Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მალკომ გლედველი - ფრაგმენტი წიგნიდან „დავითი და გოლიათი"

11 აგვისტო 2021
მალკომ გლედველი ნიუ-იორკ თაიმსის ხუთი ბესტსელერის ავტორია. ის ხშირად წერს ჟურნალისთვის „ნიუ-იორკერი". მის წიგნებს ამერიკულ უნივერსიტეტებში ასწავლიან მარკეტინგის, სოციოლოგიის, ისტორიის, პოლიტოლოგიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტებზე. გლედველი ასევე მოხვდა ჟურნალ „თაიმის" 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის, როგორც ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო მოაზროვნე. მალკომ გლედველის „დავითი და გოლიათი" ქართულად შემოდგომაზე გამოიცემა (გამომცემლობა: „სეზან ფაბლიშინგი", 2021). ახლა კი გთავაზობთ იმ ფრაგმენტს წიგნიდან, რომელიც ეხმიანება ჩვენს დღევანდელობას, და ადამიანების „უცნაურ ქცევას" ისეთი მასშტაბის მოვლენების დროს, როგორიცაა მეორე მსოფლიო ომი, ანდა პანდემია.

მეხუთე თავი

ემილ ჯეი ფრაირაიხი 

„არც კი ვიცი, ჯეიმ ეს როგორ მოახერხა“.

მეორე მსოფლიო ომის წინა წლებში, ბრიტანეთის მთავრობას ერთი რამ აღელვებდა. ქვეყნის სამხედრო მეთაურები ფიქრობდნენ, რომ თუ ომის შემთხვევაში, გერმანიის საჰაერო-სამხედრო ძალებმა ლონდონზე მძლავრი საჰაერო იერიშის მიტანა გადაწყვიტეს, ისინი მას ვერაფრით შეაჩერებდნენ. იმ დროს გამორჩეული სამხედრო თეორეტიკოსი ბასილ ლიდელ ჰარტი ვარაუდობდა, რომ გერმანელების იერიშის პირველ კვირას, ლონდონში ორას ორმოცდაათი ათასი მოქალაქე გარდაიცვლებოდა და დაშავდებოდა. უინსტონ ჩერჩილი წერდა, რომ ლონდონი „მსოფლიოს ყველაზე სასურველი სამიზნეა - უზარმაზარი, სქელი და ძვირადღირებული დაბმული ფური, რომელიც უმოწყალო მტაცებლებს უხმობს“. მისი აზრით ლონდონი იმდენად დაუცველი იყო, რომ თავდასხმის შემთხვევაში, სამიდან ოთხ მილიონამდე ლონდონელი ქალაქგარეთ გაიქცეოდა. 1937 წელს, ომის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე, ბრიტანული არმიის სამხედრო მეთაურებმა წარადგინეს ანგარიში, იმ დროისათვის ყველაზე საზარელი პროგნოზით: გერმანელების მიერ უწყვეტი საჰაერო დაბომბვის შედეგად ექვსასი ათასი ადამიანი გარდაიცვლებოდა, ხოლო მილიონ ორასი ათასი - დაშავდებოდა, რაც, თავისთავად, საზოგადოებაში მასობრივ პანიკას გამოიწვევდა. ადამიანები სამსახურში აღარ წავიდოდნენ. ინდუსტრიული წარმოება გაჩერდებოდა. პანიკაში ჩავარდნილ მილიონობით მოქალაქეს შორის წესრიგის დაცვით დაკავებული ჯარისკაცები გერმანელებს წინ ვერაფრით აღუდგებოდნენ. ქალაქის მგეგმავები ლონდონში ბუნკერების მიწისქვეშა ქსელის შექმნაზე ფიქრობდნენ, მაგრამ ეს იდეა მალევე უკუაგდეს, რადგან ბუნკერებს შეფარებული ადამიანები ზედაპირზე ამოსვლას ვეღარასდროს გაბედავდნენ. ფსიქოლოგიურად დაშავებული ადამიანების უწყვეტი ნაკადის სამართავად, მათ ქალაქგარეთ რამდენიმე ფსიქიატრიული კლინიკა მოაწყვეს. „სავსებით შესაძლებელია, ამან ომი წაგვაგებინოს“, - ეწერა ანგარიშში. 

