Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ჟენევისტბისპირა მოლაპარაკებები“: უშედეგობის უსასრულობა

10 ოქტომბერი 2019

რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გაავრცელეს განცხადებები ჟენევაში გამართული მორიგი მოლაპარაკებების შესახებ ფორმატით „იმიერკავკასიაში ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის თაობაზე“. ეს, რასაკვირველია, რუსული სახელწოდება და მოსკოვის ინტერპრეტაციაა - სათაურში გამოტანილი: «О консультациях по безопасности и стабильности в Закавказье».

უნდა ითქვას, რომ თავისთავად უნიკალური დიპლომატიური ფორმატია: უკვე 49-ე რაუნდი გაიმართა და აქედან 48-ს ოფიციალური რანგი არ ჰქონია: დიპლომატიური, საერთაშორისო-სამართლებრივი თვალსაზრისით მხოლოდ „არაოფიციალური კონსულტაციებია“.

საქმე ის არის, რომ „სტატუტის“ შესაბამისად, რაც 2008 წლის „ხუთდღიანი ომის“ შედეგად შეთანხმდა თბილისის, მოსკოვის, პარიზის, ბერლინისა და ვაშინგტონის მიერ, მოლაპარაკებათა ოფიციალური მონაწილენი უნდა ყოფილიყვნენ მხოლოდ საქართველო, ამერიკა და რუსეთი, ხოლო თანათავმჯდომარეები კი - გაერო, ეუთო და ევროკავშირი. რუსეთის დელეგაციაში უნდა შესულიყვნენ სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლები, ხოლო ქართულ დელეგაციაში - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და „სანაკოევის ადმინისტრაციის“ წევრები.

მაგრამ სოხუმისა და ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმებმა ამაზე უარი განაცხადეს და „დამოუკიდებელი სტატუსი“ მოითხოვეს: რუსეთის, აშშ-ს და საქართველოს თანაბრად. ბუნებრივია, თბილისი ამას არ დაეთანხმა. მოლაპარაკებები მაშინ კინაღამ ჩაიშალა, თუმცა საბოლოოდ მოიძებნა... „საცოდავი კომპრომისი“: იმიერიდან, ჟენევაში იმართება არა „საერთაშორისო მოლაპარაკებები“, არამედ „საერთაშორისო დისკუსია“, რომლის ყველა მონაწილეს არაოფიციალური სტატუსი მიენიჭა, ანუ „ინდივიდუალურადაა“ წარმოდგენელი. შესაბამისად, საქართველოს, აფხაზეთის და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ წარგზავნილებს სრულიად თანაბარი (არაოფიციალური, ინდივიდუალური) სტატუსი აქვთ.

ასეთ ფორმატში რომ არანაირი სერიოზული შეთანხმება არ შეიძლება ყოფილიყო მიღწეული, განვლილმა წლებმა სავსებით დაადასტურა. გამონაკლისი არც „არაოფიციალური კონსულტაციების“ 49-ე რაუნდი აღმოჩნდა. თუმცა „ჟენევისტბისპირა კონსულტაციების“ შემდგომი განცხადებები მაინც „ნიუანსურია“ და ამ ნიუანსთაგან ზოგი ნამდვილად იპყრობს ყურადღებას:

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი ბევრად მოკლეა, ვიდრე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება. მოსკოვის კომენტარში საკმაოდ „ფრთხილადაა“ მონიშნული წნელისის ინციდენტი, როცა ქართულმა მხარემ პოლიციის საგუშაგო აღმართა იმ მიზეზით და მას შემდეგ (ეს თბილისის განცხადებაში პირდაპირაა ნათქვამი), რაც ცხადი გახდა, რომ ოსური მხარე გეგმავდა ამ რეგიონში ტყის უმდიდრესი მასივის „შემოღობვას“ - გეგუტიანთკარის მსგავსად.

