Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დუმახი - ფრაგმენტი გურამ მეგრელიშვილის აპოკრიფული მოთხრობების ციკლიდან „ჯვარცმობანა“

01 სექტემბერი 2021
„ჯვარცმობანა“ გურამ მეგრელიშვილის „აპოკრიფული მოთხრობების“ ციკლია, რომელიც ახალი რედაქციით და ამ სახით პირველად გამოიცა გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგის“ მიერ. წიგნი გაფორმებულია კარლო კაჭარავას ცნობილი „ჯვარცმის“ გამოსახულებით. „ლიბერალი“ გთავაზობთ ფრაგმენტს „დუმახი“ მოთხრობიდან „ჯვარცმობანა“.

                               დუმახი

მათი ჯვრები ჯორებმა ამოიტანეს, ღმერთისა კი ვიღაც ადგილობრივმა. ერთი ძელი ზედმეტი აღმოჩნდა, რადგან ჯარისკაცებმა არ იცოდნენ, რომ სამიდან ერთი დამნაშავე უკვე შეიწყალეს, ახლა დრტვინავდნენ, რაკიღა ჯვარი ისევ უკან უნდა ჩაეთრიათ და გამწარებულებმა სიკვდილმისჯილებს დაუწყეს ცემა. სხვა დროს იქნებ პასუხი გაეცა დუმახს, მაგრამ ახლა იმედი ჰქონდა, ღმერთი, რომელიც მის გვერდით იდგა, პასუხს გასცემდა ამ საზიზღრებს. ამიტომ მდუმარედ იტანდა შოლტებს.

ხალხი ბევრი არ იყო - რამდენიმე ცენტურიონი, სამი-ოთხიოდე უსაქმური, რომლებიც ყველა სიკვდილით დასჯას ესწრებოდნენ, ერთი ადგილობრივი ლოთი, ღმერთის დედა, დეიდა, დები და მისი ორიოდე მოწაფე. უკან კიდევ ჩანდნენ ვიღაცები, მაგრამ მოშორებით იდგნენ და დუმახმა ვერ გაარჩია, ვინ იყო.

პირველად ღმერთი აცვეს ჯვარს. ყრუდ ისმოდა ხეში ჩაჭედებული სამსჭვალის ხმა და გიშიეს კვნესა.

- მარჯვნივ თუ მარცხნივ? - ჰკითხეს დუმახს, თითქოს რაიმე მნიშვნელობა ჰქონოდა, სად მოკვდებოდა. დასცინოდნენ. სიმწრით გაიფიქრა: „ცოტაც, ცოტაც და ამათგან მტვერს აღარ დატოვებს!“

- მარჯვნივ, - უპასუხა ზიზღით და ფეხებთან დაუფურთხა ცენტურიონს.

გამუდმებით ცისკენ იყურებოდა, თითქოს ნიშანი იქ უნდა გამოჩენილიყო. „ამათ სუყველას დახოცავს და გაანადგურებს, მაგრამ რაღას ელის?“

მეორე ის ცარიელი ჯვარი აღმართეს, რომელზეც, წესით, ტიმოთე უნდა ყოფილიყო გაკრული, მერე თვითონ დააწვინეს… მარცხნივ…

მთელი ბავშვობა ასე თამაშობდნენ სამივენი, ვითომ ჯვარზე აკრავდნენ. ეს გიშიეს გამოგონილი თამაში იყო - ჯვარცმობანა. ტიმოთეს არ მოსწონდა, ეშინოდა, დუმახს - ართობდა, მაგრამ ყველაზე კარგად მაინც გიშიეს გამოსდიოდა. დაწვებოდა ხოლმე წარმოსახულ ჯვარზე და სხვები ხელისგულებში არარსებულ სამსჭვალებს აჭედებდნენ.

ნამდვილი ლურსმანი კი გაცილებით მტკივნეული აღმოჩნდა, ვიდრე დუმახს წარმოედგინა და როცა რკინამ ხელისგული ატკინა, პირველად მაშინ შეეშინდა.

„ის ღმერთი არ არის. გაგვაცურეს!“ - გაიფიქრა და ამასობაში მისი ჯვარიც აღმართეს. ზემოდან უფრო ცოტა ხალხი ჩანდა და პირველი, ვინც თვალში მოხვდა, მშვიდი სახით მდგომი გიშიეს დედა, მარიამი, იყო. ისევ მიეცა იმედი. „აი, ახლა ჩამოვა ჯვრიდან, ორივეს იხსნის და შურსაც იძიებს ამათზე, ამ საზიზღარ რომაელებზე, გველებივით რომ შემოსრიალდნენ ჩვენს ქვეყანაში“.

მთელი ბავშვობა დედას ეძახდა მარიამს, რომელიც გიშიესთან ერთად ზრდიდა, მაგრამ დუმახს ის არასოდეს ჰყვარებია. შურდა, რომ ასეთი სუფთა და მშვიდი ქალი იყო მარიამი, მუდამ მდუმარე და მლოცველი და რივკას, დედამისს, იერუსალიმის ცენტრში რომ მეძაობდა საღამოობით, არაფრით ჰგავდა. დუმახს ყოველთვის სძულდა დედა, მეძაობას ვერ პატიობდა. ზოგჯერ ისიც კი ეგონა, რომ არც დედას უყვარდა შვილები. დილით მიაკითხავდა ხოლმე ტყუპებს ნასვამი და ნათრევი, ხელშიც არ იყვანდა არც ერთს, გააღვიძებდა და სახლში მიჰყავდა. მარიამი კალათში საჭმელსა და ახალ ტანსაცმელს ულაგებდა ბიჭებისთვის და უხმოდ აწვდიდა. დედა არასოდეს ეუბნებოდა მადლობას და ასეთ დროს დუმახს ორივე სძულდა: გიშიეს დედა - სიკეთისთვის, ხოლო საკუთარი - გულგრილობისა და უმადურობის გამო.

