Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას ვუყუროთ და რას - არა. ინფორმაცია კანის კონკურსში მონაწილე ყველა ფილმის შესახებ

01 აგვისტო 2021
კანის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალი რომ დასრულდა და „ოქროს პალმის რტოთი“ ჟიურიმ ფრანგი რეჟისორი ჯულია დუკორნო დააჯილდოვა ფილმისათვის „ტიტანი“, კინოს მოყვარულებისათვის ცნობილია. ჩვენი დღევანდელი სტატიის მიზანი სხვაა: თქვენი ინფორმირება ფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილე ფილმების შესახებ, იმისთვის, რომ იოლად გადაწყვიტოთ, რომლის ნახვა გიღირთ მომავალში და რომლის - არა. შეფასებები უცხოელი კრიტიკოსების მიმოხილვებს ეფუძნება.

Annette (საფრანგეთი)

„ანეტი“ - ტრაგიკული მიუზიკლი რეჟისორისა (ლეო კარაქსი), რომელიც ფილმებს ათ წელიწადში ერთხელ იღებს, ჯგუფ Sparks-ის ორიგინალური სიმღერების სიუჟეტებს ეფუძნება. დასაწყისში გასართობი და რომანტიკული სიყვარულის ისტორია კომიკოსს (ადამ დრაივერი) და საოპერო მომღერალს (მარიონ კოტიარი) შორის, რომლებსაც უჩვეულო შვილი შეეძინებათ, დასასრულისკენ გარდაიქმნება დრამატულ და შემზარავ ფილმად ურთიერთობების კრიზისის, წარმატების უკუჩვენებისა და ბავშვების ექსპლუატაციის შესახებ.

ტრეილერი

The Story of My Wife (უნგრეთი)

„ჩემი ცოლის ისტორია“ კრიტიკოსთა ნაწილის აზრით, დაუფასებელი შედევრია. „ოქროს დათვის“ ლაურეატის ილდიკო ენიედის ეს ფილმი უნგრელი მოდერნისტი-კლასიკოსის მილან ფიუშტის იმავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა. სავაჭრო გემის კაპიტანი ქორწინდება  პირველშემხვედრ ქალზე, რასაც მისთვის ბედნიერებაზე მეტი უბედურება მოაქვს. ესაა ქორწინების ინსტიტუტის ფსიქოლოგიური კვლევა და სამსაათიან საეკრანო დროში პასუხის პოვნის მცდელობა სანუკვარ კითხვაზე - რა ვიცით და რა არ ვიცით ჩვენი ახლობლების შესახებ. ცოლის როლს ასრულებს ლეა სეიდუ.

ტრეილერი

Memoria (კოლუმბია)

ტაილანდელმა ექსპერიმენტატორმა აპიჩატპონგ ვერასეთაქულმა პირველად გადაიღო ფილმი სამშობლოს გარეთ - შორეულ კოლუმბიაში და პირველად შეასრულებინა მთავარი როლი პროფესიონალ მსახიობ ქალს, თანაც, თავად ტილდა სუინტონს. ნელი, ადგილებში სრულად სტატიკური სანახაობა - მეტაფიზიკური დეტექტივია ქალის შესახებ, რომელსაც უძილობა აწუხებს და ეძებს საიდუმლო ბგერის წყაროს, რომელიც მხოლოდ მას ესმის. ხელოვნება, რომელიც ორ საათზე მეტხანს გრძელდება.

ტრეილერი

Петровы в гриппе (რუსეთი)

„პეტროვებს გრიპი აქვთ“ რუსი კრიტიკოსებისთვის კირილ სერებრენიკოვის საუკეთესო და ყველაზე რთული ფილმია, მაგრამ თავადვე აღიარებენ, რომ მისი სრულად აღქმა რთულია  ადამიანისთვის, რომელიც რუსეთში არ ცხოვრობს და რუსული ენა არ იცის. გრიპით დაავადებული კაცის, ქალის და მათი სკოლის მოსწავლე შვილის კოლექტიური ჰალუცინაცია ახალი წლის წინა დღეს - ქვეყნის პორტრეტია, რომელიც განკურნებაზე ოცნებობს.  

