Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საფრთხე თუ შანსი?

22 ოქტომბერი 2010

იმის მიხედვით, თუ როგორი პოლიტიკა ექნება საქართველოს ხელისუფლებას ჩრდილოეთ კავკასიასთან მიმართებაში, მოვლენები შეიძლება ორი რადიკალურად განსხვავებული სცენარით განვითარდეს. საქართველოს აქვს შანსი რეგიონის ლიდერი იყოს. თუმცა კავკასიის საკითხებში არასწორმა პოლიტიკურმა ნაბიჯებმა შეიძლება ქვეყანა კიდევ ერთი კონფლიქტის მონაწილედ აქციოს.

იმის მიხედვით, თუ როგორი პოლიტიკა ექნება საქართველოს ხელისუფლებას ჩრდილოეთ კავკასიასთან მიმართებაში, მოვლენები შეიძლება ორი რადიკალურად განსხვავებული სცენარით განვითარდეს. საქართველოს აქვს შანსი რეგიონის ლიდერი იყოს. თუმცა კავკასიის საკითხებში არასწორმა პოლიტიკურმა ნაბიჯებმა შეიძლება ქვეყანა კიდევ ერთი კონფლიქტის მონაწილედ აქციოს.

მომგებიანი იყო თუ არა საქართველოს მიერ ჩრდილოეთ კავკასიელებისთვის უვიზო რეჟიმის გამოცხადება და რა პოლიტიკის ნაწილია მთავრობის ეს ნაბიჯი? 20 ოქტომბერს ჰაინრიხ ბიოლის ფონდში გამართული ტრადიციული ოთხშაბათის დისკუსია ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ მდგომარეობაზე საუბარს დაეთმო.

სამი საათის განმავლობაში მოწვეული ექსპერტები აუდიტორიასთან ერთად საუბრობდნენ იმაზე, თუ რა რისკებს შეიცავს საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის თვალსაზრისით ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები. თუმცა ამ ზოგად დისკუსიაში საქართველოს მხრიდან ჩრდილოეთ კავკასიელებისთვის გახსნილი საზღვარი ყველაზე აქტუალური საკითხი აღმოჩნდა. რას მოუტანს რუსეთთან შეთანხმების გარეშე გადადგმული ნაბიჯი საქართველოს - დამატებით საფრთხეებს თუ შანსს გახდეს ლიდერი კავკასიური მოძრაობის? -დისკუსიის  ორი საათი მთლიანად  აუდიტორიის კითხვებზე პასუხებს დაეთმო. მიუხედავად ამისა, ბევრი საკითხის წამოჭრა მაინც ვერ მოესწრო და საუბრები კავკასიის საკითხებზე ბიოლის ფონდის ეზოშიც გაგრძელდა.

შეხვედრაზე ძირითადი მომხსენებლები იყვნენ  სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი პაატა ზაქარეიშვილი, რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტის დირექტორი გიორგი მოლოდინი და, როგორც თავად განგვიმარტა "მხოლოდ ეროვნებით რუსი" ჟურნალისტი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ოლეგ პანფილოვი.

როგორია საქართველოს პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიასთან მიმართებაში? როგორია საქართველოს რეგიონული პოლიტიკა? რა პრინციპებზე და რა გათვლებზეა ის დამყარებული? - ეს ის კითხვები იყო, რომლებზეც პასუხებს ექსპერტები და დისკუსიის მონაწილეები ერთად ეძებდნენ. თუმცა ორი ყველაზე ცხელი საკითხი საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის კონტექსტში პაატა ზაქარეიშვილის მოხსენებამ გამოკვეთა.

" უმთავრესი გამოწვევა ძლევამოსილი რუსეთისათვის არის ჩრდილო კავკასია. იქ მიმდინარე მოვლენებს შეუძლია რუსეთის, როგორც სახელმწიფოს არსებობა  ეჭვქვეშ დააყენოს.  ეს პრობლემა საქართველოსთვისაც უმნიშვნელოვანესია, რადგან ჩვენ ამ ცხელ წერტილს ვესაზღვრებით და ვითარების ესკალაციის შემთხვევაში, შესაძლებელია ჩათრეული აღმოვჩნდეთ ურთულეს კონფლიქტში." - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა და განმარტა, რომ მიუხედავად ასეთი დელიკატური მოცემულობისა, საქართველო აგვისტოს ომამდე ჩრდილოეთ კავკასიას ფაქტობრივად არ იმჩნევდა.

თუმცა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და, ზაქარეიშვილის განცხადებით, პირველი თვალსაჩინო ნაბიჯი კავკასიის საკითხებით საქართველოს დაინტერესების ტელევიზიის -"პირველი კავკასიურის" შექმნა გახდა. "პირველი კავკასიურის" შესახებ მომხსენებლებიც და აუდიტორიაც შეთანხმდნენ, რომ თუ ეს არხი თავისუფალი მედიისა და სიტყვის თავისუფლების პრინციპებს დაიცავს, რეგიონში გარკვეული პოზიტიური როლის შესრულებასაც შეძლებს. თუმცა, ზაქარეიშვილის აზრით, ფრანგული სატელიტიდან რუსეთის ძალისხმევით "პირველი კავკასიურის" დაბლოკვა იყო ნათელი მესიჯი, რომ რუსეთი არ მოითმენს საქართველოს მხრიდან მის შიდა საქმეებში ჩარევას.