მარიამი და რივკა პირველად უდაბნოში შეხვდნენ ერთმანეთს. დუმახის მამა, ლებეია, იმ მხარეში განთქმული ყაჩაღი და ბანდის მეთაური იყო. მისი ხალხი ეგვიპტისკენ მიმავალ მარიამსა და ჩვილ გიშიეს დაესხა თავს. ლებეიასაც ახალშობილი ტყუპები ჰყავდა და შეეცოდა უქონელი გოგო, არაფერი წაურთმევია, მოსასხამი აჩუქა და თავისთან მიიწვია. როგორც მერე დუმახსა და მის ძმას უყვებოდნენ, ლებეიასთან მისულებს, ერთ-ერთი ტყუპისცალი მომაკვდავი დახვედრიათ. რივკა ტიროდა. მარიამს რამდენიმე წვეთი რძე დაუწვეთებია ჩვილის ტუჩებზე და ბავშვიც გამოჯანმრთელებულა. არც ერთმა ძმამ არ იცოდა, რომელი იყო ღმერთის ძუძუმტე, მაგრამ დუმახს ყოველთვის მიაჩნდა, მე ვარო, მით უმეტეს, ტყუპისცალს არასოდეს უწამია გიშიეს ღმერთობა, თვითონ კი…

იქნებ ტიმოთეა სწორედ ის, ვინც ბავშვობაში იხსნეს და ახლა მისი ჯვარი ცარიელია!

მარიამი დუმახს უყურებდა. თითქოს ასაკი არც დასტყობია, ისევ ოცი წლის გოგოს ჰგავს, ოდნავ ნაოჭები აქვს თვალებთან და აქაც, ჯვარზე გაკრულს, ალბათ, საკუთარი შვილისგან ვერ არჩევს. დარწმუნებულია, მისთვისაც ლოცულობს მარიამი და მის თავსაც ავედრებს გიშიეს, რომელიც ახლა დუმახისგან ორ მეტრში იტანჯება.

„არაფერიც არ მოხდება! როგორც ჩანს, სიკვდილი გარდაუვალია. ერთი დიდი თამაშია ეს ყველაფერი და ყველანი მოგვატყუეს! – დუმახი სასოწარკვეთამ შეიპყრო. - ყველაფერი სიცრუეა და ყველა ცრუ!“ აგერ თავისი საყვარელი ქალიც მოსულა და ოდნავ მოშორებით დგას ტიმოთესთან ერთად, რომელიც ახლა მის გვერდით, მესამე ჯვარზე უნდა იყოს გაკრული. ეჩვენება თუ ზედმეტად ახლოს დგანან ერთმანეთთან? ყოველთვის ეჭვობდა, რომ ტიმოთესაც უყვარდა ჰაია და ვერ ბედავდა ამის თქმას. ალბათ, ერთმანეთის სუნთქვაც ესმით. საღამოს განმარტოვდებიან და დუმახსა და გიშიეზე ილაპარაკებენ, როცა ისინი უკვე სამარხში იქნებიან და ნესტის სუნი არ შეაწუხებს.

„თუ მართლა ღმერთი ხარ, იღონე რამე!“ - უნდოდა, ეღრიალა, მაგრამ მარიამის მოერიდა. იმ წუთებისთვის მოერიდა, როდესაც იგი ძველ ფიცრულში ჩამწკრივებულ დუმახს, ტიმოთეს, გიშიესა და სამრას ერთი ჯამიდან აჭმევდა ხოლმე. ბავშვობიდანვე იცოდა ყველამ, რომ გიშიე ღმერთი იყო, მაგრამ მარიამს არასოდეს განურჩევია ერთმანეთისგან, არასოდეს მიუცია ლუკმით მეტი შვილისთვის და ეს აბრაზებდა დუმახს. ერთადერთი, ოდნავ გამორჩეული სითბოთი ობოლ სამრას ეპყრობოდა.

ისიც აქ დგას ახლა; მარიამი დაირქვა, როცა დუმახის დედამ იერუსალიმში წაიყვანა და მეძაობა დააწყებინა. დუმახისთვის კი მუდამ სამრად დარჩება, ერთ საწოლში რომ ეძინათ და ერთი თეფშიდან ჭამდნენ. ორი წლის წინ მაგდალაში მეძავების უბანში გაიარა და ერთ-ერთ სახლში სამრას გადააწყდა. გული დასწყდა გოგოზე, ან შეიძლება გაუხარდა კიდეც?! ყოველთვის უხაროდა მეძავი ქალის დანახვა. სამრა შინაურულად შეხვდა, სუფრა გაუშალა და ამბები გამოჰკითხა. დუმახმა მშრალად და მოკლედ გასცა პასუხი და გახდა დაიწყო.

„რას აკეთებ?“ - ჰკითხა გაოცებულმა ქალმა და თვალი აარიდა, თითქოს შიშველი კაცი არასოდეს ენახა.

„რას ვაკეთებ და რაშიც გადავიხადე, ის მინდა მივიღო“, - უპასუხა დუმახმა და გააუპატიურა. მოგვიანებით ისიც გაიგო, რომ სამრას ჩაქოლვას უპირებდნენ და გიშიეს გადაურჩენია. თუკი ეს მეძავი იხსნა, საკუთარ ძუძუმტეს არ გადაარჩენს?!