ტრეილერი

Benedetta (ნიდერლანდები)

პოლ ვერჰოვენის თავაშვებული, სასაცილო და თამამი ბიოგრაფიული ფილმი XVII საუკუნის ტოსკანელი მონაზვნის, ლესბოსელისა და წმინდანის შესახებ, პირდაპირ განაგრძობს თემებს, რომლებსაც ჟანრული (და არამხოლოდ) კინოს დიდოსტატი ეხება ფილმებში „Flesh and Blood“, „Basic Instinct“ და „Elle“. ღიად ეროტიკული და მკრეხელური ფილმი მომენტებში ცოტა არ იყოს მძიმდება, მარამ გართობის და ფილოსოფიის შერწყმას ვერჰოვენი ძველებურად ახერხებს.

ტრეილერი

Everything Went Fine (საფრანგეთი) 

ფილმში „ყველაფერი კარგად დასრულდა“ ფრანსუა ოზონი გვიამბობს თავისი სცენარისტის და მწერლის, ემანუელ ბერნჰეიმის ისტორიას. ესაა მსუბუქი ირონიით გაჯერებული ყოფითი დრამა ზრდასრული ქალიშვილისა და მამის ურთიერთობის შესახებ, რომელმაც ინსულტი გადაიტანა და ითხოვს დაეხმარონ მას ამქვეყნიური ცხოვრებიდან გათავისუფლებაში. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ სოფი მარსო და ანდრე დიუსოლიე.

ტრეილერი

Drive My Car (იაპონია)

რიუსუკე ჰამაგუშიმ ფილმში „მანქანის მართვისას“ ჰარუკი მურაკამის პატარა მოთხრობა აქცია სამსაათიან დრამად სამსახიობო ოსტატობის, ინტერპრეტაციის პარადოქსებისა და ტრავმის გადატანის შესახებ. დაქვრივებული თეატრის რეჟისორი მშობლიური ტოკიოდან მიემგზავრება ჰიროსიმაში, სადაც უნდა აარჩიოს მსახიობები მთელი მსოფლიოდან და დადგას ჩეხოვის პიესა „ძია ვანია“. ის უმეგობრდება გოგოს, რომელსაც მას მძღოლად დაუნიშნავენ. დახვეწილი და არაორდინარული ფილმი ბოლო კადრამდე არ წყვეტს მაყურებლის გაოცებას.

ტრეილერი

Hero (ირანი)

ასგარ ფარჰადი ფსიქოლოგიური კინოს ოსტატი და ერთადერთი „ოსკაროსანი“ (თან ორგზის) ირანელი რეჟისორია. „გმირის“ სიუჟეტის თანახმად, კაცს, რომელიც ვალების გამო ციხეში ხვდება, რამდენიმე დღით ათავისუფლებენ, რომ ფული იშოვოს და კრედიტორს გული მოულბოს. ავტობუსის გაჩერებაზე ის პოულობს ოქროთი სავსე ჩანთას, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ეს ოქრო გაყიდოს და ვალები გაისტუმროს, მოძებნის ჩანთის პატრონ ქალს და განძს უბრუნებს. ის ტელევიზიის და სოცქსელების გმირი ხდება, მას ადიდებენ, მაგრამ რამდენად მართალია ისტორია მისი კეთილშობილების შესახებ? „გმირი“ ზნეობრივი ტრილერის შესანიშნავი მაგალითია, ჟანრის, რომელშიც კრიტიკოსების აზრით, ფარჰადი საუკეთესოა.

ტრეილერი

Compartment No. 6 (რეჟისორი, ფინეთი)

კანის ფესტივალის სექცია „განსაკუთრებული ხედვის“ გამარჯვებულმა რეჟისორმა იუხო კუოსმანენმა, თავისი მეორე ფილმი სრულად რუსეთში და რუსულ ენაზე გადაიღო. მეგობარ გოგოსთან დაშორებით გულგატეხილი ფინელი ლესბოსელი სტუდენტი გოგო, პეტროგლიფების სანახავად მოსკოვიდან მურმანსკში, მატარებლით მიემგზავრება. კუპეში მას შემთხვევით დაემგზავრება გაუნათლებელი და სმის მოყვარული ახალგზრდა მუშა. „კუპე ნომერი 6” უპრეტენზიო და გულის ამაჩუყებელი ფილმია რიგითი ადამიანების და კომუნიკაციის სირთულეების შესახებ.      

