Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კლიმატის თუ კაპიტალიზმის კრიზისი?

01 ნოემბერი 2019

ამერიკის შეერთებული შტატების სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით, უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში, დედამიწის მოსახლეობა თითქმის 3-ჯერ გაიზარდა და 7,4 მილიარდს მიაღწია. ამის პარალელურად დაჩქარდა გლობალური დათბობის პროცესიც, რის შედეგებსაც მსოფლიო კლიმატის რადიკალური ცვლილებების სახით იმკის. მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნა სამომხმარებლო პროდუქტებზეც. სამყაროს მავნე ზეგავლენა კლიმატურ ცვლილებებზეც აისახება.

კაპიტალისტურ დღის წესრიგში, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში ერთადერთ ხელშეუხებელ მოცემულობად მიიჩნევა, ადამიანი მომხმარებლად, ხილული სამყარო კი პოტენციურ რესურსად აღიქმება. სამომხმარებლო ურთიერთობების პირობებში გარე სამყაროსთან, ბუნებასთან არსებული დამოკიდებულება რადიკალურად, მორჩილებიდან ბატონობით, იცვლება. თანამედროვე ადამიანისთვის ბუნებაზე ყოველდღიური ძალადობა მაქსიმალური სარგებლის მიღებისთვის ნორმალიზდება. დომინანტური იდეოლოგია ბუნებაზე სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის დახმარებით ბატონობს, რაც კაცობრიობას პროგრესის სახელით გარდაუვალ რღვევას ჰპირდება.

ბუნების ტოტალური დამონების მცდელობები ყოველივე ცოცხალს ისევე წარმატებით აქცევს საქონლად, როგორც თვითონ ბუნებას. შედეგები სტატისტიკისა თუ ვიზუალური მასალის სახით სხვადასხვა არხის მეშვეობით მოგვეწოდება - ამბებად ანტარქტიდის ყინულის საფარის 10%-ით შემცირებაზე ან ხანძრების რეკორდულ რაოდენობაზე, რომელიც დედამიწის ერთერთ ყველაზე პროდუქტიულ და მრავალფეროვან ეკოსისტემაში, ამაზონის ტყეში გაჩნდა. მიუხედავად ამისა, მწვანე პოლიტიკის სკეპტიკოსებს მოსალოდნელი საფრთხეები მყინვარების დნობისა თუ მდინარეების დაშრობისას, ჰაერისა თუ წყლის დაბინძურებისას, ავადობისა თუ სიკვდილიანობის ზრდისას, ხშირად გაზვიადებულად ეჩვენებათ.

ეკოლოგიური პრობლემები, კლიმატის კრიზისმა რომ მოიტანა, დიდი ხანია გასცდა ვიწრო, გარემოსა და ბუნებაზე ზრუნვის სივრცეს. კითხვები ეკოლოგიის პოლიტიკასთან ერთად კაპიტალისტური წესრიგის მიმართაც ჩნდება, რომელიც მავნებლური პოლიტიკის გამტარებელი ხდება. კლიმატის კრიზისის უკან კაპიტალისტური წესრიგის კრიზისი იმალება. კლიმატის კრიზისთან ბრძოლა კაპიტალიზმის პირობებში, პოლიტიკის სისტემური ცვლილების ნაცვლად, ეპიზოდური ალტერნატივების დაშვებით შემოიფარგლება. ეს ალტერნატივები პასუხისმგებლობას ცალკეულ ადამიანებს აკისრებს, წელიწადში რამდენჯერმე მოქალაქეების მხრიდან ელექტროენერგიის მოხმარებაზე უარის თქმას, ხეების დარგვასა თუ ნარჩენების შეგროვებას გულისხმობს. ბიზნესის პასუხისმგებლობისთვის გვერდის ავლა კაპიტალიზმის სიცოცხლესთან ერთად აჩქარებს ეკოლოგიურ რღვევას. ამიტომ კითხვა, ვინ მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას (პოლიტიკური ელიტა, რომელიც ეკონომიკური ელიტაა?) უფრო მწვავედ ისმის.

საერთაშორისო საზოგადოებამ კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით პირველ პოლიტიკურ შეთანხმებებს 90-იან წლებში მიაღწია: 1992 წელს რიოს სამიტით, 1997 წელს კი კიოტოს აქტით, რომელიც იაპონიაში ნახშიროჟანგის ემისიის შემცირების მიზნით გაფორმდა. აქტი პასუხისმგებლობას განვითარებულ ქვეყნებს აკისრებდა, კონკრეტული ვალდებულებით: „საერთო, მაგრამ დიფერენცირებული პასუხისმგებლობის პრინციპით“.

