Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მაჟორიტარული სისტემის კრიზისი გაერთიანებულ სამეფოში

18 ნოემბერი 2019

თანამედროვე დასავლურ პოლიტიკაში, მოულოდნელ, მეინსტრიმულ პოზიციებთან დაპირისპირებული მოსაზრებების დემოკრატიულმა ტრიუმფმა ბებერი კონტინენტის სტაბილურობა საგრძნობლად შეარყია. პოლიტიკური კრიზისის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ნისლიან ალბიონზე უკანასკნელი წლების განმავლობაში განვითარებული მოვლენები. ამ ქაოსში ერთი მნიშვნელოვანი მითიც დაინგრა - მაჟორიტარული საპარლამენტო სისტემა, პოლიტიკაში ხალხის აქტიური ჩართულობის ფონზე, სტაბილურობის გარანტია ვერ აღმოჩნდა.

ვესტმინსტერი 900 წელია, გაერთიანებული სამეფოს ძალაუფლების უმნიშვნელოვანეს ღერძს წარმოადგენს. მონარქების, რევოლუციებისა და უამრავი ბრძოლის შედეგად, ბრიტანული პარლამენტი საბოლოოდ ჩამოყალიბდა მთავარ პოლიტიკურ აქტორად ნისლიან ალბიონზე. უძველესი საკანონმდებლო ორგანო ბიკამერულია - ის შედგება ლორდთა და თემთა პალატებისგან. უკანასკნელი პოლიტიკური ხელოვნების ნამდვილი მაგალითია, ლორდთა პალატა კი ძირითადად მაკონტროლებელი ფუნქციებითაა აღჭურვილი.

საპარლამენტო არჩევნები დიდ ბრიტანეთში 5 წელიწადში ერთხელ იმართება, შესაძლებელია ვადამდელი კენჭისყრის დანიშვნაც, თუმცა ამას დეპუტატთა 2/3-ის მხარდაჭერა სჭირდება. აქ ელექტორალური სისტემა მაჟორიტარულია. ამომრჩეველი სასურველ კანდიდატს ხმას აძლევს 650 ოლქში: ინგლისი - 533, შოტლანდია - 59, უელსი - 40, ჩრდილოეთ ირლანდია - 18.

უახლეს ისტორიაში ბრიტანულ საარჩევნო სისტემას სერიოზული ბზარი გაუჩინა 2015 წლის საპარლამენტო არჩევნებმა თავისი უცნაური შედეგებით. რადიკალურმა მემარჯვენე ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიამ 3 881 129 ხმით 12,6% მოაგროვა და მესამე ადგილზე გავიდა, თუმცა მხოლოდ ერთი საპარლამენტო მანდატი ერგო, მაშინ, როდესაც შოტლანდიის ნაციონალური პარტია ამომრჩეველთა 4,7%-იანი მხარდაჭერით 56 მანდატით იქნა წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში. ბუნებრივია, მილიონობით ამომრჩევლის იმედგაცრუებამ მათი დიდი ნაწილის რადიკალიზაციაც მოახდინა, რამაც 2016 წელს ბრექსიტის რეფერენდუმზე თავისი როლი ითამაშა.

მაჟორიტარული სისტემა თავისთავად დიდი და ტრადიციული პარტიების ინტერესზეა მორგებული. პოლიტიკურ სარბიელზე ახალი პარტიის შემოსვლა ძალიან რთულია. თუ თანამედროვე დემოკრატიის დინამიკურობას დავაკვირდებით, თითქმის ყველა დასავლურ სახელმწიფოში მეინსტრიმული, როგორც წესი, გაბატონებული პარტიები, მხარდაჭერას კარგავენ და მათ ახალი პარტიები ანაცვლებენ, თუმცა მაჟორიტარულ სისტემაში „ძალაუფლების გადაბარების“ ეს პროცესი ჩიხში ექცევა.

ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილებამ, რომელსაც 17-მა მილიონმა ბრიტანელმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, ნისლიან ალბიონზე პოლიტიკური შოკის ეფექტი იქონია. კონსერვატორებისა და მთავრობის ლიდერი, დევიდ ქემერონი, რომელიც რეფერენდუმის ინიციატორი და ევროპული გაერთიანების წევრობის მომხრეა, თანამდებობიდან გადადგა და მართვის სადავეები ტერეზა მეის, ზომიერ პოლიტიკოსს გადააბარა. ვითარების სტაბილიზაციის მიზნით, მეი ვადამდელი არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. 2017 წელს თემთა პალატის ახალი არჩევნების შედეგებმა ვერაფერი შეცვალა, კონსერვატორები კვლავ უმრავლესობაში, ხოლო ლეიბორისტები მთავარ ოპოზიციონერებად დარჩნენ. საკანონმდებლო ორგანოში ძალთა ძველებური გადანაწილების პარალელურად დღეს უკვე გამოჩნდა, რომ პარტიების პოზიციები ისევ დაშორდა უმრავლესობის ინტერესებს.

გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური სისტემის დრამის უკანასკნელი აკორდი ბორის ჯონსონის - პრემიერმინისტრისა და პარლამენტის „სამკვდრო-სასიცოცხლო“ ბრძოლა აღმოჩნდა. ბრიტანეთში 2019 წლის მაისში გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში გამარჯვებული ბრექსიტის პარტიის შიშით, კონსერვატორებმა გათვლა რადიკალურ ევროსკეპტიციზმზე გააკეთეს, რამაც მათ ხალხ ის ნდობა დაუბრუნა, თუმცა პარლამენტი და მათ შორის, თანაპარტიელი დეპუტატები აუმხედრა. აბსოლუტური ქაოსის ფონზე, ბორის ჯონსონმა რამდენჯერმე სცადა საკანონმდებლო ორგანოს დათხოვა, სანამ სასურველს არ მიაღწია და ე.წ. „საკანონმდებლო ხვრელების“ მეშვეობით მოახერხა საკმარისი დეპუტატების მიმხრობა 12 დეკემბერს ახალი არჩევნების გასამართად.

ისევ და ისევ პროპორციული სისტემის გამო, დიდ ბრიტანეთში საარჩევნო კამპანიაც ქაოსურად მიმდინარეობს. პარტიები იძულებული არიან, არაფორმალური ალიანსები შექმნან, ევროსკეპტიკოსები თანხმდებიან, რომ ერთმანეთს მაჟორიტარულ ოლქებში არ შეეცილებიან. ბრექსიტის პარტიის ლიდერის თქმით, მხოლოდ ტრადიციულად ლეიბორისტების მომხრე ჩრდილოეთ რეგიონებში ეყოლება მის პარტიას კანდიდატები. სხვა პარტიებსაც უწევთ გარკვეულ დათმობებს დათნხმდნენ. საღი აზრის ფარგლებში შეგვიძლია შევაფასოთ მოვლენები და ვთქვათ, რომ დემოკრატიისა და განსაკუთრებით პლურალისტული პრინციპებისთვის მაჟორიტარული სისტემა გაერთიანებულ სამეფოში წამგებიანია.

როდესაც ისეთი პოლიტიკური კულტურის, ტრადიციებისა და წარსულის მქონე სახელმწიფო, როგორიც დიდი ბრიტანეთია, წლებია საპარლამენტო კრიზისს ვერ ამარცხებს, 2019 წელს მაჟორიტარული სისტემის ეფექტიანობაზე საუბარი უხერხულია. ბრიტანეთშიც და სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც თვითმმართველობის ძლიერი წარმომადგენლობითი ფუნქცია უნდა იყოს იმ მიზნების რეალიზების გარანტიაც, რაც ზოგადად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას აქვს.

გაერთიანებული სამეფოს ამჟამინდელი მაჟორიტარების სასარგებლოდ კი უნდა ითქვას, რომ მათზე მიკერებულ კორუმპირებულის და ფეოდალის იარლიყს იშვიათად შეხვდებით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ნოემბერი
20 ნოემბერი

განგაშის 5 ზარი

5. პატრიარქის ნებართვა პატრიარქის ნებართვისა და ერთგვარი კურთხევის გარეშე რომ მმართველი არ იცვლება, ეს ძველი ამბავი ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

კონსტიტუცია და მისი პოლიტიკური ინტერპრეტ ...

2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსული „ქართული ოცნება“ გახელისუფლების შემდეგ ყველაზე მწვავე და არსებით პოლიტიკურ ...
11 ნოემბერი
11 ნოემბერი

როგორ შევამციროთ სამედიცინო შეცდომების რ ...

მსჯელობა შეცდომებზე  პარადოქსულია, რომ გასაოცარი სამედიცინო პროგრესის პარალელურად, პაციენტთა გარდაცვალების ერთ-ე ...

მეტი

^