ტრეილერი

Les Olympiades (საფრანგეთი)

კანის ფესტვალის „ოქროს პალმის რტოს“ ლაურეატმა ჟაკ ოდიარმა ამჯერად გადაიღო მილენიალების პორტრეტი - ფილმი სამი ახალგაზრდა ფრანგის შესახებ, რომლებიც არიან მეგობრები, კოლეგები და საყვარლები და ცხოვრობენ თანამედროვე მეგაპოლისში. „პარიზი, მე-13 რაიონი” სასიამოვნო, ცოცხალი ფილმია კარგი ახალგაზრდა არტისტების მონაწილეობით.

ტრეილერი

The Worst Person In The World (ნორვეგია)

იოაჰიმ ტრიერის სასიამოვო, მაგრამ არცთუ კარგად გააზრებული ფილმი ჰიპსტერების შესახებ და ჰიპსტერებისათვის. იულია ბევრ რამეზე ოცნებობს, თუმცა ჯერჯერობით ცოტას თუ მიაღწია - ის წიგნის მაღაზიის კონსულტანტია და ცხოვრობს მეგობარ ბიჭთან ერთად, რომელიც მხატვარია. ცხოვრების არსის, შთაგონებისა და რა თქმა უნდა, სიყვარულის ძიებაში იულია თავისი ბიოგრაფიის რამდენიმე ფაზას გადის, მაგრამ საბოლოოდ, ვერაფერს სწავლობს. 

ტრეილერი

Red Rocket (აშშ)

ამერიკელი რეჟისორი და „პროექტ „ფლორიდას““ შექმნელი შონ ბეიკერი კანის კინოფესტივალის კონკურსში პირველად მიიწვიეს. „წითელი რაკეტა“ ტიპური დამოუკიდებელი დრამაა, რომელშიც ყოფილი პორნო მსახიობი (საიმონ რექსი) ლოს-ანჯელესიდან პატარა ტეხასულ ქალაქში ბრუნდება და ცხოვრების ხელახლა დაწყებას ცდილობს. ფილმში ფუნთუშების გამყიდველს სიუზანა სონი თამაშობს. იუღბლო მთავარი გმირი მის პორნობიზნესში ჩართვას ცდილობს.      

ტრეილერი

Bergman Island (საფრანგეთი)

შთაგონების წყაროს ძიებაში რეჟისორი წყვილი, ცოლ-ქმარი (ტიმ როთი და ვიკი კრიპსი) ჩადიან ფორეზე - კუნძულზე, სადაც ცხოვრობდა და გარდაიცვალა ინგმარ ბერგმანი. საბოლოო ჯამში, მია ჰანსენ-ლევეს „ბერგმანის კუნძული“ ესაა კარგად გადაღებული, მაგრამ ტიპური ფილმი შემოქმედებითი ტანჯვებისა და ფილმის დაბადების პროცესის შესახებ.

ტრეილერი

Casablanca Beats (მაროკო)

მიამიტი და სიმპათიურიც კი, მაგრამ მეორეხარისხოვანი კინო. ნაბილ აიუშმა გადაიღო დიდაქტიკური რეპორტაჟი ჰიპ-ჰოპის წრის შესახებ თინეიჯერებისათვის, რომლებსაც ყოფილი რეპერი „წვრთნის“ და რომელიც შესანიშნავი მასწავლებელი აღმოჩნდება. ესაა ერთგვარი ჰიპ-ჰოპ მიუზიკლი, რომელშიც მოზარდები კონსერვატიულ გარემოს უპირისპირდებიან.

