Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საუკუნის ყველაზე უცნაური არჩევნები 12 დეკემბერს გაიმართება

31 ოქტომბერი 2019

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის და მისი გუნდის ვადამდელი არჩევნების საკანონმდებლო ინიციატივამ, როგორც იქნა, მხარდაჭერა მოიპოვა. 438 დეპუტატის გადაწყვეტილებით, ნისლიან ალბიონზე არჩევნები 12 დეკემბერს გაიმართება. 

ბორის ჯონსონის შესახებ ჩვენს პირველ წერილში აღვნიშნეთ, რომ კონსერვატიული პარტიის მთავარ ამოცანას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება წარმოადგენდა. ბრექსიტის საკითხი იყო პოლიტიკური ინსტრუმენტი და ძალაუფლების ძველი ხარკი, რომელიც დევიდ ქემერონმა 2015 წლის არჩევნებში ხმების მაქსიმალური რაოდენობის მოსაზიდად დაანონსა და, არჩევის შემთხვევაში, ევროკავშირის დატოვების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების დაპირება გასცა.

ევროსკეპტიკოსების მხარდაჭერის ხარჯზე, ქემერონის ტრიუმფი ეპიროსის მეფის, ლეგენდარული პიროსის გამარჯვებას დაემსგავსა, რომელმაც ჯერ თავად დევიდ ქემერონი შეიწირა, შემდეგ - მისი მემკვიდრე ტერეზა მეი. ამ ყველაფერთან ერთად, ბრექსიტის რეფერენდუმი და მისი შემდგომი მოვლენები ბრიტანული, უძველესი ორპარტიული პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის „პანდორას ყუთად“ იქცა - მარგინალური პოლიტიკური ძალები ტაბლოიდების ფურცლებიდან მთავარ პოლიტიკურ აქტორებამდე აღზევდნენ. ერთ-ერთმა „მარგინალმა“ ნაიჯელ ფარაჯმა მაისში გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში კონსერვატორებიც და ლეიბორისტებიც უკან მოიტოვა და ახლად შექმნილი ბრექსიტის პარტიით ნისლიან ალბიონზე პირველი ადგილი დაიკავა. 

 აწ უკვე 12 დეკემბერს გაერთიანებულ სამეფოში დანიშნული საპარლამენტო არჩევნები ჩვენი საუკუნის ყველაზე უცნაური კენჭისყრა იქნება, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ის შესაძლოა უახლოეს დღეებში გაუქმდეს და დიდი ხნით გადაიდოს. ბრიტანეთში, პროცედურულად, არჩევნების ჩატარების ინიციატივა დეპუტატთა 2/3-ის მხარდაჭერას საჭიროებს. ბორის ჯონსონმა რამდენიმეჯერ სცადა ამ გზით ვადამდელი კენჭისყრის დანიშვნა, თუმცა ყველა მცდელობა მარცხით დამთავრდა. ბრიტანული სამართლებრივი სისტემა ასევე იძლევა შესაძლებლობას, სამთავრობო გუნდმა წამოაყენოს ერთწინადადებიანი საკანონმდებლო ინიციატივა, ამ შემთხვევაში არჩევნების დანიშვნის შესახებ, რომელსაც დასამტკიცებლად მარტივი უმრავლესობა სჭირდება. მოცემულ ხერხს ჯონსონმა გუშინ პირველად მიმართა, თუმცა ამ წინადადებას კანონმდებლებმა, შესაძლოა, ნებისმიერი შესწორება მიუმატონ.

ოპოზიციონერები საუბრობენ „გაუგონარ“ ინიციატივაზე, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ევროკავშირის მოქალაქე და 16 წლის პირებს მიეცეთ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რაც ამ ქვეყანაში არასდროს მომხდარა. თუ მსგავსი შესწორება დაემატება ჯონსონის საარჩევნო ინიციატივას, უკვე კონსერვატორები ყველაფერს გააკეთებენ საიმისოდ, რომ არჩევნები არ ჩატარდეს. 