წამით თითქოს გონება დაკარგა. ტუჩზე ძმრიანი ღრუბლის მიდებამ გამოაფხიზლა. დრო აღარ იცდის. ცოტაც და ტკივილს ვეღარ გაუძლებენ, ორივე სისხლისგან დაიცლება და მოკვდება.

ტიმოთე და ჰაია ისევ გვერდიგვერდ დგანან. ქალი თავდახრილია და დროგამოშვებით თუ ახედავს იმას, ვინც ზიზღით უყურებს ორივეს.

ამ ქალის სახლში დაიჭირეს. თვითონ და ტიმოთე ლამპის შუქზე ჭამდნენ საჭმელს, როცა ოთხი შეიარაღებული კაცი მიადგათ და ხელები გადაუგრიხათ. ის ფულიანი ქისა, რომელიც მოკლულს წაართვეს, ცოტა ხნით ადრე ქალაქგარეთ გადამალეს და მხოლოდ ორმა იცოდა მისი ადგილსამყოფლის შესახებ. ახლა ტიმოთე გახსნის სამალავს, ოქროც მას დარჩება და ქალიც. ის ეგვიპტელი ვაჭარი კი მოსაკლავი იყო, ფული არაფერ შუაშია, მერე გაიგეს, რომ ფული ჰქონდა, მაგრამ ის, ვის გამოც კაცის კვლის ცოდვა დაიდო, ახლა მის ტყუპისცალთან ერთად დგას და ალბათ, საღამოს, წითელი ღვინით გაბრუებულები, ერთმანეთში აიზილებიან.

- უსამართლობაა ყველაფერი, ღმერთო! და შენც უსამართლო ხარ!

რაღა მაინცდამაინც ტიმოთე გაათავისუფლეს? მოწმემ თქვა, ერთი კაცი იყო მკვლელობის ადგილზეო და ჩათვალეს, რომ ის ერთი კაცი დუმახია და არა ტიმოთე, ან იქნებ არც ჩათვალეს, უბრალოდ, ერთ-ერთს დაადეს ხელი და გაათავისუფლეს და ეს ერთი თვითონ არ აღმოჩნდა!

როდესაც გიშიესთან ერთად გაუყენეს ჩრდილო-აღმოსავლეთის გზას, იმედი მიეცა. მანამდეც იცოდა, ვიღაც წინასწარმეტყველთან ერთად უნდა გაეკრათ ჯვარზე და სხვა ვინ იქნებოდა ეს წინასწარმეტყველი, თუ არა გიშიე, რომელიც ბოლო წლების მანძილზე ყველაზე ცნობილი ადამიანი იყო მთელ იუდეაში.

დუმახს ბავშვობაში წარმოსახულ ჯვარზე გაკრული ღმერთი გაახსენდა და ძლივს მიატრიალა თავი მისკენ… გახედა. გიშიე რაღაცას ბუტბუტებდა. შეკრებილთაგან სეირის ოთხი მაყურებელი ხმამაღლა ეძახდა: „მეფეო, იხსენი შენი თავი!“ და დუმახს თვალწინ დაუდგა, როგორ დასცინოდნენ მეზობლის ბავშვები მათ თამაშს. სადაა აბა ჯვარი, სადაა ჯვარიო, ხითხითებდნენ და მაშინ დუმახს რცხვენოდა, გიშიესა და ტიმოთესთან ერთად რომ თამაშობდა და არა სხვებთან, მაგრამ ღმერთს რაღაც ძალა ჰქონდა; უსიტყვოდ მიუახლოვდებოდა ხოლმე ბავშვებს, შეხედავდა და ისინიც ჩუმდებოდნენ. რატომ ახლა არ შეხედავს ამ ოთხ საზიზღარ ადამიანს და რატომ არ ჩაუგდებს ენას, ათას საშინელებას რომ უყვირიან ქვემოდან.

დუმახმა ერთიც ამოიღრიალა. ხმა გაიკმინდეთო, დაუყვირა იმ ოთხეულს. ამან ჯარისკაცები ძალიან გაამხიარულა. ერთადერთი, ვინც ისევ ჩუმად იდგა, ის ლოთი კაცი იყო. უცხო ხალხში მოხვედრილი ბავშვივით გაკვირვებული უყურებდა ყველას და ერთი ადგილიდან მეორეზე ინაცვლებდა.

ჯარისკაცები ხორხოცებდნენ. ერთ-ერთმა ღრუბელი ჯერ წყალში ჩააწო, მერე - ძმარში და ტუჩებთან მიუტანა გიშიეს. მან პირი აარიდა ღრუბელს და ამან კიდევ უფრო გაამხიარულა ყველა.

დუმახმა ვეღარ მოითმინა. უძლურებისა და ტკივილისგან ლამის თავის ქალა გასკდომოდა. ცალი ხელი რომ გაგეთავისუფლებინათ მისთვის და დანა მიგეცათ, გულში ჩაიცემდა. გიშიეს მიუბრუნდა და დაუღრიალა:

- რაღას ელოდები, ხომ მართლა ღმერთი ხარ. გააკეთე რამე, იხსენი თავიც და მეც მიხსენი. ანახე მათ შენი ძალა, მოსპე და გააქრე ყველანი. გიშიე! გიშიე!

