Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბიძოს ტოპ 5 ტრიუკი

23 ოქტომბერი 2019
ილუსტრაცია: ანა ჯიბლაძე

ბიძინა რომ ტრიუკების ოსტატია, ეს ძველი ამბავია. შვიდი წელი ისე გაიყვანა, თითქოს გუშინ მოვიდა მმართველობაში, მაშინ როცა მიშას მმართველობა სანტა-ბარბარასავით გაიწელა (თუმცა, ვისთვის როგორ).

ეს ალბათ იმის ბრალია, რომ ბიძინა არ ჩანს, იშვიათად თუ გამოყოფს თავს და იმასაც ვერავინ იტყვის, რომ ხალხს თავი მოაბეზრა. მომაბეზრებლების როლში მისი ხელის ბიჭები არიან, რომელთაც შეძლებისდაგვარად სწრაფად ცვლის. ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე. არც იმის შთაბეჭდილება რჩება, რომ მასზე ბევრი კომპრომატი აქვთ და ვერ მოიცილებსო, მშვენივრად იცილებს ყველას.

ყველაფერს აკვირდება, ყველაფერს ხედავს და უხილავი ხელით პოლიტიკურ ამინდსაც ქმნის. გასაჭირის დროს გამოჩენასაც არ ერიდება. 

5. ლეგენდა


ყველაზე დიდი ლეგენდა ბიძინას და „ქართული ოცნების“ ირგვლივ, რომელიც ან უგუნურმა გარე ძალამ ააგორა, ან გონიერმა შიდა ძალამ, არის ის, რომ პიარი არ უვარგათ. რაც უფრო დიდხანს ცოცხლობს ეს ლეგენდა, მით უფრო მეტი მანევრირების საშუალება აქვთ. პატარა თოვლის გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც მწვერვალიდან დაეშვა და უკვე ძალიან დიდ ბურთად არის ქცეული, ვიცით, რომ ადრე თუ გვიან რამეს შეასკდება და მიმოიფანტება, მაგრამ იქამდე ბევრი რამის განადგურებსაც მოასწრებს

ამით გამოჩნდა, რომ ჯერ კიდევ კარგად ცნობენ საკუთარ ხალხს. განსხვავებით მეტოქისგან, რომლის აქტიური პიარიც თავიდან შესანიშნავად მუშაობდა, მაგრამ მოგვიანებით თითქოს გამოეპარა, რომ ხალხმა ინტერნეტი გაიყვანა ქალაქში. გაკეთებული საქმეების მუდმივი გაფეტიშებით იმდენი სისულელე იძახა, რომ უკვე იმ საქმეებისაც აღარ სჯერათ, რაც რეალურად გააკეთა.

ბიძინა არ თვლის საჭიროდ თქვას, რომ მსოფლიოში საუკეთესო პარკს აშენებს, რომლის მსგავსიც ჩვენს მზის სისტემაშიც კი არ მოიძებნება.

დასანახს დაინახავენ.

ეს სიჩუმე ცუდ პიარში გაიყვანეს. აი მიშას რომ რამე კარგი გაეკეთებინა, მთელი ხუთი წელი არ გაჩუმდებოდაო. არადა, ეს სიჩუმეც თავის მხრივ პიარია, ზუსტად იმ ხალხზე მორგებული, რომელიც პოლიტაქტიურია და არჩევნებზე მიბრძანებაც არ ეზარება.

„აკეთებენ, მაგრამ პიარი არ აქვთ“ - ოქროს სიტყვებია.

ბევრი რამით დაემსგავსა წინამორბედს და, რაც მეტი დრო გადის, უფრო ემსგავსება თავის პარტიიანად. განსხვავება კი სწორედ ამ სიჩუმეშია, რომელიც, როგორც ჩანს, ძვირად ფასობს.

დაე, სხვებმა ილაპარაკონ შენ ნაცვლად. თუნდაც ნაყიდმა ხალხმა.

პიარსამსახური კი ძირითადად სხვების გაშავებაზეა ორიენტირებული, რაშიც ბადალი არ ჰყავთ. ეს ის ბრძოლაა, რომელიც ქოცებმა ნაცებს პირწმინდად მოუგეს, გაცილებით მეტი ტროლი და ბოტი დააფინანსეს. ერთ საშუალო ძალის ნაცტროლზე, სამი რჩეული ქოც ტროლი მოდის!

