Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფეისბუკის გატეხილი ფიცი

02 აგვისტო 2021
კომპანიის დაპირებამ, რომ დაგვაახლოვებდა, სინამდვილეში დაგვაშორა. ფეისბუქის აღზევების წლებში სამყარო მარტოობის ეპიდემიამ მოიცვა, გაიზარდა პოლიტიკური ექსტრემიზმი და ძალადობა, გამწვავდა პოლიტიკური პოლარიზება, გაძლიერდა ავტორიტარიზმი და შესუსტდა დემოკრატია, ჟურნალისტიკა კატასტროფულ კრიზისშია და ბოლოს, უპრეცენდენტოდ გაძლიერდა პროპაგანდა, გაიზარდა ყალბი ინფორმაციის და დეზინფორმაციის რიცხვი. რა თქმა უნდა, ყველა ამ უბედურებაზე პასუხისმგებელი ფეისბუკი ვერ იქნება, მაგრამ ფაქტები დადასტურებულად ცხადყოფს, რომ თითოეული ამ ტენდენციის გაუარესებაში კომპანიამ თავისი წვლილი შეიტანა.

ავტორი: ჯილ ლეპორი
სტატია, მცირედი შემოკლებით, თარგმნილია ჟურნალ "ნიუ-იორკერის" 2021 წლის ივლისის ნომრიდან.

მივცეთ ადამიანებს საზოგადოების ჩამოყალიბების, მსოფლიოს კი - დაახლოების შესაძლებლობა“ - ასეთია ფეისბუკის „სამყაროს გადარჩენის“ ტიპის მისია, ისეთი, ეკლესიას რომ უფრო შეეფერება, თანაც, უბრალო ხის გუმბათიან, თეთრფიცრებიან ციცქნა სამლოცველოს კი არა, სასახლე-ეკლესიას - საკუთარი პარკინგი რომ აქვს, კვარტლისხელა კათედრალს, ან, სულაც, პირდაპირ ვთქვათ, ვატიკანს.

ახალი მისიის შესახებ, ფეისბუკის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა 2016 წლის ამერიკის საპრეზინდენტო არჩევნებიდან რამდენიმე თვეში განაცხადა, რითიც კომპანიის წინა, არანაკლებ დიადი მიზანი ჩაანაცვლა: „მივცეთ ხალხს გაზიარებისა და უფრო ღია და დაკავშირებულ მსოფლიოში ცხოვრების შესაძლებლობა". ორივე ვერსია, გაცხადებული მისიების უმრავლესობის მსგავსად, თვალთმაქცობა და ცარიელი სიტყვებია.

მისია“ ლათინური სიტყვაა და „გაგზავნას“ ნიშნავს. ისტორიულად, ინგლისურ ენაში, „მისია“ ქრისტიანობას უკავშირდება და სული წმინდის მადლით, ღვთის სიტყვის ქადაგებას ეწოდება: მისია ადამიანების სულთა გადარჩენისთვის ძალისხმევას გულისხმობს. სეკულარული შინაარსი მან XVII საუკუნეში შეიძინა, როდესაც „მისია“ დიპლომატებს დააკისრეს. მეცნიერული და სამხედრო მისიების ცნება (ცნობილი გამოთქმა „მისია შესრულებულია“) პირველი მსოფლიო ომის პერიოდიდან გაჩნდა.

1962 წელს ჯონ კენედიმ მთვარეზე გაფრენას „შეუცნობელი მისია“ უწოდა. მისიის გამოცხადება სათავეს ვიეტნამის ომიდან იღებს, როდესაც გენშტაბის უფროსების გაერთიანებული კომიტეტი დაუსრულებელად ამუშავებდა ახალ-ახალ მისიებს ომისათვის, რომელიც ცნობილი იყო თავისი უმისიობითა და უმიზნობით. (სატელევიზიო შოუ „შეუსრულებელი მისიის“ დებიუტიც 1966 წელს შედგა). 1973 წლის შემდეგ, მენეჯმენტის გურუს, პიტერ დრუკერის დაჟინებით, მისიათა გამოცხადებას ბიზნესებიც შეუდგნენ „სტრატეგიული დაგეგმარების“ პროცესის ფარგლებში -  კიდევ ერთი ტერმინი, რომელიც დრუკერმა სამხედროებისაგან ისესხა.

