Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

განგაშის 5 ზარი

20 ნოემბერი 2019



5. პატრიარქის ნებართვა



პატრიარქის ნებართვისა და ერთგვარი კურთხევის გარეშე რომ მმართველი არ იცვლება, ეს ძველი ამბავია. ჯერ მან უნდა თქვას, რომ გვაქვს უფლება ცვლილების, მერე კი ვცვლით და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, მისი მტერი ხარ თუ მოყვარე, უბრალოდ გესმის, რომ ჯერ კიდევ ბევრ რამეს წყვეტს. მართალია, პირდაპირ არაფერს ამბობს, მაგრამ ძალიან გვიყვარს მის სიტყვებში გზავნილების ძებნა და ხანდახან ინტერპრეტირებასაც არ ვერიდებით.

მაგალითად, ერთ-ერთი პოლიტიკური აღელვებისას იქადაგა, მარხვაში წიწიბურას მიეტანეთო. ხალხმა ჩათვალა, რომ მან მრევლს „გრეჩიხას“ მხარდაჭერისაკენ მოუწოდა და მოიგო კიდეც არჩევნები, თუმცა ზურაბიშვილის არჩევის მსგავსად იქაც რაღაც უხერხულობის შედეგად მმართველი არ შეცვლილა.

ამჯერად კი კიდევ ერთხელ მოიკრიბა ძალა იმ დარტყმების მერე, რაც მიიღო. გახარიას რომ ათ წუთში დაატოვებინეს საპატრიარქო, აქაც გამოჩნდა, რომ პატრიარქი მეუფე იაკობს ენდობა, თავის მხრივ, იაკობიც ლექსიკის და არა გაუაზრებელი ლაპარაკის გამო დასაჯეს. მოკლედ, სჯერათ იმის, რომ პატრიარქს ძირს უთხრიდნენ და მანაც ნებართვა გასცა.

ერთი ნაბიჯია დიდებიდან სასაცილოებამდეო - ბრძანა ბოლო ქადაგებისას. ადრესატი თითქოს ნათელია, მაგრამ თუ მაინც ვინმე ეჭვობს, საით უბერავს მისი სიტყვები, შემიძლია მსჯელობასთან მარტო დავტოვო, ჩემთვის კი უკვე ნათელია, რომ პატრიარქი მორიგ მმართველსაც მოინელებს. ამაზე კი ის ამბავი მახსენდება, თუ რა ხმა გამოდიოდა „ქართული ოცნების“ ბანაკიდან ახლად არჩევის შემდეგ. ჯერ კიდევ რომ ეიფორიაში ჩავარდნილები ზეიმობდნენ, ალბათ ვერ წარმოედგინათ, რომ მათ კართანაც მივიდოდნენ ადრე თუ გვიან პროტესტანტები. მაშინ ილიამ ივანიშვილს ხუთპუნქტიანი რჩევა გაუგზავნა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო ქვეყნის მმართველი. რა იყო ერთ-ერთი მოთხოვნა, სულ ცოტა ხნის წინ გაცხადდა - „არასდროს მოატყუო საკუთარი ხალხი“ - იფ, პირველივე დღეებიდან პატიოსნად ასრულებს. დანარჩენი პუნქტების შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ მალევე „ოცნების“ „შტაბიდან“ ასეთი ხმა გამოვიდა - პატრიარქს თავი პოლიტიკოსი ხომ არ ჰგონიაო?! ძაან აგდებულად და დამამცირებლად.

მერე იყო და სუფრაზეც იხიპიშეს. ერთ-ერთი სადღეგრძელოს დროს ბიძინამ უეცრად თავი წამოყო, ზედმეტად გადამეტებულად ხომ არ აფასებთ პატრიარქის ღვაწლსო, თან იმ წრეში ქეიფობდა, ვისაც ყოველთვის ხელფასს უხდიდა და არჩენდა. ეს სიტყვა თაბუკაშვილმა არ შეარჩინა და იქვე აუხსნა, რომ ილია ამას იმსახურებსო. ერთი სიტყვით, დაადუმა ეს ამხელა მმართველი.