მოსალოდნელი იერიში გერმანელებმა 1940 წლის შემოდგომაზე მიიტანეს. გერმანული ბომბდამშენები ლონდონის ცაზე რვა თვის განმანვლობაში თარეშობდნენ, რა დროშიც, ათიათასობით ფუგასური ბომბი და ცეცხლგამჩენი მოწყობილობა ჩამოყარეს. პირველი ორმოცდაჩვიდმეტი ღამის განმანვლობაში საზარელი დაბომბვა საერთოდ არ შეუწყვეტიათ. ორმოცი ათასი ადამიანი გარდაიცვალა და ორმოცდაექვსი ათასი დაშავდა. მილიონი შენობა დაზიანდა და დაინგრა. „ისთ-ენდის“ რამდენიმე უბანი მიწასთან გასწორდა. ახდა ყველაფერი, რასაც ბრიტანეთის მთავრობა შიშობდა, მაგრამ ლონდონელების რეაქციის შესახებ მათი ვარაუდი - მცდარი აღმოჩნდა. 

საერთო მღელვარება არ დამდგარა. ლონდონის გარეუბნებში მოწყობილი ფსიქიატრიული კლინიკები სამხედრობს დაუთმეს, რადგან კონსულტაციაზე არავინ ჩაწერილა. დაბომბვა რომ დაიწყო, ბევრი ქალი და ბავშვი ქალაქგარეთ, სოფლებში გადაიყვანეს. 

ისინი კი, ვისაც ქალაქში დარჩენა სჭირდებოდა, უმეტესწილად არსად მიდიოდნენ. „ბლიცი“ გრძელდებოდა, გერმანელები უფრო მძლავრად და მძლავრად უტევდნენ, ბრიტანელმა მაღალჩინოსნებმა კი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სიმამაცის გარდა, მოქალაქეებში ერთგვარი გულგრილობაც შეამჩნიეს. ომის დასრულების შემდეგ, ერთი ინგლისელი ფსიქოლოგი წერდა:

„1940 წლის ოქტომბერში, ლონდონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოვხვდი, რომელიც გერმანელებს სულ ახლახანს დაებომბათ. ლამის ყოველ ას მეტრში, ბომბის კრატერს ან იმ ადგილას ერთ დროს მდგარი სახლისა თუ მაღაზიის ნანგრევებს გადააწყდებოდით. გამაფრთხილებელი საყვირი გაისმა - დამაინტერესა, რა მოხდებოდა. მონაზონმა მის წინ მიმავალ ბავშვს ხელი ჩაავლო და ნაბიჯს აუჩქარა. როგორც ჩანს, ჩვენს გარდა საყვირის ხმა არავის გაუგია. ბიჭები ტროტუარზე თამაშს აგრძელებდნენ, ვაჭრებს კამათი არ შეუწყვეტიათ, ძლიერ მოწყენილი პოლიციელი საცობში მოხვედრილ მანქანებს გზას ანიშნებდა, ხოლო ველოსიპედისტები სიკვდილს არაფრად აგდებნენ და საცობში დგომის წესებს არ ემორჩილებოდნენ. არავინ, ვისაც ჩემი მზერა სწვდებოდა, ზემოთ არ იყურებოდა“.

ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს დაუჯერებელია. „ბლიცი“ - ომს ნიშნავდა. ფეთქებადი ბომბები ყველა მიმართულებით ნამსხვრევებს ყრიდნენ. ყოველ ღამე, ხანძრის გამჩენები ახალ-ახალ უბანს მიადგებოდნენ. მილიონზე მეტმა ადამიანმა საცხოვრებელი დაკარგა. ყოველ ღამე, ათასობით ადამიანი თავს დროებით თავშესაფარებად გადაკეთებულ მეტროს სადგურებს აფარებდა.  ზედაპირზე კი, ულმობელი ხმაური მძვინვარებდა - იქ გრგვინვა და თვითმფრინავები ერთმანეთს ანაცვლებდნენ, ისმოდა აფეთქებების ბათქანი და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების ბრახაბრუხი, სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო მანქანების ღმუილი და საყვირის ხმა. ლონდონელების ერთ-ერთი გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 1940 წლის თორმეტი სექტემბრის ღამეს, გამოკითხულთა მესამედს წინა ღამით საერთოდ არ დაუძინია, ხოლო მეორე მესამედს - ოთხ საათზე ნაკლები დროის განმანვლობაში ეძინა. წარმოგიდგენიათ, ნიუ-იორკელებს რა რეაქცია ექნებოდათ, ქალაქის ერთი საოფისე ცათამბჯენი მიწასთან რომ გასწორებულიყო და თან ერთხელ კი არა, არამედ ყოველ ღამე, ორნახევარი თვის განმანვლობაში? 