ძლევაი საკვირველი.

ასე ჩამოყალიბდა პროპაგანდისტული მონსტრი უწყინარი კნუტის სახით, რომლისაც არ ეშინიათ და, როგორც აღმოჩნდა, სულ ტყუილად, რადგან, ახალგაზრდა მაიკ ტაისონის არ იყოს, ბრძოლას ბრძოლაზე იგებენ, თანაც ნოკაუტით.


4. არაფორმალური მმართველობა
 

ასე ადგა და წავიდა პრემიერობიდან. ქართველ ხალხს ისედაც ძალიან უყვარს იმის ფიქრი, რომ „მთავარმა მმართველმა არაფერი იცის“. არ აქვს მნიშვნელობა, რა ჰქვია მმართველს, კობა, ზვიადი, მიშკა თუ ბიძინა. ამ ფიქრში ერთგვარი უმწეო იმედი ჩანს, რომ გადარჩენა შესაძლებელია.

გულუბრყვილო და მავნებლური ფიქრისთვის არაფორმალური მმართველობა ნამდვილი მისწრებაა. ასეთ ფიქრებს თუ რამე კვებავს, სწორედ არაფორმალურად მართვაა - აორკეცებს იმის განცდას, რომ „იმან“ ცუდი მოვლენების შესახებ არაფერი იცის. არ იცის ნეპოტიზმის შესახებ, არ იცის კორუფციის შესახებ, არ იცის, რომ პარლამენტი მაიმუნების პლანეტას დაემსგავსა, სადაც ადამიანი მტერია.

ეს ფიქრი უცოდინარობაზე ქმნის კიდევ ერთ იმედს - „ნეტავ დაბრუნდეს და ყველაფერს დაალაგებდეს“.

მიუხედავად იმისა, რომ დიდხანს არ ჩანდა და საერთოდ არ უყვარს გამოჩენა, ყველა გაკეთებული საქმე მასთან ასოცირდება, რადგან საქმის მოთავე სიტყვით გამოსვლისას აუცილებლად გადაუხდის მადლობას, რასაც მცხეთიდან მოქნეული ტაში მოჰყვება. თავშიც გადაუხდის მადლობას და ბოლოშიც. შუაშიც როგორმე ჩააკვეხებს, დილით რომ გაიღვიძებს, მადლობას გადაუხდის გაღვიძებისთვის და ძილის წინაც - განვლილი დღისთვის.

აი გულში კიდე, ვინ იცის...

პირველი, ვინც ამის თქმა გარისკა, გოგი ოჩიაური იყო. პირდაპირ პარლამენტის დარბაზში თქვა - აქებთ აქ ხმამაღლა და მერე ლანძღავთ ზურგს უკანო. დიდი ამბავი მოჰყვა ამას, ჩხუბი და გაწევ-გამოწევა. თუმცა ის შიშიც კარგად გამოჩნდა, დეპუტატებს რომ თან დაჰყვებოდათ. ვაი და, ბიძინამ მაინცდამაინც ჩემზე არ იფიქროსო, და ატყდა ამბავი.

მადლობა მისთვის ბევრს ნიშნავს. თანაც სახალხოდ ნათქვამი. ყველამ იცის, რომ ბიძინამ რაგბისთვის ბევრი გააკეთა. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი „მადლობა“ აქაც გაიპარა. უფრო სწორად კი მადლობა, რომელიც არ ითქვა. არჩევნებზე გია ნიჟარაძეს სწორედ ეს წამოაძახეს, იმ კაცმა ამდენი რამე გააკეთა და ერთი მადლობა არ გითქვამსო.

საქმე ის არის, რომ საჯაროდ შეიძლება მართლა არ უთქვამს. ალბათ ჩათვალა, რომ სპორტი პოლიტიკა არ არის და საჯაროდ თქმის აუცილებლობაც ვერ დაინახა. არადა, სპორტი პოლიტიკაა, ამიტომ არჩევნები იმან მოიგო, ვისაც მადლობების თქმა არ ეზარება. საქმე კიდე აირია, თუმცა ეს ძალიან შორს წაგვიყვანს და თანაც ისეთ ადგილზე, სადაც ტრიუკები ნაკლებია... 

და მაინც, ეგ ამბავიც ჩუმად მოხდა. ვიღაცის პირით, ვიღაცის ხელით, თავად ბიძინას არაფერი უთქვამს. არც უკმაყოფილება გამოუხატავს. დაე, სხვებმა ილაპარაკონ.

