Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მუსიკაზე დიდი დემოკრატია არ არსებობს“

30 ივლისი 2021
29 ივლისს ბიძინა კვერნაძე 93 წლის გახდებოდა. კომპოზიტორის იუბილესთან დაკავშირებით გთავაზობთ მასთან ქეთი სადღობელაშვილის ინტერვიუს, რომელიც 2002 წელს გაზეთ „24 საათში“ გამოქვეყნდა. ინტერვიუ ასევე შესულია „გამომცემლობა სეზანის“ მიერ სულ ახლახან გამოცემულ ქეთი სადღობელაშვილის ინტერვიუების კრებულში „აქ, ამ სამყაროში“.      

ჩემი სამყარო ბგერების სამყაროა. ყველანაირი ხმაური მუსიკაა, ადამიანთა ხმებშიც განსხვავებული ტემბრი და ინტონაციაა, საოცარი ხმოვანებებია გარშემო, ყველაფერს „შპიონივით“ ვაკვირდები და ბაც! – ჩავიჭერ ხოლმე.

როგორი ურთიერთობაა ჩემსა და ბგერებს შორის? ინტიმური.

მუსიკაზე დიდი დემოკრატია და რელიგია არ არსებობს, იმიტომ რომ, უნივერსალურია. ანდრია ბალანჩივაძე ამბობდა: მუსიკა არის ტაძარი, სადაც ყველა ადგილი დაკავებულია, სხედან გენიოსები, წრეს შემოუვლი და, თუ ერთ აგურზე მაინც ჩამოჯექი, ხომ კარგი, თუ არადა, გარეთ უნდა გამოხვიდეო.

ჩვენი სამყარო დანაღმული ველია, მუდმივი კონტროლი გჭირდება იმისთვის, რომ დიდი დამწვრობა არ მიიღო.

არ მეგულება ისეთი შემოქმედი, რომელიც კმაყოფილია და სვებედნიერი. შეიძლება სვა და იყო ბედნიერი, მაგრამ შემოქმედებაში სვებედნიერი? არ არსებობს.

როგორ იწრთობოდა ფოლადი

ბგერებთან ურთიერთობა გვიან, 17 წლისამ დავიწყე. ომის დამთავრების შემდეგ ცენტრალურ მუსიკალურ ათწლედთან გაიხსნა სკოლა-ინტერნატი „ხანდაზმული ბავშვებისთვის“. რიტმს დააკაკუნებდნენ და ვინც სწორად გაიმეორებდა, ის ჩაირიცხებოდა; რაღაც შემეშალა და ჩემმა მეგობარმა, ოთარ ხატიაშვილმა მაჯობა (ახლა გენერალია). ის რომ კომპოზიტორი გამხდარიყო, მე ვიქნებოდი კარტოფილის გამთლელთა გამგე ჯარში, მეტს ვერ მივაღწევდი. მოკლედ, როგორც იქნა, ჩამრიცხეს ინტერნატში. როცა ინსტრუმენტების განაწილების დრო დადგა, აქაც მაჯობეს. დაიტაცეს პატარა და პრიალა ინსტრუმენტები. შეგვრჩა აყუდებული კონტრაბასი მე და პიკო ნიჟარაძეს. გუშინ შემხვდა პიკო და გავიხსენეთ – კონსერვატორიის უკან, ფლიგელში, იდგა კონტრაბასები. ისეთნაირად აგვაწყობინეს, რომ ცოტათი ჩელოს დამსგავსებოდა და ბახი მთლად არ გაგვებახებინა, მაგრამ ჩვენ ისე ვუკრავდით, მთელი მთაწმინდის კრაზანები გვესეოდნენ – რას უკრავთ, თქვენი დედა ვატირეთო, დასიებულები გამოვდიოდით. თანაც, მაშინ შიმშილი იყო და ის კონტრაბასი გვპატრონობდა კიდეც – ზედ ვეყუდებოდით, რომ არ წავქცეულიყავით, აკაკის აკვანივით ვირწეოდით შიმშილისგან. ისე, შეგეძლო, ზედაც ჩამოგეძინა, დირიჟორი ვერაფერს გაიგებდა.

