Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ერდოღანის მუქარა და „უსაფრთხო ზონები“ ლტოლვილებს

11 ოქტომბერი 2019

9 ოქტომბერს, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ბრძანებით, ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. თურქულმა არმიამ ქურთულ სამხედრო დაჯგუფებებს შეუტია, საქმეში ჩაერთო არტილერია და ავიაციაც. თავად ერდოღანმა სამხედრო ოპერაციას „მშვიდობის გაზაფხული“ უწოდა და თქვა, რომ ეს ტერორისტული რისკების განეიტრალებას ემსახურება.

ოფიციალური ანკარა სირიის ნაციონალურ არმიასთან ერთად დაეშის და ქურთისტანის შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ იბრძვის. ქურთულ დაჯგუფებათა ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია, რაც სიტუაციას ართულებს. მაგალითად, მაშინ, როდესაც ქურთისტანის მუშათა პარტია (PKK) ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული აშშ-ის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების მიერ, პარალელურად, ერდოღანის სამიზნეში მოექცნენ სირიის დემოკრატიული ძალებიც (SDF) - ერთ დროს ხალიფატთან ბრძოლაში ამერიკის და დასავლეთის უახლოესი მოკავშირეები.

საერთაშორისო მედია ორმხრივი სამოქალაქო მსხვერპლის შესახებ წერს. საარტილერიო და საავიაციო შეტევების შემდეგ გადარჩენილი ჩრდილოეთ სირიის მოსახლეობა ტერიტორიის დატოვებას ცდილობს. თურქული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, რომ თურქულ ქალაქებზე განხორციელებული თავდასხმის დროს 3 ადამიანი დაიღუპა, 46 დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები. აღსანიშნავია, რომ ქურთისტანული დაჯგუფებები ისლამურ ხალიფატთან დაპირისპირების შემდეგ ძლიერ ამერიკულ სამხედრო არსენალს ფლობენ, რაზეც რეჯეფ თაიფ ერდოღანიც მიუთითებს.

უკანასკნელ დღეებში, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი კრიტიკის ობიექტად იქცა. სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის გაზაფხული“ მას შემდეგ დაიწყო, რაც დონალდ ტრამპმა ამერიკული სამხედროების რეგიონიდან გაყვანა გადაწყვიტა. მართალია, ამერიკის პრეზიდენტი ოფიციალურ ანკარას „ლიმიტების გადაჭარბების“ შემთხვევაში ეკონომიკის განადგურებით დაემუქრა, თუმცა ფაქტია, რომ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. უკანასკნელ გამოსვლებში ტრამპმა თურქეთის ქმედებებს „ცუდი იდეა“ უწოდა, ხოლო ქურთისტანელ მოკავშირეებზე იხუმრა, რომ ისინი მეორე მსოფლიო ომში, ნორმადიაზე შეტევისას არ დახმარებიან ამერიკის შეერთებულ შტატებს. 30-მდე რესპუბლიკელმა კანონმდებელმა დაიწყო საკანონმდებლო პროექტის შემუშავება, რომელიც ოფიციალური ანკარისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. საერთაშორისო ტრიბუნაზე რუსეთის ფედერაციის და აშშ-ის პოზიციები მიმდინარე მოვლენებზე, ჯერჯერობით, თითქმის იდენტურია.

შექმნილი სიტუაციის მოკლე მიმოხილვის შემდეგ, საინტერესოა ევროპისთვის უდიდესი მნიშვნელობის, ლტოლვილთა საკითხზე ვიმსჯელოთ. უკანასკნელმა მოვლენებმა თავიდან დაბადა ორი პერსპექტივა: ან ევროპის მიმართულებით ლტოლვილთა რამდენიმემილიონიანი ახალი კოლონა, ან მილიონობით თავშესაფრის მაძიებელი პირის უკან, სირიაში მოწყობილ უსაფრთხო ზონაში დაბრუნება. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ცდილობს, თავად უკარნახოს დასავლეთს პირობები და მას ამისთვის სოლიდური ბერკეტი აქვს.

„ევროკავშირო, გამოფხიზლდი...“ - ასე დაიწყო ერდოღანმა ერთ-ერთი უკანასკნელი მიმართვა და დაასრულა მუქარით, რომ თუ ევროკავშირი თურქეთის სამხედრო ოპერაციას სირიაში შეჭრად მონათლავს, მაშინ ის 3,6 მილიონ მიგრანტს ევროპაში შესასვლელ „კარს“ გაუღებს. თურქეთის პრეზიდენტის რისხვა გამოიწვია ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებამ, რომლითაც ევროკომისიის პრეზიდენტმა ანკარას საბრძოლო მოქმედებების შეჩერებისკენ მოუწოდა.