მიუხედავად ამ დაძაბულობებისა, მის კარზე მიახლება და დალოცვა-კურთხევები ტრადიციულად სრულდება. ანუ ფარისევლობის ზნე-ჩვეულებები შენარჩუნებული გვაქვს. მერე იტყვიან, ქართველი ქართველს აღარ ჰგავსო.. როგორ არ ჰგავს, ფარისეველნი ვიყავით და დღემდე ვართ.

ბიძინას ამბიონიდან ხელი უკვე დაუქნიეს დასამშვიდობებლად. ეს კი ქართულ პოლიტიკაში განაჩენია, გინდა მეშჩანი ეძახეთ და გინდა პიდარასტი, მის სიტყვას უმძიმესი ფასი აქვს.


4. სამი გოჭი


„ქართული ოცნების“ სახედ ირაკლი კობახიძე იქცა, რომელიც ცდილობს, ჩვენი ერთ-ერთი ფაშისტი ლიდერის მსგავსად, ბრუტალური იყოს, მაგრამ არაფერი გამოსდის. პირიქით - ძალიან სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს.

ყოველი მისი გამოსვლა ყველანაირ ადეკვატურობას სცდება, მიწიდან ასე მოწყვეტილი ადამიანი საკმაო ხანია არ მინახავს და ამას ისიც ემატება, რომ საკუთარი სიტყვების თავადაც არ სჯერა. ამის დასტური კი სხეულის ენაა -, მისი სიტყვა მკაცრია, მაგრამ ერთიანად ცახცახებს, ხმა, ხელები და თმაც კი უკანკალებს.

ის რომ რიგითი ხუნდაძე იყოს, კიდევ აიტანდა კაცი, მაგრამ კობახიძე „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერია, ისეთი ფიგურა, რომელიც, მძიმე შეცდომების მიუხედავად, არ მოიცილეს და, მისი ტელეინტერვიუებით თუ ვიმსჯელებთ, დაწინაურებასაც კი უპირებდნენ სიის სათავეში.

მაშინ როცა „ქართული ოცნებიდან“ ხალხი თავქუდმოგლეჯილი გარბის, ზოგი თავის ნებით და ზოგი სხვისი კარნახით, პარტიას რჩება სამი გოჭი - თალაკვაძე, მდინარაძე და კობახიძე. ზღაპრის მიხედვით სამიდან ერთი გოჭი მეტად გონიერი ვინმეა, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ეს მხოლოდ ზღაპარშია. რეალურად კი არცერთს აქვს იმის უნარი, მყარი სახლი ააშენოს.

3. „სირცხვილია“



კანონპროექტის ჩაგდება პროპორციულ არჩევნებზე პირველი გადაგდება არ არის. საერთოდ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ძირითადად გადაგდებით არის დაკავებული, ქულებს კი მხოლოდ ბიძინას ქველმოქმედებით იწერს. ხალხი ნელ-ნელა ხვდება, რომ პოლიტიკაში მოსულ ადამიანს პოლიტიკური პასუხისმგებლობა აკისრია, ქველმოქმედი კი პოლიტიკის მიღმაა. ეგ შეიძლება მაშინ დაგეხმაროს, როცა ახალი მოსული ხარ და იმიჯს იქმნი. აი როცა სისტემაში მოხვალ, ვერცერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ვერ გადადგამ, კორუფციას ვერ გაუმკლავდები, მედიას ბრძოლას გამოუცხადებ და სასამართლო თავზე ჩამოგენგრევა, მერე უკვე ეგ ქველმოქმედებაც აღარ გშველის.

