Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

5 წიგნი ბულინგზე მოზარდებისთვის

29 ოქტომბერი 2019

ბულინგი - ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და აქტუალური პრობლემაა, რომლის შედეგიც, უმეტესწილად, ადამიანის გაცნობიერებული, მიზანმიმართული იზოლაციაა. გარდა იმისა, რომ მსხვერპლს უვითარდება დაბალი თვითშეფასება, ვერ ახერხებს თვითრეალიზაციას და სოციალიზაციას, ხშირად ეს მისი მომავალი ცხოვრების განმსაზღვრელი ხდება. არსებობს წიგნები, რომლებიც ამ თემაზე საუბრობენ, განიხილავენ იმ ფსიქოლოგიურ მიზეზებსა თუ შედეგებს, რომელიც ჩაგვრას მოჰყვება.

გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

საოცრება - პირველ რიგში, ეს რ.ჯ. პალაციოს „საოცრებაა“, ამბავი მეხუთეკლასელ ავგუსტზე, რომელსაც ყბა-სახის დიზოსტოზი აქვს (უბრალო ენით - დეფორმირებული სახე, რაც გენური ანომალიითა გამოწვეული). ამის გამო ბიჭი გამუდმებით ბულინგის მსხვერპლია - სკოლაში, ქუჩაში, ნებისმიერ ადგილას, გარდა სახლისა. ორი წლის განმავლობაში ავგუსტი კოსმონავტის ჩაფხუტით დადის, მისი საყვარელი დღესასწაული კი ჰელოუინია - ერთადერთი დღე, როცა თავს საზოგადოების სრულფასოვან წევრად გრძნობს. მის სასკოლო კარადაში ხშირად ჩნდება წერილები: „დეფექტურო!“, „გაეთრიე ჩვენი სკოლიდან, მონსტრო!“ თუმცა, იმ საშინელების მიუხედავად, რაც ავგუსტ პულმანის თავს ხდება, ბიჭი გარშემომყოფთა დაცინვას ყოველთვის თვითირონიით პასუხობს და არასდროს მიმართავს ძალადობას თავის დასამკვიდრებლად. ავგუსტი ახერხებს, სტერეოტიპები დაამსხვრიოს და სხვებს იმის გაანალიზებაში დაეხმაროს, თუ რა არის მათი ჩაგვრის საფუძველი, რას იკმაყოფილებენ სხვისი დაცინვით და რამხელა შიში და გარიყულობა დგას მათი ქმედებების უკან.

ბალადა გატეხილ ცხვირზე - ასე კი ჰქვია თანამედროვე ნორვეგიელი მწერლის, არნე სვინგენის წიგნს, თუმცა „ბალადა გატეხილ გულზე“ უფრო შესაფერისი სათაური იქნებოდა. მთავარი გმირი, ბარტი 13 წლის ბიჭია ოსლოს გეტოდან, რომელიც საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს და თითქოს ორი პიროვნებაა. სახლში - მოსიყვარულე, მზრუნველი შვილი, ხშირად რომ იღიმის და დედას ამხნევებს. სკოლაში კი - ჩუმი და ცივი, ვინც მაქსიმალურად მალავს საკუთარ მდგომარეობას, რათა კლასელების დაცინვას გადაურჩეს. თუმცა, როგორც იცით, არაფერი იმალება და ამბები სწრაფად ვრცელდება ხოლმე... ბულინგის გარდა, სვინგენი წიგნში ისეთ მნიშვნელოვან თემებს ეხება, როგორიცაა ნარკომანია, ალკოჰოლიზმი და სოციალური უთანასწორობა.  ნათლად ასახავს, თუ როგორია იმ ადამიანთა ყოფა, რომლებსაც საზოგადოება აიძულებს, საკუთარი თავის და მდგომარეობის რცხვენოდეთ.

ილაპარაკე - 15 წლის მელინდა სორდინომ საზაფხულო წვეულებაზე პოლიცია გამოიძახა. სასწავლო წლის პირველივე დღეს კი ხვდება, რომ მის ცხოვრებაში ნამდვილი საშინელება დაიწყო. შეშინებული და სრულიად გარიყული გოგონა გადაწყვეტს, არ ილაპარაკოს და უთქმელად მოითმინოს გარშემომყოფებისგან დამცირება, შეურაცხყოფა, ბულინგი... წიგნი მკითხველში მძაფრ ემოციებს იწვევს, რადგან თინეიჯერი გოგონას განცდები და შეგრძნებები ძალიან რეალისტურადაა გადმოცემული. ეს ალბათ იმის დამსახურებაა, რომ ავტორმა, ლორი ჰოლც ენედერსონმა მასში საკუთარი ისტორია გააცოცხლა. რომანის მიხედვით 2004 წელს ფილმიც გადაიღეს, რომელშიც მთავარ როლს კრისტენ სტიუარტი თამაშობს.

ჯაფარა - არა, ეს არ არის „ნუ მოკლავ ჯაფარას“, თუმცა არის წიგნი, რომლის მთავარი გმირიც ჰარპერ ლის ყველა დროის ყველაზე ჰუმანური რომანის პრინციპებს ატარებს. ქეთრინ ერსკინი სიუჟეტს 2007 წელს ვირჯინიის შტატში, ბლეკბურგის ტექნიკურ უნივერსიტეტში მომხდარი მასობრივი მკვლელობის ირგვლივ ავითარებს. უნივერსიტეტი, სადაც დამამთავრებელი კურსის სტუდენტი იარაღით შევარდა და 33 სტუდენტი მოკლა, მწერლის სახლის უკან მდებარეობდა. „ჯაფარა“ ამ შემზარავი ტრაგედიის მიზეზების კვლევა და კითხვებზე პასუხების გაცემის მცდელობაა. წიგნის მთავარ პერსონაჟს, 10 წლის კეიტლინს, რომლის ძმაც შემთხვევისას დაიღუპა, ასპერგერის სინდრომი აქვს და ამის გამო გარშემომყოფთა მხრიდან გამუდმებით ბულინგისა და დისკრიმინაციის მსხვერპლია. კეიტლინის მთავარ გმირად არჩევა შემთხვევითი არ არის. ქეთრინ ერსკინი ცდილობს, გვიჩვენოს, რომ ხშირად სოციალური გარემო უბიძგებს ადამიანს ძალადობისკენ, თანადგომას და ემპათიას კი მისი გადარჩენა შეუძლია; რომ მსგავს შემთხვევებში სწორედ საზოგადოებაზეა დამოკიდებული, ინდივიდს ურჩხულად აქცევს თუ „ჯაფარად“.

ურჩხული გიხმობს - მას მერე, რაც სკოლაში გაიგებენ, რომ კონორ ო’მელის დედას სასიკვდილო სენი აქვს, ბიჭი თითქოს კეთროვანი ხდება. მასთან აღარავინ ურთიერთობს. მეგობრები ისე იქცევიან, თითქოს კონორი უხილავი იყოს. ხილული მხოლოდ სკოლის „მაგარი“ ბიჭებისთვისაა, რომლებიც მას ამცირებენ და ურტყამენ, თუმცა ის ყველაფერს მოთმინებით იტანს... პატრიკ ნესის „ურჩხული გიხმობს“ ფენტეზის ჟანრის რომანია, რომელიც 2012 წელს ბრიტანეთში საუკეთესო საბავშვო წიგნად დასახელდა. ესაა წიგნი შიშებზე, მარტოობაზე, კოშმარებზე, გულგრილობაზე, ჭეშმარიტებაზე და იმ ურჩხულზე, რომელსაც ყველანი ვატარებთ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^