Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წიგნი „ახალი ამბების“ გავლენაზე ნევრასთენიით შეპყრობილი ადამიანებისათვის

29 ივლისი 2021

ინგლისელი ალენ დე ბოტონი, დღევანდელობის ყველაზე ღრმა მოაზროვნედ არ მიიჩნევა, მაგრამ გამოხატვის გამჭვირვალე მანერითა და აქტუალურობით ის ცალსახად ერთ-ერთი გამორჩეული ავტორია. მსოფლიოში დღეს ალბათ არავის შეუძლია მასავით ისეთი ოსტატობით მიმართოს მთელი თავისი ფილოსოფიური ერუდიცია, რომ თქვას რაღაც ძალიან ზუსტი და მნიშვნელოვანი იმის შესახებ, რაც ხდება „აქ და ახლა“.

თუკი მანამდე ბოტონს დიდწილად ინტიმური და ერთგვარად, შინაგანი თემები იტაცებდა, როგორებიცაა მაგალითად, მოგზაურობით სიამოვნების ხელოვნება ან რელიგიის როლი ათეისტის ცხოვრებაში, ამჯერად მან მზერა საზოგადოებრივ ფენომენს მიაპყრო, კერძოდ კი „ახალ ამბებს“.

ჩვენ ყველანი ახალი ამებების მონები ვართ და დღევანდელ დღეს, როგორც ამას ჰეგელი წინასწარმეტყველებდა, მათ ჩაანაცვლეს რელიგია, - ავტორის ეს ამოსავალი თეზისი ბანალურობამდე ცხადია. მაგრამ ამ ბანალურობის კონკრეტული მაგალითები - საოცრად საინტერესო.

დე ბოტონი ოსტატურად გვაჩვენებს, თუ რატომ შეიძლება ნებისმიერ ცენზურაზე უარესი აღმოჩნდეს ახალი ამბების მძლავრი და გაუფილტრავი ნაკადი, რომელიც დღეს თავისუფალი პრესის ერთ-ერთ დიად მონაპოვრად მიიჩნევა.

საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი თემებისადმი მიძღვნილი, კონტექსტს და წინაისტორიას მოწყვეტილი სიუჟეტის ფრაგმენტები, უპირობოდ მარცხდება მოკლე ისტორიებთან, რომლებსაც გაგრძელება არ აქვს (მაგ, „დიასახლისმა ქმარი მოკლა და დაანაწევრა“), რითაც მკითხველის ყურადღება იფანტება და აქცენტი კეთდება შემაშინებელ, მაგრამ ერთჯერად ფაქტებზე მნიშვნელოვანი და არსებითი თემების საზიანოდ. 

BBC-ის და Daily Mail-ის ახალი ამბების ვებგვერდებიდან კონკრეტული ტექსტების ანალიზით ავტორი გვაჩვენებს, თუ როგორ გეგმაზომიერად ნერგავენ ჩვენში „ახალი ამბების“ შიშს, ყოყმანს, სასოწარკვეთას, ბრაზს და იმედს, რითაც დამოკიდებულს გვხდიან მათზე. „ახალი ამბები“ - ჩვენი ავადმყოფობის წყაროცაა და მისგან განკურნების ერთადერთი საშუალებაც.

იმავდროულად, დე ბოტონის მიზანი დამნაშავეების ძებნა არ არის, ის არც საზოგადოებრივი მანკიერებების მხილებით ცდილობს სახელის მოხვეჭას. არანაირი პათეტიკური შეძახილები, ხელების გადაგრეხა, დადანაშაულება და დამუნათება - მისი მანერა ექიმი-ნარკოლოგის მშვიდ და მკაფიო სტილს უფრო ჰგავს, რომელიც, მაგალითად, ნარკოტიკის მავნებლობის შესახებ გვიამბობს. და თხრობის სწორედ ეს მეთოდი რთავს მკითხველის თავში ყველა იმ სააზროვნო მექანიზმს, რომლის ჩართვასაც ბევრად უფრო საგანგაშო ტექსტებიც ვერ ახერხებენ. ის ჩვეულებრივ და მაცდურად მიამიტურ ყოველდღიურობაში გვაიძულებს დავინახოთ სიგიჟისა და საფრთხის ჩანასახი.      

და მიუხედავად იმისა, რომ დე ბოტონის მიერ „საინფორმაციო ტერორთან“ გამკლავების შემოთავაზებული მეთოდები ერთი შეხედვით გულუბრყვილოა (მკითხველს ის შემომავალი ნაკადის სემანტიკურ ანალიზს და საკუთარი ემოციების კონტროლს სთავაზობს, ჟურნალისტებს - უფრო ანალიტიკურ და კონცეპტუალურ სარედაქციო პოლიტიკას, მედია მენეჯერებს - ბიზნესმოდელის შეცვლას), პრობლემის გაცნობიერება ამ შემთხვევაში ძალიან დროულია. 

„ქიმია“ დიდი ხანია აღარ გვწამლავს იმაზე მეტად, ვიდრე სოციალური ფენომენები, მათ შორის „ახალი ამბები“ და დე ბოტონი ამაზე ლაპარაკობს გამორჩეულად სასიამოვნოდ, გასაგებად და ადამიანურად, მაგრამ იმავდროულად მრავალსაუკუნოვან ფილოსოფიურ ტრადიციაზე დაყრდნობით. 

ერთი სიტყვით, The News: A User's Manual, შესანიშნავი და მანუგეშებელი საკითხავია ქალაქელი ნევრასთენიკისთვის და არა მხოლოდ მისთვის.


Alain de Botton „The News: A User's Manual“

Ален де Боттон „Новости. Инструкция для пользователя“   

                 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

11 სექტემბერი
11 სექტემბერი

რას ვუყუროთ. კინორეკომენდაცია

დასვენების დღეებში, „ლიბერალი“ გთავაზობთ კინორეკომენდაციებს, მოკლე ანოტაციებით. თითო რეკომენდაციაში სულ ცოტა სამი ფილმია ...
04 სექტემბერი
04 სექტემბერი

გაველურდი! - ჩემი რჩევა ტექნოლოგიასთან ე ...

„რა თქმა უნდა, ყველა ვერ გავიქცევით და ტყეში ვერ ვიცხოვრებთ. მაგრამ თუკი უარს ვიტყვით სესხებზე, მოწყობილობებზე და ბუნება ...
04 სექტემბერი
04 სექტემბერი

რას ვუყუროთ. კინორეკომენდაცია

დასვენების დღეებში, „ლიბერალი“ გთავაზობთ კინორეკომენდაციებს, მოკლე ანოტაციებით. თითო რეკომენდაციაში სულ ცოტა სამი ფილმია ...

მეტი

^