Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტოჩინოშინი, ოძეკი, კასუგანო ბეიას წარმომადგენელი, საქართველოდან, კერძოდ მცხეთიდან

04 ივნისი 2018

ქართველი სუმოისტი - ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე დღეს საქართველოში ჩამოვიდა. ის სამშობლოში რამდენიმე დღეს გაატარებს და უკან იაპონიაში გაემართება, სადაც ივლისის სუპერტურნირისთვის (ნაგოია ბაშო) მზადებას შეუდგება. როგორც ალბათ უკვე იცით, ლევანი 30 მაისს ოფიციალურად გახდა სუმოს იერარქიაში რანგით მეორე წოდების - ოძეკის მფლობელი.

აქამდე კი მან გრძელი და დაძაბული გზა გამოიარა.

ლევანი 1987 წელს დაიბადა, მცხეთაში. 6 წლის ძიუდოზე შეიყვანეს და იმის მერე ჭიდაობს. თუმცა მის ცხორებაში სუმო მოგვიანებით გამოჩნდა. 17 წლის იყო, როცა კოკკაის (პირველი ქართველი პროფესიონალი სუმოისტი - ლევან ცაგურია) დახმარებით იაპონიაში 2004 წლის სამოყვარულო სუმოს მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა.

პროფესიონალი სუმოისტის კარიერა კი 2006 წლიდან დაიწყო. ლევანი ყოფილმა სეკივაკემ, ტოჩინოვაკამ (იგივე კიიოტაკა კასედა) თავისთან - კასუგანო ბეიაში (დღეისთვის სუმოს ერთ-ერთ ცნობილი სკოლა) აიყვანა.

პროფესიონალურ სუმოში ლევანს ბრწყინვალე სტარტი ჰქონდა. ზედიზედ 11 კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსის დაფიქსირება სუმოს ტურნირზე) შემდეგ ის ჯურიოს (რანგით მეორე) დივიზიონში აღზევდა და სეკიტორი გახდა. თუმცა აქ არ გაჩერებულა, ჯურიოს დებიუტში მან ამ ლიგის თასის მოგებაც მოახერხა 12-3 ბალანსით.

ტოჩინოშინს სულ რაღაც 2 წელი დასჭირდა მაკუუჩი დივიზიონში (პროფესიონალური სუმოს უმაღლესი ლიგა) დასაწინაურებლად, ხოლო 2010 წელს სულაც სანიაკუში (მაკუუჩის ელიტარული დანაყოფი) ამოჰყო თავი და კომუსუბის წოდება მიიღო.

თუმცა, სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც ის და მისი გულშემატკივარი ისურვებდა. 2013 წლის ივლისის ბაშოზე მან უმძიმესი ტრავმა მიიღო - ჯვარედინი მყესები გაუწყდა. ამ სერიოზული ტრავმის მოსაშუშებლად კი თითქმის 4 ბაშოს გამოტოვება მოუწია, რაც ყველა ბრძოლაში ავტომატურ დამარცხებას ნიშნავს და მკვეთრად აქვეითებს მებრძოლს.

2014 წელს ლევანი დაბრუნდა, თუმცა უკვე როგორც მესამე დივიზიონის - მაკუშიტას რიგით 55-ე მებრძოლი. ალბათ, ბევრი მის ადგილას კარიერას შეწყვეტდა და აღარც კი იოცნებებდა ახალი მწვერვალების დაპყრობაზე, მაგრამ ტოჩინოშინს სხვა გეგმები ჰქონდა. მან ზედიზედ ორჯერ დააფიქსირა საუკეთესო შედეგი მაკუშიტაში (7-0), შემდეგ მიყოლებით მოიგო ორი ბაშო ჯურიოს დივიზიონში (მათ შორის ერთი 15-0 ბალანსით) და უკვე 2014 წლის ნოემბერში მაკუუჩის დაუბრუნდა.

2015-დან 2018 წლამდე ქართველმა მებრძოლმა, გამიზეზებული ტრავმების მიუხედავად, შეძლო და ჯერ კომუსუბის რანგს რამდენჯერმე უწია, მცირედი უკან დახევის შემდეგ კი სეკივაკეც გახდა.

