Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პლატფორმა „სალამ“ ჰამიდის მხარდასაჭერად: მთავარი გზავნილები და გეგმები

30 ოქტომბერი 2019

„სალამ, ჩვენ მოვედით, მოვედით, რათა გავაჟღეროთ ჩვენი საზოგადოების და თემის საკითხები, მოვედით, რათა ვიბრძოლოთ უსამართლობის წინააღმდეგ. მოვდივართ, რათა გავაპროტესტოთ ნაადრევი ქორწინება და გოგონების ძალით მოტაცება. მოვედით, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენს მასწავლებლებს, ექიმებს, მეცნიერებს, ინჟინრებს. მოვდივართ, რათა დავიცვათ ჩვენი ისტორია და კულტურა. ჰამიდ, შენ მარტო არ ხარ… ნუ ეხები მასწავლებელს, სათქმელი თუ გაქვს, მე მითხარი, მე ჰამიდი ვარ, ჩვენც ჰამიდი ვართ“. 

ასეთი იყო მხარდამჭერთა მთავარი გზავნილი, რომელიც კამპანია „სალამ“-ის მონაწილეებმა ვიდეომიმართვით გააცნეს საზოგადოებას. კამპანია „სალამ“ ფეისბუქზე 22 ოქტომბერს დარეგისტრირდა და საერთო ღირებულებების მქონე ახალგაზრდები ერთი მიზნისთვის გააერთიანა - იბრძოლონ ყველანაირი უსამართლობის წინააღმდეგ და აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ საქმიანობაში.

ჰამიდ სადიკოვს, რომელსაც ვიდეომიმართვის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ, „ლიბერალის“ მკითხველი უკვე იცნობს. ჰამიდი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კალინინოს საჯარო სკოლის გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელია. იგი საზოგადოებამ 12 ოქტომბერს გაიცნო, როდესაც მან თავისი ყოფილი მოსწავლე გოგონას მოტაცების ფაქტი ფეისბუქსტატუსით გააპროტესტა, როგორც მავნე პრაქტიკა და თემის უხუცესები მანკიერი პრაქტიკის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ახალგაზრდა მასწავლებლის სტატუსი გამოქვეყნებიდან მალევე წაიშალა, ხოლო გეოგრაფიის მასწავლებელი მოტაცებული გოგონას თანასოფლელებმა სკოლიდან სოფელ თაზაქენდის ცენტრში იძულებით გაიყვანეს, ბოდიში მოახდევინეს და ბოდიშის ამსახველი ვიდეოჩანაწერი  მობილურით გადაიღეს. მოგვიანებით, მასწავლებლის დისკრედიტაციის მიზნით, თაზაქენდის მცხოვრებლებმა ვიდეო ადგილობრივ მოსახლეობაში გაავრცელეს. 

25 წლის ჰამიდ სადიკოვი ორი წელია, რაც კალინინოს სკოლაში ასწავლის. მას მოსწონს თავისი სამუშაო გარემო და მოსწავლეებთან ურთიერთობა. ჰამიდი მათ ხშირად ესაუბრება საკუთარ უფლებებსა და მოვალეობებზე, მასწავლებლის მთავარ დანიშნულებად კი თავისუფალი აზროვნების განვითარება მიაჩნია.

პლატფორმა „სალამ“-ის წარმომადგენლები - რაშან ზიადალიევი, ნაშირ ორდუხანოვი, აინურ ალიევა, ბენიამინ კაზიმოვი „ლიბერალს“ პლატფორმის სამომავლო გეგმებსა და კონცეფციაზე უყვებიან. 

საზოგადოებისთვის „სალამ“-ის პირველი და მთავარი გზავნილი ჰამიდ სადიკოვის მხარდაჭერა იყო. კიდევ რის შესახებ ისაუბრებთ პლატფორმის საშუალებით?

რაშან ზიადალიევი, მარნეულიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სტუდენტი: 

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ „სალამ“ არ იყოს ერთჯერადი კამპანია და არ იქცეს მხოლოდ კონკრეტულად ქვემო ქართლისთვის შექმნილ პლატფორმად. ჩვენ გვსურს „სალამ“ თავისი შინაარსით იყოს მრავალფეროვანი პლატფორმა და საუბრობდეს საქართველოში არსებულ პრობლემებზე, რაც ერთნაირად გვაწუხებს ეთნიკურ უმცირესობებს თუ უმრავლესობას ჩვენს ქვეყანაში. „სალამ“ ჩართული იქნება იმ საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარებაში, რომლებიც აფერხებს ჩვენი საზოგადოების განვითარებას. არსებობს ასეთი სტერეოტიპები, რომ ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა არ იციან სახელმწიფო ენა, არ არიან ინფორმირებული ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური პროცესების შესახებ და ა.შ. ამ კამპანიით გვინდა ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ ვართ ახალგაზრდები, რომლებიც ვმსჯელობთ მწვანე პოლიტიკაზე, ოკუპაციაზე, საზოგადოების პრობლემებზე, მართლმსაჯულების სიტემაში არსებულ პრობლემებზე, არჩევნებზე, ადრეულ ქორწინებაზე, ოჯახში ძალადობაზე, სხვადასხვა სახის დისკრიმინაციაზე და ა.შ. დარწმუნებული ვარ, ეს კამპანია შედეგს გამოიღებს და სხვა ახალგაზრდებისთვისაც მოტივაცია გახდება საიმისოდ, რომ უფრო ხმამაღლა თქვან თავიანთი სათქმელი“.

