Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ღალატის და არჩევანის ისტორია - 4 წიგნი ჯაშუშების და ჯაშუშობის ხელოვნების შესახებ

28 აგვისტო 2021
ჯაშუშების შესახებ საუკეთესო წიგნები „ცივი ომის“ წლებში გაჩნდა. სწორედ მაშინ ჰყვაოდა ჯეიმს ბონდი, თავისი მრავალრიცხოვანი ნაცნობ-მეგობრებით. მაგრამ წიგნი, რომლითაც ჩვენი დღევანდელი სარეკომენდაციო სია იწყება, ბევრად ადრე დაიწერა და სწორედ ის იქცა ერთგვარ ეტალონად მომდევნო ჯაშუშური რომანების ავტორებისათვის. იან ფლემინგი („ჯეიმს ბონდის“ ავტორი) მას „ჯაშუშების შესახებ დაწერილ პირველ და მთავარ წიგნს“ უწოდებდა. ესაა ინგლისელი მწერლის სომერსეტ მოემის მოთხრობების კრებული „ეშენდენი, ანუ ბრიტანელი ჯაშუში“.

დღეს, როდესაც მსოფლიოში უსაფრთხოება ნომერ პირველ გამოწვევად იქცა, ხოლო დაზვერვის სამსახურების გამართულ მუშაობაზე თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე პირდაპირაა დამოკიდებული, ყველაფერი რაც ამ ტიპის საქმიანობას უკავშირდება, გამორჩეულად საინტერესოა. ყველაზე კარგად ეს ტენდენცია (სულ ცოტა) ბოლო ათწლეულის კინოინდუსტრიაში აისახა - სადაზვერვო სამსახურებისა და ჯაშუშების შესახებ გადაღებული სერიალების სიმრავლეში. რთულად თუ იპოვი დღეს პლანეტაზე ადამიანს, ვისაც მსგავსი შინაარსის ერთი ფილმი მაინც არ უნახავს. სამაგიეროდ, შესაძლოა, ჩვენ გვერდით უამრავი ისეთი ადამიანი აღმოჩნდეს, ვისაც წარმოდგენა არ აქვს ამ ჟანრში ლიტერატურის მიღწევებზე, თანაც მეორეხარისხოვან, გასართობ საკითხავს არ ვგულისხმობთ, ლაპარაკია, ნამდვილ პროზასა და ჟანრის შედევრებზე.

სომერსეტ მოემი „ეშენდენი, ანუ ბრიტანელი ჯაშუში“

სომერსეტ მოემს ქართველი მკითხველი კარგად იცნობს, მაგრამ ძირითადად, როგორც ავტორს რომანებისა „თეატრი“ და „მთვარე და ექვსპენსიანი“. ბევრს ახსოვს ალბათ მისი მოთხრობებიც. მაგრამ ეშენდონისადმი მიძღვნილ ციკლს („Ashenden: Or the British Agent“) ჩვენთან არასაკმარისად იცნობენ. არადა, ის არამხოლოდ ფუძემდებლური წიგნია ამ ჟანრისათვის, არამედ მართლაც შესანიშნავ პროზად მიიჩნევა.

მთავარი გმირი ეშენდენი - საშუალო გაქანების ლიტერატორია, რომელსაც პირველი მსოფლიო ომის დროს მთავრობა სთავაზობს საიდუმლო აგენტად მუშაობას შვეიცარიაში, რუსეთსა და სხვა ადგილებში. კრებულს საფუძვლად უდევს მოემის პირადი გამოცდილება, რომელიც თავად ემსახურებოდა საიდუმლოდ მის უდიდებულესობას.

ეშენდენის თითოეული ისტორია დაკავშირებულია არა იმდენად მძაფრ მოქმედებებთან ან თავგადასავლებთან, რამდენადაც არჩევანთან, ერთგვარ ზნეობრივ დილემასთან, რომელსაც როგორც წესი აწყდებიან ის ადამიანები, ვისაც აღმოაჩნდება საკმარისი გამბედაობა და თავხედობაც კი იმისათვის, რომ სხვის სახელს ამოფერებულმა იცხოვროს, სხვისი სახელით ილაპარაკოს, ატყუოს ყველა, ვისაც კი იცნობს. მოკლედ, იცხოვროს ორმაგი და სამმაგი ცხოვრებით.

კრებულში შესული რამდენიმე მოთხრობა, „მის კინგი“ ან „მელოტი მექსიკელი“ მსოფლიო პროზის საგანძურის ნაწილია, გარდა იმისა, რომ ჯაშუშურ ჟანრს სწორედ მათ ჩაუყარეს საფუძველი.