ლონდონელების ასეთი რეაქციის ტიპურ ახსნად ბრიტანული „ხისტი ზედა ტუჩი“ გამოდგება - ინგლისური ხასიათის თანდაყოლილი სიმტკიცე. (გასაკვირი არ არის, რომ ბრიტანელებს ეს ახსნა ყველაზე მეტად მოსწონთ.) თუმცა, სულ მალე გაირვკა, რომ ასე მხოლოდ ბრიტანელები არ იქცეოდნენ. დაბომბვას მოსწრებული მოქალაქენი, სხვა ქვეყნებშიც მოულოდნელად სიცოცხლისუნარიანობით აღივსებოდნენ ხოლმე. დაბომბვას, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის ზეგავლენა არ მოუხდენია, რომელსაც ყველა ელოდა. ეს თავსატეხი კანადელმა ფსიქიატრმა, ჯონ ტომპსონ მაკკარდიმ ამოხნსა და მას წიგნი მიუძღვნა, სახელად „საბრძოლო სულისკვეთების რაობა“ (ინგლ. „The Structure of Morale“).   

მაკკარდი ვარაუდობდა, რომ ჩამოგდებული ბომბი დაზარალებულ საზოგადოებას სამ კატეგორიად ყოფს. პირველი კატეგორია უშუალო მსხვერპლს, ანუ გარდაცვლილ ადამიანებს აერთიანებს. მათთვის, რასაკვირველია, დაბომბვა ყველაზე გამანადგურებელი შედეგით დამთავრდა. მაკკარდი ასევე აღნიშნავს (შეიძლება, ცოტა უხეშად), რომ „საზოგადოების საბრძოლო სულისკვეთებას გადარჩენილთა რეაქცია განაპირობებს და ამ გადმოსახედიდან, გარდაცვლილებს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭებათ. ეს ხომ აშკარაა, გვამები საზოგადოებაში პანიკას არ თესავენ“. 

მეორე კატეგორიის ადამიანებს, ის „ბეწვზე გადარჩენილებს“ უწოდებს:

„ისინი აფეთქების ტალღას გრძნობენ და მის გამანადგურებელ შედეგებს ხედავენ, მათ დახოცილ ადამიანთა გვამების ხროვა აშინებთ, შეიძლება, დაჭრილებიც იყვნენ, მაგრამ, ცოცხლად რჩებიან და მათთვის ეს ფრიად შთამბეჭდავია. „შთაბეჭდილება“, ამ შემთხვევაში, დაბომბვით გამოწვეული შიშის მკვეთრს განმტკიცებას ნიშნავს. შეიძლება, ამან შოკური მდგომარეობა გამოიწვიოს - ფართო ტერმინი, რომელიც, ერთი მხრივ, გაბრუებას ან უგონო მდგომარეობაში ჩავარდნას აღნიშნავს, ხოლო მეორე მხრივ, აფორიაქებას და ნანახ საშინელებებათა აზრით შეპყრობილობას“.

მესამე კატეგორიის ადამიანებს, ის „მეორედ დაბადებულებს“ უწოდებს. ისინი საყვირის ხმას ყურს უგდებენ, ცაზე მტრის ბომბდამშენებს ხედავენ და აფეთქებული ბომბების გრგვინვა ესმით. ბომბი კი, პარალელურ ქუჩაზე ან გვერდითა კვარტალში ეცემა. საავიაციო დარტყმა მათზე სულ სხვანაირ, ბედზე გადარჩენილებისაგან რადიკალურად განსხვავებულ გავლენას ახდენს. ისინი სიკვდილს გადაურჩნენ და მაშინ, როცა ეს მეორედ ან მესამედ ხდება, დაბომბვა მათ სულ სხვანაირ გრძნობას აღუძრავს, რომელსაც მაკკარდი „უვნებლობანარევ მღელვარებას“ უწოდებს. „ბეწვზე გადარჩენა“ ტრავმას გაყენებთ. „მეორედ დაბადება“ კი, თავს უძლეველად გაგრძნობინებთ. 