ბიძინა კი დაიჭერს თოკებს... თოჯინები რომ ჰკიდია ქვემოთ.


3. დაბრუნება
 

მეორედ მოსვლას არ ჰგავდა? თუმცა, რაც არასდროს მინახავს, აბა საიდან უნდა ვიცოდე, ჰგავდა თუ არა. ეფექტურად კი მოვიდა.

თანაც დილით, ესეც მნიშვნელოვანია. არა საღამოს, როცა დღე მიიწურა და დაღლილი ხალხი ტელევიზორს მიუსხდა მორიგი ისტერიის სანახავად, არამედ დილით.

დღე დაიწყო ბიძინათი. დაბრუნებით, ღიმილით, თითიც დაუქნია ვიღაცებს, საქმე ვერ გააკეთეთ ჩემ გარეშეო.

დიდხანს ნაფიქრი და ბევრი კაცის ნაწერ-ჩასწორებული ტექსტი კარგად ვერ წაიკითხა, იმიტომ რომ 26-ჯერ შეაწყვეტინეს ტაშით, შორიდან მოქნეული ხელით რომ დაუკრეს. ესეც დასწრებაზე იყო, თითოეულ იქ მყოფს სურდა, ერთხელ მაინც ყოფილიყო მოთავე დიდი ტაშის ტყლაშუნისა, ჰოდა, ხელზე ტყავიც გადაიძრეს. ვიღაცას შეიძლება მობეზრდა კიდეც ეს ტყლაშა-ტყლუში, მაგრამ სხვები რომ უკრავენ, შენც უნდა დაუკრა, ვაი და, დაგინახოს ვინმემ, მერე სად მიდიხარ?

აი მოგადგა და გეუბნება. - შენ ტაშს რაზედ არ უკრავდი? არ გევასები?

რას უპასუხებ? ვერც ვერაფერს. იფიქრებს, რომ ზუსტად ის კაცი ხარ, ზურგს უკან რომ სოფლელ ხიხოს ეძახი, უწიგნურს და გაუნათლებელს, ძაან რომ გაუმართლა და არცერთი საქმის აზრზე რომ არ არის. იფიქრებს ასე და დაგიფრენენ ზარდიაშვილივით.

დილა ასე ლამაზად დაიწყო და ღამე კიდევ უფრო გალამაზდა. „ბასიანი“ დატრიალდა. როგორც კი დაღამდა, ეგრევე დატრიალდა. მანამდე რამდენიმე ახალგაზრდა გარდაიცვალა რაღაც გაუგებარი ნარკოტიკით, რომელიც ვინ შემოაგდო ბაზარზე, კაციშვილმა არ იცის. ხალხი განრისხებული და შეშინებული იყო. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა რეალიზატორი კლუბს გარეთ დააკავეს, შიგნით მაინც შევიდნენ და „გასული“ ხალხი გარეთ გამოათრიეს.

აქციები დაიწყო ცხელ გულზე, ნაკლები ფიქრით და გაბრაზებული ხმით.

მთავარი გზავნილი იყო - ძალადობა არ მოსულა.

ნიღბიანი და იარაღიანი ხალხი უნდა დავტოვოთ წარსულში. ეს გზავნილი ყველასთვის მისაღები იყო, ამიტომ აქცია მეტისმეტად ჭრელი გამოდგა, მიუხედავად უამრავი მცდელობისა, რომ ერთ ქვაბში მოეხარშათ ყველა.

იქ იყვნენ ცენტრალური უბნებიდან და გარეუბნებიდან. იყვნენ მემარცხენეები და მემარჯვენეები, ერთმა მიკროფონში ჩასძახა, ძირს კაპიტალიზმიო! რაზეც ორგანიზატორები გაბრაზდნენ, რადგან წინასწარ შევთანხმდით, რომ პოლიტიკური განცხადებებისგან თავს შევიკავებდით, თან ძალიან წამგებიანი შეძახილი იყო, რასაც სიცილი მოჰყვა.

იყვნენ ჰომოები და ჰეტეროები. იყვნენ ახალგაზრდა რაგბისტები, რომლებიც სიტყვით გამოვიდნენ და არავის გაუშუქებია, რადგან არ აწყობდათ. გაუჭირდებოდათ მათი გაპედერასტებ-განარკომანება. ასევე იყვნენ ალკოჰოლიკები და ალკოჰოლიკი ფეხბურთელები.