ოთხეულმა სიცილი დაიწყო. ეს, ალბათ, იუდეველთა მეფის ვეზირი ან მთავარსარდალიაო და დუმახმა სხვა რომ ვეღარაფერი მოახერხა, სიმწრისაგან გინება დაუწყო გვერდით ჯვარცმულს. ეს, ალბათ, ერთადერთი და უკანასკნელი იმედი იყო, რომ ღმერთი გაებრაზებინა, მაგრამ გიშიე დუმდა. თავი ჩაექინდრა და წამით ყველას ეჭვი შეეპარა, ხომ არ მოკვდაო. ერთ-ერთი ჯარისკაცი მიუახლოვდა და შუბით შუბლი აუწია.

- კვდება ეს! - თქვა და ფერდში აძგერა.

- მამაო, მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმნან! - ამოიგმინა გიშიემ და ყველა გაჩუმდა. მხოლოდ დუმახი აგრძელებდა მის ლანძღვას. თითქოს ამ გინების ტექსტი მიწაზე ეწერა და ისიც უბრალოდ კითხულობდა.

ოთხეული ისევ აყვირდა, როგორ მართლა ღმერთივით ლაპარაკობს, შეხედეთო. ორივეს ბელტების სროლა დაუწყეს. და ამ დროს ლოთმა იქვე დაგდებული ხის ტოტი მოათრია და ღრიალით დაერია ოთხივეს.

- რას ერჩით, რას ერჩით ამ კაცს, რას ერჩით? - გაჰკიოდა გამწარებული და სანამ ერთმა ჯარისკაცმა თავში წერაქვის ტარი არ ჩაარტყა, ვერ გააჩერეს.

ტიროდა სამრა.

ჰაიაც ტიროდა.

ყველა ქალი ტიროდა, მარიამის გარდა.

ტიმოთე მუხლებზე დავარდა. ოთხეული ხმას აღარ იღებდა, ჯარისკაცებიც გაჩუმდნენ. დუმახი კი ისევ იგინებოდა.

„განა ასეთი რა დავაშავე, ასე რომ ვისჯები?! ღმერთო, თუკი სადმე მართლა არსებობ, რატომ მექცევი ასე? განა ერთი ეგვიპტელი ვაჭრის მოკვლა იმხელა დანაშაულია, რომ ასე სამარცხვინოდ ვიყო ჯვარცმული? განა ცოტა სიკეთე მაქვს გაკეთებული? განა არ ვიმსახურებდი სხვანაირ სიკვდილს?“ დუმახს გაახსენდა, როგორ შეხვდა უკანასკნელად გიშიეს. მაშინ ის მოწაფეებთან ერთად ერთ მებაჟესთან იყო სტუმრად ქორაზინში. ორმა მათგანმა მასწავლებელს სთხოვა, შენ მარჯვნივ და მარცხნივ დაგვსვი ცათა სასუფეველშიო. მაშინ გიშიემ ჰკითხა, შეძლებთ, იმავე ჯვარზე გაეკრათ, რომელზეც მეო? შევძლებთო, უპასუხეს. ეგ შეიძლება შეძლოთ, მაგრამ სასუფევლის მოცემა ჩემგან არ არისო.

„ეგ იყო რა. აკი პირდაპირ თქვა, ღმერთი არა ვარ, შემეშვითო. როგორ ვერ მივხვდი მაშინვე?!“

ხსნას ელოდა ჯვარზე. ალბათ, მართლა ჰქონდა იმედი, რაკი ძმის დანაშაულიც თავზე აიღო და რისთვის?! ასე მწარედ რომ მოტყუებულიყო?!

- რომ შემეძლოს, ჩემი ხელით მოგკლავდი, გიშიე, მთელი ჩემი ცხოვრებისთვის და ამ ნდობისთვისაც, ასე რომ გამაცურე! - გასძახოდა გვერდით ჯვარცმულს და მერე მარიამსაც გახედა. რაღა იყო მოსარიდებელი და სასირცხვილო? ერთი საათიც და მოკვდებოდა. ვისი უნდა მორიდებოდა?

ან რატომ?

- მძულხარ, მძულხარ. მძულხარ, ასე რომ მჯეროდა შენი და მომატყუე! - დაუყვირა დუმახმა გიშიეს და ტირილი დაიწყო.

არსაიდან ჩანდა ხსნა, არც იმედი. მის გვერდით ერთი ჩვეულებრივი ადამიანი აცვეს ჯვარს, მთელი ბავშვობა კი ღმერთი ეგონა.

ცა თაფლისფერი გახდა და წვიმა დაიწყო. გიშიე კარგა ხნის მკვდარი იყო, უკვე ჩამოეხსნათ კიდეც. დუმახიც მოკვდა, მაგრამ ჯერ არ იცოდა ეს. ტკივილი გაქრა. სიცარიელემ დაისადგურა მის სხეულში, მაგრამ სხეულსაც ვეღარ გრძნობდა. უმწეობისგან დაღლილი ადამიანის სახე ჰქონდა, ძმისა და საყვარელი ქალისკენ იყურებოდა და თითქოს ერთადერთი კითხვა მოჩანდა მისი ფართოდ გახელილი თვალებიდან: რისთვის?

ტუჩები ოდნავ მობრეცოდა ტიმოთეს, თითქოს რაღაცის თქმას აპირებდა სიკვდილამდე, სინამდვილეში სხეულის ყველა ასო, ყველა წერტილი ერთბაშად მოწყვეტილი ჰქონდა და ასე ეკიდა. გიშიე კარგა ხნის მკვდარი ეგონათ, მაგრამ შეინძრა, თავი თაფლისფერი ცისკენ აღმართა და რაღაც დაიყვირა.