როგორც ჩანს, სწორედ ეს გახდა „ზაფხულის გამწვავების“ მთავარი მიზეზი. ოსურმა „დელეგაციამ“ კი ამჯერადაც ულტიმატუმის ფორმით მოითხოვა ქართული პოსტის აღება. სხვა შემთხვევაში, ახალგორის რაიონი არ გაიხსნება, ესე იგი, ქართული მოსახლეობა კვლავინდებურად „გამოუვალ“ მდგომარეობაში დარჩება.

ეს „კლინჩი“ ჟენევის ბოლო რაუნდის მთავარი „შედეგია“, თუ ამას ასე შეიძლება ეწოდოს. თავის მხრივ, ქართულმა მხარემაც განაცხადა, რომ არანაირი დაპირების სანაცვლოდ პოსტს არ გააუქმებს და/ანუ ტყის უზარმაზარი მასივის „შემოღობვას“ არ დაუშვებს.

ცხინვალისა და სოხუმის დე ფაქტო რეჟიმების წარმომადგენლებმა კვლავ დატოვეს ის პანელი, სადაც ქართველ ლტოლვილთა დაბრუნების თემა უნდა განხილულიყო. ოფიციალურ მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ლტოლვილთა თემა თბილისს ყოველწლიურად გააქვს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, მათ კი აშშ ვიზებს არ აძლევს, რათა თავადაც გამოვიდნენ გაეროს სტრუქტურებში სიტყვით.

ამ საკითხშიც რაიმე კომპრომისი გამორიცხულია. ისევე, როგორც საქართველომ კვლავ დაადასტურა, რომ არ მოაწერს ხელს არანაირ დოკუმენტს „თავდაუსხმელობის“ შესახებ აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“, რაკი ეს საკუთარ რეგიონებზე „თავდაუსხმელობის“ აბსურდული ვალდებულების საერთაშორისო-იურიდიულ ფორმატში დადასტურება გამოვიდოდა.

თბილისი თანახმაა, ხელი მოაწეროს შესაბამის დოკუმენტს მოსკოვთან, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი იკისრებს სათანადო ვალდებულებას საქართველოს მიმართ, რაზეც კრემლი თანამიმდევრულად ამბობს უარს.

საეჭვოა დღევანდელ გეოპოლიტიკურ რეალიებში, თუნდაც 149-ე რაუნდიც სხვა შედეგით დასრულდეს. ერთადერთი „შედეგი“ (ბრჭყალებში) ისაა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეობიდან გადამდგარი გრიგორი კარასინი ასევე გამოცდილმა დიპლომატმა ანდრეი რუდენკომ ჩაანაცვლა. მასთანვე ექნება საქმე „პრაღის ფორმატში“ ზურაბ აბაშიძესაც.

„ჩეხური“ ფორმატი ომისშემდგომი 11 წლის განმავლობაში თითქოს ბევრად „პროდუქტიული“ აღმოჩნდა, ვიდრე „ჟენევისა“, რაც ორმა ძირითადმა მიზეზმა განაპირობა: პირველი - რუსეთი დაინტერესებული იყო (და არის), მაქსიმალურად „მიიბას“ საქართველოს ეკონომიკა, რათა მორიგი ემბარგო რაც შეიძლება მტკივნეული აღმოჩნდეს; და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი სისტემური მიზეზი - მიგვაჩვიოს აზრს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა განვითარება ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის დინამიკასთან სრულებით არ „იკვეთება“.

და რომ ჩვენ ეს მოგვწონს.

დათო გამცემლიძე - ჟურნალისტი, ისტორიკოსი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

გორდონ გეკო ამერიკის სათავეში

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანს უეჭველად შევა დიპ ...
18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

მეოთხედფინალის მოლოდინში

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს რვა გუნდი შემორჩა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეოთხედფინალის დრო დამდგარა. ოთხივე შე ...
18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

რაციონალური პოლიტიკის ტრიუმფი - ბორის ჯო ...

ევროკავშირის დატოვების შესახებ დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა შეთანხმებას მიაღწიეს. ბორის ჯონსონის აზრით, შეთანხმება, ...

მეტი

^