ამ მოვლენის მაგალითები უხვად გვხვდება „ბლიცგამოვლილი“ ლონდონელების დღიურებსა და მოგონებებში. აი, ერთ-ერთი: 

„პირველი საყვირი რომ გაისმა, ბავშვებს ხელი დავავლე და ეზოში ამოთხრილ თავშესაფარს მივაშურეთ. დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვკვდებოდით. მოგვიანებით, საჰაერო განგაშის შეწყვეტის სიგნალი გაისმა, ჩვენ კი არაფერი გვჭირდა. თავშესაფარიდან რომ გამოვედით, ვგრძნობდი, რომ ზიანს ვეღარაფერი მოგვაყენებდა“.

ახლა კი, ეს ჩანაწერი წაიკითხეთ, ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალის დღიურიდან, რომლის სახლი ახლომახლო აფეთქებისაგან აზანზარდა: 

„ვიწექი, ენით აღუწერელად ბედნიერი და გამარჯვებული. „დავიბომბე!“ ისევ და ისევ ვუმეორებდი საკუთარ თავს. ამ ფრაზას ახალ კაბასავით ვირგებდი, რომ მენახა, მიხდებოდა თუ არა. „დავიბომბე!..დავიბომბე - მე დავიბომბე! 

როგორი სათქმელია, გასულ ღამეს ხომ ბევრი ადამიანი მოკვდა და დაშავდა, მაგრამ არასდროს ჩემს ცხოვრებაში არ მიგვრძნია ასეთი წმინდა და უზადო ბედნიერება“.

როგორ მოხდა ისე, რომ „ბლიცს“ ლონდონელები დიდად არ აუფორიაქებია? საქმე იმაშია, რომ რვა მილიონ ადამიანზე მეტით დასახლებული მსხვილი ქალაქის ტერიტორიაზე განფენილი ორმოცი ათასი გარდაცვლილი და ორმოცდაექვსი ათასი დაშავებული ნიშნავდა იმას, რომ დაბომბვით შეგულიანებული „მეორედ დაბადებულნი“, ტრავმირებულ „ბეწვზე გადარჩენილებზე“ ბევრად მეტნი იყვნენ. 

მაკკარდი წერდა: „ჩვენ არამხოლოდ დაქვემდებარებულნი ვართ შიშს, არამედ მისი შიშითაც ვართ შეპყრობილნი და მისი დამარცხება შთამბეჭდავი მხიარულებით აღგვავსებს... გვეგონა, რომ საჰაერო თავდასხმა შეგვაშინებდა, პანიკაში ჩაგვაგდებდა, მაგრამ დაბომბვამ გადაიარა, ჩვენ კი მას მშვიდად შევხვდით და ახლა უსაფრთხოდ ვართ. საშინელ წინათგრძნობასა და შვებისა და დაცულობის გრძნობას შორის სხვაობა წარმოშობს თავდაჯერებულობას, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა მშობელი სიმამაცისა“. 

გაგანია „ბლიცის“ დროს, ღილების დამამზადებელ ქარხანაში დასაქმებულ საშუალო ასაკის მუშაკს ქალაქგარეთ, სოფელში ევაკუირება შესთავაზეს. მისი სახლი ორჯერ დაბომბეს, მაგრამ ის და მისი მეუღლე, არც ერთხელ არ დაშავებულან. მან ევაკუაციაზე უარი თქვა. 

„წავიდე და ეს ყველაფერი გამოვტოვო?“ - წამოიყვირა მან. „მთელი ჩინური ოქრო რომ შემომთავაზოთ, მაინც არ დაგთანხმდებით! ასეთი რამ აქამდე არასდროს მომხდარა! არასდროს!  და არც არასდროს მოხდება!“ 

3. 