სანამ სულს განუტევებდა, მისუსტებული ხმით ევედრებოდა მის გვერდით ჯვარცმულს, გამიხსენე სიკვდილის მერე და მაპატიე ჩემი ცოდვებიო, რამაც იქ მდგომების გაკვირვება გამოიწვია. ასისთავმა თავისთვის ჩაილაპარაკა, იქნებ მართლა წინასწარმეტყველია ეს კაცი და არ ვიცითო და გამხიარულებულ ცენტურიონებს დაუღრიალა.

ტიმოთემ სიყვარულით შეხედა გიშიეს, გული მოეწურა, მთელი ბავშვობა და მერეც, როცა ყველა ღმერთად მიიჩნევდა მას, თვითონ ერთი ჩვეულებრივი ხურო ეგონა. მგონი, გიშიემაც იცოდა ეს და მარიამმაც, რომლისკენ გახედვასაც კი ვერ ბედავდა ახლა.

სანამ ჯვარზე გააკრავდნენ, არაფრის იმედი არ ჰქონდა, მაგრამ როცა გიშიემ მასზე მომასხარავე ხალხისთვის ლოცვა დაიწყო და „მამაო, მიუტევე, რამეთუ არ იციან, რას სჩადიანო“, წარმოთქვა, რაღაცნაირი სითბოთი და სიყვარულით აივსო. რომ შესძლებოდა, თავისი ჯვრიდან ჩამოვიდოდა და გვერდით ჯვარცმულს გადაეხვეოდა. მომიტევე ყველაფერი, ძმაო, შენ მართლა ღმერთი ხარ, ვგრძნობ, რომ შენში ღმერთია და მომიტევე ჩემი ეჭვებიო, ეტყოდა. განა მართლა შეიძლება ასეთი ადამიანის მოკვლა?! თვითონ, ეგვიპტელი ვაჭრის მკვლელი, იმსახურებს და იქნებ ეს მცირედი სასჯელიცაა, მაგრამ გიშიე?! ერთი ადამიანიც კი არასოდეს გაუნაწყენებია და ახლა, კიდევ უფრო რომ დაემცირებინათ, ავაზაკთან და კაცისმკვლელთან ერთად აცვეს ჯვარს!

რა უცნაურია, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ტიმოთე შემთხვევითაა ჯვარცმული, სწორედაც რომ ეკუთვნის. მოწმეები ამბობდნენ, მხოლოდ ერთი შევნიშნეთ მკვლელობის ადგილზეო და მოსამართლემაც ვერაფრით დაადგინა, რომელი ძმა იყო ეს ერთი – ტიმოთე თუ დუმახი. თავიდან აიძულებდნენ, ორივეს ეღიარებინა დანაშაული, მაგრამ დუმახი უარზე იდგა, ის ღამე იერუსალიმელ მეძავთან გავატარე და ჩემმა ტყუპისცალმა თუ ვინმე მოკლა, პასუხი მე რისთვის ვაგოო?! მერე დუმახი გაამართლეს და მეორეს ჯვარზე გაკვრა მიუსაჯეს. როცა საკანში შეაბრუნეს, ხმას არ სცემდნენ ერთმანეთს. ტიმოთე ნაწყენი იყო ძმაზე, ასე უცბად რომ გაწირა, არადა, ხომ ორივემ იცოდა, ის ეგვიპტელი ვაჭარი ერთად მოკლეს და სინამდვილეში არა ჰაიას, არამედ სწორედ ფულის გამო, რომელიც ახლა ქალაქის გარეუბანში ხის ქვეშ ჰქონდათ ჩაფლული.

ბევრი ცუდი რამ იფიქრა მაშინ ტყუპისცალზე, მაგრამ როცა მცველები გაიკრიფნენ, დუმახი მიუტრიალდა და უთხრა:

- მისმინე, ვიცი, ნაწყენი ხარ, მაგრამ ასე ჯობდა. ერთ-ერთს მაინც დაგვდებდნენ ბრალს. ჩემ თავზე რომ ამეღო, შენ უარს იტყოდი და უსასრულოდ გაიწელებოდა ყველაფერი ან ორივეს დაგვსჯიდნენ. ჩვენთვის არავის სცალია ახლა, გიშიეს ამბავი უფრო მნიშვნელოვანია მათთვის. შენ დაგაბრალე, მაგრამ მე წავალ ჯვარზე. ჯარისკაცი რომ შემოვა, უთხარი, მე ვარ დუმახიო და მორჩა, თავისუფალი იქნები. შენ არ გწამს, რომ გიშიე ღმერთია, მე მწამს! ჯვარს გვაცვამენ და გაიხსნება ცა, ყველა იქ მყოფს გაანადგურებს. გახსოვს, რა თქვა ქორაზანში გიშიემ, ზაქეს სახლში რომ ვიყავით? ხოდა ასე ვქნათ. ორი საათი, სულ რაღაც ორი საათი და ისევ ერთად ვიქნებით. ავიღოთ ის ფული და გავიქცეთ ამ ქვეყნიდან. ეს ორი საათი კი შენ იყავი დუმახი, თუკი აიტან ამ სახელს.

დუმახმა გადაიხარხარა. ტიმოთეს ბავშვობიდან ტანში ზარავდა ძმის სიცილზე. ახლაც სახე აარიდა.

- გაიგე? – ჰკითხა ტყუპისცალმა.

