Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რაციონალური პოლიტიკის ტრიუმფი - ბორის ჯონსონმა ევროკავშირთან შეთანხმებას მიაღწია

18 ოქტომბერი 2019

ევროკავშირის დატოვების შესახებ დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა შეთანხმებას მიაღწიეს. ბორის ჯონსონის აზრით, შეთანხმება, რომელიც ევროსაბჭომ მოიწონა, „შესანიშნავია“ არა მხოლოდ გაერთიანებული სამეფოს მცხოვრებთათვის, არამედ მათი ევროპელი მეგობრებისთვისაც. პრემიერმინისტრმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმ ფაქტს, რომ ნისლიანი ალბიონი - ინგლისი, უელსი, შოტლანდია და ჩრდილოეთ ირლანდია - ერთიანად ტოვებდა ევროპულ გაერთიანებას. ბრიტანეთის სუბიექტებისთვის, ჯონსონის აზრით, იქმნებოდა ახალი პერსპექტივა, გადაწყვიტონ და მართონ მომავალი ერთპიროვნულად, დაიბრუნონ კონტროლი ფინანსურ კაპიტალზე, საზღვრებზე, კანონმდებლობაზე და გააფორმონ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება მსოფლიოს ნებისმიერ სახელმწიფოსთან. 

ბორის ჯონსონი მოტივირებული და ბედნიერი ჩანდა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც მან ჟან-კლოდ იუნკერთან ერთად ახალ შეთანხმებაზე ისაუბრა - შეთანხმებაზე, რომელიც მისი პრემიერობის უმთავრესი ამოცანაა. ევროსაბჭოსგან „მწვანე“ შუქისა და პრემიერმინისტრის კმაყოფილების მიუხედავად, კონსენსუსი მხოლოდ 50%-ით არის მიღწეული. უკანასკნელი წლების განმავლობაში, ყოფილმა მთავრობის მეთაურმა, ტერეზა მეიმაც შეძლო შეთანხმების მიღწევა ევროპულ გაერთიანებასთან, მაგრამ კავშირის დატოვების მისეული გეგმა, დიდი უმრავლესობით, სამგზის უარყო საკანონმდებლო ორგანომ. 

18 ოქტომბერი დიდი ბრიტანეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაიწერება როგორც უჩვეულო აქტის დღე. პირველად 1982 წლის შემდეგ,  გაერთიანებული სამეფოს საკანონმდებლო ორგანოს წევრები შეიკრიბებიან შაბათს. 37 წლის წინ, დეპუტატები არგენტინის ფოლკლენდის კუნძულებზე თავდასხმამ შეკრიბა „უიქენდზე“, ახლანდელი საპარლამენტო განხილვა, რომელიც ბორის ჯონსონის შეთანხმებაზე იმსჯელებს, არანაკლები მნიშვნელობისაა. 

ვინაიდან კონსერვატიული პარტია აღარ ფლობს საკანონმდებლო უმრავლესობას, ჯონსონის მიერ მიღწეულ შეთანხმებას ევროკავშირის დატოვების შესახებ საპარლამენტო ბარიერის დაძლევა გაურთულდება. თუ ოპოზიციონერები ხმას მისცემენ ამ გეგმას, ამით პრემიერისა და კონსერვატიული პარტიის ტრიუმფს მოაწერენ ხელს; თუ შეთანხმება უმრავლესობას ვერ მიიმხრობს, მაშინ მის გარეშე მოუწევს ნისლიან ალბიონს ევროკავშირის დატოვება. ფორმალურად, პარლამენტის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი ბორის ჯონსონი ვალდებული იქნება, ევროპულ გაერთიანებას ბრექსიტის გადავადება მოსთხოვოს, თუმცა ევროკავშირის პოზიცია ცნობილია - „არანაირი გადავადება“. შესაბამისად, ევროპელები და ბორის ჯონსონის პოლიტიკური გუნდი იმედოვნებენ, რომ ოპოზიციონერები ვიწროპარტიულ ინტერესზე მაღლა ქვეყნისა და მთლიანად ბებერი კონტინენტის ინტერესებს დააყენებენ. უკვე ცნობილია, რომ ჯონსონის შეთანხმებას ეწინააღმდეგება ჩრდილოეთ ირლანდიის დემოკრატიულ-იუნიონისტური პარტია, რომელიც მმართველი კონსერვატორების კარგი მოკავშირეა და მათი პოზიცია სიტუაციას ნამდვილად ართულებს. 