ხელისუფლებას ჰქონდა შანსი, რეალური დიალოგი ეწარმოებინა ხალხთან, რომელიც პოლიტიკურად აქტიურია, აკრიტიკებს იმ ლაფსუსებს, რაც დაარსების დღიდან მოჰყვებათ დრიმერებს, მაგრამ მათ კრიტიკას არ მოუსმინეს. ესეც წინამორბედების მსგავსად მათი დიდი მინუსი აღმოჩნდა. ვერ იღებენ კრიტიკას. ვინც კი კრიზისზე მიანიშნა, ყველა ნაცია! იმის მაგივრად, რომ მართლა დაფიქრებულიყვნენ, თუ რა შეცდომები ჰქონდათ დაშვებული, პროტესტანტების გაშავებას მიჰყვეს ხელი.

ამით კი დიდი სეგმენტი დაკარგეს. ამით პოლიტიკურ კლასზე განაწყენებული ხალხი დაკარგეს, რომელსაც უმეტესად შუაშისტები წარმოადგენდნენ, ახლა კი ეჭვგარეშეა, რომ გაერთიანებული ოპოზიციისკენ გადაიხრებიან. ეს ხალხი ხომ ხელისუფლებამ ყველა ჯერზე გააშავა, არ მოუსმინა, თვალი ამოთხარა და გადააგდო.

ამიტომ ამ დიდი სეგმენტიდან აღარავის ექნება პრეტენზია თქვას - გრიგოლ ვაშაძე რა ღორულად იქცევა, მე მაგის გვერდით არ დავდგებიო. არც მიშას ბოლშევიკი პარტ. აქტივისტების ლექსიკა და ისტერიული ხელების ქნევა შეაშინებს ვინმეს.

არავის აღარ ეშინია ნაცის იარლიყის!


2. გულახდილობა ოპოზიციაში


ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა ზურაბ ჯაფარიძემ ერთ-ერთ ტელეარხთან ინტერვიუში. თქვა ის, რასაც მთელი ქვეყანა ამდენი წელი ელოდა. თქვა, რომ ოპოზიციაც ნაგავია! და მიუხედავად ამ თვითგვემისა, ზუსტად ვიცი, რომ მათი გულიც მოიგო, ვინც არჩევნებზე წასვლით დიდად თავს არ იკლავს, ხელი აქვს ჩაქნეული ყველაფერზე და მუდმივად იმეორებს, რომ მაინც არაფერი შეიცვლება.

ახლა სიმპათია გაუჩნდებათ ჯაფარას მიმართ, შესაძლოა, ეს სიმპათია პატივისცემაშიც გადაიზარდოს; გააჩნია, რა იქნება ზურას მომდევნო ნაბიჯები. პოლიტიკოსის მიმართ პატივისცემა კი მისთვის ხმის მიცემაში აისახება.

ასეა საქმე. ქვეყნის სრული უმრავლესობა თვლის, რომ არსებული პოლიტიკური კლასი ნაგავია. ერთი ეგ არის, რომ ყველა საპირისპიროში გვარწმუნებდა, ამან კიდე თვალი გაუსწორა ყველაფერს და სიმართლე გვითხრა. ქართველი ამას აფასებს. როგორც ჩანს, ამომრჩეველსაც რაღაც გაუგო, მიხვდა, რომ რაც არ უნდა დიდი თეატრალიზმით იყო დაჯილდოებული, ხალხი მაინც გრძნობს სიყალბესა და გულრწფელობას.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯაფარა როგორც პოლიტიკოსი გაიზარდა. ახლა საქმე ის არის, მის ამ რიტორიკას რამდენად გაიზიარებენ გაერთიანებული ოპოზიციის სხვა შტოები.

სუფთა ფურცლიდან დაწყება ვერაფრით ვერ გამოგვდის, იქნებ აღიარებით და სიმართლისთვის თვალის გასწორებით დაგვეწყო საქმე.