ნაშირ ორდუხანოვი, ბოლნისიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სტუდენტი: 

„ჩვენს თემში ბევრი არ არის ჰამიდის მსგავსი ახალგაზრდა, რომელიც ადრეული ქორწინების თემას გააპროტესტებს, არსებული პრობლემების შესახებ ხმას ამოიღებს, რადგან მათ იციან, რომ ჰამიდის მსგავსად დააბულინგებენ. ჩვენ პლატფორმის საშუალებით გვსურს ამ პრობლემებზე ხმამაღლა ვისაუბროთ. ჰამიდის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ასევე ნიშნავს ყველა იმ ახალგაზრდის მხარდაჭერას, რომლებიც ცდილობენ დაუპირისპირდნენ უსამართლობას და გარკვეული საკითხები დადებითისკენ შეცვალონ ჩვენს საზოგადოებაში. გვსურს, ჩვენი გოგონები იყვნენ უფრო განათლებულები, მიიღონ უმაღლესი განათლება, ისწავლონ ქართული ენა და საკუთარ თემში ცვლილებების გამოწვევები გახდნენ. ჩვენ ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი არჩევნები, რატომ არის მავნე პრაქტიკა ამომრჩევლის მოსყიდვა, ვისაუბრებთ იმის შესახებაც, რატომ არის საზიანო ადრეულ ასაკში ქორწინება, რატომ არის მოტაცება ცუდი და ა.შ. გვსურს საზოგადოებას გავაგებინოთ, რომ არც რელიგიურად და არც კულტურულად ადრეული ქორწინება არ არის ჩვენი ტრადიცია, იგი 90-იანი წლების მავნე გადმონაშთია. ყველაზე მთავარი კი, რაც გვსურს ვუთხრათ საზოგადოებას, ის არის, რომ ჩვენ, ეთნიკური აზერბაიჯანელები, საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეები ვართ და ჩვენც ვზრუნავთ საქართველოზე“. 

აინურ ალიევა, გარდაბნიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სტუდენტი:

„ჰამიდმა სიმამაცის მაგალითი გვაჩვენა ყველას და წაგვაქეზა, ხმამაღლა ვილაპარაკოთ ყველა პრობლემაზე, რაც ხდება ქვემო ქართლში და მთლიანად საქართველოში. პლატფორმის ძირითადი მიზანიც ეს არის, რომ გლობალურ პრობლემებზე უფრო აქტიურად ვისაუბროთ. ვფიქრობ, ჰამიდის მხარდაჭერით მარტო ჰამიდს არ ვეხმარებით; თუ დღეს ხმამაღლა არ ვიმსჯელებთ ამ საკითხზე - გოგონების მოტაცებაზე, ხვალ შეიძლება იგივე შეემთხვეს ჩვენს შვილს ან ჩვენს დას, ახლობელს, მეგობარს და ა.შ. ამ მიზნების განხორციელების გზაზე ერთ-ერთ მთავარ შესაძლელობას კი განათლებაში ვხედავ“. 

ბენიამინ კაზიმოვი, პლატფორმის წევრი:

„ჰამიდ სადიკოვის „ქეისი“ გახდა მაპროვოცირებელი, რომ ერთ ჭერქვეშ მოგვეყარა თავი საერთო ღირებულებების მქონე ადამიანებს და, შესაბამისად, ორგანიზებულად ჩამოგვეყალიბებინა ჩვენი აზრი ამ შემთხვევაზე. ჰამიდმა კონკრეტული აზრი გამოთქვა იმ მანკიერ პრაქტიკაზე, რის შესახებაც ხშირად გვესმის - ეს არის გოგონების მოტაცება ქორწინების მიზნით და თავისი მწვავე და სამართლიანი განცხადების გამო, ტრადიციებს ამოფარებული ხალხის მსხვერპლი გახდა. რატომღაც ჰგონიათ, რომ გოგონების მოტაცება დაქორწინების მიზნით ეს ჩვენი, ეთნიკური აზერბაიჯანელების კულტურისა და ტრადიციების ნაწილია, მაგრამ ასე არ არის. ეს 90-იანებში ჩამოყალიბებული მავნე ტრადიციის გადმონაშთია, რაც იმ დროს საქართველოს ყველა რეგიონში ხდებოდა. სამწუხაროდ, ჩვენთანაც ვერ მოხერხდა ამ მემკვიდრეობით გადმოცემული მავნე ჩვევისთვის გვერდის ავლა. ეს ბევრი მიზეზის გამო მოხდა: ენობრივი ბარიერი, ჩაკეტილობა, ცენტრთან ნაკლები ინტეგრაცია, განათლების დაბალი დონე, სტერეოტიპები და ა.შ. ფაქტი ისაა, რომ ცენტრი არ იცნობს რეგიონს და რეგიონი არ იცნობს ცენტრს. რეგიონი ვერ უერთდება საერთო პროგრესს და ვერ ახერხებს სრულფასოვან ინტეგრაციას მასში“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^