ახლაც ვურჩევ მოსახლეობას, მიეტანონ კონტრაბასს! მოკლედ, დიდი შრომა დამჭირდა ამხელა ჯორგლას, რაიმესთვის რომ მიმეღწია. დღედაღამ ვმუშაობდი. სამი წლის განმავლობაში საათიც კი არ გამომიტოვებია, რაც 17 წლამდე დავკარგე, სამ წელიწადში ავინაზღაურე, თეორეტიკოსიც გავხდი და პირველი სიმღერაც დავწერე – „შავთვალა, ხუჭუჭთმიანო“, რომელსაც „გეპეის“ ორკესტრი ასრულებდა. მოგვიანებით სიმფონიების დროც დადგა, „შემოღამება მთაწმინდაზე“ იყო პირველი სიმფონიური პოემა. ასე წავიდა და წავიდა...

მერე დავიწყე მარტო ხეტიალი. ჩავიდოდი ბორჯომში, მაშინ იქ დედათა და სიდედრთა სანატორიუმი არ არსებობდა, ვცხოვრობდით მე და ტყის მცველი ტიხონა თავისი ექვსი ბატით. ივნისში ჩასული, ოქტომბრის ბოლოს ვბრუნდებოდი თბილისში. მერე გია ყანჩელიც ავიყოლიე და დავდიოდით ლიკანში, ისეთ ოჯახში დავბინავდებოდით, სადაც ინსტრუმენტი იყო და დღედაღამ ვმუშაობდით. პირველი მსმენელებიც ჩვენ ვიყავით, კრიტიკოსებიც და შემფასებლებიც. 

ბიბლიაშიერთმა ხელმა არ უნდა იცოდეს, რას აკეთებს მეორე. მუსიკაშიერთმა ყურმა უნდა იცოდეს, რას უსმენს მეორე.

ბგერები მუდმივად, ადამიანის გარეშეც იარსებებს, მაგრამ როცა მოდიხარ, ის უნდა მოიტანო, რაც მანამდე არ ყოფილა. თუ განმეორდი, აზრი არა აქვს შენს წასვლა-მოსვლას. შენი სამყარო სხვისას რომ არ დაემსგავსოს, უნდა განავითარო ყური, რომელსაც თავისი განათლება აქვს და ხშირად თვალს სჯობს. უნდა მოისმინო ყველაფერი – შალახოდან დაწყებული, ულტრათანამედროვე მუსიკით დამთავრებული. ამასობაში დაიხვეწები და ალაპარაკდები მუსიკის ენაზე, მხოლოდ შენებურად! მართალია, იმდენი რამეა დაწერილი, სამი ცხოვრება არ ეყოფა იმის მოსმენას, მაგრამ განათლება და ინტელექტი აუცილებელია. ეს გეხმარება, ერთი ყურით აკონტროლო, რას აკეთებს მეორე. რაც მთავარია, კარგი ყური არ მოგცემს საშუალებას, რომ შეყვარებული იყო საკუთარ მუსიკაზე. პროფესიული კრიტიკაც აუცილებელია, მაგრამ სად არის?

ჩვენი მუსიკისმცოდნეები საღამოს რომ მუსიკას მოუსმენენ, დილით უკვე აანალიზებენ. რეზო ლაღიძე ამბობდა: მუსიკა „პერაშკი“ ხო არ არის, ცოტა უნდა გააცივოო. მართალია, რადგან საფუძვლიან ანალიზს დრო სჭირდება.

