Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წიგნი თუ სერიალი - გამოხმაურება ლიან მორიარტის რომანზე „ცხრა იდეალური უცნობი“

02 სექტემბერი 2021

ავსტრალიელ ავტორ ლიან მორიარტის ქართველი მკითხველი პირველ რიგში იცნობს რომანით „დიდი პატარა ტყუილები“, რომლის მიხედვითაც გადაღებულია იმავე სახელწოდების სერიალი. სულ ახლახან სტრიმინგულ სერვისზე Hulu დაიწყო მორიარტის კიდევ ერთი წიგნის ეკრანიზაციის ჩვენება.

სერიალს, ისევე როგორც რომანს, ჰქვია „ცხრა იდეალური უცნობი“ („Nine Perfect Strangers“), მისი პროდუსერიც ისევ დევიდ კელია, თუმცა ფილმს არ აქვს ისეთი კეთილგანწყობილი კრიტიკა, როგორიც ჰქონდა „დიდ პატარა ტყუილებს“. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, პრობლემა ეკრანიზაციაში იყო თუ რომანში, ამიტომ მორიარტის წიგნის კრიტიკასაც გავეცანით და გამოხმაურებები ძირითადად ასეთი სულისკვეთებისაა:

რომანი „ცხრა იდეალური უცნობი“ ჰერმეტიული დეტექტივის შთაბეჭდილებას ტოვებს. ცხრა ადამიანი ჩადის განმარტოებულ სანატორიუმში „ტრანკილუმ ჰაუზში“, რომელიც ძველებური სახლის შენობაშია განთავსებული და აპირებს ქარიზმატული ქალის, მაშას ხელმძღვანელობით სულიერი და ფიზიკური გარდასახვის ათდღიანი კურსის გავლას. ოდესღაც, რუსმა ემიგრანტმა და იმ მომენტისათვის წარმატებულმა საქმოსანმა მაშამ, კლინიკური სიკვდილი გადაიტანა, რამაც ის სრულად შეცვალა: სამუდამოდ დაემშვიდობა კორპორაციული სამყაროს გიჟურ რიტმსა და არაჯანსაღ ჩვევებს ჰარმონიის გამო, რომელიც მან გამაჯანსაღებელი პრაქტიკების საშუალებით მოიპოვა. მაშა მზადაა იმავე გზაზე წარუძღვეს საკუთარ „მრევლს“, მაგრამ თუკი ახალბედებს, მის რომელიმე მეთოდში ეჭვი შეეპარებათ, მით უარესი მათთვის.

ამ დეტექტიური ინტრიგის ოდნავ პირქუშსა და რომანტიკულ ანტურაჟს, ორგანულად ავსებს ის, რომ ცხრა ბინადარიდან თითოეულს საკუთარი საიდუმლო აქვს - პატარა ან დიდი. სასიყვარულო რომანების ავტორს, 50 წლის ხითხითა ფრენსისს, სულ ახლახან გაუგებარი, მაგრამ აშკარად ტრავმული და დამაცირებელი სასიყვარულო ისტორია გადახდა თავს; მარკონების ოჯახს (აწოწილი მასწავლებელი მამა, მისი გამხდარი და ნერვიული ცოლი და მშობლებზე ავადმყოფურად მიბმული 20 წლის ქალიშვილი), მეორე შვილი ჰყავს დაღუპული; ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბენი და ჯესიკა სანტორიუმში მიყრუებული ადგილიდან „ლამბორგინით“ ჩადიან, რომელიც არანაირად შეესაბამება მათ მდაბიო მანერებსა და მეტყველებას; 40 წლის ადვოკატი ლარსი, სანატორიუმს აშკარად ოჯახში გაჩენილი ხანძრის გამო აფარებს თავს; მაშას, კი როგორც ჩანს თავადაც ბევრი რამ აქვს დასამალი.

დასაწყისის ეს დეტექტიური სულისკვეთება ყალბი აღმოჩნდება: არავის კლავენ არც მობინადრეებიდან და არც სანატორიუმის თანამშრომლებიდან, ხოლო ყველა ის სიუჟეტური კვანძი, რომელიც ასეთი იმედისმომცემი ჩანს დასაწყისში, გეგმაზომიერად იწყებს გახსნას, თანაც ძალიან პროზაულად. ყველაფერი რისი გადატანაც სანატორიუმის მობინადრეებს მოუხდათ, საკმაოდ ტრივიალურია (თუმცა ზოგჯერ ძალიან ტრაგიკულიც).

მაგრამ იმ მომენტში, როდესაც მკითხველი გადაწყვეტს, რომ „ცხრა იდეალური უცნობი“ - უბრალოდ მგრძნობიარე, სასაცილო, უბედური და მეოცნებე ადამიანების რამდენიმე ერთმანეთზე გადაჯაჭვული ისტორიაა, სიუჟეტი ისე ყირავდება, რომ ამ გამაჯანსაღებელი პრაქტიკებიდან ჯერ მკაფიოდ გამოსჭვივის სახიფათო სიგიჟე და შემდეგ წარმოუდგენელი ძალის კათარზისი.

ლიან მორიარტი - იშვიათი, ალბათ უნიკალური ავტორია იმ თვალსაზრისით, რომ გააზრებულად და სიყვარულით იყენებს მასობრივი პროზის მთელ არსენალს და ყოველ ჯერზე ქმნის ტექსტებს, რომელთა მიმართ არცერთი აღტაცებული ეპითეტი გადაჭარბებული არ არის. ინარჩუნებს რა სერიოზულობასა და ირონიას, მისი თითოეული წიგნი გამსჭვალულია როგორც ადამიანური ცხოვრებისა და ურთიერთობების სიმყიფის განცდით, ასევე გადამდები რწმენით იმისა, რომ პატარა, მოწყვლადი, პირადი ბედნიერება აბსოლუტურად შესაძლებელი და მიღწევადია.

მორიარტის მთავარი ხიბლი ისაა, რომ ის შლის საზღვარს„მაღალ“ და „დაბალ“, გასართობ და სერიოზულ თემებს შორის. იმისთვის, რომ მნიშვნელოვანსა და აქტუალურზე ილაპარაკოს (ოჯახში ძალადობისა და სუიციდის პრობლემებიდან დაწყებული, შემოქმედებითი კრიზისებით დასრულებული) ის არ ცდილობს მაღალი ნოტების აღებას და ამისთვის ჩვეულებრივი ადამიანის ხმაც ჰყოფნის. მას არ მიაჩნია, რომ „მაღალი“ თემების ადგილი არაა ისეთ საკითხებზე ლაპარაკის გვერდით, როგორებიცაა კლიმაქსი და დეპილაცია. მისთვის ეს ყველაფერი (სიკვდილიც კი) აბსოლუტურად ექცევა ისეთ ცნებაში, რასაც „ცხოვრება“ ჰქვია და რაც ავტორის ერთადერთი ინტერესია.

ინგლისურის გარდა წიგნი ხელმისაწვდომია რუსულ ენაზეც.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^