მალევე, როგორც კი უმაღლესი განათლება კორპორატიული გახდა, მისიის დეკლარირების ტრადიციამ საუნივერსიტეტო ცხოვრებაშიც შეიაღწია. 1979 წელს ჟურნალი Chronicle of Higher Education წერდა: „ჩვენ ვართ მისიონერული სიგიჟის ზღვარზე“. კიდევ ათი წლის შემდეგ ჟურნალი იუწყება: „მისიის ფორმულირება სტრატეგიული დაგეგმარების პროცესში პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია“. მაგრამ გასული საუკუნის 1990-იან წლებში კორპორაციულმა განაცხადებმა მისიის შესახებ სტრატეგიული დაგეგმარებიდან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში გადაინაცვლა. დიდწილად, სწორედ ამან განაპირობა მისიის განაცხადების აბსურდულობა. 2002 წელს ჩატარებულმა ერთ-ერთმა კვლევამ ცხადყო, რომ ამ განაცხადების თავად კომპანიების მენეჯერებსაც არ სჯერათ. კვლევები ასეთ კანონზომიერებას ავლენს: რაც უფრო ეთიკურად საეჭვოა ბიზნესი, მით უფრო გრანდიოზული და ფარისევლურია მისი „მისიის განაცხადი“.

ფეისბუკის გაცხადებული მისია, ფაქტობრივად, კაცობრიობის გადარჩენაა. არადა, სინამდვილეში ამ კალიფორნიული ტრანსნაციონალური კორპორაციის მიზანი ხომ საკუთარი ინვესტორებისთვის ფულის შოვნაა. ფეისბუკი - სარეკლამო კომპანიაა - ის აგროვებს მონაცემებს და ყიდის. 2004 წელს დაარსდა და დღეს მისი საბაზრო ღირებულება ტრილიონ დოლარამდეა. 2006 წლიდან, „სიახლეთა ზოლის“ (News Feed) შემოტანით, ფეისბუკი მედიაკომპანიადაც იქცა, რომელშიც დღეს თხუთმეტი ათასი „კონტენტის მოდერატორი“ მუშაობს (ამერიკაში მოსახლეობის დაახლოებით 1/3 ახალ ამბებს მუდმივად ფეისბუქზე ეცნობა. მსოფლიოს სხვა წერტილებში კი ეს მაჩვენებელი 2/3-მდეც აღწევს).

2016 წლის შემდეგ ფეისბუკი არჩევნების სამართლიანობის თემითაც დაინტერესდა, როგორც აშშ-ში, ასევე ნებისმიერ სხვა ადგილას. საერთო ჯამში, კომპანიას 35,000 უსაფრთხოების თანამშრომელი ჰყავს, რომელთაგან ბევრს გაეროს არჩევნების დამკვირვებლის მსგავსი ფუნქცია აკისრია. მიუხედავად ამისა, ფეისბუკის ადრეული მანტრა „ჯერ კომპანია, შემდეგ სახელმწიფო / კომპანია სახელმწიფოზე უზენაესია“, კვლავ აქტუალურია.

მართლაც, ფეისბუკი, ბევრი თვალსაზრისით, ნებისმიერ ქვეყანაზე დიდია. კომპანია ინფორმირებულია მსოფლიო მოსახლეობის მეოთხედზე მეტის (7.8 მილიარდიდან 2.8 მილიარდის) შესახებ და მომხმარებლებს შორის ინფორმაციის გაცვლას მართავს. ფეისბუკის მომხმარებელთა რიცხვი დაახლოებით იმდენივეა, რაც ჩინეთისა და ინდოეთის მოსახლეობა ერთად აღებული. დედამიწის ზოგიერთ რეგიონს, აფრიკის სახელმწიფოთა ნახევარზე მეტს, ფეისბუკი უსასყიდლოდ უზრუნველყოფს მონაცემთა გაცვლის საბაზო სერვისებით, პოზიციონირებს რა თავად, როგორც კერძო კომპანია.