1. დრო და ჟამი


ცვლილებების დროა. ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ მაინც ვეცნობით საკუთარ თავს და ასე თუ ისე სტანდარტებსაც ვამკვიდრებთ, მაგალითად, ცვლილების კონკრეტულ დროს. ვიცით, რომ ორი ვადით არჩევა აბსოლუტურად საკმარისია. ვიცით, რომ რაც დიდხანს რჩება ერთი პარტია ხელისუფლებაში, მით უფრო უკანა ტანისკენ მიდის და, მაგათი ბედი ვის ანაღვლებს... ქვეყანაც იქითკენ მიჰყავთ.

როგორც წესი, ამბობენ, ძალაუფლება ცვლის ადამიანსო. არ ცვლის, ავლენს. ძალაუფლება და აბსოლუტური თავისუფლება არის ის ორი მექნიზმი, იდეალურად რომ წარმოაჩენს ადამიანის ბუნებას. რენტგენში ატარებს და გვაჩვენებს მის ტრავმებს, ჭრილობებს, რას მოერია და რას ვერა, სად დამარცხდა და რა დამართა ამ მარცხმა.

ისინი ვლინდებიან. ეს სანაგვე კი რეალურად ჩვენი სარკეა. ხალხის, ხანდახან საზოგადოებასაც რომ ვუწოდებთ ხოლმე. ისინი ხომ ციდან არ ჩამოფრენილან?! ჩვენ გამოვარჩიეთ, ჩვენივე სივრციდან, სხვადასხვა მიზეზის გამო.

მერე ოლიმპოს მთიდან ჩამოცვენილები ისევ იბრუნებენ სახეს. ხალხი კი ამბობს ,აი გონს მოეგნენ და შეინანესო. არადა, მხოლოდ გამოსავლენი მექანიზმი ქრება.

ერთადერთი, რაც ხალხს იჭერს, გარდა იმ ძალიან მცირე მენტალურად ბოლშევიკებისა, აქა-იქ რომ შეინიშნებიან, არის ბუნდოვანება. რა იქნება შემდეგ? რა იქნება ბიძინას მერე? მათ არ აქვთ ნდობა არავის მიმართ და ამიტომ გასუსულები ადევნებენ თვალს მიმდინარე მოვლენებს.

რაც მთავარია, რაღაც ნაწილმა მაინც იგრძნო ძალაუფლება. პოლიტიკური პარტიებისგან დამოუკიდებლად. ეს კი ზრდის მომავლის რწმენას, რადგან გინდა თუ არა გაფიქრებინებს, რომ თუ მომავალი ხელისუფალი არ მოგეწონება, იმასაც შეცვლი, რაღაც ფასეულობებზე შეთანხმება მოახერხე და არც იმ ბრძოლაში დარჩები მარტო.

მომავლის რწმენას კი ნამდვილად შეუძლია დიდი ცვლილების მოხდენა. უბრალოდ, ეს რწმენა ჯერ ძალიან მცირე ჯგუფშია, საქმე კი ისე მიდის, რომ ნელ-ნელა იზრდება.




 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ნოემბერი
18 ნოემბერი

მაჟორიტარული სისტემის კრიზისი გაერთიანებ ...

თანამედროვე დასავლურ პოლიტიკაში, მოულოდნელ, მეინსტრიმულ პოზიციებთან დაპირისპირებული მოსაზრებების დემოკრატიულმა ტრიუმფმა ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

კონსტიტუცია და მისი პოლიტიკური ინტერპრეტ ...

2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსული „ქართული ოცნება“ გახელისუფლების შემდეგ ყველაზე მწვავე და არსებით პოლიტიკურ ...
11 ნოემბერი
11 ნოემბერი

როგორ შევამციროთ სამედიცინო შეცდომების რ ...

მსჯელობა შეცდომებზე  პარადოქსულია, რომ გასაოცარი სამედიცინო პროგრესის პარალელურად, პაციენტთა გარდაცვალების ერთ-ე ...

მეტი

^