მუსიკალური სამყარო

ჩემი თაობის ერთგული კაცი ვარ. მარტო ფიზიკურად კი არ მიყვარდა და მიყვარს ჩემი მეგობრები, მათი ნიჭიერება და მუსიკაც მიყვარს. სულიერი სიახლოვე მაქვს გია ყანჩელთან, მიყვარს მისი სამყარო. ასეთივე იყო ჩემთვის ჯანო კახიძე. რამდენი მეგობარი დავკარგე, მაგრამ ასე არავის უმოქმედია. როცა ვმუშაობ, გამახსენდება ჯანო და გიჟივით წამოვვარდები, ვერ ვეგუები მის არყოფნას. სულ მგონია, რომ წასულია და უნდა ჩამოვიდეს, დარეკოს, გამოჩნდეს. საზარელი შეგრძნებაა, როცა შენ გარშემო ნელ-ნელა ვიწროვდება საყვარელი ადამიანების წრე. ასეთი იყო სულხან ნასიძე, ნოდარ გაბუნია – მათ მხოლოდ მუსიკა კი არა, ადამიანური თვისებებიც სხვანაირი ჰქონდათ. მარტო რეზო ლაღიძე რად ღირს! 

კეთილშობილ ხალხთან მქონდა ურთიერთობა. მახსოვს, მე და სულხან ნასიძემ ერთად დავწერეთ კანტატა „1905 წელი“. ივანოვოში, ხელოვანთა სახლში დავდიოდით ხოლმე, მაგ დროს ერქვა – „გახსოვს, ტურფავ?!“. ხაჩატურიანმა, შოსტაკოვიჩმა და კაბალევსკიმ შეხვედრა მოგვიწყვეს. შოსტაკოვიჩს ახალი დაწერილი ჰქონდა მეთერთმეტე სიმფონია და შემოგვთავაზა, თუ გინდათ, პირველ განყოფილებაში თქვენი კანტატა დავუკრათო. ასეთი სულით მდიდარი ხალხი იყო. მახსოვს, აცივდა და კაბალევსკიმ სულხანს თავისი „პლაშჩი“ მისცა. კაბალევსკი იმსიგრძე იყო, ორივენი გავეხვიეთ მის „პლაშჩში“. არაჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, გენიოსები.

ერთ რამეს ვაკვირდები: ჩვენ, მწერლებმა, მხატვრებმა, რეჟისორებმა ერთმანეთი გავზარდეთ, ერთმანეთზე ვახდენდით გავლენას. რობიკო სტურუა, ყველაფრის ფილიალი რომ აქვს თავში, მოქმედებდა ჩვენზე. ასევე კარგი წიგნებით – ოთარ ჭილაძე, ჭაბუა, კარგი ნახატებით – პიკო, „ჩუბჩიკა“ – ბოდლერი დავარქვი, ფოსტალიონის ჩანთით რომ დაბოდიალობს... და რა ვიცი, ვინ აღარ.

ამას წინათ, ახალგაზრდებს უთქვამთ: ახლა იწყება თუ იწყება ლიტერატურა და ხელოვნება, აქამდე რა იყოო. მესმის, ახალგაზრდებს ზედმეტი მოსდით ხანდახან, მაგრამ, ჩვენც ხომ

ვიყავით ახალგაზრდები. მუსიკა ისეთი სამყაროა, მისი შესწავლა თავისებურ კულტურას გძენს და უფლებას არ მოგცემს, კეთილშობილებისა და თავმდაბლობის ზღვარს გასცდე. ახალგაზრდები ნაწყენნი ყოფილან თურმე ჩვენზე – არ გვაქებენო. ახალი თაობა მიყვარს, მაგრამ გაუნათლებელ ადამიანს დითირამბებს ვერ ვუმღერებ. ჩემთვის მიუღებელია, რაც ახლა ხდება – ნოტების წერაც არ იციან, ჩამოჰკრავენ სინთეზატორს და მერე „არანჟიროვშჩიკზეა“ მთელი სიმძიმე. კომპიუტერიზაცია კარგია, ბგერის გაყოფა ხერხდება, უამრავი დამხმარე საშუალებაა, მაგრამ ადამიანის სულს კომპიუტერი ვერ შეცვლის. თუ ადამიანი მოისპობა და რობოტები დაგვეპატრონებიან, კი ბატონო, მაგრამ მანამდე სულის შემცვლელი არაფერია. ახალმა თაობამ უნდა იკითხოს, საიდან მოდის, თორემ დიდი დამაგრძელებლით ბარნოვზე რომ უთოს ჩართავენ და პლეხანოვზე შარვალს აუთოებენ, ასე არ გამოვა. რაზე ხარ შეერთებული, უნდა იცოდე. ცოდნის გარეშე ვერაფერს მიაღწევ.

