Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ორკესტრის რეპეტიცია „ჰამლეტის“ ჩანართებით

22 ოქტომბერი 2019
წაშლილი ზღვარი მუსიკას, სიტყვასა და მოქმედებას შორის... „რევოლუციური ორკესტრის“ დახმარებით

ვინც თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე უცნაური ფანტაზიით ამეტყველებული და აჟღერებული სპექტაკლი - „ემოცია მოძრაობის გარეშე“ იხილა, თითქმის დარწმუნებული ვარ, გაიხსენებდა  ფედერიკო ფელინის ფილმს „ორკესტრის რეპეტიცია“. არა მხოლოდ იმიტომ, რომ „რევოლუციური ორკესტრი“ ისრაელიდან საოცარ მუსიკალურ ლაივ-წარმოდგენას პოლიტიკურ, პუბლიცისტურ და ფილოსოფიურ ტექსტებთან აერთებს და „აჯვარებს“. 

სიმფონიური ორკესტრი განფენილია მარჯანიშვილის თეატრის შემაღლებულ სცენურ სივრცეზე, რომლის ცენტრალურ ადგილს, ცხადია, დირიჟორი იკავებს. მთელი სპექტაკლი მუდმივ ბრძოლას წააგავს დირიჟორის ადგილის დასაკავებლად, თუმცა ფელინის ფილმისგან განსხვავებით, დიქტატორი-დირიჟორისა და ძალაუფლების თემები ნაკლებად მნიშვნელოვანია. რეჟისორების - იდო რიკლინისა და როი ოპენჰაიმის წარმოდგენაში ორკეტრის დირიჟორს არა გარეშე ძალები, ან თავად ორკესტრანტები აუჯანყდებიან, არამედ მისივე „შინაგანი ხმა“, მეორე „მე“, რომელიც სპექტაკლში ცალკე და  მთავარ პერსონაჟადაა წარმოდგენილი.

„მუსიკალური ფანტაზია ორკესტრის, მსახიობისა და ვიდეოარტისთვის“ - ვკითხულობთ პროგრამაში და ეს ზუსტი მითითებაა მოუმზადებელი მაყურებლისთვის, რომელიც 75 წუთის განმავლობაში არა მხოლოდ ზოჰარ ბარონის ორიგინალურ მუსიკას ისმენს, არამედ კლასიკური მუსიკისა და ჯაზური იმპროვიზაციების ფრაგმენტებსაც. პარალელურად, დირიჟორის „შინაგანი ხმა“ (ამ როლს დრამატული მსახიობი ასრულებს) მუდმივად რეფლექსირებს საკუთარ თავთან და თან „ჰამლეტიდან“ ციტატებს საკუთარი ინტერპრეტაციით კითხულობს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიზუალური ეფექტი, რასაც დროდადრო გამჭვირვალე ეკრანზე აღბეჭდილი მუსიკოსების გამოსახულება ქმნის. მაყურებელს კი საშუალება აქვს სოლისტებს - მევიოლინეს, ჩელისტსა და მესაყვირეს უსმინოს. სიმფონიური ორკესტრი ერთობ ხარისხიანია საიმისოდ, რომ მხოლოდ ასეთ ექსპერიმენტულ თუ მულტიდისციპლინურ პროექტებში მიიღონ მონაწილეობა. სხვათა შორის, სპექტაკლში მონაწილეობს „რევოლუციური ორკესტრი“, რომელიც 2004 წელს დაარსდა. მხატვრულ ხელმძღვანელობას მას კომპოზიტორი ზოჰარ შარონი და დირიჟორი როი ოპენჰაიმი უწევენ. ორკესტრის წევრები კლასიკური განათლების მქონე მუსიკოსები არიან, რომლებიც ისრაელის ცნობილ ორკესტრებსა და კამერულ ანსამბლებში უკრავენ. ასევე მსოფლიოს მასშტაბით როკ და ჯაზურ ანსამბლებთან თანამშრომლობენ.

„ემოცია მოძრაობის გარეშე“ უფრო მუსიკალური ფანტაზიაა, ვიდრე თეატრალური, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს ხელოვანს შიგნიდან დავაკვირდეთ. ჩავიხედოთ მისი სულის სამყაროში, დავინახოთ მისი ფარული კომპლექსები და ამბიციები. ის თავს მუსიკალური სამყაროების შემქმნელად წარმოიდგენს, თუმცა სინამდვილეში შეიძლება კონფორმისტი აღმოჩნდეს. სპექტაკლში ასევე მნიშვნელოვანია დირიჟორისა და მისი „შინაგანი ხმის“ მუდმივი ბრძოლა, რომელსაც უფრო იდეურ-კონცეპტუალური სახიათი აქვს, ვიდრე ესთეტიკური. 

როგორც არ უნდა შეიცვალოს გარემო, რა კომფორტულიც უნდა გახდეს იგი დირიჟორისთვის, ყოველთვის იარსებებს მისი ალტერ-ეგო, მისი შინაგანი ხმა (სპექტაკლში „მთხრობელი”), რომელიც მუდმივად შემეცნებით და ეჭვებით იქნება შეპყრობილი. სწორედ ასეთია „მთხრობელი“, რომელიც მუდმივად თან ახლავს დირიჟორს და მოსვენებას უკარგავს მას.

სპექტაკლი დირიჟორისა და „მთხრობლის“, ანუ მუსიკალური და ნარატიული საწყისის დაპირისპირებასა და ერთიანობასაც ეხება, რომელიც თეატრალური დიალექტიკის ენაზე დაახლოებით შექსპირულ მეტაფორად ტრანსფორმირდება - ყოფნა თუ არსებობა?

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 სექტემბერი
25 სექტემბერი

პოლიტიკის წესები

დასავლური პოლიტოლოგიის ვერსია იმის შესახებ, თუ რატომ ხდებიან მმართველები დიქტატორები, კარგადაა აღწერილი ნიუ-იორკის უნივე ...
11 სექტემბერი
11 სექტემბერი

რას ვუყუროთ. კინორეკომენდაცია

დასვენების დღეებში, „ლიბერალი“ გთავაზობთ კინორეკომენდაციებს, მოკლე ანოტაციებით. თითო რეკომენდაციაში სულ ცოტა სამი ფილმია ...
04 სექტემბერი
04 სექტემბერი

გაველურდი! - ჩემი რჩევა ტექნოლოგიასთან ე ...

„რა თქმა უნდა, ყველა ვერ გავიქცევით და ტყეში ვერ ვიცხოვრებთ. მაგრამ თუკი უარს ვიტყვით სესხებზე, მოწყობილობებზე და ბუნება ...

მეტი

^