2018 წლის იანვრის სუპერტურნირი (ჰაცუ ბაშო) ყველასგან გამორჩეული გამოდგა. მე-3 მაეგაშირას პოზიციიდან ლევანმა ბრწყინვალე შედეგის დადება მოახერხა, 14-1 ბალანსით ჩემპიონი გახდა და იმპერატორის თასი (პროფესიულ სუმოში ყველაზე დიდი პრიზი) მოიგო. ამ გამარჯვებით ის "გადაახტა" კომუსუბის რანგს და სეკივაკეს ტიტული (რიგით მესამე წოდება სუმოს იერარქიაში) მეორედ დაისაკუთრა კარიერაში.

თუმცა, ქართველი ფალავანი აქ არ შეჩერებულა. მარტში გამართულ ჰარუ ბაშოზე 10-5 ბალანსი დააფიქსირა, რის შემდეგაც, როგორც ამბობენ, მას ოძეკობისთვის აუცილებელი შესასრულებელი ნორმატივი - სამი ბაშოს შედეგით 33 მოგება დაუწესეს.

მაისის ტურნირზე (ნაცუ ბაშო) ლევანმა ყველას დაუმტკიცა, რომ ის შემთხვევით არ მოიაზრებოდა ოძეკის (რანგით მეორე) ტიტულის პრეტენდენტად. 12 დღის შემდეგ ის 12-0 ბალანსით (მე-12 დღეს "ტოჩიმ" სუმოს ცოცხალი ლეგენდა და 40 გზის ჩემპიონი - ჰაკუჰო დაამარცხა) ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი გახლდათ. თუმცა, მე-13 დღეს მარცხთან ერთად ხელის ტრავმაც მიიღო, რამაც საბოლოოდ ბაშოს ბედი გადაწყვიტა. ლევანმა ცალი ხელით შეძლო დარჩენილი ორიდან ერთი ბრძოლის მოგება და 13-2 ბალანსით ჯუნ-იუშო, ანუ ვიცე-ჩემპიონობა გაიფორმა. ბაშოს გამარჯვებული კი მონღოლი იოკოძუნა კაკურიუ გახდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბაშოს დასრულებიდან მალევე ოფიციალურად მიანიჭეს ტოჩინოშინს ოძეკის წოდება.

გარდა ზემოთხსენებულისა, აღსანიშნავია, რომ ლევანს 11 სპეციალური პრიზი, იგივე სანშო დაუგროვდა. აქედან 2 გამორჩეული ასპარეზობისთვის (შუკუნ-შო), 3 გამორჩეული ტექნიკისთვის (გინოო-შო) და 6 მებრძოლი სულის გამოვლინებისთვის (კანტოო-შო). მის მონაგარშია ასევე 2 კინბოში (ოქროს ვარსკვლავი), რომელსაც რიგით მაეგაშირებს იოკოძუნების დამარცხებისთვის გადასცემენ.

კიდევ ბევრის მოყოლა შეიძლება ამ მართლაც გამორჩეულ ქართველ სპორტმენზე, თუმცა სჯობს, აქ შევჩერდეთ და დაველოდოთ ნაგოია ბაშოს, სადაც ტოჩინოშინის კარიერაში ახალი ეტაპი იწყება. როგორც დღეს მან მედიას განუცხადა, ის ენერგიას და ძალებს არ დაზოგავს და ყველაფერს გააკეთებს იოკოძუნას ტიტულის მოსაპოვებლად.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ ივლისს და სიამაყით ავივსოთ, როცა ჩვენი ფალავანის გამოჩენისას დიქტორი გამოაცხადებს - "ტოჩინოშინი, ოძეკი, კასუგანო ბეიას წარმომადგენელი, საქართველოდან, კერძოდ მცხეთიდან".: 

ტექსტი: კონსტანტინე ბერულავა

ფოტო: თამარ მირიანაშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ივლისი
05 ივლისი

საპროტესტო აქციის მე-15 დღე

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე მე-15 დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეების მოთხოვნა კვლავ გიორგი გახარიას გადად ...
26 ივნისი
26 ივნისი

ახალი საპროტესტი ტალღა რუსთაველის გამზირ ...

2019 წლის 20 ივნისი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი საეტაპო თარიღი გახდა. "გავრილოვის ღამის" შემდეგ, რუს ...
29 მაისი
29 მაისი

ფოტო► ცოცხალი ჯაჭვი ჩიჩხიტურსა და უდაბნო ...

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში აქცია გაიმართა. აზერბაიჯანის საზღვართან შეკრებილებმა უდაბნოს მონასტრიდან ჩიჩხიტურის ...

მეტი

^