„ამაზრზენი სიმართლე: ფეისბუქის ბრძოლა დომინირებისათვის“ („An Ugly Truth: Inside Facebook’s Battle for Domination”, გამომცემლობა Harper) - შირა ფრენკელისა და სესილია კანგის წიგნის ეს სათაური აღებულია ფეისბუკის ერთ-ერთი აღმასრულებელი დირექტორის 2016 წლის ჩანაწერიდან, რომელიც გამოცემა BuzzFeed News-ს ჩაუვარდა ხელში. როგორც ჩანს, ენდრიუ ბოსვორთმა, ფეისბუკის სიახლეთა ზოლის ავტორმა, ეს ტექსტი თანამშრომლების დაჟინებული მოწოდებების პასუხად დაწერა - ისინი იმ ალგორითმში ითხოვდნენ ცვლილების შეტანას, რომელიც ამერიკის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ცრუ ინფორმაციას ანიჭებდა უპირატესობას, მაგალითად ისეთს, როგორიც იყო ამბავი ჰილარი კლინტონის კომატოზურ მდგომარეობაში ყოფნის შესახებ. ზოგიერთი თანამშრომელი ეჭვობდა, რომ ამ ამბების დიდ ნაწილს ყალბი „ექაუნთებიდან“ პოსტავდნენ, მათ შორის, უცხოელები (მოგვიანებით გაირკვა, რომ ასეც იყო). ბოსვორთმა დაწერა:

დიახ, ჩვენ ადამიანებს ერთმანეთთან ვაკავშირებთ და ეს, შესაძლოა, ცუდი იყოს, თუკი ისინი ამას ნეგატიურად გამოიყენებენ. შესაძლოა, ვიღაცის სიცოცხლე მჩაგვრელებს ემსხვერპლოს, ვიღაც დაიღუპოს ტერორისტულ აქტში, რომელიც ჩვენი ინსტრუმენტების დახმარებით დაიგეგმა. მაგრამ ამაზრზენი სიმართლე ისაა, რომ ჩვენ იმდენად ღრმად გვწამს ადამიანებს შორის კავშირის აუცილებლობის, რომ ყველაფერი, რაც საშუალებას მოგვცემს ერთმანეთს სულ უფრო მეტი ადამიანი დავაკავშიროთ, არსებითად კარგია... სწორედ ამიტომ [კომპანიის] ზრდისკენ მიმართული მთელი ჩვენი ძალისხმევა, გამართლებულია. მისაღებია, კონტაქტების იმპორტის ყველა საეჭვო პრაქტიკა, ენის ნიუანსები, რომლითაც ადამიანებს მეგობრობის მაძიებლები პოულობენ, მეტი კომუნიკაციისაკენ მიმართული მთელი ჩვენი სამუშაო ძალისხმევა“.  ​​

ბოსვორთი ამტკიცებდა, რომ წერილით შიდა დისკუსიის პროვოცირება სურდა და ის პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გაგვეგო, რომ ამ წერილით, მხოლოდ, კომპანიაში არსებულ შეხედულებებს გამოეხმაურა. მისიის ილუზორული განცდის უკუჩვენებაც სწორედ ესაა: კარგავ ყველანაირ ეთიკურ ორიენტირს.

ამაზრზენი სიმართლე" თხუთმეტი წლის შრომის შედეგია. ფრენკელმა და კანგმა, Times-ის პატივსაცემმა და ჯილდოების მფლობელმა ჟურნალისტებმა, 400-ზე მეტ ადამიანთან ჩაწერეს ინტერვიუ, ძირითადად, ფეისბუკის ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებთან. საუბრების ხანგრძლივობა ჯამში 1000 საათს აღემატება. ბევრი მათი რესპონდენტი გაუთქმელობის  შეთანხმებას არღვევდა. ფრენკელი და კანგი ეყრდნობოდნენ ასევე კომპანიის შიდა კონფიდენციალურ მასალებს: გამოუქვეყნებელ ელექტრონულ წერილებს, სამსახურეობრივ ჩანაწერებს, ხელმძღვანელობის მონაწილეობით შემნილ ან მათ მიერ მოწონებულ დოკუმენტებს. ავტორები არაფორმალურად ესაუბრნენ ფეისბუკის ოპერაციულ დირექტორ შერილ სენდბერგსაც, მაგრამ ცუკერბერგმა, რომელმაც კომპანიის შესახებ 2020 წელს გამოქვეყნებული წიგნის („ფეისბუკი: შიგნიდან დანახული ისტორია“, ავტორი: ჟურნალ Wired-ის რედაქტორი სტივენ ლევი) შემქმნელებთან ითანამშრომლა, ფრენკელთან და კინგთან საუბარზე უარი თქვა.