- არა, დარჩეს როგორცაა ისე. თუ ის მართლა ღმერთია, შენც გიშველის და მეც. არ მინდა.

- შენ ვერ გაუძლებ ტკივილს, ტიმოთე!

- გავუძლებ.

დუმახი გაბრაზდა. გაბრაზებისას სახე უწითლდებოდა და, როგორც წესი, გარშემო ყველაფერს ლეწავდა. ახლა დასამტვრევი არაფერი ჰქონდა და მშვიდად უთხრა:

- ნუ ხარ ჯიუტი. ფული ამოთხარე და ჰაიასთან დამელოდე.

ტიმოთეს ჰაიას გაგონებაზე საშინლად მოუნდა, გაეღწია საპყრობილიდან. წამით გადაავიწყდა ძმაც და ხსნის იმედიც. დავთანხმდები და ფულიც და ჰაიაც მე დამრჩებაო, გაიფიქრა, მაგრამ შერცხვა. დუმახს გულით სწამდა გიშიეს ღმერთობის, თვითონ კი იცოდა, რომ ტყუილი იყო. გამოდიოდა, ძმას სასიკვდილოდ იმეტებდა საყვარელი ქალის გამო და თანაც, რაკი ძმის სახელით უნდა ეცხოვრა აქედან გასულს, მაინც დუმახს რჩებოდა ჰაია. ის ხომ ვერასოდეს არჩევდა ტყუპებს ერთმანეთისგან.

- არა! – მტკიცედ თქვა ტიმოთემ. – შენ დამელოდე ჰაიასთან. მართალი ხარ, ის თავსაც იხსნის და მეც გადამარჩენს. ორ საათში შევხვდებით.

მერე ჯვარცმისას სეირის მაყურებლებთან ერთად დუმახმაც დაუწყო გიშიეს ლანძღვა. მიხვდა, რომ ხსნის არავითარი იმედი არ იყო. არც ცა გაიხსნებოდა და არც ცეცხლოვანი ლაშქარი გამოჩნდებოდა ჯარისკაცების დასასჯელად. ჰაია გაფითრებული სახით იდგა და ხმას არ იღებდა. დუმახი დამხობილ სამრასა და სხვა ქალებს მივარდა ლანძღვით. უნდოდა, მარიამისთვისაც ეთქვა რამე ცუდი, მაგრამ გადაიფიქრა და ისევ ჯვარცმულ გიშიეს მიუბრუნდა. ტალახსა და ქვებს ესროდა, ტყუილსა და კაცის კვლაში ადანაშაულებდა. თავიდან ტიმოთეც ზიზღით უყურებდა გიშიეს, თითქოს მას მიუძღოდა ბრალი, ეგვიპტელი ვაჭარი ფულის გამო რომ მოკლეს ძმებმა. მაგრამ როდესაც ხუროს ძემ მათთვის ლოცვა დაიწყო, გული მოულბა.

„მამაო, მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან, - ლოცულობდა გიშიე. ტიმოთეს სულ უკვირდა, ბავშვობიდან უკვირდა, როგორ შინაურივით მიმართავდა ღმერთს მათი ძუძუმტე. - არა გთხოვ, არა გევედრები, არამედ უბრალოდ მიუტევე!“.

იქნებ მართლა ღმერთია?!

 - კვდება ეს, – თქვა ერთ-ერთმა ჯარისკაცმა, შუბი ფერდში აძგერა გიშიეს და ცა უფრო ადრე გაიხსნა თუ სისხლმა უფრო მალე იფეთქა, ვერ გაარჩია ტიმოთემ.

წვიმამ ყველა გამოაფხიზლა. ლოთმა საიდანღაც დიდი ხის ტოტი მოათრია და იმ ოთხეულს დაერია, მთელი ამ ხნის მანძილზე რომ დასცინოდნენ გიშიეს. მერე იმ ჯარისკაცს მიუბრუნდა, წეღან მურნარევ ძმარში რომ დაასველა ღრუბელი და ტუჩთან მიუტანა ჯვარცმულს. სხვა ჯარისკაცებმა დროულად შენიშნეს ლოთი და თავში კეტი ჩასცხეს.

ჯვრებთან მხოლოდ ქალებიღა დარჩნენ. ტიმოთე აკვირდებოდა მათ. მარიამის გარდა, ყველა ტიროდა. მოერიდა მისკენ გახედვა. მთელი ბავშვობა დედას ეძახდნენ დუმახიც, თვითონაც და სამრაც, დამხობილი რომ ქვითინებდა ახლა. მარიამს არასოდეს გაურჩევია ერთმანეთისგან ბავშვები, ერთი ჯამიდან აჭმევდა ოთხივეს. ტიმოთეს ხშირად უნატრია, ნეტა ასეთი დედა მყავდესო. ადრე მასაც რცხვენოდა საკუთარი მეძავი დედის გამო, დილაადრიან იერუსალიმის ცენტრში რომ მიდიოდა და გვიან ღამით ბრუნდებოდა დაღლილი. აიყვანდა ხოლმე ხელში ტყუპებს, ერთს მარჯვენაში, მეორეს მარცხენაში და სახლში მიჰყავდა. როცა წამოიზარდა, საკუთარი თავის რცხვენოდა, კბილებჩაცვენილ, ნაადრევად დაბერებულ დედას რომ უყურებდა, რომელიც შვილების გამო ასეთ საქმეს აკეთებდა. მეზობლის ბავშვები ყოველთვის დასცინოდნენ ძმებს. ტიმოთე იმალებოდა, დუმახი კი ან ქვებით დაედევნებოდა ხოლმე მათ, ან სიმწრისაგან ტიროდა.