ტრეილერი

Ahedʼs Knee (ისრაელი)

„აჰედის მუხლი“ ისრაელელი რეჟისორის, გახმაურებული „სინონიმების“ ავტორის, ნადავ ლაპიდის კარგად ჩაფიქრებული, მაგრამ არც თუ წარმატებული, პრეტენზიული ფილმია. ავტორის ალტერ ეგო, ახალგაზრდა კინემატოგრაფისტი უდაბნოში, ერთ-ერთ პატარა დასახლებაში ჩადის საკუთარი ფილმის წარსადგენად. და უცებ არკვევს, რომ აქაც კი არის თემები (ომი, პალესტინელების ჩაგვრა), რომლებზეც ლაპარაკი არ შეიძლება - კულტურის სამინისტროს აქვს აკრძალული.

ტრეილერი

The French Dispatch (აშშ)

„სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტის“ და „ძაღლების კუნძულის“ შემდეგ უეს ანდერსონის „ფრანგული მაცნე“ ცარიელი და არცთუ სასაცილო რეტრო-კომედიაა გამოგონილ აპლიკაციაზე ამერიკულ გაზეთში, რომელიც თითქოს ფრანგულ პროვინციაში გამოდის. ფილმში უამრავი ვარსკვლავი მონაწილეობს, მაგრამ ამაოდ.

ტრეილერი

Titane (საფრანგეთი)

კანის წლევანდელი ფესტივალის მთავარი პრიზი, სწორედ ამ სკანდალურმა ფილმმა მიიღო. შთამბეჭდავი ფსიქოჰორორის ავტორ ჯულია დუკორნოს ანგელოზის გარეგნობა აქვს, რასაც ვერ იტყვი მისი ფილმის მთავარ გმირზე. ის მანქანებთან სექსითაა დაკავებული (მექანიზმი ბოლომდე გაურკვეველი რჩება) და ფეხმძიმდება მათგან, შუალედში და სასტიკად კლავს კაცებს და ქალებს, რომლებიც გულუბრყვილოდ ცდილობენ მისი ყურადღების მიპყრობას. სახანძრო გუნდის მეთაურის როლს ვენსან ლინდონი ასრულებს. ავტორის ამბიციების მიუხედავად, ფილმი შიდა დისციპლინისა და ლოგიკისაგან დაცლილია.  

ტრეილერი

The Restless  (ბელგია)

ხოაკიმ ლაფოსის ამ ფსიქოლოგიური დრამის ცენტრში - ოჯახია. ოჯახის მამას, პერსპექტიულ მხატვარს ბიპოლარული აშლილობა აქვს. აქტუალური თემაა, მაგრამ ძალიან სპეციფიკური და ლოკალური. თუმცა, თუკი ადრე დაუსრულებლად იღებდნენ ფილმებს შეშლილი გენიოსების შესახებ, რომლებსაც ამ გენიალურობისათვის ნებისმიერ ქცევას პატიობდნენ, ამ ფილმის ავტორს გმირის ნიჭი სულაც არ ადარდებს და მხოლოდ ის აინტერესებს, თუ როგორ ტანჯავს ის ცოლ-შვილს.

ტრეილერი

Nitram (ავსტრალია)

„ნიტრამ ი“ ესაა „მარტინ ი“ პირიქით. მოდური ავსტრალიელი რეჟისორის ჯასტინ კურზელის ფილმი 1996 წლის პორტ-არტურის ტრაგიკული მოვლენების ანტაგონისტის შესახებ გვიამბობს. მომავალი მკვლელის როლს შემაშინებელი დამაჯერებლობით ასრულებს ამომავალი ვარსკვლავი კალებ ლენდრ ჯონსი. სხვა მხრივ, ფილმი საკმაოდ უსიამოვნოა და ვერაფერს გეუბნება ტრაგედიის რაიმე საინტერესო მიზეზის შესახებ.

ტრეილერი

Three Floors (იტალია)

„ოქროს პალმის რტოს“ ლაურეატის, იატალიელი ნანი მორეტის ეს კინორომანი, ისრალელი მწერლის რომანის მიხედვითაა გადაღებული. მაგრამ კრიტიკოსთა უმრავლესობის აზრით, „სამი სართული“ სრულმეტრიაჟიან ფილმამდე შემჭიდროვებულ საპნის ოპერას ჰგავს.   

