„მიბრუნება“ მიხეილ იოჰანის სადებიუტო რომანია, მარტივი ენით და გულწრფელად დაწერილი, ორ დღეში რომ გემრიელად შემომეკითხა.
როცა სხვადასხვა მოვლენა ერთიანად მოგვაწყდება კარზე, აქტუალობას იძენს და ყოველგვარი ანალიზის გარეშე გვიგროვდება გონებაში, ყოველთვის ვითხოვთ წიგნს, კინოს ან სპექტაკლს. ეს მოთხოვნა მიხეილმა იდეალურად შეასრულა და დროულად მოგვაწოდა ტექსტი, რომელიც აუცილებლად უნდა დაწერილიყო.
ბოლო დროის აქტუალური მოვლენებიდან, რომლებიც ინტენსიურად შუქდებოდა, ამბავი ერთ წერტილამდე - „ბასიანამდე“ მიდის. მთავარი კი ის არის, რომ ავტორი გვაცნობს ხალხს, რომელიც ხდება აქციისა და კონტრაქციის მონაწილე.
განსაკუთრებით საჭირო წიგნია მათთვის, ვინც მოვლენებს ტელევიზორში ადევნა თვალი და ვერც ვერაფერი გაიგო, გარდა ისტერიკული წივილ-კივილისა. გაუჩნდა უამრავი კითხვა, რომლებზეც პასუხი ვერ მიიღო.
წაკითხვის მერე რომელიმე მხარეს აუცილებლად მიბრუნდება.
რომანს ორი სიუჟეტური ხაზი აქვს. პირველი ხაზი ერთი ოჯახის ირგვლივ ვითარდება, რომელიც პატარა საქართველოა. თავისი კონფლიქტებით და სიჩუმეებით.
და-ძმა, დემნა და ხატია ერთმანეთის უკანასკნელი გულშემატკივრები არიან. ამავე სახლშია შვილის როლიდან ვერგამოსული მამა, რომელსაც ცოლი გაექცა და ერთადერთ ნუგეშად უბანში თავდაჭერილი კაცის სტატუსიღა შერჩენია, რომელიც ნელ-ნელა ხელიდან ეცლება და საერთოდ აღარაფერი რჩება ყავარჯნების გარდა.
აქვე არიან ტიპიური ბებია და ბაბუა. შვილიშვილების გახეთქვამდე გაძღომის მოტივაციით. ბებია შიდა საქმეების მთავარი ორგანიზატორია. ბაბუ უბრალოდ მაყურებელი.
ოჯახში არსებული კონფლიქტების მოგვარება თითქოს საუბრით არის შესაძლებელი. ერთ ბინაში, ერთ ოთახში, ძალიან ახლოს და ამავე დროს ძალიან შორს რომ არიან ერთმანეთისგან. ერთი დიდი უხილავი ბარიკადია აღმართული და ყოველი პირის გაღება კიდევ უფრო ართულებს ყველაფერს, რადგან ამ ხალხს საერთო ენა არ გააჩნია.
ბაბილონია, ენები აირია და შენებაც შეუძლებელია. ამიტომ დემნა ცალკე დაეძებს პატარა კუნჭულს, სადაც ახალი ქვეყანა გაშენდება.
როცა შინაგან უკმარისობას განიცდი და პასუხებს ვერ პოულობ, გარეთ უწყებ ხოლმე ძებნას. ასე ეძება ხატიამ ოკეანის გადაღმა, ვერც ვერაფერი იპოვა და წიგნიც ამით იწყება, რომ საქართველოში ბრუნდება.
დაბრუნებული ხატიას ინგლისური სიტყვების წამოსროლაც არ არის შემთხვევითი ამბავი. წინადადებას არ ამბობს ინგლისურის ჩარევის გარეშე. იმ გარემოში, სადაც ოთხმოცდაათიანელი მამა და მისი მშობლები ირევიან, როგორც წესი, ასეთ ხალხს ჰქონდა ჩვევად რუსულად საუბარი ისე, რომ ბავშვებს არაფერი გაეგოთ.
ჰოდა, ხატიაც ისვრის ინგლისურს და მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ძალიან ბუნებრივად გამოსდის, მემგონი რომ მაინც დაუფიქრებელ „აბაროტს“ იღებს.