ერთადერთი, ვინც მთელი ბავშვობა მათთან ერთად თამაშობდა, გიშიე იყო. სხვა ბავშვებს ეშინოდათ მისი. როდესაც მათთან მიდიოდა, თავს ხრიდნენ ან გარბოდნენ და ძმებიც დაცულად იყვნენ მის გვერდით. ჯვარცმობანას თამაშობდნენ ხოლმე, წარმოსახულ ჯვარზე მილურსმნულები ცას აჰყურებდნენ.

„აქ მამაჩემია!“ - ამბობდა ხოლმე გიშიე და ტიმოთეს გარდა, მგონი, ყველას სჯეროდა, რომ ის ღმერთი იყო. გიშიემაც იცოდა, რომ ტიმოთეს არ სწამდა მისი ღმერთობის, მაგრამ არასოდეს უსაყვედურია მისთვის. მერე, მოზრდილობაშიც, როცა უკვე ათასობით მიმდევარი გამოუჩნდა უბრალო ხუროს ძეს და ქორაზინში, მებაჟე ზაქეს სახლში შეხვდნენ ერთმანეთს, გიშიე სიყვარულით შეხვდა ძმებს და ასე უთხრა, ჯვარზე რომ გაეკრათ ნებით, თუ სიყვარული და სინანული არ გექნათ, სასუფეველს ვერ ეღირსებით, რადგან სასუფეველი ჩემგან კი არა, მამაჩემისგანააო.

თითქოს ყველაფერი წინასწარ იყო დაწერილი - წარმოსახული ჯვარცმა სინამდვილედ იქცა. გვერდიგვერდ არიან გაკრულები და სხვა ბავშვების მაგივრად ახლა ხალხი უყურებს მათ ტანჯვას. დუმახი ცოტა მოშორებით დგას ჰაიასთან ერთად და დაბღვერილი ათვალიერებს იმ ოთხს, აქ ამოსვლის მერე ენა რომ არ გაუჩერებიათ. ტიმოთემ იცის, დუმახს უყვარს ჰაია, მაგრამ ქალს ის უყვარს, ვინც ახლა ჯვარზეა გაკრული.

მის სახლში დაიჭირეს. ძმები საჭმელს ჭამდნენ ლამპის შუქზე, როცა შეიარაღებული კაცები მიადგნენ და ხელები გადაუგრიხეს. საპყრობილეში უთხრეს მცველებმა, ჰაიამ გაგცათო, მაგრამ ტიმოთეს არ სჯეროდა და რომც სჯეროდეს, ძმას მაინც არასოდეს ეტყოდა ამას. ასეც რომ იყოს, გოგოს მთელი ცხოვრება სინანულად გაჰყვება ჩადენილი და ალბათ, უკეთესი ცოლიც იქნება დუმახისთვის. ცხოვრებაში პირველად წარმოიდგინა, რომ ჰაია სხვისი, მისი ტყუპისცალის ცოლია და გული დასწყდა, თვალი აარიდა ორივეს და ისევ ქალებს გახედა. სამრა დაჩოქილი ლოცულობდა. გაახსენდა, ერთხელ დუმახი რომ მობრუნდა შინ და თქვა:

- დღეს სამრა ვნახე მაგდალაში, მარიამი დაურქმევია და მეძაობს, – ბოლო სიტყვა ისეთი ზიზღით წარმოთქვა, ტიმოთეს გულისრევის შეგრძნება დაეუფლა. ერთად იზრდებოდნენ, ერთად ეძინათ და ერთად ჭამდნენ. სამრა მათზე უმცროსი იყო და სულ გაკვირვებული სახით უყურებდა უფროს ბიჭებს. დედინაცვალი ზრდიდა და მანვე გაატანა თოთხმეტი წლის გოგო ტიმოთეს დედას იერუსალიმში. იქიდან აღარც დაბრუნებულა სამრა, წავიდა და დაიკარგა. ამბობდნენ, ჩაქოლვას უპირებდნენ შურიანი მეძავები და გაბრაზებული ცოლები მისი სილამაზის გამო და გიშიემ გადაარჩინაო. მას მერე აღარც მოშორებია და ახლაც აქ დგას.

„უსიყვარულოდ და უსინანულოდ“ - ჩაესმოდა ყურში ძუძუმტეს სიტყვები და დროდადრო თვალს აპარებდა მისკენ.

„არაფერი არ მოხდება, არანაირი ცეცხლოვანი ჯარი არ გადმოვა“, - ფიქრობდა ტიმოთე და ღმერთს მადლობას სწირავდა, ამ ჯვარზე, რომელზეც თვითონ იყო მილურსმული, დუმახი რომ არ ეკიდა. თავად ხსნის იმედი მაინც არ ჰქონდა, ეს სასჯელიც ეკუთვნოდა და დაისვენებდა იმ ეგვიპტელი ვაჭრის თვალებისგან, დანის ჩარტყმისას რომ გაახილა მძინარემ.

ნამდვილი ლურსმანი გაცილებით მტკივნეული იყო, ვიდრე ბავშვობის წარმოსახვითი სამსჭვალი. რკინამ ხელისგულები გაუგლიჯა და როცა ჯვარი აღმართეს, სხეულის მთელი სიმძიმე ოთხ წერტილს დაეკიდა.

პირველად გიშიე აცვეს ჯვარს. ტიმოთეს ყრუდ ჩაესმოდა ხეში ჩაჭედებული ლურსმნის ხმა და თავისი ძუძუმტეს კვნესა.