ტრადიციულად, დიდ ბრიტანეთში არჩევნები გაზაფხულზე ინიშნება. უკანასკნელად საპარლამენტო კენჭისყრა დეკემბერში 1923 წელს, თითქმის ერთი საუკუნის წინ გაიმართა. ესეც ცხადყოფს ამ არჩევნების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მოახლოებული პოლიტიკური კამპანია იქნება სრულიად უნიკალური პოლიტიკის ისტორიაში. პარტიები ყურადღებას გაამახვილებენ არა პოლიტიკურ პროგრამებზე, არამედ ერთადერთ საკითხზე - „ბრიტანეთის ევროპულ“ მომავალზე, ხოლო ამომრჩეველი, პარტიული გემოვნების ნაცვლად, არჩევანს ბრექსიტთან დაკავშირებული შეხედულების შესაბამისად გააკეთებს. 

უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ პარტიულ ტაქტიკებზეც. ლეიბორისტული პარტია, რომლის მზარდი რეიტინგიც ბრექსიტის თაობაზე მერყევმა, ჩამოუყალიბებელმა პოზიციამ ძალიან აზარალა, შეეცდება საარჩევნო დისკურსში მაქსიმალურად ჩართოს შიდა პოლიტიკური საკითხები. ლეიბორისტები, ტრადიციულად, ადგილობრივ პრობლემატიკაზე უკეთესად მსჯელობენ. უმრავლესობისთვის მემარცხენე იდეები ხშირად უფრო ახლობელი და გასაგებია, მაშინ, როდესაც კონსერვატორები გლობალურ პრობლემებს და საერთაშორისო გამოწვევებს უკეთ უმკლავდებიან. ლეიბორისტები ამბობენ, რომ ისინი საყოველთაო დაზღვევის, კლიმატის საკითხებზე, დასაქმებულთა და უმცირესობების უფლებებზე დაელაპარაკებიან ამომრჩეველს. ვინაიდან 12 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნები პარლამენტარიზმის კრიზისს და ბრექსიტის დაუსრულებელ საგას ეხება, ნაკლებად სავარაუდოა, ლეიბორისტებს ფართო ასპარეზი მიეცეთ შიდა პოლიტიკაზე სასაუბროდ. 

ლიბერალ-დემოკრატები, რომელთა რეიტინგიც რეკორდულ მაჩვენებლებს მიუახლოვა ბრექსიტთან დაკავშირებით ევროკავშირში დარჩენის მომხრე მკაცრმა პოზიციამ, ეცდებიან ლეიბორისტებს მთავარი ოპოზიციური ნიშა წაართვან. პარტიის საარჩევნო მესიჯი ცნობილია - გაერთიანებული სამეფო უნდა დარჩეს ევროპული გაერთიანების საზღვრებში. არსებული უჩვეულო კონიუნქტურიდან გამომდინარე, ლიბერალებმა, შესაძლოა, ხმების ისტორიული მაქსიმუმი მოაგროვონ და ძალიან დიდი კონტინგენტით შევიდნენ ახალ პარლამენტში. 

შოტლანდიის რეფერენდუმის ტრიუმფის შემდეგ, ბორის ჯონსონის დაწინაურება ყველაზე მომგებიანი სვლა გამოდგა კონსერვატორებისთვის. ტერეზა მეის ზომიერ პოზიციებს შეწირული პარტიული რეიტინგი ბორის ჯონსონის რადიკალიზმმა, „ხალხოსნობამ“, წელში გამართა და სოლიდური უპირატესობა მიანიჭა სხვა პარტიებთან შედარებით. კონსერვატორებისგანაც, ძირითადად, მხოლოდ ბრექსიტზე უნდა ველოდოთ საუბარს. „ტორების“ მთავარი ამოცანაა, იქნებ დაანახვონ ამომრჩეველს, როგორ უღალატა მათს დემოკრატიულ არჩევანს პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა. კონსერვატორების ძირითადი მიზანია, 5 წლით გაიხანგრძლივონ საკანონმდებლო უმრავლესობა, რის მიღწევასაც, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ნებისმიერ ფასად შეეცდებიან. 