ტრეილერი

Flag Day (აშშ)

შონ პენის „დროშის დღე“ - ესაა უხეში მელოდრამა ამერიკული ცხოვრებიდან, რომელშიც მთავარ როლებს თავად ფილმის ავტორი და მისი ქალიშვილი დილან პენი ასრულებენ. სიუჟეტი ეფუძნება რეალურ ისტორიას ფულისგამყალბებლის შესახებ, რომლის შვილიც ცნობილი ჟურნალისტი გახდა. მთავარი გმირის სააღსარებო ინტონაციამ შესაძლოა გაფიქრებინოთ, რომ ესაა შონ პენის ღია წერილი ქალიშვილისადმი.        

ტრეილერი

France (საფრანგეთი)

ნიჭიერი რეჟისორის, ფილოსოფოსისა და კინოენის ნოვატორ ბრუნო დიუმონის ამ ფილმს   კრიტიკოსებმა ძალიან დაბალი შეფასება მისცეს. როგორც ჩანს, პაროდიის ჟანრში შექმნილმა მისმა ექსპერიმენტმა ამჯერად არ გაამართლა. ლეა სეიდუ პოპულარული ტელეწამყვანის კარიკატურის როლს ასრულებს და ავად თუ კარგად მიჰყავს მისი რეპორტაჟები ცხელი წერტილებიდან.       

ტრეილერი

The Divide (საფრანგეთი)

კატრინ კორსინის „გაყოფა“ - დეკლარაციული და ბრტყელი სოციალური სურათია. მთავარი გმირი, რომლის როლსაც გროტესკულად ასრულებს ვალერი ბრუნი-ტედესკი, ლესბოსელია. მეგობარ ქალთან გაყრის დღეს ის ტრავმას იღებს და სწორედ მაშინ აღმოჩნდება საავადმყოფოში, როდესაც ქუჩაში „ყვითელი ჟილეტების“ მასობრივი საპროტესტო აქციაა, რომელშიც მისი ზრდასრული შვილი მონაწილეობს. ავტორი ცდილობს მაყურებელი საფრანგეთში სოციალურ უთანასწორობაზე დააფიქროს, სინამდვილეში კი ფილმის ხელოვნური დრამატურგიით ღლის.  

ტრეილერი

Lingui, The Sacred Bonds (ჩადის რესპუბლიკა)

აფრიკელი რეჟისორის მაჰამატ ჰარუნის ფილმი უფლებადაცვითი დრამაა. მთავარი გმირი - მარტოხელა დედა პატრიარქალური საზოგადოების წინააღმდეგობას აწყდება, როდესაც ცდილობს თავის უფროსკლასელ ქალიშვილს აბორტის გაკეთებაში დაეხმაროს. ფილმის შექმნის მიზანი შესაძლოა კეთილი იყო, მაგრამ მსახიობების თამაში პრიმიტიულია და თითქმის ყველა ეპიზოდი არადამაჯერებელი.

ტრეილერი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 სექტემბერი
25 სექტემბერი

პოლიტიკის წესები

დასავლური პოლიტოლოგიის ვერსია იმის შესახებ, თუ რატომ ხდებიან მმართველები დიქტატორები, კარგადაა აღწერილი ნიუ-იორკის უნივე ...
11 სექტემბერი
11 სექტემბერი

რას ვუყუროთ. კინორეკომენდაცია

დასვენების დღეებში, „ლიბერალი“ გთავაზობთ კინორეკომენდაციებს, მოკლე ანოტაციებით. თითო რეკომენდაციაში სულ ცოტა სამი ფილმია ...
04 სექტემბერი
04 სექტემბერი

გაველურდი! - ჩემი რჩევა ტექნოლოგიასთან ე ...

„რა თქმა უნდა, ყველა ვერ გავიქცევით და ტყეში ვერ ვიცხოვრებთ. მაგრამ თუკი უარს ვიტყვით სესხებზე, მოწყობილობებზე და ბუნება ...

მეტი

^