ოჯახის ყოველი დღის აღწერისას თვალწინ გვეშლება დღეები, როცა ხატია წასული იყო და ძალიან გვეცოდება დემნა, რადგან ხატიას გარეშე დემნა ძალიან მარტოა.
როგორც წესი, იმ დაფარულ წუხილსა და სურვილებს, რაც შიგნიდან გვჭამს, კომუნიკაციისთვის მხოლოდ ორი გზა აქვს, სიზმრები და სხეულის ენა. დემნას შემთხვევაში ორივე თავს იჩენს.
სიზმრად ნახავს თავისივე თავს ბავშვობაში. პატარა დემნა თავდაჯერებულად და ყოველგვარი რწმენის ნაკლებობის გარეშე დაუთმობს ცხოვრების გზას, ჰა, დაჯექი და წაიყვანეო - შესთავაზებს.
დიდი დემნა თავს იკავებს. ჩემი ნდობა არ შეიძლებაო, აფრთხილებს, მაგრამ სხვა გზა არ არის, მაინც თანხმდება და გამოეღვიძება კიდეც.
სხეულის ენა კი მაშინ ცოცხლდება, საოცრად მოულოდნელად ცრემლი რომ მოსწყდება თვალიდან, ვერც გაიგებს, რატომ, როგორ, წამით ჩაფიქრდება, მერე დაივიწყებს და გააგრძელებს ფილმის ყურებას.
დედა კიდე წასულია. ოზურგეთში.
კარგად იცის ის ენა, რომელზეც შვილები საუბრობენ, მაგრამ ხანდახან ენის ცოდნაც არ არის საკმარისი.
დავსეირნობთ ხატიასთან ერთად ნაძალადევში. გვაცნობს უცნობ ადგილებს და მეორე სიუჟეტური ხაზიც აქვეა მიმალული. სულ რაღაც რამდენიმე კორპუსის მოცილებით.
თორნიკე დაკარგული ბიჭია, რომელსაც ჯერ ვერაფერი უპოვია. თუმცა ის იპოვა ძლიერმა დინებამ. წაიყოლა და ხანდახან ამოყვინთვის საშუალებასაც აძლევს, მაგრამ მაინც წყალწაღებულად რჩება.
არაერთხელ უდგება მომენტი, როცა გამბედაობის და სიმამაცის დახმარებით შეუძლია ის ნაპერწკალი გააღვივოს, ჯერ კიდევ რომ ბჟუტავს მასში, მაგრამ არც ერთი ჰყოფნის და არც მეორე. ვერ ახერხებს მიბრუნებას, დემნასგან განსხვავებით, რომელიც ყოველთვის ძალიან მტკიცედ დგას თავის პოზიციაზე.
გაცილებით მარტივია ერთი შეიკურთხოს და გაჰყვეს იმ ხალხის დინებას, რომლის ნაწილს სახელიც არ აქვს. მხოლოდ ნომრები აქვთ. ასე იმიტომ მოხდა, რომ სიძულვილის ენის გარდა სხვა ენა არ გააჩნიათ.
დინებას კი ხალხი წარმოადგენს თავისი „ღირსების“ კოდექსით, სადაც ადამიანის გადათელვისთვის მხოლოდ „ლიბერალის“ ჟურნალისტობა შეიძლება გახდეს საკმარისი.
ერთი მხარის თავში უკვე გახრწნილი ადათ-წესია, ბრმად და უსიტყვოდ რომ უნდა ასრულდეს.
მეორის თავში კი კიბერნეტიკული ზღვის ღელვაა შემოჭრილი, თავისი გემოს რეცეპტორებით, ფერებით, ხმებით და მთელი ამბებით.
ეს ორი სიუჟეტური ხაზი, ორი დაპირისპირებული ენა აღმოჩნდება ერთმანეთის პირისპირ, რა თქმა უნდა, რუსთაველის გამზირზე.
მერე უბრალოდ არჩევანია...
დინება კი ძლიერია. მართალია, რომანი 13 მაისს მთავრდება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ დინება გაგრძელდება და საფაროვსაც შეიწირავს. გადაუვლის, დაკლავს ცხოველივით და გზას განაგრძობს..
მაგათ კიდე სახელები არ აქვთ. მხოლოდ ნომრებია.