ყველაფერი რაღაცისთვის ხდება. დამთხვევაა, ერთ დღეს გვერდიგვერდ რომ ისჯებიან ძმებივით შეზრდილები?! ტიმოთემ იცოდა, რომ ოცდაცამეტი წლის წინ, როცა მათ სახლში ყრმა გიშიე და მარიამი გაჩერდნენ ღამის გასათევად, ქალმა ჩვილი ტყუპებიდან ერთ-ერთს რძე მისცა და სიკვდილისგან იხსნა. დედა ეტყოდა ხოლმე, შენ იყავი ის ბავშვიო, მაგრამ ტიმოთეს არ სჯეროდა, ალბათ, დუმახია გიშიეს ნამდვილი ძუძუმტე და ამიტომაც სწამს ასე მისი ღმერთობისო. თვითონ სადა აქვს ამდენი რწმენა და თავმდაბლობა, გვერდით გაზრდილს ღმერთი უწოდოს? მაგრამ მთელი ბავშვობა მაინც დედას ეძახდა მარიამს და ყველაზე მეტად მისი ერიდებოდა. მაშინ სად გაქრა ყველაფერი ეს? გიშიესა და ტიმოთეს ერთად აცვამენ ჯვარს, ერთი შვილია, მეორე - შვილივით გაზრდილი, ქალს შიში და სასოწარკვეთა კი არა, უმადურობაც არ ეტყობა. „იქნებ მართლა ღმერთია გიშიე? იქნებ ვცდებოდი?“ - პირველად აქ გაუელვა ტიმოთეს ამ აზრმა და შეკრებილებს გადახედა.

ხალხი ბევრი არ იყო. რამდენიმე ცენტურიონი, ოთხი უსაქმური, რომლებიც ყველა სიკვდილით დასჯას ესწრებოდნენ, ერთი ადგილობრივი ლოთი, მარიამი, სამრა და გიშიეს ორი მოწაფე. უკან კიდევ ჩანდნენ ვიღაცები, მაგრამ ვერ გაარჩია. თავისი ძმა და ჰაია იქნებოდნენ, წეღან აღმართზე ამოსვლისას თვალი მოჰკრა ორივეს.

მარჯვნივ თუ მარცხნივო, ჰკითხეს ტიმოთეს, თითქოს რამე მნიშვნელობა ჰქონოდა, სად მოკვდებოდა. დასცინოდნენ, ან ესეც განგების ამბავი იყო.

გაეღიმა.

- სულერთია, თქვენ გადაწყვიტეთ! - უთხრა და მონეტა ააგდეს ჯარისკაცებმა.

მეორე ის ჯვარი აღმართეს, რომელზეც, წესით, დუმახი უნდა ყოფილიყო გაკრული და ტიმოთეს ჯერ გული დასწყდა თითქოს, მერე თავს ძალა დაატანა და მადლობა ღმერთსო, გაიფიქრა.

მარჯვენა ძელზე მიალურსმნეს.

ტიმოთესა და დუმახის ჯვრები ჯორებმა ამოიტანეს, გიშიესი კი ვიღაც ადგილობრივმა გამვლელმა კაცმა ამოათრია. ასე გამოვიდა, ერთი ძელით ზედმეტი იყო, რადგან ჯარისკაცებმა არ იცოდნენ, მესამე დამნაშავე რომ შეიწყალეს და გამწარებულებმა ცემა დაუწყეს სიკვდილმისჯილებს.

ტიმოთე უყვიროდა, ნუ მირტყამთო, აგინებდა, გიშიე მორჩილად იტანდა დამცირებას.

„ესაა ღმერთი? ამისი სჯეროდა ამდენ ხალხს?“ - გაიფიქრა ტიმოთემ და გვერდით დაჩოქილ გიშიეს გადახედა. ისეთივე სახე ჰქონდა, როგორიც ბავშვობაში - მშვიდი და უდანაშაულო. და ტიმოთეს შერცხვა, თვითონ, ეგვიპტელი ვაჭრის მკვლელიც და ესეც ვიღაცის ახირების გამო ერთნაირად რომ უნდა დასჯილიყვნენ ახლა.

„ღმერთო, უშველე გიშიეს!“ - გაიფიქრა და ჯარისკაცის მოღერებულ შოლტს სახე შეუშვირა.

წიგნის შეძენა ელექტრონულად შეგიძლიათ ამ ბმულზე ან წიგნის მაღაზიებში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

11 სექტემბერი
11 სექტემბერი

რას ვუყუროთ. კინორეკომენდაცია

დასვენების დღეებში, „ლიბერალი“ გთავაზობთ კინორეკომენდაციებს, მოკლე ანოტაციებით. თითო რეკომენდაციაში სულ ცოტა სამი ფილმია ...
04 სექტემბერი
04 სექტემბერი

გაველურდი! - ჩემი რჩევა ტექნოლოგიასთან ე ...

„რა თქმა უნდა, ყველა ვერ გავიქცევით და ტყეში ვერ ვიცხოვრებთ. მაგრამ თუკი უარს ვიტყვით სესხებზე, მოწყობილობებზე და ბუნება ...
04 სექტემბერი
04 სექტემბერი

რას ვუყუროთ. კინორეკომენდაცია

დასვენების დღეებში, „ლიბერალი“ გთავაზობთ კინორეკომენდაციებს, მოკლე ანოტაციებით. თითო რეკომენდაციაში სულ ცოტა სამი ფილმია ...

მეტი

^