სასურველ დაბრკოლებათა თეორია გვანიშნებს, რომ არსებობს სირთულეები, რომელთაც ნეგატიური შედეგი არ მოაქვთ. კითხვის დაქვეითებული უნარი სერიოზული დაბრკოლებაა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დევიდ ბოისი ხარ და ეს დაბრკოლება საუცხოო მსმენელად გაქცევს ან თუ გერი კონი ხარ და ეს დაბრკოლება აქამდე წარმოუდგენელი ნაბიჯების გადასადგმელად საჭირო გამბედაობით აღგავსებს.

მაკკარდის საბრძოლო სულისკვეთების თეორია, ამ იდეას კიდევ ერთი, უფრო ფართო პერსპექტივიდან გვიჩვენებს. უინსტონ ჩერჩილი და ინგლისის სამხედრო მეთაურები გერმანელთა ლონდონის მისამართით მისატანმა იერიშებმა იმიტომ ააღელვეს, რომ მათი აზრით, დაბომბვის მსგავსი ტრავმატული გამოცდილება ყველაზე ერთნაირად იმოქმედებდა: ისინი ვარაუდობდნენ, რომ „ბეწვზე გადარჩენლებსა“ და „მეორედ დაბადებულებს“ ერთმანეთისგან მხოლოდ მათი ტრავმების სიმძიმე განასხვავებდა. 

მაკკარდი „ბლიცის“ დამსახურებით მიხვდა, რომ ტრავმატული გამოცდილება ადამიანებზე ორნაირად მოქმედებს: იმ დროს, როცა ერთი და იგივე მოვლენა ადამიანების ერთ კატეგორიას საფუძვლიანად აზიანებს, მეორე კატეგორიას - უკეთეს მდგომარეობაში აყენებს. ღილების დამამზადებელი ქარხნის მუშაკი და ქალი, რომლის სახლიც დაბომბვის გამო ზანზარებდა, მათი გამოცდილებების დამსახურებით უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდენ, ხომ ასეა? ქვეყანაში ომი მძვინვარებდა, რომელსაც ისინი ვერაფერს მოუხერხებდნენ. თუმცაკი, მათ ყველა ის შიში დაამარცხეს, რომელიც ომის დროს ცხოვრებას აუტანელს ხდის.  

დისლექსია ამავე მოვლენის კიდევ ერთი კლასიკური მაგალითია. დისლექსიის მქონე ბევრი ადამიანი მის უძლურებას ვერაფრით აკომპენსირებს. აი, მაგალითად, დისლექსიის მქონე უამრავი ადამიანი ციხეში ხვდება: ისინი ელემენტარული აკადემიური დავალებების შეუსრულებლობით გამოწვეული წარუმატებლობით შეპყრობილი ადამიანები არიან. თუმცაკი, გერი კონისა და დევიდ ბოისის შემთხვევაში, იგივე ნევროლოგიურ აშლილობას საწინააღმდეგო შედეგი აქვს. გერი კონის ცხოვრებაში, დისლექსიამ უბედურება და შფოთი შემოიტანა, მაგრამ მისი გონიერებისა და გვერდში მდგომი ოჯახის დამსახურებით, არც თუ ისე მცირე იღბალისა და საკმარისად ბევრი რესურსის წყალობით, მან აფეთქების უძლიერეს გრგვინვას გაუძლო და ქვეყანას უფრო ძლიერი მოევლინა. ბრიტანელების მსგავს შეცდომას ჩვენც ძალიან ხშირად ვუშვებთ, როცა ნაჩქარევად ვასკვნით, რომ შიშის მომგვრელად ტრაგიკულ მოვლენას ადამიანის მხოლოდ ერთგვარი რეაქცია შეიძლება მოყვეს. ეს ასე არ არის. რეაქცია ორგვარია და ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს ჯეი ფრაირაიხის ამბავს, რომელმაც საკუთარ თავს მისი ბავშვობის დამახსოვრების უფლება არ მისცა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
18 თებერვალი
18 თებერვალი

დიქტატურის სიტკბო სიმწარისა

წარმოგიდგენთ რეცენზიას წიგნისა „დიქტატურის გემო"
11 თებერვალი
11 თებერვალი

თანამედროვე ეპოქის ურჩხულები

მიუხედავად იმისა, რომ ეს სქელტანიანი წიგნი, „დიქტატურის გემო“, კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ეპოქასა და დ ...

მეტი

^