იმპულსი, პროცესი და შედეგი

შემოქმედება არის მაგნიტური ველი, რომელშიც ზოგჯერ ხვდები და ზოგჯერ ვერა. იქ ერთი ტიპი გეხმარება, არ ვიცი, ვინ არის, იქნებ ღმერთია! ჩვენსა და კლასიკოსებს შორის ის განსხვავებაა, რომ მათ, ერთი კი არა, ათასი ადამიანის ნიჭი ჰქონდათ. ხომ არ შეიძლებოდა, მოცარტი ბავშვი ყოფილიყო, ის გენიოსად დაიბადა. მათ მუსიკას უკრავენ და დაუკრავენ უსასრულოდ. ჩვენგან რა დარჩება და რა დასჭირდებათ თაობებს, არ ვიცი.

ქმნადობის პროცესში მთლიანად ეფლობი. ცალი ხელით კეთება არ შეიძლება, ამ დროს ჩქამმაც კი შეიძლება დაგანგრიოს. 

სიმარტოვე და სიჩუმე აუცილებელია, იმიტომ რომ, არ იცი, საიდან რა იწყება და როდის მთავრდება, ეს ჩემთვის, თორემ სულხან ცინცაძე, აქეთ ოთახში რომ ქეიფი და ყაყანი იყო, იქით კვარტეტს წერდა. ერთხელ ვუთხარი – გადაბმული ვაგონები რომ დადის, სცადე, იქნებ, მეორე ვაგონში დაწერო-მეთქი. კვდებოდა სიცილით, არ თქვა არსადო.

ისე, სადაც უნდა ვიყო, ქეიფში თუ შეხვედრებზე, ფიქრის პროცესი ყველგან გრძელდება. ის მთავარი ძაფი არ იკარგება. არის ხალხი, ინსტრუმენტის გარეშეც რომ აორკესტრებს – შოსტაკოვიჩი იყო ასე, სტრავინსკი – პირიქით. თუ გამოიმუშავებ, ინსტრუმენტის გარეშეც შეგიძლია დაალაგო. ზოგჯერ, კომპოზიტორისთვის ყველაფერი იმპულსია – ტკივილი, სიხარული, ბუნება, თუმცა ყველაფერს სევდა დაჰყვება თან. რომ ვიცინი და ვხალისობ, ყველას ჰგონია, არიქა, ბიჭებო! სინამდვილეში ძალიან სევდიანი ვარ.

როცა მუშაობას ვამთავრებ, აგერაა ნუგეშა (მეუღლე), ის პროფესიონალი მუსიკოსია და ჩემი პირველი მსმენელიც. როცა ნუგეშა სადმეა წასული, უნუგეშოდ ვარ დარჩენილი. 

ახლა რეზო გაბრიაძე აპირებს „კედელზე დაწერილი მოთხრობის“ მიხედვით მიუზიკლის გაკეთებას და იმა-ზე ვფიქრობ. რეზო მაჩქარებს, მაგრამ ასე უცბად არ გამოდის. თავად რა ენაღვლება, ორმოცი კაცის ნიჭი აქვს და უკუღმართი ტვინი, ჭიანჭველებით გადაგვატანინა მეორე მსოფლიო ომი. სხვა რაღაცებზეც ვფიქრობ. ამ სამყაროში ფიქრზე საოცარი არაფერია.

კონტრსამყარო

გარშემო რაც ხდება, ძალიან განვიცდი. რომ მეკითხები, როგორ ეგუები სოლომონ ისაკიჩების არსებობასო, ვერ ვეგუები. თუკი მეჯღანუაშვილი შუა სპექტაკლის დროს უკრავდა ტაშს, ესენი უარესს შვრებიან – კონცერტის დაწყებამდე, ორკესტრი რომ ინსტრუმენტებს აწყობს, მაშინ უკრავენ ტაშს. თანაც, რა ამბიციებია... გადამწყვეტ „ჭეშმარიტებებს“ რომ ამბობენ – დლუმპ! ეს ასეა! გაგიჟდები კაცი.