რომ არა ბორის ჯონსონი, რომელიც ამომრჩეველს, პირადი სიცოცხლის და თავისუფლების ფასადაც, ევროკავშირის დატოვების პროცესის ბოლომდე მიყვანას დაჰპირდა, ნაიჯელ ფარაჯი და ბრექსიტის პარტია დღეს ფავორიტები იქნებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ფარაჯის რეიტინგი, ჯერჯერობით, შეუძლებელია 20%-იან ნიშნულს აცდეს, მისი „პაქტი“ კონსერვატორებთან, არ არის გამორიცხული, გადამწყვეტი აღმოჩნდეს საპარლამენტო არჩევნებში. ინგლისის სამხრეთ ტერიტორიისგან განსხვავებით, ჩრდილოეთ საარჩევნო ოლქებში „ტორები“ ყოველთვის მარცხდებიან, მაგალითად, ლივერპულში, რასაც ისტორიული და პოლიტიკური მიზეზები აქვს. თუ კონსერვატორები ასეთ ოლქებში კანდიდატებს არ დააყენებენ და მხარდაჭერას ბრექსიტის პარტიის ადგილობრივ, უფრო სახალხო წარმომადგენლებს გამოუცხადებენ, შესაძლოა ლეიბორისტებმა და ლიბერალ-დემოკრატებმა ბევრი მანდატი დაკარგონ. ევროსკეპტიკოსთა ბანაკის ერთობას ართულებს ჯონსონის ბრიუსელთან მიღწეული შეთანხმება, რომელიც ბრექსიტის პარტიამ არ მოიწონა და ბლეფად შერაცხა. 

შოტლანდიელი ნაციონალისტებისთვის ახალი არჩევნები კარგი საშუალებაა პოზიციის გასამყარებლად. სავარაუდოდ, შოტლანდიის ნაციონალური პარტია ამომრჩეველს დამოუკიდებლობის შესახებ ახალ რეფერენდუმს დაჰპირდება, რომლის განხორცილებასაც ნაკლებად უნდა ველოდოთ - ბრექსიტის შემთხვევაში ცენტრის ნებართვა მარცხისთვის განწირულ რეფერენდუმზე დიდი ალბათობით არ იქნება. 

ევროკავშირის პოზიციაც ცნობილია, მიუხედავად მუქარისა, რომ ახალი გადავადება არ იქნებოდა, ბრექსიტის კალენდარულმა ნიშნულმა 31 ოქტომბრიდან 31 იანვრამდე გადაიწია. 

ყველაზე უცნაურ არჩევნებამდე ერთ თვეზე ოდნავ მეტი რჩება. ვნახოთ, როგორ წარიმართება იმ საპარლამენტო მანდატებისთვის ბრძოლა, რომელთა გადათამაშებაც მხოლოდ ერთი საკითხის გადასაწყვეტად ხდება. ბრექსიტის საგა, ადრე თუ გვიან, დასრულდება, მაგრამ უცნაური არჩევნების უცნაურმა პარლამენტმა სახელმწიფო ხუთი წელი უნდა მართოს მთავრობასთან ერთად.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ნოემბერი
18 ნოემბერი

მაჟორიტარული სისტემის კრიზისი გაერთიანებ ...

თანამედროვე დასავლურ პოლიტიკაში, მოულოდნელ, მეინსტრიმულ პოზიციებთან დაპირისპირებული მოსაზრებების დემოკრატიულმა ტრიუმფმა ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

კონსტიტუცია და მისი პოლიტიკური ინტერპრეტ ...

2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსული „ქართული ოცნება“ გახელისუფლების შემდეგ ყველაზე მწვავე და არსებით პოლიტიკურ ...
11 ნოემბერი
11 ნოემბერი

როგორ შევამციროთ სამედიცინო შეცდომების რ ...

მსჯელობა შეცდომებზე  პარადოქსულია, რომ გასაოცარი სამედიცინო პროგრესის პარალელურად, პაციენტთა გარდაცვალების ერთ-ე ...

მეტი

^