2004 წელს ცუკერბერგი ჰარვარდის მეორეკურსელი იყო, როდესაც კომპანია შექმნა და ასეთი მისია განუსაზღვრა: „ფეისბუკი - ონლაინ ცნობარია, რომელიც სტუდენტებს სოციალური ქსელის მეშვეობით აკავშირებს“. ერთ-ერთი ძველი ონლაინ-მიმოწერა კარგი შეხსენებაა იმისა, რომ მარკი მაშინ მოზარდი იყო:

ცუკ: 4000-ზე მეტი იმეილი, ფოტო, მისამართი და sns (social network service - სოციალური ქსელის სერვისი) მაქვს.

მეგობარი: რა?! როგორ მოახერხე?

ცუკ: ტიპებმა უბრალოდ ატვირთეს.

ცუკ: არ ვიცი, რატომ.

ცუკ: ისინი „მენდობიან“.

ცუკ: დებილი სირები.

ცუკერბერგმა უნივერსიტეტში  სწავლა შეწყვიტა, კალიფორნიაში გადასახლდა და ბიზნეს-წამოწყებისათვის უზარმაზარი კაპიტალი მოიზიდა. ქსელი სულ უფრო უკეთესი, და სულ უფრო დიდი ხდეობდა. ცუკერბერგი შეხვედრებს ასრულებდა მუშტის მოღერებითა და შეძახილით - „დომინირება!“. კომპანიის ზრდის სტიმულირებისთვის ქსელს ახალ ფუნქციებს სწრაფად უმატებდნენ. „Fuck it, ship it“ („ჯანდაბას, გაუშვით“)- კომპანიის სლოგანი გახდა. 2006 წელს, „სიახლეთა ზოლის“ (News Feed)  წარდგენისას ფეისბუკმა ახალი მისიის შესახებ გვამცნო: „ფეისბუკი - ესაა სოციალური ინსტრუმენტი, რომელიც გარშემომყოფებთან გაკავშირებს". მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ აკვირდებოდნენ კიდევ ერთ მაჩვენებელს: დრო, რომელსაც საშუალო სტატისტიკური მომხმარებელი ვებგვერდზე ატარებდა. „სიახლეთა ზოლის“ მიზანიც სწორედ მეორე მონაცემის გაზრდა იყო.

ფეისბუქი მსოფლიოს უდიდესი საკვლევი ლაბორატორია იყო, პლანეტის მოსახლეობის მეოთხედი კი - მისი კვლევის საგანი", - წერენ ფრენკელი და კანგი. ცუკერბერგი განსაკუთრებით შეპყრობილი იყო კვლევების მონაცემებით, რომლებშიც მომხმარებლებს უნდა ეპასუხათ კითხვაზე „რამდენად კარგია ფეისბუკი მსოფლიოსთვის” („Good For the World“, შემოკლებით - GFW). როდესაც ფეისბუკმა „ნიუს ფიდში“ ისეთი ცვლილებები დანერგა, რომელიც ტყუილების გაფილტვრას უწყობდა ხელს, GFW-ის მაჩვენებელი უმჯობესდებოდა, მაგრამ მცირდებოდა მომხმარებლების მიერ ფეისბუკზე გატარებული დროის ხანგრძლივობა. ამიტომ, ცუკერბერგმა ამ ცვლილებებზე უარი თქვა.  