ხშირად დაკვეთებზე ვმუშაობ. ძალაუნებურად მთრგუნავს, მაგრამ დილიდან რომ „კარტოშკა“ დაგიდგება თავში, რას იზამ? ჩემი ერთი ნაწარმოებიც კი არა მაქვს ჩაწერილი. სად რა არის გაბნეული, ღმერთმა უწყის.

მსმენელის გარეშე

არ ვამტკიცებ, რომ ნაწარმოების მოსმენისა და აღქმისთვის აუცილებლად პროფესიონალიზმია საჭირო. მსმენელი თუ ხარ, უნდა მიეჩვიო ერთხელ, ორჯერ, ათჯერ მოსმენას და მერე ეჩვევი. ჩვენთან არავის უნდა, კარგად გამოწყობილი წავიდეს კონცერტზე. მახსოვს, ბერლინის „შტატსოპერაში“ ვესწრებოდი ვაგნერის ოპერებს, რომელთა მოქმედება 2-4 საათს გრძელდება. დარბაზი სავსეა 80 წლის ხალხით და უმრავლესობამ ეს ურთულესი მუსიკა ზეპირად იცის. ჩვენთან კი მომრავლდნენ „ყრუმუნჯთა სკოლის ასპირანტები“ და „უცოდინართა მხარდამჭერი საზოგადოებები“, რომელთა ავანგარდში ტელევიზია დგას. მუსიკის მოსმენა უნდათ სამზარეულოში, ნიორწყლის ფონზე, კარტოფილის ფცქვნის მუსიკა ცალკეა, ზოგი რამ ავლაბარში უნდა იმღერო, ზოგი – სახლში. რატომღაც, ყველამ გადაწყვიტა, ესტრადაზე გამოყაროს ის, რაც სახლში აქვთ. მსმენელი თავად გახდა შემსრულებელი, სიმღერის ტექსტებია – ვაიმე, დედა! არადა, პოეზია ცალკე მუსიკაა და შენს ნახევარ საქმეს უკვე აკეთებს კარგი ლექსი. გალაკტიონს რომ გადმოვიღებ, შემითრევს ხოლმე და მეასედ მაკითხებს თავს. მოკლედ, კარგი სიტყვაა „არამზადა“ – არა ხარ მზად და მორჩა!

იუმორი მაშველი ნიჩბებია იმისთვის, რომ ნავი არ ჩაიძიროს
ბიძინა კვერნაძის ჯვრის წერისა და ნიშნობის ბეჭდის ამბავი

39 წელია, რაც მე და ნუგეშა ერთად ვართ, მაგრამ ჯვარი არ გვქონდა დაწერილი. შარშან შემოგვიჩნდნენ შვილები – არ გვინდა, უკანონოები გვერქვას და ჯვარი დაიწერეთო. არადა, იმის საშუალებაც არ გვაქვს, სახლში პატარა სუფრა მაინც გავშალოთ. მოკლედ, დაგვაყენეს ბავშვებმა ფაქტის წინაშე, ეკლესიაში ჩვენს მეტი არავინ იქნებაო – დაგვაიმედეს და წავედით. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ბეჭედი არ მაქვს. ვიფიქრეთ, გზაში სადმე ლარიან ბეჭედს ვიყიდითო, მაგრამ კვირა დღეს ყველაფერი დაკეტილი აღმოჩნდა და არც ეკლესიაში იყო რაიმე, ბეჭდისმაგვარი. 