"განსხვავებით "პირველი კავკასიურისგან", რუსეთის იგნორირებით საქართველოს საზღვრის გახსნა რუსეთის მოქალაქეებისთვის  აშკარა პროვოკაციაა, რომელიც შეიძლება დავაყენოთ ე.წ. "ზემო აფხაზეთის", "კოკოითი ფანდარასტ", სანაკოევის მთავრობის და მსგავსი პროვოკაციული პროექტების გვერდით. ეს ნაბიჯი მიმართულია კავკასიაში ვითარების დაძაბვისკენ. ამავე დროს, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებების საპირისპიროდ, საქართველო უარს ამბობს რუსეთთან დიალოგის წარმოების თითქმის ერთადერთი შანსის გამოყენებაზე - მშვიდობა ჩრდილოეთ კავკასიაში არის მგონი ერთადერთი საკითხი, რომელიც ისევე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც რუსეთისთვის." - განაცხადა შეხვედრაზე პაატა ზაქარეიშვილმა.

კიდევ ორი მოხსენება, რომელიც ბიოლის ფონდში მამუკა არეშიძემ და გიორგი მოლოდინმა წარმოადგინეს ეხებოდა სწორედ იმ საფრთხეებს, რომლებიც საქართველოს ემუქრება ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში. საქართველოს მოსახლეობისგან ფაქტობრივად დაცლილი საზღვრისპირა რეგიონები, არასაიმედოდ დაცული საზღვარი, სეპარატისტული და არაფორმალური დაჯგუფებების აქტივობა ჩრდილოეთ კავკასიაში ექსპერტების აზრით სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს. "საქართველოს და რუსეთის საზღვარზე არის 44 გადასასვლელი და აქედან 24-ს ორმხირვად აკონტროლებს რუსეთის ხელისუფლება, ჩვენს სასაზღვრო ზოლში რუსეთთან სულ 25 000 ადამიანი ცხოვრობს აქედან უმრავლესობა მესტიასა და ონში. ამას დაუმატეთ ოკუპირებული ტერიტორიები და მითხარით, გვაქვს თუ არა საფუძველი მოვითხოვოთ ხელისუფლებისგან იმის ახსნა, თუ რა სტრატეგიულ გათვლებს ეყრდნობა მთავრობა, როდესაც მსგავს ნაბიჯებს დგამს?" - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

ილიას უნივერსიტეტის პროფესორის ოლეგ პანფილოვის აზრით, საქართველოს ჩრდილოეთ კავკასიელი "კრიმინალური ელემენტების" არ უნდა შეეშინდეს, რადგან კრიმინალი თავს რუსეთში ბევრად კარგად გრძნობს, ვიდრე საქართველოში. ამიტომაც პანფილოვი თვლის, რომ როგორც "პიველი კავკასიური", საზღვრის გახსნაც იქნება ქვეყნისთვის შანსი გაარღვიოს რუსეთის საინფორმაციო პროპაგანდის ველი და ხელი შეუწყოს კავკასიაში საქართველოზე და აქ მიმდინარე რეფორმებზე რეალური ინფორმაციის გავრცელებას. ასევე საზღვრის გახსნა მომგებიანი იქნება საქართველოში ჩრდილოეთ კავკასიის ახალგაზრდების მოსაზიდად, რათა მათ განათლება თბილისში მიიღონ.  "პოსტსაბჭოთა სივრცეში თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრების სურვილი და მოთხოვნა არსებობს. საინფორმაციო გამჭვირვალობით და განათლების გავრცელებით საქართველოს შეუძლია რეგიონში ლიდერი გახდეს და პოზიციები გაიმყაროს." - განაცხადა ოლეგ პანფილოვმა.

დისკუსია, რომელიც იმდენად დინამიური იყო, რომ კითხვა-პასუხის სინქრონული თარგმანი ძალიან გაძნელდა, ბიოლის ფონდში არც დაწყებულა და არც დასრულდება. თუმცა ფაქტია, რომ ამ განხილვაში ძირითადად სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებები და არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობენ. სტუდენტებით, ექსპერტებითა და ჟურნალისტებით სავსე დარბაზში ერთადერთი იყო ივლიანე ხაინდრავა, რომელიც რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენდა. არც სხვა ოპოზიციური პარტიები და არც სახელისუფლებო პარტია დისკუსიაში არ მონაწილეობდნენ.

მიუხედავად ამისა, ჩანს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ რეგიონის პრობლემებს საქართველოს ხელისუფლება  ქედმაღლურად აღარ უყურებს და ამ მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვან ნაბიჯებსაც დგამს. თუმცა გადაწყვეტილებებს როგორც ყველა სფეროში, რეგიონთან მიმართებაშიც ერთპიროვნულად იღებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^