Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Doing Business-ში მე-7 ადგილზე: რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?

01 ნოემბერი 2019

24 ოქტომბერს მსოფლიო ბანკმა ბიზნესის კეთების სიმარტივის 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველომ ანგარიშში ერთი პოზიციით უკან დაიხია და მე-7 ადგილი დაიკავა. თუმცა საქართველოს აბსოლუტური მაჩვენებელი 0,2 ქულით გაიზარდა. რეიტინგში პოზიციის დათმობა კი იმის შედეგია, რომ სხვა ქვეყნებმა უფრო მეტად გააუმჯობესეს ბიზნესის რეგულირება და საქართველოზე უკეთესი ადგილი დაიკავეს.

ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსი საქართველოში არაერთხელ გამხდარა მითქმა-მოთქმის საგანი. ხშირად ჩნდება კითხვა, თუ როგორ შეიძლება საქართველოში უფრო მარტივი იყოს ბიზნესის კეთება, ვიდრე, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, ნორვეგიაში, ლიტვაში, ავსტრალიაში, გერმანიაში, კანადასა და ირლანდიაში. ასეთი კითხვების მიზეზი ინდექსის მეთოდოლოგიის არცოდნაა.

რა არის ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსი?

ეს არის მსოფლიო ბანკის მიერ შექმნილი ინდექსი, რომელიც მსოფლიოს 190 ქვეყანაში ბიზნესის რეგულირებას აფასებს. 2020 წლის ანგარიში (გამოცემული 2019 წელს) 11 ინდიკატორს და 190 ქვეყანას მოიცავს. ინდექსი ყოველწლიურად უფრო კომპლექსური ხდება, ფართოვდება იმ ქვეყნების არეალი, რომელთა ბიზნესრეგულირებასაც მსოფლიო ბანკი შეისწავლის, იხვეწება არსებული და ემატება ახალი ინდიკატორები.

ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსის დასადგენად გამოიყენება თერთმეტი ინდიკატორი:

1.         ბიზნესის დაწყება

2.         მშენებლობის ნებართვა

3.         ელექტროენერგიის მიღება

4.         ქონების რეგისტრაცია

5.         კრედიტის ხელმისაწვდომობა

6.         მინორიტარული ინვესტორების უფლებების დაცულობა

7.         გადასახადების გადახდა

8.         საერთაშორისო ვაჭრობა

9.         კონტრაქტების აღსრულება

10.       გადახდისუუნარობა

11.       თანამშრომელთა დაქირავება

მოცემული ინდიკატორებიდან საქართველოს მაღალი შედეგი აქვს ბიზნესის დაწყებაში (მე-2 ადგილი მსოფლიოში) და ქონების რეგისტრაციაში (მე-5 ადგილი მსოფლიოში). მართლაც, საქართველოში შესაძლებელია ერთი პროცედურით და ერთ დღეში როგორც ბიზნესის, ისე ქონების რეგისტრაცია. ხოლო ყველაზე დაბალი შედეგი საქართველოს გადახდისუუნარობის ინდიკატორში აქვს - 64-ე პოზიცია. მსოფლიო ბანკის შეფასებით, გადახდისუუნარობის დეკლარირების პროცესს საქართველოში ორი წელი სჭირდება და ამოღების კოეფიცინეტიც დაბალია.

მე-11 ინდიკატორი - თანამშრომელთა დაქირავება, მართალია შეისწავლეს ინდექსის ავტორებმა, თუმცა ის რეიტინგში არ აისახება. შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა, შეისწავლონ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა თანამშრომელთა დაქირავების მხრივ, თუმცა თანამშრომელთა დაქირავების კარგი ან ცუდი პრაქტიკა გავლენას არ ახდენს ქვეყნის რეიტინგზე.

აღსანიშნავია, რომ თითოეულ ინდიკატორში ქულა ფასდება მკაცრად გაწერილი მეთოდოლოგიით, კონკრეტული ქეისის საფუძველზე. მაგალითად, მშენებლობის ნებართვის ინდიკატორში განხილულია მაგალითი - მეწარმემ უნდა ააშენოს ორსართულიანი საწყობი ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქის გარეუბანში. ინდექსი კი აფასებს მშენებლობის ნებართვების, ინსპექციების, კომუნალურ კომუნიკაციებთან დაერთების და ექსპლუატაციაში მიღების პროცედურებს, დროს და ფასს. ასევე ფასდება მშენებლობის კონტროლის ხარისხი.