იმავდროულად, ის სულ უფრო ბევრს ლაპარაკობდა მისიის არსზე, რომ თითოეული ახალი მომხმარებელი კიდევ ერთი გადარჩენილი სულია. იდეის პოპულარიზებისთვის მსოფლიოც კი შემოიარა. „თითქმის 10 წელზე მეტია, რაც ფეისბუკს ღია და ურთიერთდაკავშირებული მსოფლიოს შექმნის მისია აკისრია“, - დაწერა ცუკერბერგმა 2013 წელს ფეისბუკზე პოსტში „არის თუ არა კომუნიკაცია ადამიანის უფლება?” (დაახლოებით ისე ჟღერს, როგორც პაპის ეპისტოლე). ცუკერბერგი საზღვარგარეთ იყო, როდესაც ფეისბუკის ახლად დანიშნულმა ოპერაციულმა დირექტორმა სენბერგმა - ლორენს სამერსის პროტეჟემ და Google-ის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა - ზრდის ამბიციური მოდელი შეიმუშავა. მაგრამ ფრენკელი და კანგი ამტკიცებენ, რომ „ფეისბუკის ახალ ქვეყნებში გავრცელებასთან ერთად, კომპანიას არავინ სთხოვდა ამ ქვეყნებში არსებული რთული პოლიტიკური და სოციალური დინამიკის მონიტორინგს. არავინ დაფიქრებულა იმაზე, თუ როგორ ბოროტად შეიძლებოდა გამოეყენებინათ პლატფორმა ისეთ ქვეყანაში, როგორიც მიანმარია და არავის უკითხავს, ჰყავდა თუ არა კომპანიას საკმარისი რაოდენობის კონტენტ-მოდერატორი, იმ ასეულობით უცხო ენაზე დაწერილი სტატუსების წასაკითხად, რომელზეც მთელი პლანეტის მასტაბით ადამიანები პოსტებს აქვეყნებენ“.

ფეისბუკმა, თავისი დაუდევრობით, კონფლიქტის ესკალაციას შეუწყო ხელი; მისი ალგორითმები ემოციას ახალისებს, და რაც უფრო მძაფრია ემოცია, მით უკეთესი. საბოლოოდ, გაერომ დაასკვნა, რომ სოციალურმა ქსელმა „გადამწყვეტი როლი“ ითამაშა მიანმარის გენოციდსა და ჰუმანიტარულ კრიზისში. ამ კონფლიქტს 24 ათასი როჰინჯა შეეწირა, 700 ათასი კი დევნილად იქცა. „ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ“, იტყოდნენ ალბათ ცუკერბერგი და სენბერგი, ისევ, ისევ და ისევ. „ჩვენ უკეთ უნდა ვიმუშაოთ".

2015 წელს, ნებისმიერი დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, რომ „ნიუს ფიდი“ ჟურნალიტიკას აზიანებდა, განსაკუთრებით ადგილობრივ „ახალ ამბებს“. ახალი თანამშრომელი, ენდრიუ ენკერი გამოვიდა ინიციატივით, ფუნქციონალისათვის „მყისიერი სტატიები” „ფეივოლის“ არჩევანი დაემატებინათ. „ეს ნიშნავდა, რომ ამბების წასაკითხად, მკითხველები ამ გამოცემის გამომწერები უნდა გამხდარიყვნენ“, - წერს ლევი. „გამომცემლები დიდი ხანია მსგავსი ფუნქციის დამატებას ითხოვდნენ, რომ ფეისბუკზე თავიანთი მასალებით ფული ეშოვნათ“. მაგრამ ლევი ამბობს, რომ როდესაც ენკერმა ეს იდეა ცუკერბერგს შესთავაზა, აღმასრულებელმა დირექტორმა სიტყვა შეაწყვეტინა: „ფეისბუკის მისია ღია და ურთიერთდაკავშირებული სამყაროს შექმნაა. არ მესმის, გამოწერის სისტემის დამატებით მსოფლიო უფრო ღია და ურთიერთდაკავშირებული როგორ გახდება“.

ერთი წლის შემდეგ, ამერიკელების ნახევარზე მეტი ახალ ამბებს სოციალური მედიის საშუალებით ეცნობოდა. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ბევრი ძალიან დეზინფორმირებული იყო. რუსმა ჰაკერებმა ფეისბუკზე ასეულობით ყალბი ექაუნთი შექმნეს და პოლიტიკურ რეკლამებს ყიდულობდნენ. „არ მინდა, ვინმე ჩვენი ინსტრუმენტების დახმარებით დემოკრატიას ძირს უთხრიდეს", - თქვა ცუკერბერგმა. „ჩვენ ამისათვის არ ვარსებობთ“.