2016 წლის 18 მარტს ევროკავშირმა თურქეთთან მიაღწია შეთანხმებას ლტოლვილთა განსახლების შესახებ. ევროპულმა გაერთიანებამ 6 მილიარდი ევროს დახმარება აღუთქვა ანკარას, რომელსაც 3 მილიონამდე ლტოლვილისთვის უნდა მიეცა თავშესაფარი. პოლიტიკური კლასის სოლიდური ნაწილი ხელშეკრულებას სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა ევროპელ ლიდერებს, რომლებიც ძალიან შეაშინა რადიკალური მემარჯვენე ოპოზიციის სწრაფმა რეიტინგულმა აღმასვლამ, საუკეთესო ვარიანტად მიაჩნდათ ლტოლვილთა კრიზისის ამ საშუალებით მოგვარება. სამწუხაროდ, თურქეთის პრეზიდენტის მუქარა კარგად დაანახვებდა ევროკავშირს, რამხელა პოლიტიკური იარაღით აღჭურვეს არცთუ ისე „დემოკრატი“ ერდოღანი. მიგრანტთა ახალი, მილიონიანი ნაკადები ევროკავშირისთვის ძალიან, ძალიან ცუდ პერსპექტივას წარმოადგენს...

საინტერესოა რეჯეფ თაიფ ერდოღანის იდეა უსაფრთხო ზონების მოწყობის შესახებ. თურქეთის ოფიციალური უწყებები იტყობინებიან, რომ 2016 წლის „ევფრატის ფარის“ და 2018 წლის ქალაქ აფრინის ბრძოლების შემდეგ, 350 ათასმა მიგრანტმა სამშობლოში დაბრუნება მოახერხა. თურქეთის პრეზიდენტმა, ამ პრაქტიკაზე დაყრდნობით, საერთაშორისო საზოგადოებას შესთავაზა 26 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს: სკოლების, უნივერსიტეტების, ახალგაზრდული ცენტრების, სამედიცინო დაწესებულებების და 200 000 საცხოვრებლის აშენებას. პროექტი 365 დღეში უნდა დასრულდეს და მიგრანტების სირიაში დაბრუნებას შეუწყოს ხელი. ერდოღანი ასევე ფიქრობს 480-კილომეტრიანი კორიდორის შექმნას სირიის ტერიტორიაზე, რათა ლტოლვილთა ნაწილს მშობლიურ ქალაქებში მშვიდობიანად დაბრუნების გარანტია შეექმნას.

უსაფრთხოების ზონების შექმნის იდეა ბევრად უფრო ლოგიკური ჩანდა სირიაში სამოქალაქო დაპირისპირების პირველ წლებში. ევროპელი რადიკალი მემარჯვენეები, ემიგრაციული კრიზისის თავიდან ასაცილებლად, საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვდნენ კონფლიქტის ტერიტორიაზე ტერიტორიის მოწყობას, რომელსაც საერთაშორისო მანდატის მშვიდობისმყოფელები დაიცავდნენ; თუმცა მაშინ ევროპელი ლიდერები არ ვარაუდობდნენ, რომ ვითარება ასე დაიძაბებოდა, შეიქმნებოდა უდიდესი მასშტაბების ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფო და ლტოლვილთა მილიონიანი ნაკადები ევროკავშირის საზღვრებს მიადგებოდნენ. დღეს, 7 წლის თავზე, მიგრანტთა პირველი ნაკადებიდან მხოლოდ თურქეთში 500 000 ახალშობილის დაბადებაა აღრიცხული მათ ოჯახებში. რთული წარმოსადგენია, რანაირად უნდა მოხერხდეს ამ ადამიანების უკან ნაომარ, უპერსპექტივო და დღემდე ცეცხლის ალში გახვეულ სირიაში დაბრუნება, ან რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მიგრანტები უარს იტყვიან ამ შეთავაზებაზე, ვიხილავთ თუ არა მასშტაბურ დეპორტაციის სერიებს. უსაფრთხო ზონების მოწყობა უკვე დაგვიანებული ნაბიჯია, თუმცა, თუ საერთაშორისო თანამეგობრობა მოინდომებს და ისეთ დასახლებებს შექმნის, სადაც თავად ლტოლვილები მოისურვებენ დაბრუნებას, ეს, ობიექტურად, არსებული მწვავე, საემიგრაციო პრობლემის საუკეთესო გადაჭრა იქნება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ნოემბერი
20 ნოემბერი

განგაშის 5 ზარი

5. პატრიარქის ნებართვა პატრიარქის ნებართვისა და ერთგვარი კურთხევის გარეშე რომ მმართველი არ იცვლება, ეს ძველი ამბავი ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

მაჟორიტარული სისტემის კრიზისი გაერთიანებ ...

თანამედროვე დასავლურ პოლიტიკაში, მოულოდნელ, მეინსტრიმულ პოზიციებთან დაპირისპირებული მოსაზრებების დემოკრატიულმა ტრიუმფმა ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

კონსტიტუცია და მისი პოლიტიკური ინტერპრეტ ...

2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსული „ქართული ოცნება“ გახელისუფლების შემდეგ ყველაზე მწვავე და არსებით პოლიტიკურ ...

მეტი

^