უცბად, მღვდლისგან მესმის – ბიჭო, ბიძინა არა ხარ შენა? შევხედე, მერაბ ელიოზიშვილია. სახტად დავრჩი. გამახსენდა, პირველად რომ ვნახე ელიოზა, ნოდარ დუმბაძეს ვუთხარი – დუქნის დათვს თათებიდან რომ ლიმონათს წაართმევ, იმას ჰგავს-მეთქი. ერთხელაც, მე და ნოდარი შევდივართ მარჯანიშვილის თეატრში და რას ვხედავთ: ზის ელიოზიშვილი და ლიმონათს სვამს ბოთლიდან. ძლივს მოვასულიერე ნოდარი... ჰოდა, ეს ელიოზა დგას ანაფორაში და ბეჭედს მთხოვს. სადაა ბეჭედი?! უცბად ჩემს შვილს, ფისასოს, მზერა გაუშტერდა დედამისის ჩანთაზე და მღვდელს ეუბნება – მამაო, დანა გექნებათო. სულ გადაირია ელიოზიშვილი... ამასობაში, ჩანთის „ზმეიკაზე“ რომ რგოლია, ის მოაჭრეს, გასწი-გამოსწიეს და წამომაცვეს თითზე. შემერჭო ეს „ბეჭედი“, ძლივს გამოვიძვრე. ორ დღეს იოდში მქონდა ხელი.

ასე დამთავრდა ჩემი ჯვრისწერა. რაც შეეხება ბეჭედს, მიღებებსა და შეხვედრებზე ვიკეთებ ხოლმე დიდ ბიზნესმენებთან, რომელთაგან ერთ-ერთი, ძალიან გამოჩენილი, რატომღაც გლახად დაკრულ მჭადს მაგონებს.

ბუხანკაპურის ნოსტალგია

ექიმებმა წონაში დაკლება ურჩიეს ბიძინას და ორი თვეა, პურს არ ვაჭმევჰყვება ნუგეშა. ამაზე გაუთავებლად ვჩხუბობთ. ერთ დილასაც ადგა მოწყენილი და მეუბნება: მთელი ღამე პურთბალიშზე მედო თავი და პური მესიზმრებოდაო.

– რას მაჭმევენ, თუ იცი? ბატიბუტზე რომ „კატოკი“ გადაატარო, ისეთ გაუგებრობას, არადა, ბავშვობიდან მონოლოგები მქონდა პურზე, სულ ვტიროდი, პური არ გვეყოფა-მეთქი და მაწყნარებდნენ. უცხოეთიდან ყველას სუვენირები მოჰქონდა ხოლმე, მე კი – პური.

ნუგეშა მეუბნება, შენ ეპიკურიელი ხარ, ჭამა-სმისა და დროს ტარების მეტი არაფერი გინდაო. ვეუბნები – ეპიკურიელი კი არა, პურიტანი ვარ-მეთქი. მე და რეზო ლაღიძე იმხელა პურებს ვყიდულობდით, არც ერთ გაზეთში არ ეტეოდა. დიდი „ბუხანკები“ იყო, ორგანყოფილებიანი, ანტრაქტიც კი არ ჰქონდათ. ახლა თაგვების მორჩენილ ნაგლეჯებს მაჭმევენ...

