიერ-მინისტრი წერს, დაუშვებელია ბრიტანეთისგან ეკონომიკურად „მოწყვეტილი’’ ჩრდილოეთ ირლანდიის ხილვა.

გაერთიანებული სამეფოს სახელით, ჯონსონი ითხოვს ევროკავშირმა გამოაცხადოს, რომ ირლანდიის კუნძულზე მყარი სასაზღვრო ზოლის გაჩენას ის არ დაუშვებს. ჯონსონის აზრით, ევროკავშირის მიერ ლობირებული საზღვრის იდეა მხარეებმა უნდა ჩაანაცვლონ სამომავლო შეთანხმებით, რომელიც ევროკავშირიდან გამოსული ბრიტანეთისა და ევროპული კავშირის ურთიერთობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება.

ბუნებრივია, რომ ბორის ჯონსონის წერილს დონალდ ტუსკისა და ევროსაბჭოს წევრების მხრიდან დადებითი შეფასება არ დაუმსახურებია. ტუსკის აზრით, პრემიერი რეალურ ალტერნატივებზე არ საუბრობს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ისიც ივარაუდა, რომ ბრიტანეთს ევროკავშირის შეთანხმების გარეშე დატოვება სურს.

საეჭვოა ბორის ჯონსონს მოთხოვნები შეეცვალა, ან ევროკავშირს დაეთმო ყველაფერი, მაგრამ ფაქტია, რომ ბრექსიტამდე 20 დღე გვაშორებს და ახალი ეკონომიკური თუ პოლიტიკური კრიზისი ძალიან ახლოსაა. ვნახოთ, რამდენად შეძლებს საღი აზრი და პრაგმატიზმი ეგოიზმთან შერკინებაში გამარჯვებას. თუკი ბრექსიტი ყველაზე უარესი სცენარით წარიმართა, შედეგებზე პასუხისმგებელი მოლაპარაკების მაგიდასთან მჯდარი ყველა მხარე იქნება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

გორდონ გეკო ამერიკის სათავეში

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანს უეჭველად შევა დიპ ...
18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

მეოთხედფინალის მოლოდინში

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს რვა გუნდი შემორჩა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეოთხედფინალის დრო დამდგარა. ოთხივე შე ...
18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

რაციონალური პოლიტიკის ტრიუმფი - ბორის ჯო ...

ევროკავშირის დატოვების შესახებ დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა შეთანხმებას მიაღწიეს. ბორის ჯონსონის აზრით, შეთანხმება, ...

მეტი

^