ამგვარად, თითოეულ ინდიკატორს კონკრეტული მეთოდოლოგია აქვს და ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსისთვის მნიშვნელობა არ აქვს მიმდინარე მოვლენებს, მაგალითად, ანაკლიის პორტის შეფერხებას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ვარდნას, ვალუტის კურსს და ა.შ.

საქართველოს წარმატება რეიტინგში

საქართველომ ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსში უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია. ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც მე-100 (ან უარესი) პოზიციიდან მოახერხა საუკეთესო ათეულში მოხვედრა.

ცხრილი: საქართველოს პოზიცია ბიზნესის კეთების ანგარიშში*

ასეთი სწრაფი პროგრესის მიზეზი რეფორმათა რაოდენობა გახდა, რომლებიც ბიზნესის კეთების გამარტივებას უწყობდა ხელს. რეფორმები შეეხო ყველა სექტორს და, შესაბამისად, თითოეულ ინდიკატორში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა. 2005-2019 წლებში ჩატარებული რეფორმების მიხედვით, რომლებიც მსოფლიო ბანკმა აღნუსხა, საქართველო, 50 გატარებული რეფორმით, მე-2 ადგილს იკავებს და მხოლოდ რუანდას ჩამორჩება. 2006-2011 წლებში გატარებული რეფორმებით მსოფლიო ბანკმა საქართველო საუკეთესო რეფორმატორ ქვეყნად დაასახელა.

მნიშვნელოვან რეფორმებს შორის, რომლებმაც გავლენა იქონია რეიტინგში პროგრესზე, იყო საჯარო რეესტრის რეფორმა. ამით გაუმჯობესდა ბიზნესის დაწყებისა და ქონების რეგისტრაციის ინდიკატორები, მოხერხდა მშენებლობის ნებართვების შესახებ მთავრობის დადგენილების მიღება, გადასახადების გაუქმება და განაკვეთების შემცირება, საბაჟოს რეფორმა და საგადასახადო სამსახურთან გაერთიანება, საკრედიტო ბიუროს შექმნა, გადახდისუუნარობის კანონის მიღება და სხვა.

2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქართველოს პოზიციას საერთაშორისო რეიტინგებში ნაკლები მნიშვნელობა დაეთმო, რამაც რეიტინგში დაქვეითება გამოიწვია ჯერ მე-15, ხოლო შემდეგ 24-ე პოზიციამდე. მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ყოფილმა ხელისუფლებამ რეიტინგების გაუმჯობესება საერთაშორისო ორგანიზაციების „სიცრუეში შეყვანით“ მოახერხა: „არ იმუშავეს მაგ თქვენმა ცრუ რეიტინგებმა, არ იმუშავა არსად და არავითარი შედეგი არ ჰქონია. შესაბამისად, არაფერს არ დავკარგავთ ჩვენ ამით, არაფერი არ მოხდება, არაფერი არა გვაქვს დასაკარგი, არაფერი არ მოიტანა მაგან. თქვენი საუბრის გარდა და საკუთარი ლიდერის ტრაბახის გარდა, მაგას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონია და არავითარი შედეგი არ მოუტანია“. მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის რეიტინგებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულებისა, 2014 წელს, მაშინდელმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, დააანონსა, რომ მიიღებდნენ ისეთ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ხელს შეუწყობდა საქართველოს წინსვლას, როგორც ბიზნესის კეთების მხრივ, ისე რეიტინგებში. მას შემდეგ ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსი საქართველოს მთავრობისთვის ისევ პრიორიტეტული გახდა.

მოაქვს თუ არა რეიტინგში მაღალ პოზიციას ინვესტიციები?

