„გაბედე დეკრიმინალიზება" - ამ სლოგანით დღეს, „თეთრი ხმაურის მოძრაობამ" რესპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით აქცია გამართა.
აქციის მსვლელობისას, მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი დაიკავეს, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევდა, რასაც დაპირისპიდება მოჰყვა.
ამასთან, აქციის მიმდინარეობისას 2 პირიც დააკავეს, მათ ბრალად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევა ედებათ, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
როგორც „ლიბერალს" EMC-ში უთხრეს, დაკავებულთა შორის არის ორგანიზაციის მკვლევარი შოთა ხინჩა. ასევე, მეორე მოქალაქე, მირიან მალაყმაძე.
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიზანია საქართველოში არსებული, მომხმარებლის დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა საკანონმდებლო დონეზე შეიცვალოს ზიანის შემცირებაზე დამყარებული, ჰუმანური ნარკოპოლიტიკით; გაუქმდეს ურინოტესტირება. ასევე, მოხდეს ნარკოტიკული საშუალებების კლასიფიკაცია, განისაზღვროს პირადი მოხმარების დოზების ოდენობები, შეწყდეს მომხმარებლების დევნა, შანტაჟი და დაშინება. დაიცვას მომხმარებელთა უფლებები და იმუშაოს საზოგადოების ინფორმირებაზე წამალდამოკიდებულების და ნარკოტიკის მოხმარებასთან დაკავშირებულ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით.