Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მოსკოვის საქმე“ - რა ღირს პროტესტი რუსეთში

30 ოქტომბერი 2019

რუსეთის კონსტიტუციის 31-ე მუხლი: „რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები სარგებლობენ უფლებით, იარაღის გარეშე მშვიდობიანად შეიკრიბონ, მოაწყონ აქციები, დემონსტრაციები, მსვლელობები და პიკეტირებები“.

ბოლო პერიოდის რუსული პრესა კრიმინალური ქრონიკებითაა „აჭრელებული“. ჟურნალისტური წერილები, რომლებიც სასამართლო ვერდიქტებსა და აპელაციებზე გამოტანილ განაჩენებს ეძღვნება, დეტექტიური ჟანრის მოყვარულებზე მეტად, პოლიტიკით და თავად რუსეთში არსებული პოლიტიკური რეჟიმის მანკიერებით დაინტერესებული მკითხველის ყურადღებას მიიპყრობს. წერილებში გვიამბობენ სტუდენტებზე, მექანიკოსებზე, ინჟინრებზე, პროგრამისტებზე, მშენებლებზე, სულ 24 ახალგაზრდაზე, რომლებიც ზაფხულში მოსკოვის დემონსტრაციებში მონაწილეობდნენ, დღეს კი ბევრი მათგანი უკვე პატიმარია.

მრავალათასიანი დემონსტრაციები რუსეთის დედაქალაქში საქალაქო დუმის წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაიწყო. მოსკოვის საარჩევნო კომისიამ ოპოზიციონერი კანდიდატების ნაწილს რეგისტრაციაზე უარი განუცხადა. აუცილებლად წარსადგენ ხელმოწერებში მაკონტროლებელმა ორგანომ უზუსტობები აღმოაჩინა, რაც კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილ პირთათვის საარჩევნო „დისკვალიფიკაციის“ მიზეზი გახდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დმიტრი გუდკოვი პარალელურად იუწყებოდა, რომ კომისიის წევრებს თავად შეჰქონდათ ცვლილებები წარდგენილ ხელმოწერებში ხარვეზების შესაქმნელად. მართალია, „მიუღებელი“ კანდიდატები ვერ დარეგისტრირდნენ საქალაქო არჩევნებში, თუმცა პუტინის პარტიის მოკავშირე კომუნისტური პარტიის 32-მა წევრმა უპრობლემოდ მიიღო რეგისტრაცია. სწორედ ამ პროცესს მოჰყვა მოსკოვში დემონსტრაციების ტალღა.

14 ივლისს მოსკოვის საქალაქო დუმაში მოხვედრის მსურველი 17 დამოუკიდებელი კანდიდატი შეიკრიბა საარჩევნო რეგისტრაციის მინიჭების მოთხოვნით. პროტესტის მონაწილეებმა მერიის მიმართულებით დაიწყეს მსვლელობა. პოლიცია დამკვირვებლის როლს ითავსებდა, სანამ „პროტესტანტებმა“ მერიასთან პლაკატების გამოფენა არ დაიწყეს, რასაც პირველი სასტიკი დარბევა მოჰყვა. დააკავეს 5 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, აქციის მონაწილეთა ნაწილი დაშავდა და მათი ჰოსპიტალიზება აუცილებელი გახდა.

პოლიტიკური რეპრესიები კრემლისთვის კონტრპროდუქტიული გამოდგა. ოპოზიცია გაერთიანდა, მაქსიმალურად მობილიზდა და 27 ივლისს გადაწყვიტა მასშტაბური აქციის გამართვა. ივლისის განმავლობაში არ წყდებოდა მცირე, პერმანენტული ქუჩის პროტესტიც. 24 ივლისს პოლიციამ ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი ალექსეი ნავალნი საკუთარ სახლთან დააკავა. ოპოზიციონერს თავისუფლება 30 დღით აღუკვეთეს, მიზეზად კი 27 ივლისს შეკრებისკენ მისი მოწოდება დაასახელეს. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო უწყებებმა „საქმეს ხელი სერიოზულად“ მოჰკიდეს და საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მოკვლევა დაიწყეს.

27 ივლისის აქცია მოსკოვის მერიასთან პოლიციასთან დაპირისპირების ასარიდებლად დაანონსდა, როგორც შეხვედრა ამომრჩეველთან, რაც, ფედერაციის კანონმდებლობის მიხედვით, არ ითვალისწინებს სახელმწიფო უწყებებთან შეთანხმებას ან მის სანქცირებას. მიუხედავად ორგანიზატორთა სიფრთხილისა, ნავალნის ბედი კიდევ 5-მა ორგანიზატორმა გაიზიარა. აქციის დაწყებამდე დააკავეს ივან ჟდანოვი, ლიუბოვ სობოლი, დმიტრი გუდკოვი და სხვა კანდიდატები... ასე ხვდებოდა მოსკოვი თავისუფალი არჩევნების მოთხოვნით გასამართ პროტესტს.

27 ივლისის აქცია მოსკოვში ისტორიული გამოდგა. დემონსტრაციის დაშლისას საპოლიციო უწყებებმა ყველაზე მეტი (1373) ადამიანი დააკავეს, რაც რუსეთში ამ მაჩვენებლის სტატისტიკური აღწერა და მისი გასაჯაროება ხდება. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ მხოლოდ „3500“ მომიტინგე დათვალა, დაკავებულთა ოქმებში პოლიცია 10 000 აქციის მონაწილის შესახებ გვამცნობს. რუსულმა ცენტრალურმა ტელევიზიებმა მიმდინარე მოვლენები მნიშვნელოვნად არ მიიჩნიეს და საეთერო ბადე ფილმებს და სერიალებს დაუთმეს, ინტერნეტტელევიზიაში „Навальный LIVE“, რომელიც პირდაპირ ეთერში გადასცემდა აქციის დარბევას, სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიჭრა და მაუწყებლობა გათიშა. გვარდიელებმა მაუწყებელ „Дождь“-საც მიაკითხეს და მთავარი რედაქტორი საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს.

2 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მასობრივი არეულობების და დაუმორჩილებლობის საქმეები გააერთიანა და ასე დაიწყო რუსული მედიის მიერ „მოსკოვის საქმედ“ წოდებული მართლმსაჯულების საგა.

მოსკოვის საქმის ყველაზე ახალგაზრდა ფიგურანტი 21 წლისაა.

5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 30 წლის ვლადიმირ სინიცს, რომელმაც „ტვიტი“ განათავსა საკუთარ კედელზე. ვლადიმირმა ივარაუდა, რომ პოლიციელთა შვილები, შესაძლოა, გამხდარიყვნენ ზიზღის ობიექტები იმ სისასტიკის გამო, რაც მათმა მშობლებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლისას გამოავლინეს.

26 წლის ივან პოდკოპაევს, რომელიც კომპიუტერული ტექნიკის შემკეთებელია, სამართალდამცველებმა ჩაქუჩი, დანა და წიწაკის სპრეი აღმოუჩინეს, რაც ივანს 2 წლით პატიმრობად დაუჯდა. პოდკოპაევის მეგობრები უშედეგოდ ირწმუნებიან, რომ ეს ნივთები ივანს სარემონტო სამუშაოებისთვის სჭირდებოდა და, სამწუხაროდ, სამსახურიდან იგი პირდაპირ დემონსტრაციაზე მოხვდა.

34 წლის კონსტანტინ კოტოვი მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა 4 წლით საპატიმროში, რომ დემონსტრაციების ხშირი მონაწილეა. აქტიურად ითხოვდა უკრაინელი სამხედრო ტყვეების ოფიციალური კიევისთვის გადაცემას. „განმეორებადი“ დანაშაულის (ამ შემთხვევაში დაუმორჩილებლობა) მიზეზით, სახელმწიფო ბრალდებამ „საოცარი“ ბრალი „გამოაცხო“, რომლის არსიც სასამართლომაც გაიზიარა და კონსტანტინი დამნაშავედ ცნო. 17 ოქტომბერს კოტოვმა საპატიმრო უწყებაში იქორწინა ანა პავლიკოვაზე, რომელიც ასევე ერთ-ერთი საქმის ფიგურანტია და შინაპატიმრობა აქვს მისჯილი.

მეტროს მემანქანის, კირილ ჟუკოვის ბრალზე პროკურორმა ასე ილაპარაკა: „დაარტყა „როსგვარდიელის“ შლემს, რამაც გვარდიელს დიდი ტკივილი მიაყენა“ - ეს საქციელი 29 წლის ახალგაზრდას 3-წლიან პატიმრობად დაუჯდა.

27 წლის დანიილ ბეგლეცმა პოლიციელს ტანისამოსზე მოქაჩა, რამაც, პროკურორის აზრით, ჟუკოვის შემთხვევის მსგავსად, დიდი ტკივილი მიაყენა საპოლიციო უწყების წარმომადგენელს. „პატიოსანმა“ სასამართლო უწყებამ გაითვალისწინა, რომ, კირილისგან განსხვავებით, რომელმაც დაარტყა „როსგვარდიელს“ ტანისამოსის მოქაჩვისთვის, ბეგლეცი უფრო მსუბუქ სასჯელს იმსახურებდა და 2 წლით გაუშვა საპატიმრო უწყებაში.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია დაკავებული პირებისა, რომელთა საქმეებზეც სასამართლო ვერდიქტი უკვე ცნობილია. პარალელურად, მიმდინარეობს სხვა ახალგაზრდების პროცესებიც, რომლებსაც მძიმე სასჯელი ემუქრებათ. რუსეთის ფედერაციაში სოლიდარობის ხმა, მცირე აქციების და  მედიასაშუალებების სიმწირის გამო, საკმარისად არ ისმის. იმედი ვიქონიოთ, რომ ოპოზიციონერები, სასტიკი რეპრესიების, დევნისა და ტოტალური უსამართლობის განცდის მიუხედავად, შეძლებენ მოსახლეობის მობილიზებას სოლიდარობის დიადი იდეის გარშემო, რომელსაც ისტორიაში არაერთხელ დაუნგრევია ერთპიროვნული ტირანიები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^