მოაქვს თუ არა რეიტინგში ასეთ პოზიციას პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, საკამათო საკითხია. ამასთან დაკავშირებით არაერთი კვლევაა ჩატარებული. ზოგი კვლევის მიხედვით ინვესტიციების რაოდენობასა და ინდექსს შორის კავშირი არსებობს, ზოგიერთი კი ასეთი კორელაციის არსებობას უარყოფს.

2020 წლის ანგარიშში მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი დავიდ მალპასი წერს: „მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის კეთების ინდექსი არ იყოს აღქმული ინვესტორთა სახელმძღვანელოდ, არამედ ის უნდა გამოიყენებოდეს ბიზნესის კეთების სიმარტივის შესაფასებლად. პოტენციური ინვესტორები ითვალისწინებენ ბევრ სხვა ფაქტორს, როგორებიცაა: ზოგადი ბიზნესგარემო და ქვეყნის კონკურენტუნარიანობა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ფინანსური სისტემის დონე, ბაზრის სიდიდე, კანონის უზენაესობა და სამუშაო ძალის კვალიფიციურობა“.

უნდა მივაქციოთ თუ არა ყურადღება ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსს?

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ინდექსი არ უნდა იყოს გამოყენებული ინვესტორთა სახელმძღვანელოდ. მაშინ ჩნდება კითხვა - გვჭირდება თუ არა ინდექსში მაღალი პოზიცია? უნდა მივაქციოთ თუ არა ყურადღება ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსს?

პასუხი მარტივია - ინდექსში მაღალი პოზიციის დაკავება მნიშვნელოვანია და მთავრობა მას ყურადღებით უნდა მოეკიდოს. თითოეული ინდიკატორის გაუმჯობესება უფრო მარტივს ხდის მოსახლეობის ურთიერთობას სახელმწიფოსთან. მაგალითად, გაუმჯობესებული ელექტროენერგიის მიღების ინდიკატორი ნიშნავს, რომ მოქალაქეს ექნება საშუალება, რომ შენობა ელექტროსისტემას უფრო სწრაფად, ნაკლები პროცედურით და იაფად მიუერთოს. ქონების რეგისტრაციის გაუმჯობესებული ინდიკატორი ნიშნავს, რომ ქვეყანაში ქონების, მაგალითად მიწის, უფრო დიდი ნაწილია რეგისტრირებული. საერთაშორისო ვაჭრობის გაუმჯობესებული ინდიკატორი კი - სხვა ფაქტორებთან ერთად -  ნიშნავს, რომ მეწარმეებს ექსპორტისთვის ნაკლები დოკუმენტაციის მომზადება დასჭირდებათ.

თუ საქართველოში სისტემური პრობლემები არ გადაიჭრება, ეს რეფორმები, ალბათ, ვერ გახდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის საწინდარი, თუმცა, ამ რეფორმების განხორციელების შემთხვევაში, საზოგადოების ნაწილს გაცილებით გაუმარტივდება ბიზნესის წარმართვა.

* ბიზნესის კეთების სიმარტივის ანგარიში შემდგომი წლით სათაურდება. მაგალითად, წელს გამოქვეყნებული ანგარიშის სათაურია "Doing Business 2020". შესაბამისად ანგარიშის სათაური ასახავს წინა წლის მდგომარეობას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ნოემბერი
18 ნოემბერი

მაჟორიტარული სისტემის კრიზისი გაერთიანებ ...

თანამედროვე დასავლურ პოლიტიკაში, მოულოდნელ, მეინსტრიმულ პოზიციებთან დაპირისპირებული მოსაზრებების დემოკრატიულმა ტრიუმფმა ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

კონსტიტუცია და მისი პოლიტიკური ინტერპრეტ ...

2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსული „ქართული ოცნება“ გახელისუფლების შემდეგ ყველაზე მწვავე და არსებით პოლიტიკურ ...
11 ნოემბერი
11 ნოემბერი

როგორ შევამციროთ სამედიცინო შეცდომების რ ...

მსჯელობა შეცდომებზე  პარადოქსულია, რომ გასაოცარი სამედიცინო პროგრესის პარალელურად, პაციენტთა გარდაცვალების ერთ-ე ...

მეტი

^