თავგადასავალი რეზო ლაღიძესთან ერთად

რეზო ლაღიძე ფანტასტიკური ნიჭის პატრონი და გამორჩეული კაცი იყო. გარშემო ყველაფერი უყვარდა – ადამიანები, ბუნება. თევზაობაში მისი ასისტენტი ვიყავი. პირველ თევზს რომ დაიჭერდა, აკოცებდა და ისე გადმომიგდებდა. დაკოცნილი ჰყავდა ყველა თევზი. ერთხელ, ჭანარი დაიჭირა და, ამას, ეტყობა, ცხვირი ეფხანებოდა და ქვაზე გაიქექაო – აღარ აკოცა. სასწაულად ისროდა ბადეს. მეც ვცადე ბადის გადაგდება და კინაღამ თან გადავყევი. იმსიმძიმე რაღაცა კბილებით როგორ უნდა დაიჭირო. მართალია, ახალგაზრდობა სპეციალობა არ არის, მაგრამ ენერგია გაქვს ბევრი. სად აღარ დავდიოდით, ყველაფერს ვასწრებდით. ღამით ავდგებოდით, წავიდეთო – რეზო იტყოდა, გავიღორღონჯოთო („ღორღონჯი“ მეგრულად ბატს ნიშნავს) «Лебединое озеро»-ს „ღორღონჯის წუმპეს“ ეძახდა. ერთი მთიელი ნაცნობი ჰყავდა, ლიკლიკატო დაარქვა. ანანურთან ცხოვრობდა ის კაცი და ერთხელ, შუაღამისას, აიჩემა – წავიდეთ, ვნახოთო. ძლივს მივაგენით სადღაც სოფელში, მიწურში. გადაირია ის ლიკლიკატო, მოკვდა ტირილით, ისე გაუხარდა ჩვენი დანახვა. ასე დავდიოდით. მცხეთამდე ვითომ სასეირნოდ გამოსულები, ხან გორში ამოვყოფდით თავს ღამის სამ საათზე, ხან – ობჩაში. გიჟდებოდნენ მასპინძლები, დაერეოდნენ ამ მძინარე ქათმებსა და გოჭებს, გამოსჭრიდნენ ყელს. ვის უნდოდა გოჭი, თუ სადმე პრასი ჰქონდათ, ძირიანად ვჭამდით. ერთხელ, ობჩაში ვართ ბიძამის შალიკოსთან და გადამეკიდა – ლუხუტა უნდა გაჩვენო, ის მდინარე, რომელშიც ბავშვობაში ვთევზაობდიო. მივედი, კაცო, ვხედავ, მდინარეზე კალაპოტი კი არის, მაგრამ წყალი არაა. არ დაუჯერო, ბიძინაო, – შალიკომ მითხრა, ლუხუტის ბაყაყს პარიზშიც კი ვიცნობ, ზურგი აქვს მზისგან დამწვარიო. დილას წამოვედით ობჩიდან და ზესტაფონში აიტეხა – ღვანკითში ავიდეთ, ერთი ნაცნობი მყავს და მაინტერესებს, რას აკეთებსო. ავედით სოფელში და ძლივს ვიპოვეთ ის სახლი. მჭადივით იყო დატყეპებული მიწაზე. ტალახია საშინელი და დიდი ვენახი, სახლის წინ. მივტოპავთ ტალახში, კარი ღიაა და ხატები მოჩანს კედელზე. შევედი. წამოხტა ფიცრულ ტახტზე წამოწოლილი კაცი, გააგდო ხელიდან წიგნი და მომეგება. ვიფიქრე, რას კითხულობს ამ ყიამეთშიმეთქი. ავიღე წიგნი, აწერია – კინო და პოეზია. რა შენი საქმეა, ბიჭო, ამ ღვანკითის ტალახში კინო და პოეზია, რომელმა კინომ უნდა ამოაღწიოს აქამდე-მეთქი, ვუთხარი. რეზო რომ დაინახა, სულ გადაირია. შემოჰკრა ტაში, მარჯვნიდან წამოვიდა ყველი, მეორე ტაშზე წამოვიდა მჭადი, პრასი და ღვინო. დავრჩით იმ ღამეს ღვანკითში.

ეს ყველაფერი შენს სამყაროზე გავლენას ახდენს, რადგან აგროვებ, კენკავ ლაპარაკს, ინტონაციას, ტემბრს, ლექსს, ხალხურ სიმღერას და ინსტრუმენტთან მისვლაც გიხარია.

* * *

სულხან ცინცაძე იყო კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე. ყველას უყვარდა, მაგრამ არაფერს უჯერებდნენ, გაშინაურებული ჰყავდა თანამშრომლები. ერთ დღესაც, მდივნად დანიშნეს გია ყანჩელი. უცბად, ყველაფერი შეიცვალა. 9 საათზე ყველა ადგილზეა, სხედან ოთახებში, მიდის გამალებული მუშაობა. შევდივარ სულხანის კაბინეტში, არავინაა, საფერფლეში სიგარეტი

ხრჩოლავს. ეტყობა, ახალი გასულია. ველოდე, ველოდე და წამოვედი. მეორე დღესაც იგივე განმეორდა – ოთახში არავინაა, სიგარეტი ხრჩოლავს. გამოვედი და ვიკითხე, კი მაგრამ, გამაგებინეთ, ამ კაცს უკვე კრემაციაც გაუკეთეთ-მეთქი?!