იმავე შინაარსს ატარებდა ბალის სამოქმედო გეგმა (2007) და კოპენჰაგენის კონფერენცია (2009), რომელთაც მნიშვნელოვანი შედეგები არ მოჰყოლია. ყველაზე პროდუქტიული ამ მხრივ პარიზის კლიმატის შეთანხმება (2015) აღმოჩნდა, რომელიც გაეროს 195-მა წევრმა ქვეყანამ მიიღო. შეთანხმება გარემოზე ადამიანის მავნე ზემოქმედების საერთაშორისო აღიარებად იქცა.

პარიზის კლიმატის შეთანხმებით, მხარეები პასუხისმგებლობას პლანეტის საშუალო წლიური ტემპერატურის 2°C-მდე შენარჩუნებაზე იღებენ, თუმცა არ არსებობს მექანიზმი, რომელიც სახელმწიფოებს გეგმის შესრულებას დაავალდებულებს. აღსანიშნავია, რომ აშშ-მა, რომელიც ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით მსოფლიოში ლიდერობს, პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ, პარიზის კლიმატის შეთანხმება ბიზნესის ხელშეწყობის მოტივით დატოვა.

კლიმატის ცვლილების პრობლემა თანაბრად აწუხებს როგორც დიდ, ისე პატარა სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს, რომელიც გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციას - 1994 წელს, პარაზის შეთანხმებას კი 2016 წელს შეუერთდა.

ქვეყანამ პასუხისმგებლობა იკისრა სათბური გაზების ემისიის 15%-მდე შემცირებაზე, თუმცა კონკრეტული გეგმები პრობლემის მოსაგვარებლად დღემდე არაა შემუშავებული.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსები სათბური გაზების ემისიის საჭიროებაზე თანხმდებიან, უცნობია თუ როგორ, რა გზით აპირებენ მიმდინარე პროცესების შეჩერებას. ნეოლიბერალთა შეფასებით, ანთროპოგენურ ფაქტორებზე აქცენტირება უარყოფითად მოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე, რაც კაპიტალიზმის კვლავწარმოებას განაპირობებს.

შეძლებს თუ არა სამომხმარებლო საზოგადოება მნიშვნელოვნად შეამციროს ნახშირბადის ემისია, რამდენად მზადაა მსოფლიო რადიკალური რეფორმების გასატარებლად, ამოქმედდება თუ არა სანქციები იმ სახელმწიფოთა მიმართ, რომლებიც არღვევენ კლიმატთან დაკავშირებული ხელშეკრულების პირობებს, მოსთხოვენ თუ არა პასუხს ნავთობისა და გაზის მსხვილ კომპანიებს გარემოს დაბინძურებისთვის, შეიქმნება თუ არა ერთიანი ბიუჯეტი კლიმატის პრობლემების გადასაჭრელად? - ამ კითხვებზე ერთსულოვანი პასუხი დღემდე არ არსებობს.

სამოქალაქო საზოგადოებების საპროტესტო ტალღამ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მოიცვა, მწვანე პოლიტიკის საკითხი გააქტიურდა, თუმცა ბიზნესინტერესი კვლავაც დომინანტურია. ვიღებთ მოცემულობას, რომელშიც ბიზნესი ქმნის რეალობას და ადგენს თამაშის წესებს. მოქალაქეების ინდივიდუალური პასუხისმგებლობისკენ გადამისამართება ერთჯერადი აქციებით მსხვილი კორპორაციების პასუხისმგებლობებზე თვალის დახუჭვის საშუალებაა. საგულისხმოა, რომ ბიზნესის მიერ მოტანილი ზიანი გარემოსთვის ინდივიდის მოტანილ ზიანზე გაცილებით დიდია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ნოემბერი
18 ნოემბერი

მაჟორიტარული სისტემის კრიზისი გაერთიანებ ...

თანამედროვე დასავლურ პოლიტიკაში, მოულოდნელ, მეინსტრიმულ პოზიციებთან დაპირისპირებული მოსაზრებების დემოკრატიულმა ტრიუმფმა ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

კონსტიტუცია და მისი პოლიტიკური ინტერპრეტ ...

2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსული „ქართული ოცნება“ გახელისუფლების შემდეგ ყველაზე მწვავე და არსებით პოლიტიკურ ...
11 ნოემბერი
11 ნოემბერი

როგორ შევამციროთ სამედიცინო შეცდომების რ ...

მსჯელობა შეცდომებზე  პარადოქსულია, რომ გასაოცარი სამედიცინო პროგრესის პარალელურად, პაციენტთა გარდაცვალების ერთ-ე ...

მეტი

^