მომდევნო დღეს ე.წ. კონტრაქციაც მოიზვინა. ასევე გეგმის მიხედვით. ერთმა ისიც თქვა, ჩვენს სარწმუნოებას შეურაცხყოფას აყენებენო, ამ არგუმენტით მდგარა იქ. არადა, რომელიმე კონფესიის მიმართ რომ რამე შეურაცხმყოფელი თქმულიყო, აქციისგან აღარაფერი დარჩებოდა.

იყო ტრადიციული ჯოს, ჯოს, ჯოს, იყო გოგოს ცემა ვარდისფერი თმის გამო, ხელის აქნევა და ფაშისტური სალამი. ზემოთ ნახსენებმა პროპაგანდისტულმა მონსტრმა კი ორი უკიდურესობის დახატვის გეგმა იდეალურად შეასრულა.

შესაბამისად, ის წესიერი კაცი, რომელიც მეორედ მოვიდა ამ „საგიჟეთში“, იყო ის ადამიანი, რომელსაც სიტუაცია უნდა დაელაგებინა. აგაშენა ღმერთმა. აქეთ ნარკომანები, იქით ფაშისტები.

გვიშველე, ბიძინ

ბიძინმა გვიშველა.

ანტიძალადობრივმა აქციამ ისე გადაინაცვლა ნარკოლიბერალიზაციის აქციამდე, რომ ვერც ვერაფერი გავიგეთ. ესეც სისწრაფის და ცუდი ორგანიზების ბრალი აღმოჩნდა.

მერე იმ კაცმა, ბოდიშიო და ხალხიც დაიშალა.

თურმე პლანტაციებს აპირებდნენ. ჩვენ რა? ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ, აი ახალგაზრდა პედერასტები ითხოვენო, მაგრამ ზოიძე გაიშიფრა და რაღაც არ გამოვიდა.

კარგი ტრიუკი იყო. შეიძლება საუკეთესოც.


2. ბიძინა, როგორც სიღარიბით სიღარიბის დამთრგუნველი



არჩევნები იდეალურად წარმოაჩენს პოლიტიკოსის წარმოსახვის და მოხერხებულობის უნარს, მაგრამ საქმე ის არის, რომ არც წარმოსახვა წყვეტს რამეს და არც მოხერხებულობა. მთავარი ფულია. ფული კიდე ბიძოს აყრია. აქაც აყრია და იქაც, პანამაში. არა, იქ ვიღაც სხვას დააყარა, აქ კიდე ვაშაძეს დააყარეს მიწა. დამარხეს პოლიტიკურად. აბა რას გახდებოდა ვალების განულების წინააღმდეგ? დაპირებები მოეგონებინა? ოცნების კოშკები აეგო? ვის რაში სჭირდება? ეგრევე ვალებს ანულებენ.

ასე დარჩნენ პირღია პატიოსანი გადამხდელები. „ამისთვის გავწყდი წელში? ნეტავ დამეკიდებინა, ხო გადამიხდიდნენ ახლა ვალებს?“

სამაგიეროდ, მიეცი ხმა! ვის? ნებისმიერს, ვინც ლურჯ ფონზე დგას, მიეცი და აიღე ვალები, არჩევნების წინ გაგინულებენ.

ოღონდ ერთი ეგ არის, რომ ეს ვერც ბედნიერების ინდექსს შეცვლის და ვერც კმაყოფილს დატოვებს ვინმეს. ადამიანი მაშინ გრძნობს თავს ბედნიერად, როცა სამსახური აქვს და გაწეული სამუშაო და გახარჯული ენერგია ადეკვატურად უნაზღაურდება. ამისგან ძალიან შორს ვართ და არც არავის უფიქრია რამის შეცვლა. თუნდაც შრომითი უფლებების გაუმჯობესებით რომ დაგვეწყო, მაგრამ ეგრე ხო სასწაულის მოლოდინიც მოკვდება?! სასწაული კი იმას შეუძლია, ვისაც ბევრი ფული აქვს.

წკაპ და... გაანულა.

მოწყალებაა. არა დახმარება. დახმარება სამუშაო ადგილების შექმნა და იმ მითიური ქარხნების აშენება იქნებოდა. ეს კიდე მოწყალებაა. ხელებში ყურებას აჩვევ, წყალობის მოლოდინში ამყოფებ, ხალხმა კი იცის, ფული ვის აქვს და წყალობას ვისგან უნდა ელოდოს.