ჯონ ლე კარე „სიცივიდან მოსული ჯაშუში“

ჟანრმა მწვერვალებს მიაღწია ჯონ ლე კარეს შემოქმედებაში. ავტორი, რომელიც სულ ახლახან გარდაიცვალა, მსოფლიო კლასიკოსად მიიჩნევა. მან კარიერა ბრიტანეთის საიდუმლო სამსახურებში დაიწყო, თუმცა ეს საქმიანობა საკმაოდ ადრე შეწყვიტა და დარჩენილი ცხოვრება მწერლობას მიუძღვნა. პრინციპში, ყველა მისი რომანი ჯაშუშური ჟანრის გამოჩენილი ნიმუშია და თემით დაინტერესებულებს, ყველას წაკითხვა შეუძლიათ, მაგრამ მისი მთავარი წიგნია „სიცივიდან მოსული ჯაშუში“ („The Spy Who Came in from the Cold“). ჯაშუშურ ენაზე „სიცივე“ მდგომარეობაა, როდესაც დაზვერვის თანამშრომელი მტრულ ტერიტორიაზე ყოველგვარი დაზღვევის გარეშე, არალეგალურად მუშაობს. წიგნი გვიამბობს დიდი, რთულად მოწყობილი ოპერაციის შესახებ, რომელსაც მისი ზოგიერთი მონაწილეც ეწირება.

ჯონ ლე კარე ჯაშუშური საქმიანობის რომანტიზებისაკენ მიდრეკილი ავტორი არაა. მისი ჯაშუშები არ არიან უშიშარი რაინდები, როგორებადაც წარმოგვიდგენდა მათ „ჯეიმს ბონდის“ შემქნელი იან ფლემინგი. ლე კარეს ჯაშუშები არიან ადამიანები, როლებიც ტრადიციულად ირჩევენ ხოლმე ზნეობრივად წინააღმდეგობრივ გზას. „სიცივიდან მოსული ჯაშუში“ -  აბსოლუტურად ტრაგიკული და დიდებული ისტორიაა ადამიანების შესახებ, რომლებიც ერთი მეორის მიყოლებით არაკორექტულ არჩევანს აკეთებენ, რასაც თავისი ტრაგიკული შედეგები ახლავს.

წიგნი ჟანრს მიღმა საკითხავი ლიტერატურაა. ის XX საუკუნის დიდი ინგლისური პროზის განუყოფელი ნაწილი და თავისი დროის გამოჩენილი ნიმუშია. ჯონ ლე კარე „ცივი ომის“ ეპოქის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის ყველაზე მთავარი და მიუკერძოებელი ჟამთააღმწერელია.

ბენ მაკინტაირი: „ჯაშუში და მოღალატე“ და „ჯაშუში მეგობრებს შორის“

საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად ჯაშუშური ჟანრის „ოქროს ხანაც“ დასრულდა, და შეფასება, რომ „შპიონაჟი კარგი სიუჟეტის გარანტიაა, მაგრამ იშვიათად - ასატანი პროზის“, სიმართლეა. თუმცა ეს არ ეხება დოკუმენტურ პროზას და ამას ადასტურებს ინგლისელი ჟურნალისტის და ისტორიკოსის, ბენ მაკინტაირის წიგნებიც: „ჯაშუში და მოღალატე“ („The Spy and the Traitor“) და „ჯაშუში მეგობრებს შორის“ („A Spy Among Friends“).

დოკუმენტური რომანი „ჯაშუში და მოღალატე“ ეძღვნება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საბჭოთა რენეგატს, „კაგებეს“ პოლკოვნიკსა და იმავდროულად ბრიტანული დაზვერვის აგენტ ოლეგ გორდიევსკის. ეს წიგნი ლოგიკური გაგრძელებაა ავტორის მანამდე გამოქვეყნებული  წიგნისა „ჯაშუში მეგობრებს შორის“, რომელიც გორდიევსკის სარკისებრი ორეულის, ბრიტანელი მზვერავის, კიმ ფილბის შესახებ გვიამბობს. ფილბი მრავალი წლის განმავლობაში საიდუმლოდ თანამშრომლობდა საბჭოთა კავშირთან.

სხვათა შორის, არსებობს თავად კიმ ფილბის მიერ დაწერილი წიგნიც „My Silent War“, რომელიც ინტერნეტში ხელმისაწვდომია.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

11 სექტემბერი
11 სექტემბერი

რას ვუყუროთ. კინორეკომენდაცია

დასვენების დღეებში, „ლიბერალი“ გთავაზობთ კინორეკომენდაციებს, მოკლე ანოტაციებით. თითო რეკომენდაციაში სულ ცოტა სამი ფილმია ...
04 სექტემბერი
04 სექტემბერი

გაველურდი! - ჩემი რჩევა ტექნოლოგიასთან ე ...

„რა თქმა უნდა, ყველა ვერ გავიქცევით და ტყეში ვერ ვიცხოვრებთ. მაგრამ თუკი უარს ვიტყვით სესხებზე, მოწყობილობებზე და ბუნება ...
04 სექტემბერი
04 სექტემბერი

რას ვუყუროთ. კინორეკომენდაცია

დასვენების დღეებში, „ლიბერალი“ გთავაზობთ კინორეკომენდაციებს, მოკლე ანოტაციებით. თითო რეკომენდაციაში სულ ცოტა სამი ფილმია ...

მეტი

^