მაგრამ, ფრენკელისა და კანგის დაკვირვებით, „ტრამპმა და რუსმა ჰაკერებმა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ერთი და იგივე რამ დაასკვნეს: მათ ფეისბუკის ალგორითმის გამოყენება თავის სასარგებლოდ შეეძლოთ“. არ ჰქონდა მნიშვნელობა, მომხმარებელი, პოსტი, სტატია იწონებდა თუ არა ტრამპის სიტყვებსა და ქცევას. ნებისმიერი ფორმით რეაგირება ხელს უწყობდა მათ გავრცელებას. ხოლო რაც უფრო მძაფრი იყო რეაქცია, მით უფრო მეტად ვრცელდებოდა ის. ტრამპი გარდაუვალი გახდა, News Feed-ი - Trump Feed-ი გახდა.

2017 წელს ცუკერბერგმა ამერიკელების მოსასმენად მთელ ქვეყანაში იმოგზაურა. „ჩემი საქმეა მსოფლიო გავაერთიანო და ყველას მივცე ხმა“, - გამოაცხადა მან მესიანისტურად. „წელს მინდა ამ ხმების უმრავლესობას პირადად მოვუსმინო“. ის მოტივაციის აღმძვრელ გამოსვლებს მართავდა. „ჩვენ უნდა ავაშენოთ სამყარო, რომელშიც თითოეულ ადამიანს მიზნის და ერთიანობის განცდა ექნება - და ასე დავახლოვდეთ“, - თქვა მან ფეისბუქ-ჯგუფების ადმინისტრატორებთან შეხვედრისას. „ვიცი, რომ ჩვენ ამას შევძლებთ!“ და იქვე ახალი მისია მოიფიქრა:

ჩვენი მისიაა, მივცეთ ადამიანებს საზოგადოების ჩამოყალიბებისა და სამყაროს  დაახლოების შესაძლებლობა“ - ამ ციტატას ფეისბუკის „სერვისის პირობებშიც“ გადაეყრებით. ყველა, ვინც ფეისბუკს იყენებს, უსიტყვოდ ეთანხმება ამ მისიას. კომპანიის აღზევების წლებში სამყარო მარტოობის ეპიდემიამ მოიცვა, გაიზარდა პოლიტიკური ექსტრემიზმი და ძალადობა, გამწვავდა პოლიტიკური პოლარიზება, გაძლიერდა ავტორიტარიზმი და შესუსტდა დემოკრატია, ჟურნალისტიკა კატასტროფულ კრიზისშია და ბოლოს, უპრეცენდენტოდ გაძლიერდა პროპაგანდა, გაიზარდა ყალბი ინფორმაციის და დეზინფორმაციის რიცხვი. რა თქმა უნდა, ყველა ამ უბედურებაზე პასუხისმგებელი ფეისბუკი ვერ იქნება, მაგრამ ფაქტები დადასტურებულად ცხადყოფს, რომ თითოეული ამ ტენდენციის გაუარესებაში კომპანიამ თავისი წვლილი შეიტანა. ივლისში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ კოვიდ-19-ის შესახებ ფეისბუკით გავრცელებული დეზინფორმაცია „ადამიანებს კლავს“.

მონაცემების შეგროვება და რეკლამის გაყიდვა, საზოგადოებებს არ აშენებს. მეტიც, აღმოჩნდა, რომ ხალხის დაახლოება, ყოველ შემთხვევაში ისე, როგორც ამას ფეისბუკი აკეთებს, უფრო უადვილებს ადამიანებს ერთმანეთისთვის ტკივილის მიყენებას. ფეისბუკი ვერ იქნებოდა ასეთი წარმატებული, ხალხს რომ არ მოსწონდეს მისი გამოყენება, ოჯახური ფოტოების გაზიარება, ჯგუფებში გაერთიანება, შერჩეული ახალი ამბების კითხვა და მცირე ბიზნესების მართვა. მაგრამ კვლევები მუდმივად ადასტურებს იმას, რომ რაც უფრო მეტ დროს ატარებს ადამიანი ფეისბუკზე, მით უფრო უარესდება მისი ფსიქიკური ჯანმრთელობა.