* * *

შერემეტიოვოზე მივდივართ მე, სულხან ნასიძე და ჯანო კახიძე. იქ ჩვენი რუსი კოლეგები დაგვხვდნენ. ვხედავ, ერთად მოდიან ალიკა მაჭავარიანი და გია ყანჩელი (ალიკას ალეს ეძახდნენ). საზეიმოდ გამოვაცხადე – მოდის ქართული მუსიკის ალერგიამეთქი.

* * *

ერთი კომპოზიტორი იყო, კულა ნარიმანიძე, აფხაზეთში ცხოვრობდა, მაგრამ ჩიოდა, აქ არ მაფასებენო და მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. სხვათა შორის, ყველას იცნობდა. ერთხელაც, დგას „ასებთან“. ვუთხარი, კულა, შენ რომ აფხაზეთში დაბრუნდებოდე, კომპოზიტორებში აკულა იქნებოდი-მეთქი. შოსტაკოვიჩი სიცილით მოკვდა.

* * *

ზამთარია. მოსკოვში, ქუჩაში, მოვდივართ მე და დანკევიჩი, ცოლებთან ერთად. ქალები მომყავს ხელკავით და უცებ, სამივენი წავიქეცით, ეს მთასავით კაციც ზევიდან დაგვეცა. ავდექით თუ არა, ნუგეშა მეუბნება – ძალიან მტკივა სახსრები და წყალტუბოში უნდა გამგზავნოო. სახსრები თუ მექნება, კი-მეთქი, ვუთხარი.

* * *

მაგნიტოფონი „ტოშიბა“ მაჩუქეს გერმანიაში. აქ ერთი-ორ კაცს თუ ექნებოდა მაშინ. ჩემი შვილები თავს იწონებენ, მეზობლები „ტოშიბას“ სანახავად მოდიან, არის ერთი გნიასი. ერთხელაც, ჩემი შვილი ეუბნება დედამისს – მშობელთა კრებაზე უნდა წამოხვიდე და კარგად ჩაიცვი, იქ დაზმანული მშობლები მოდიან, არ შემარცხვინოო. ნუგეშა შეწუხდა, კარგი და დასაზმანი არაფერი ჰქონდა, მაგრამ დავამშვიდე – „ტოშიბა“ დაიჭირე ხელში და ისე წადი-მეთქი. ბოლოს ისე მოხდა, რომ ბავშვებმა „ტოშიბაც“ ააფეთქეს და დაგვრჩა მარტო „შნური“.

* * *

ნუგეშამ ისე მოამრავლა სახლში მცენარეები, თავი ხუდადოვი მგონია.

ქეთევან სადღობელაშვილის ინტერვიუების კრებულს „აქ, ამ სამყაროში“ შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

11 სექტემბერი
11 სექტემბერი

რას ვუყუროთ. კინორეკომენდაცია

დასვენების დღეებში, „ლიბერალი“ გთავაზობთ კინორეკომენდაციებს, მოკლე ანოტაციებით. თითო რეკომენდაციაში სულ ცოტა სამი ფილმია ...
04 სექტემბერი
04 სექტემბერი

გაველურდი! - ჩემი რჩევა ტექნოლოგიასთან ე ...

„რა თქმა უნდა, ყველა ვერ გავიქცევით და ტყეში ვერ ვიცხოვრებთ. მაგრამ თუკი უარს ვიტყვით სესხებზე, მოწყობილობებზე და ბუნება ...
04 სექტემბერი
04 სექტემბერი

რას ვუყუროთ. კინორეკომენდაცია

დასვენების დღეებში, „ლიბერალი“ გთავაზობთ კინორეკომენდაციებს, მოკლე ანოტაციებით. თითო რეკომენდაციაში სულ ცოტა სამი ფილმია ...

მეტი

^