მონური დამოკიდებულებაც ასე იღებს სათავეს. მონას კიდე არასდროს უხდიან იმდენს, რომ გათავისუფლდეს.

ამავე დროს, მონა ვერ იტანს თავისუფლებას, რადგან თავისუფლება მონობას ართმევს. მონობა კი საშუალებას აძლევს, რამდენიც უნდა იმდენი იოცნებოს თავისუფლებაზე.


1. ინდულგენცია



არათუ ყოველ წელს, არამედ ყოველდღე იყენებს ბიძინა ნაციონალურ მოძრაობას როგორც ინდულგენციას. პოლიტიკური ცოდვების გამოსყიდვის იდეალურ მეთოდს.

ვინმემ ფული შეჭამა? მათ მეტი შეჭამეს! - მიდი და არკვიე...

ვინმე შემოგვაკვდა? მათ შეგნებულად დახოცეს!

ვინმემ სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადააჭარბა? ნუ მაცინებთ... ნაცებს შეხედეთ.

და ასე იქამდე, სანამ მხოლოდ ორ პოლუსზე მიდის ბრძოლა. ფაქტია, რომ ინდულგენცია იყიდება. თითქოს ვადა გასდის, მაგრამ ჯერ კიდევ იყიდება. ამიტომ ჩნდება აზრი საზოგადოებაში, რომ თუ ხელისუფლების შეცვლა გვინდა, მაშინ უნდა შეიცვალოს ოპოზიცია.

ესეც ხელს აძლევს. რა პრობლემაა? შეიცვალოს. ძლიერი ოპოზიციის ჩამოყალიბებას ძალიან დიდი რესურსი და უფრო დიდი დრო სჭირდება. ეს იმ პირობებში, როცა ყველა კარგად ხედავს, რომ არსებული პოლიტიკური კლასი აბსოლუტურად გაფარჩაკებულია და ახალი სახეებიც დიდად არ ჩანან. გამოჩნდა ხაზარაძე, მაგრამ ბანკირის გაშავებას რა უნდა? იმ პროპაგანდისტული მონსტრით, რომელიც მათ ხელშია.

თუ ნაცები ამას გაიაზრებენ და პოლიტიკიდან მოსცილდებიან, ამით მხოლოდ მოიგებს.

თუ ვერ გაიაზრებენ და დარჩებიან, ამითაც მოიგებს. იქამდე ივაჭრებს ინდულგენციით, სანამ ნაცებს სული უდგათ ქართულ პოლიტსივრცეში.

მათი ჩადენილი ცოდვები კი დავიწყებას ვერ მიეცემა. მაქსიმუმ, ამისგან თავი შორს დაიჭიროს ვინმემ. როგორც ევრონაცები აპირებდნენ, მაგრამ რამდენად გამოუვიდათ, ეგ კიდევ სხვა ამბავია.

ასე დაიყო ერთი პარტია. „დაყავი და იბატონე!“

დაიყო და ბატონობს.

ისევ რომ გაერთიანდნენ, ეს კიდევ უკეთესი, რადგან ქართველ ხალხს ერთი უხერხული თვისება აქვს - კარგ საქმეს მარტივად ივიწყებს, აი ცუდი მუდმივად ახსოვს.

ბიძოს ერთ-ერთ ფავორიტს მძიმე დღეები ჰქონდა, ბევრი შეცდომა დაუშვა, არც აღიარა, სისხლიც დაღვარა, მაგრამ ეს უკვდავი ინდულგენცია ისევ დაეხმარა. ყველაფერი ისე შეკერეს, თითქოს გახარია ნაცებთან მთავარი მებრძოლი იყოს.

გიორგი შარავანდედით თავზე და ნაცები დრაკონის როლში.

„მე თქვენ დაგასრულებთ“ - თქვა პარლამენტში დაწინაურებულმა მინისტრმა.

მართლა აპირებს ვინმეს დასრულებას? რა თქმა უნდა, არა. მერე რაღა ეშველებათ, რომ დაასრულონ? უბრალოდ, როლი მოირგო. ბოროტებასთან მებრძოლის როლი. თქვა ის, რისი გაგონებაც მრავალრიცხოვან ხალხს სურდა. თქვა ის, რის გამოც აირჩიეს „ქართული ოცნება“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^