Facebooking-ი დაკავშირებულია ასევე უმოძრაობასთან, აუცილებელი პირისპირ ურთიერთობებისა და რეალურ ცხოვრებაში სოციალური აქტივობის შემცირებასთან. ცუკერბერგისა და სანდბერგისთვის პასუხის მოთხოვნისა და კომპანიის დამაზიანებელი საქმიანობის შეჩერების თითქმის ყველა მცდელობა ჩაიშალა. თანამშრომლები და დირექტორები უშედეგოდ ცდილობდნენ კომპანიის პოლიტიკის და განსაკუთრებით, სოცქსელის ალგორითმების შეცვლას. კონგრესში მოსმენები გაიმართა. „ტრასტბასტერებმა“ კომპანიის დასუსტება სცადეს. რეგულატორებს მისი შეზღუდვის მცდელობები ჰქონდათ. ჟურნალისტები მამხილებელ სტატიებს წერდნენ. მაგრამ, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ დააზიანა თავად ფეისბუკმა ჟურნალისტიკა, რთული წარმოსადგენია, რომ ფრენკელისა და კანგის, ან სხვა ნებისმიერის შრომას, რაიმე არსებითი ეფექტი შეიძლება მოჰყვეს.

თუკი თქვენ გაღელვებთ არჩევნები და დემოკრატია, მაშინ გენდომებათ, რომ ისეთმა კომპანიამ, როგორიც ჩვენ ვართ, შეძლოს წელიწადში მილიარდობით დოლარის ინვესტირება მართლაც მოწინავე ინსტრუმენტების შექმნაში, რომლებიც არჩევნებში ჩარევას შეეწინააღმდეგება“, - თქვა ცუკერბერგმა 2019 წელს. ფრენკელის და კანგის ცნობით, მომდევნო წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „ფეისბუკზე პოლიტიკური რეკლამის ერთადერთი ყველაზე მსხვილი სპონსორი ტრამპი იყო“. მისი გვერდი ფეისბუკზე ბევრად უკეთ მუშაობდა, ვიდრე ერთად აღებული ისეთი გამოცემების, როგორებიცაა BuzzFeed, Washington Post და New York Times-ი. ბევრი თანამშრომლის პროტესტის მიუხედავად, ცუკერბერგმა პოლიტიკური რეკლამის fact-checking-ის პოლიტიკა უარყო და „სიმართლის არბიტრის“ ნაცვლად დეზინფორმაციის გამავრცელებლის რეპუტაცია მოიპოვა.     

2021 წლის 27 იანვარს, აშშ-ს კაპიტოლიუმში შეჭრიდან სამ კვირაში, ტრამპის ექაუნთის გაუქმების შემდეგ, ცუკერბერგმა ფეისბუკის ვალდებულებები განაახლა: „ჩვენ განვაგრძობთ მილიონობით ადამიანის დახმარებას, რათა ისინი ჯანსაღი საზოგადოებების წევრები გახდნენ და კიდევ უფრო დიდ ძალისხმევას მივმართავთ ადამიანების დასაახლოვებლად”. ვერც პირადი მონაცემების გამჟღავნებასთან დაკავშირებულმა რეკორდულმა $5 მილიარდიანმა ჯარიმამ და ვერც ბოლოდროინდელმა ანტიმონოპოლიურმა ძალისხმევებმა შეაჩერა მსოფლიოს ყველაზე საშიში მონიპოლია. დღემდე მილიონობით ადამიანი რჩება სულების გადამრჩენად მოვლენილი მისიის მარწუხებში.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 სექტემბერი
25 სექტემბერი

პოლიტიკის წესები

დასავლური პოლიტოლოგიის ვერსია იმის შესახებ, თუ რატომ ხდებიან მმართველები დიქტატორები, კარგადაა აღწერილი ნიუ-იორკის უნივე ...
11 სექტემბერი
11 სექტემბერი

რას ვუყუროთ. კინორეკომენდაცია

დასვენების დღეებში, „ლიბერალი“ გთავაზობთ კინორეკომენდაციებს, მოკლე ანოტაციებით. თითო რეკომენდაციაში სულ ცოტა სამი ფილმია ...
04 სექტემბერი
04 სექტემბერი

გაველურდი! - ჩემი რჩევა ტექნოლოგიასთან ე ...

„რა თქმა უნდა, ყველა ვერ გავიქცევით და ტყეში ვერ ვიცხოვრებთ. მაგრამ თუკი უარს ვიტყვით სესხებზე, მოწყობილობებზე და ბუნება ...

მეტი

^