საინტერესოა ახალი შეთანხმების შინაარსიც. ის, რომ გაერთიანებული სამეფო მზად იყო გადაეხადა ევროკავშირიდან გასვლის საფასური, ე.წ. ბრექსიტის ჩეკი (დაახლოებით 36 მილიარდი ევრო) და შეენარჩუნებინა ევროპულ სახელმწიფოებთან კეთილმეზობლური ურთიერთობა, ხოლო ევროკავშირში შემავალ სუბიექტებს არ შეექმნათ პრობლემები მათ ტერიტორიაზე მყოფი ბრიტანელებისთვის, ამაზე კონსენსუსი უკვე არსებობდა. მოლაპარაკების პროცესში მთავარ პრობლემად ჩრდილოეთ ირლანდიის საკითხი რჩებოდა. ბორის ჯონსონის გეგმით, ამ პრობლემის ახალი „ამონახსნია“ შემოთავაზებული. ორ ირლანდიას შორის სასაზღვრო წინაღობის ასარიდებლად, ჩრდილოეთ ნაწილი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი სუბიექტია, ერთგვარი კარიბჭე გახდება ევროპული საბაჟო კავშირისთვის. მაშინ, როდესაც ჩრდილოეთი ირლანდია რეალურად ბრიტანული ეკონომიკური თუ საბაჟო სივრცის ნაწილი იქნება და მასზე გავრცელდება გაერთიანებული სამეფოს მიერ დადებული სავაჭრო შეთანხმებები. მოცემულ სუბიექტზე ასევე შენარჩუნდება რიგი ევროპული რეგულაციები, რაც იძლევა სავაჭრო პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების მაკონტროლირებელი პუნქტების თავიდან არიდების საშუალებას. პროექტი დემოკრატიული კონსენსუსის ელემენტსაც ითვალისწინებს, ანუ ჩრდილოეთირლანდიელი წარმომადგენლები, ოთხ წელიწადში ერთხელ, კენჭს უყრიან ევრორეგულაციების შენარჩუნების საკითხს. ასევე შეიქმნება ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ახალი კომისია, რომელიც შეისწავლის პროდუქციას და ბრიტანელებს მიუთითებს, საერთო ბაზარზე მოსახვედრად პროდუქტის რა სახეობებს დაუწესოს დამატებითი გადასახადი. 

ჩვენი ქვეყნის ორ ძლიერ მოკავშირეს შორის შეთანხმება შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც რაციონალური პოლიტიკის ზეიმი. ბუნებრივია, შეთანხმების გარეშე ურთიერთობის შეწყვეტა ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ახალ-ახალ კრიზისს და დიდ გაუგებრობას გამოიწვევდა. ამიტომ მხარეებმა არჩიეს საღი აზრის მხარდაჭერა და მთავარი ღირებულებების, პრინციპების პატივისცემა. ახლა ჯერი ბრიტანელ კანონმდებლებზეა და ვიმედოვნოთ, რომ, პროგნოზების მიუხედავად, დეპუტატები ქვეყანასა და ამომრჩეველს პირველ ადგილზე დააყენებენ და მათი ინტერესებით იხელმძღვანელებენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ნოემბერი
20 ნოემბერი

განგაშის 5 ზარი

5. პატრიარქის ნებართვა პატრიარქის ნებართვისა და ერთგვარი კურთხევის გარეშე რომ მმართველი არ იცვლება, ეს ძველი ამბავი ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

მაჟორიტარული სისტემის კრიზისი გაერთიანებ ...

თანამედროვე დასავლურ პოლიტიკაში, მოულოდნელ, მეინსტრიმულ პოზიციებთან დაპირისპირებული მოსაზრებების დემოკრატიულმა ტრიუმფმა ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

კონსტიტუცია და მისი პოლიტიკური ინტერპრეტ ...

2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსული „ქართული ოცნება“ გახელისუფლების შემდეგ ყველაზე მწვავე და არსებით პოლიტიკურ ...

მეტი

^